დაბრუნებულები თავს ჯერ კიდევ გაუცხოებულად გრძნობენ " />

მუსლიმი მესხები – რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად

დაბრუნებულები თავს ჯერ კიდევ გაუცხოებულად გრძნობენ

ადამიანების მსგავსად, გადასახლებას ზოგი ნივთიც სასწაულად გადაურჩა და დაბრუნდა. ოთარ აწყურელის ფოტო, JAMnews

1944 წლის ნოემბერში სტალინის განკარგულებით სამხრეთ საქართველოდან – მესხეთიდან 120 ათას მუსლიმი მესხი ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს.

50-იანი წლების ბოლოს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირში დევნილი ხალხების რეაბილიტაციისა და რეპატრიაციის პროცესი დაიწყო, თუმცა მუსლიმ მესხებს ეს არ შეხებია. 

80-იან წლებში ისინი მეორედ გახდნენ დევნის მსხვერპლნი – ცენტრალურ აზიაში ეთნიკური ძალადობის სამიზნედ იქცნენ და აზერბაიჯანს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს შეაფარეს თავი. 

ამჟამად ეს დევნილი თემი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყანაშია მიმობნეული, ნაწილმა აშშ-ში ემიგრაცია მოახერხა, ნაწილი კი საქართველოში დაბრუნდა. თუმცა, დღემდე ყველგან, სადაც უნდა ცხოვრობდნენ, ისინი უცხოდ გრძნობენ თავს.

დეპორტაცია

ადიგენში, სოფელ აბასთუმანში, გზისპირას ორსართულიანი სახლი დგას, რკინის ჭიშკრით. ეზოში სამშენებლო მასალები ყრია, მეორე სართულის ფანჯრებზე ცელოფანია აკრული. ჩარხის ხმა ისმის, – ალიხან ყურაძე კარისთვის ფიცრებს ჩარხავს. ის 81 წლისაა და სულ რამდენიმე წელია, რაც ახალი ცხოვრება დაიწყო. სახლსაც ახლა აწყობს – ნელ-ნელა.

81 წლის ალიხან ყურაძე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ სახლს აწყობს. ოთარ აწყურელის ფოტო, JAMnews

ბაბუა ალი, როგორც მას სოფელში ეძახიან, 7 წლის იყო, როდესაც თანასოფლელებთან ერთად სატვირთო ვაგონში ჩასვეს და სამშობლოდან გადაასახლეს. მშობლიურ მხარეში ის მხოლოდ 6 წლის წინ, 75 წლის ასაკში დაბრუნდა. ყურაძეს ნაწყვეტ კადრებად ახსოვს 1944 ნოემბრის ის ღამე:

მინდორში ვიყავით, სოფელში უზარმაზარი მანქანები და ჯარისკაცები რომ გამოჩდნენ, კურდღელს ვეფერებოდი რკინიგზასთან მიგვიყვანეს, სატვირთო ვაგონებში შეგვყარეს. 25 დღე მივდიოდით. ძალიან სიმჭიდროვე იყო. საჭმელი არ გვქონდა, ვიყინებოდით. ჩვენ ვაგონში რამდენიმე ადამიანი მოკვდა. უზბეკეთში ჩაგვიყვანეს და სხვადახვა ოლქში ჩაგვასახლეს”.

ალიხანის ოჯახი ფერგანის ოლქში მოხვდა.

“სადაც ჩვენ მიგვიყვანეს, მკაცრი ზამთარი იყო, საჭმელი არ იყო. წყალი არ ვარგოდა, ხალხი იწამლებოდა. ჩემი ბაბუაც მოიწამლა და მოკვდა. რაღაც პერიოდის მერე ერთი ძროხა მოგვცეს, როგორც კომპენსაცია”.

ალიხან ყურაძემ ფერგანის ოლქში 18 წელი გაატარა.

“ერთხელ სკოლაში მკითხეს, – რა ეროვნების ხარო? არ ვიცოდი, ვინ ვიყავი. კავკასიელიასე ვუპასუხე. კავკასიელი?! ეგ რა ეროვნებააო, კავკასია დიდიაო. სახლში რომ მივედი, დედას ვკითხედედა, რა ეროვნების ვართ? დედამ მითხრა, ქართველები ვიყავით და მუსლიმები გავხდითო. იმ მომენტიდან მე თავს ქართველად მივიჩნევ”, – ჰყვება ალიხანი.

საკუთარი ეროვნებისა და წარმომავლობის მტკიცება მას შემდეგაც არაერთხელ მოუხდა.

94 წლის სეიფატ დურსუნოვის ისტორიაც იმეორებს მისი ათასობით თანამემამულის ბედს. სეიფატი 88 წლის იყო, საქართველოში რომ დაბრუნდა. ახლა ის ვალეში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ ფეხი მოიტეხა და ლოგინადაა ჩავარდნილი.

სოფლიდან სოფელში გადასვლის უფლებაც არ გვქონდა. 14 წელი გაუსვლელად უზბეკეთის ერთ სოფელში გავატარე. ყოველ თვეში ხელს ვაწერდით, რომ ნამდვილად იქ ვიყავით და არსად მივდიოდით“, – გვიყვება სეიფატი.

გადასახლების დროს ის ადიგენში, სოფელ უტყისუბანში ცხოვრობდა. იმ ღამეს 19 წლის იყო და ყველაფერი კარგად ახსოვს.

შემოდგომა იყო, ჯარისკაცები მოვიდნენ, მოსავლის აღებაში გვეხმარებოდნენ. მაშინ ცოტა რუსული ენა ვიცოდი და მთელ დროს მათთან ვატარებდი. არაფერს ამბობდნენ. ერთ ღამეს ლოგინებიდან აგვყარეს. ყველაფერი ისე დარჩა, მოსავალი, 14 ძროხა, სახლი. დიდი, ორსართულიანი სახლი გვქონდა“.

სეიფატის ოჯახიც უზბეკეთში მოხვდა: იქაურებს უთხრეს, რომ ადამიანებს ვჭამდით, ამიტომ ჩვენი ეშინოდათ. მერე შევეჩვიეთ ერთმანეთს. ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით, ქორწილებშიც გვეძახდნენ. სასაცილო ქორწილები ჰქონდათ, სულ ცეკვავდენენ, მღეროდნენ და ძალიან ბევრს ჭამდნენ“.

თუმცა, უზბეკეთიც დროებითი სამშობლო აღმოჩნდა ბევრი მუსლიმი მესხისთვის.

80-იან წლებში, როდესაც ცენტრალურ აზიაში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებამ იფეთქა, მუსლიმი მესხები მეორედ გახდნენ დევნის მსხვერპლნი. ამჯერად მათ აზერბაიჯანს და რუსეთის სამხრეთ რეგიონებს შეაფარეს თავი.

საქართველოში დაბრუნება ბევრისთვის ოცნებად რჩებოდა.

ალიხანმა და სეიფატმაც რამდენჯერმე გამოიცვალეს საცხოვრებელი. თავდაპირველად ორივე აზერბაიჯანში გადასახლდა. ამ მოგზაურობაში ალიხანს ერთი ვაჟი დაეღუპა. მუღანის უდაბნოში ფეხით მივდოდით, გზაში ჩემი ძმა დაავადდა და გარდაიცვალა“, – გვეუბნება ალიხან ყურაძის შვილი, გულო, რომელიც ახლა მამასთან ერთად სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს.

ალიხანიც და სეიფატიც ამბობდნენ, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე გამუდმებით ფიქრობდნენ.

დურსუნოვების და ყურაძეების ოჯახის ყველა წევრი სხვადასხვა ეროვნებისაა -ეროვნებას იმის მიხედვით უწერდნენ, რომელ ქვეყანაშიც იბადებოდნენ. რამდენიმე ქვეყანაშია მიმობნეული მათი მშობლებისა და ახლობლების საფლავებიც.

„აზერბაიჯანში ბევრად უკეთ ვცხოვრობდი, მაგრამ ის მაინც არ იყო ჩემი სამშობლო. მე სამშობლო არ მქონდა. ჯარში მკითხეს, – რა ეროვნების ხარო?! მეშინოდა დაცინვის და ვუთხარი, რომ აზერბაიჯანელი ვიყავი, არ დამიჯერეს, არ გავხარო. თურქი –მეთქი, არაო, თურქულად არასწორად ლაპარაკობო. არსად არავინ გვიღებდა, არავინ არ გვაღიარებდა თავისიანად“.

დაბრუნება

მუსლიმმა მესხებმა საქართველოში დაბრუნება ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო. ალიხან ყურაძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის.

80-იანების ბოლოს ის ჯერ ოზურგეთში (დასავლეთ საქართველო), სოფელ ნასაკირალში დასახლდა,1989 წელს კი სამცხე-ჯავახეთში – ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სცადა, თუმცა ადგილობრივებმა გააძევეს.

ალიხან ყურაძე აბასთუმანში, თავის სახლში. ოთარ აწყურელის ფოტო, JAMnews

მაისი იყოსულ წვიმდა. ცოლ-შვილთან ერთად კარავში ვცხოვრობდი.

აქ მხოლოდ 30 დღე გავძელით. ერთ დღეს თავს დაგვესხნენ  და კარავი დაგვირბიეს, გვეუბნებოდნენრატომ დაბრუნდითაქ რა დაგრჩენიათო? არ სჯეროდათრომ ჩვენი ფესვები აქ იყო”, – იხსენებს ალიხანი.

მაგრამ მამა არ ჩერდებოდა. რაც თავი მახსოვს, სულ მოსკოვსა და თბილისში დადიოდა, დაბრუნების ნებართვის მიღებას ცდილობდა“, – გვეუბნება გულო ყურაძე.

სხვა, ასობით მესხის მსგავსად, დაბრუნების ნებართვების ძიებაში ბევრი თვე და წელი გაატარა სეიფატმაც: დავდიოდი წინ და უკან, ვითხოვდი დაბრუნებას, სულ მეუბნებოდნენ, ჯერ მოიცადე, მოვა ამის დროცო“.

პროცესი 2000–იანი წლების დასაწყისში დაიძრა. 1999 წელს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, თბილისმა მუსლიმი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც – საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 2007 წელს ქვეყანამ რეპატრიანტთა შესახებ კანონი მიიღო.

ჯამილა – დეპორტირებული მესხის სეიფატ დურსუნოვის შვილიშვილი ახალი სახლის წინ ვალეში. ოთარ აწყურელის ფოტო, JAMnews

მუსლიმი მესხების დაბრუნების მოწინააღმდეგეები არგუმენტად იმას იშველიებდნენ, რომ ქვეყანას მათი შენახვის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა და ასევე პრობლემას ხედავდნენ მათ სარწმუნოებაში – მუსლიმების დაბრუნება კონფლიქტს გამოიწვევს ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობასთანო, ამბობდნენ ისინი.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულმა მესხებმა თვითნებურად დაიწყეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება.

პირველად ყოველგვარი ნებართვების გარეშე საქართველოში, გორში ჩამოვიდა სეიფატ დურსუნოვიც. იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება საცხოვრებლით უზრუნველყოფდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ მალევე უკან, აზერბაიჯანში გაბრუნდა.

მეორედ დურსუნოვები 2005 წელს სამცხე–ჯავახეთში ჩავიდნენ – უკვე მხოლოდ საკუთარი თავის იმედად. აზერბაიჯანში სახლი გაყიდეს და ვალეში ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყეს. მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა. სეიფატის სახლის ეზოში ახლაც სამშენებლო სილა ყრია. ფინანსურად შვილები ეხმარებიან, რომლებიც თურქეთსა და აზერბაიჯანში არიან მიმოფანტული. ქალიშვილთან და 24 წლის შვილიშვილთან, ჯამილასთან ერთად ცხოვრობს.

პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 2011 წლის 30 ოქტომბერს მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა ალიხან ყურაძეც. ამბობს, რომ 1989 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დურსუნოვებიც და ყურაძეებიც ამბობენ, რომ დროსთან ერთად, ადგილობრივების დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ, გაუცხოებას მაინც გრძნობენ.

“აქაურები შეიცვალნენ, ახლა ბევრად მეტი იციან ჩვენ შესახებ. ძველებურად აღარ გვემტერებიან, თუმცა მათთვის მაინც უცხოები ვართ, თათრებს გვეძახიან,” – ამბობს ალიხანი.

 

ბრძოლა უფლებებისთვის

რეპატრიანტების შესახებ კანონის მიღებიდან 10 წლის შემდეგაც მუსლიმი მესხების ნაწილს რეპატრიანტის სტატუსი დღესაც არ აქვს. კიდევ უფრო ნაკლებმა მოახერხა საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რაც მათ საქართველოში ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს.

მუსლიმი მესხები, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობენ. “მათ არა აქვთ სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები, პრობლემად რჩება ქონებასთან დაკავშირებული საკითხები,” – წერია სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში, რომელშიც მუსლიმი მესხების პრობლემებზე საუბარი.

არაერთხელ მიიღო მოქალაქეობის მიღებაზე უარი სეიფატ დურსუნოვმაც. მოქალაქეობა არც მის შვილიშვილს, 24 წლის ჯამილას აქვს, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლობს და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას.

ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: საერთო ჯამში, რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად საქართველოს 5841–მა პირმა მიმართა. მათგან, სტატუსი 1998 მოქალაქეს მიენიჭა. 494–ს საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ძალაში შევა იმავე წამს, როდესაც ისინი სხვა ქვეყნის მოქალქეობაზე უარს იტყვიან.

ხელისუფლების წარმომადგენლთა განმარტებით, სტატუსსა და მოქალაქეობაზე უარის მიზეზი ძირითადად მოუწესრიგებელი დოკუმენტაციაა.

დღეს სამცხე–ჯავახეთში დეპორტირებული მესხების 50–მდე ოჯახი ცხოვრობს. მათგან, 20 ოჯახი ახალციხეში, საბარგო სადგურზე კომპაქტურადაა დასახლებული. დანარჩენები ვალეში, ადიგენსა და სოფელ აბასთუმანში ცხოვრობენ.

უმეტესობა საქართველოში 2007–2010 წლებში დაბრუნდა. საცხოვრებელი სახლები საკუთარი სახსრებით შეიძინეს, თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ – პატარა მიწაზე, რომელიც სახლის გარშემო აქვთ, ბოსტნეული და ხილი მოჰყავთ. უმეტესობა რუსულად საუბრობს, ქართული მხოლოდ ახალგაზრდებმა იციან.

ორგანიზაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი წლებია მუშაობს მუსლიმი მესხების პრობლემებზე. ის ამბობს, რომ ხელისუფლება მართალია, როდესაც ამბობს, რომ იურიდიული ასპექტით ყველა ვალდებულება შეასრულა.

 თუმცა, მორალური და სოციალური ვალდებულებებიც ხომ არსებობსაქ დაბრუნებულმა ხალხმა ღირსეულად ხომ უნდა იცხოვროსამის შესახებ კანონში არაფერი წერია და სახელმწიფოც არაფერს აკეთებს. მოქალაქეობა რომ ჰქონდეთ, ბევრ პრობლემას თავად გაუმკლავდებოდნენ, – ამბობს ის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ