გასული წლის პოლიტიკური პალიტრა კითხვებსა და პასუხებში" />

მოსაზრება: რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან თუ იმიჯის კორექტირება?

გასული წლის პოლიტიკური პალიტრა კითხვებსა და პასუხებში

Baku_downtown_poor_woman

პრეზიდენტის „ხალხში გასვლა“, საკრედიტო დავალიანების პატიება, მრავალი პოლიტპატიმრის შეწყალება, ხელისუფლების „ძველი გვარდიის“ ხერხემლის გადაყენება და როგორც ბონუსი – არაპოპულარული პარლამენტის დაშლა.  რატომ დაიწყო მოულოდნელად აზერბაიჯანში, „პათოლოგიური სტაბილურობის“ ქვეყანაში, ასეთი კატაკლიზმები? შევეცდებით, გავერკვეთ.

• აზერბაიჯანი ტრადიციული ქვეყანაა და ევროპაში არ ინტეგრირდება – პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

პროსახელისუფლებო ჟურნალისტები ამ რყევებს ხან „აზერბაიჯანულ გაზაფხულს“, ხან კი „თეთრ რევოლუციას“ უწოდებენ. ორივე შედარება არასწორია. 2013 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხული“ დასრულდა არა დემოკრატიზაციით, არამედ სამოქალაქო ომით, „თეთრი რევოლუცია“ კი, როგორც ირანის უკანასკნელი შაჰის რეფორმებს უწოდებდნენ, საბოლოოდ, ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლით დაგვირგვინდა. არის მესამე მეტაფორაც – „ცვლილებების ქარი“, ის გაცილებით უფრო მართებულია. ქარმა ნამდვილად დაუბერა ან მართული ვენტილატორი ამუშავდა.

Alley of Honor and television tower in Baku

ბაქო, „მარადიული ცეცხლის“ საკურთხეველი შაჰიდების ხეივანში. იქიდან სატელევიზო ანძა ჩანს. 

 

მმართველი ოჯახი ფულის გადარჩენას ცდილობს – რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მისი ერთგული გუნდის შემადგენლობის შეცვლა? 

საუბარია გადაადგილებებზე სამთავრობო სტრუქტურებში, რომელიც 2019 წლის მეორე ნახევარში განხორციელდა.

ილჰამ ალიევი უკვე 16 წელია ხელისუფლებაშია. ეს აშშ-ში ოთხი ვადაა. მისი მმართველობის პირველი წლები ნავთობის შემოსავლების პიკზე მოვიდა, ბევრი ფული გაჩნდა, ყველა პრობლემა (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდა) შედარებით მარტივად გადაწყდა. 2014 წლის კრიზისმა, აზერბაიჯანული ელიტის სათავეში მყოფ ხალხს თვალები აუხილა.

პირველ რიგში, ნავთობიდან შემოსავლებმა ვარდნა დაიწყო. მეორეც, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ძველი მენეჯმენტი, რომელიც ოჯახური კავშირებისა და ქრთამის პრინციპზე იყო აგებული, ვერ შეძლებდა კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად და კომპეტენტურად რეაგირებას, რათა კრიზისის პირობებში დანაკარგები მინიმუმამდე შეემცირებინა.

შედეგად, მათ წმინდა პრაგმატული გათვლები გააკეთეს. აუცილებელია მენეჯერების დაქირავება, რომელთაც შეუძლიათ ზარალის (მათ შორის, ალიევების ოჯახის დანაკარგების) მინიმუმამდე შემცირება კრიზისის პირობებში (ნავთობის შემოსავლების ვარდნის ჩათვლით). 

ძველი გვარდია, რომელიც ქვეყანას ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მართავდა, აშკარად არ აღმოჩნდა მზად საბაზრო ეკონომიკის კაპრიზებზე რეაგირების მოსახდენად. ასე რომ, აუცილებელი გახდა ახალგაზრდა „ჩიკაგოელი ბიჭების“ მოზიდვა (ჩვენ შემთხვევაში „ჰარვარდელი ბიჭების“), რათა გადაერჩინათ ეკონომიკა და პირადი კაპიტალი.

Baku_building

ნავთობის ფულმა საგრძნობლად შეცვალა ბაქოს გარეგნული სახე – გაჩნდა ახალი გზები, სპორტული კომპლექსები და ყველაფერი ის, რაც გააკვირვებს ტურისტებს, რომლებიც „კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის“ ნახვას ელიან.  

საყელური ცოტათი დაგრძელდება: როგორ აისახება საკადრო ცვლილებები საშინაო პოლიტიკაზე   

ჩვენ ვპროგნოზირებდით გარდაუვალ შიდა დაპირისპირებას მმართველ ელიტას შორის, ნავთობის შემოსავლების შემცირების პარალელურად. ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მთავარი დაჯგუფება, პირობითად რომ ვთქვათ, „მეხტიევის“ კლანი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, რამიზ მეხტიევის ხელმძღვანელობით, რომელიც ჰეიდარ ალიევის ერთგული თანამებრძოლი იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დროიდან) და ფაშაევების კლანი, ქვეყნის პირველი ლედის, ორი წლის წინ, პირველ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული, მეჰრიბან ალიევას ხელმძღვანელობით.

ახლა, მეტ-ნაკლებად დაბეჯითებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფარული ბრძოლა ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის პარლამენტის) დაშლა ბოლო ლურსმანი იქნება ძველი ელიტის სიმბოლურ კუბოზე.

რა შეიცვლება? ვშიშობ, რომ არაფერი განსაკუთრებული. 

თუ გავაგრძელებთ პარალელების გავლებას პინოჩეტის „ჩიკაგოელ ბიჭებთან“, მათ 1970-იან წლებში, ხელი შეუწყვეს ჩილეს ეკონომიკის გამოსწორებას და მისი ღრმა დეპრესიიდან ამოყვანას მეტწილად იმიტომ, რომ პინოჩეტი თავად არ ერეოდა მათ ქმედებებში და მკაცრად სჯიდა ყველას, ვინც მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

აზერბაიჯანში, სამწუხაროდ, ხელისუფლება ჩრდილოვან ეკონომიკასთან ერთად გაიზარდა და რეფორმირების მცდელობები, მაგალითად, საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით, ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება. ხელისუფლება თავად არ არის დიდად დაინტერესებული კორუფციის აღმოფხვრით, უბრალოდ, ცდილობს, შეამციროს ცალკეული ოლიგარქების წილი. აზერბაიჯანი არ ჩქარობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას, არ ჩქარობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მაშინ ვალდებულები გახდებიან, ყველა ტენდერი და სხვა ტიპის ოპერაციები გამჭვირვალედ ჩაატარონ. ჯერჯერობით თავად ხელისუფლება არ არის ამისთვის მზად.

Baku_downtown_poor_woman

„ეკონომიკის ჩრდილიდან გამოსაყვანად“ საგადასახადო სისტემის რეფორმირების ბოლოდროინდელმა მცდელობამ, თანამშრომლებსა და მცირე მეწარმეებს უფრო მეტი ბიუროკრატიული ვალდებულება მოუტანა, ვიდრე სარგებელი

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩანს, კვლავ, მაღალი დონის ფალსიფიცირების თანხლებით წარიმართება. შეიძლება, პარლამენტში გამოჩნდნენ ახალი, ახალგაზრდა, ინგლისურენოვანი იურისტები და ეკონომისტები, შესაძლოა ოპოზიციონერთა რაოდენობამაც კი მოიმატოს, მაგრამ პარლამენტი ვერ გახდება „მეორე ხელისუფლება“, მორჩილი უმრავლესობა მომავალშიც გააგრძელებს პრეზიდენტის აპარატის მიერ გამოცემული დოკუმენტების რატიფიცირებას.

მედია „მთავარი ცენზორის“, პრეზიდენტის აპარატის სოციალურ-პოლიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ალი ჰასანოვის წასვლის შემდეგ, გაურკვევლობაში აღმოჩნდება. იმდენად, რამდენადაც აზერბაიჯანში არ არის თავისუფალი სარეკლამო ბაზარი, ყველა მედიაგამოცემა, ბეჭდური იქნება თუ ონლაინ, დამოკიდებულია სხვადასხვა ჩინოვნიკების ან ოლიგარქების მიერ მიწოდებულ ფულზე. ჰასანოვი ინახავდა (რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯზე) ტროლების მთელ არმიასა და ე.წ. ჯიბის გამომცემლობებს. დიდი ალბათობით, მათ დაფინანსებას შეუწყვეტენ, მათი დიდი ნაწილი შეწყვეტს არსებობას, შედარებით სწრაფები კი ახალი „დონორების“ მოძებნას შეეცდებიან ახალ, გამარჯვებულ კლანში.

და ბოლოს, არასამთავრობო სექტორი, რომელმაც, შეიძლება, გარკვეულწილად შვება იგრძნოს. ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღეს „დრაკონული“ კანონები, რომლებიც მიუღებელ არასამთავრობოებს დაფინანსებას უკეტავდა. სამოქალაქო საზოგადოების ბევრი აქტივისტი მოხვდა ქვეყნიდან გაუსვლელ და საეჭვო პირთა სიაში. შეიძლება ველოდოთ, რომ საყელური, რომლითაც ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას იჭერს, ცოტათი დაგრძელდება. 

„ევროპა იშლება“: რა შეიცვლება საგარეო პოლიტიკაში?

პრეზიდენტმა ალიევმა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ოფიციალურად განაცხადა ის, რაც ბევრისთვის ისედაც ნათელი იყო: აზერბაიჯანი არ აპირებს ევროპაში ინტეგრაციას.

ამის შემდეგ, მალევე, ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიიღო და მაღალი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა (ძალიან იშვიათი, თუ პირველი შემთხვევა არა, როდესაც პუტინი იღებს ქვეყნის არა პირველ, არამედ მეორე პირს). ამ მოვლენებმა კიდევ უფრო აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური ვექტორის დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ ცვლილება. „თაფლობის თვემ“ რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რომლის შესახებაც მე ჯერ კიდევ გასულ წელს ვლაპარაკობდი, როგორც ჩანს, ნაყოფი გამოიღო და ურთიერთობებმა უფრო მუდმივი სახე მიიღო.

ნიშნავს ეს აზერბაიჯანის შესვლას პრორუსულ სამხედრო ან ეკონომიკურ ბლოკში, როგორებიცაა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ ან ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება?

უახლოეს ხანებში, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით აზერბაიჯანს კარგი „მიზეზი“ აქვს, წელს ის სათავეში ჩაუდგა მიუმხრობლობის მოძრაობას და, შესაბამისად, უახლოესი ორი წელი ვალდებულია, არ გაერთიანდეს არანაირ სამხედრო ბლოკში. დიახ, და სომხეთიც, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკში აზერბაიჯანის შესვლაზე ვეტოს დადებით იმუქრება. ევრაზიულ ეკონომიკურ საზოგადოებასთან დაკავშირებით, უფრო რთულადაა საქმე. ვფიქრობ, აზერბაიჯანი დამკვირვებლის სტატუსით დაიწყებს ამ პრორუსულ ეკონომიკურ ორგანიზაციასთან ურთიერთობას. მაგრამ საკუთარი ინტერესის გათვალისწინებით, ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტის საკითხში, ფრთხილ პოლიტიკას გაატარებს.

Ilham Aliyev: we won't integrate to Europe

თავისი ცნობილი სიტყვით, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილჰამ ალიევმა „გაანაწყენა“ საქართველო და უკრაინა, უწოდა რა იქ მომხდარ რევოლუციებს „შავი ჭირი“ 

„ვამზადებთ ერებს მშვიდობისთვის“. რა შეიცვლება ყარაბაღის საკითხში?

2019 წელი კიდევ დაგვამახსოვრდება ლოზუნგით, „ერების მზადება მშვიდობისთვის“. რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი ასეთი განცხადების გაკეთებისას მარტში, პირადად ჩემთვის, ბოლომდე გასაგები არ არის. იმიტომ, რომ საომარი რიტორიკა არ შემცირებულა არც აზერბაიჯანულ და არც სომხურ მედიაში (რამდენადაც შემიძლია საიტების რუსულენოვანი ვერსიებით დავასკვნა).

თუკი მხედველობაში აქვთ ეუთოს მიერ ნოემბერში ჩატარებული ჟურნალისტების გაცვლითი ვიზიტები, კვლავ, მეეჭვება, რომ ამ წამოწყებამ ხალხის დაახლოებას შეუწყო ხელი. ამ ღონისძიებას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ ჟურნალისტური მისია ორგანიზატორების მიერ დაწესებული სერიოზული შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც უფრო ცენზურას გვახსენებდა. სტატიებმა, რომლებიც ამ მისიის შემდეგ მივიღეთ, ბევრი მკითხველის აშკარა გაოცება გამოიწვია, მათ ადარებდნენ სასკოლო თხზულებებს თემაზე – „როგორ გავატარე არდადეგები“.

ამასთან, შესაძლოა, რომ ეს ვიზიტი გახდა პირველი რგოლი შემდგომი ჰუმანიტარული ქმედებების ჯაჭვში, მაგალითად, სამხედრო ტყვეების გაცვლის მიმართულებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, აზერბაიჯანული პოლიტიკის მმართველ ელიტაში მიმდინარე გადაჯგუფებების გამო, ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით არაფერი შეიცვლება. საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში და ყველა მნიშვნელოვან ქვეყანაში მომუშავე ელჩი, ასევე, მათი გუნდების თითქმის ყველა წევრი საკუთარ თანამდებობაზე დარჩა. 

2020 წელი გვპირდება, რომ კიდევ უფრო საინტერესო იქნება.


ასევე წაიკითხეთ