სომხეთში მომუშავე სტუდენტების საშემოსავლო გადასახადი მათ სწავლას მოხმარდება
მომუშავე სტუდენტებს სომხეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადს სახელმწიფო მათივე ხელფასებიდან დაბრუნებული საშემოსავლო გადასახადით აუნაზღაურებს. ეს კანონპროექტი 15 იანვარს ეროვნული საკრებულოს ეკონომიკური საკითხების კომისიამ მოიწონა.
ჯერჯერობით პროექტი მხოლოდ მათზეა გათვლილი, ვინც ასპირანტურაში, მაგისტრატურაში ან ორდინატურაში სწავლობს, და იმ სპეციალობებით, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევა. საუბარია იმ სპეციალისტებზე, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის სფეროებში იმუშავებენ.
ყველა დეტალი: ვინ ისარგებლებს ახალი პრივილეგიებით და რატომ ეწინააღმდეგებიან მთავრობაში ამ „შეღავათებს“
• ჩვეულებრივი და განსაკუთრებული ბავშვები – ერთ კლასში. სომხეთში ამის გაკეთებას ცდილობენ
რაზეა გათვლილი პროექტი
პროექტის თანაავტორმა, საპარლამენტო ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ თავმჯდომარემ ლილიტ მაკუნცმა კანონპროექტის ფილოსოფია განმარტა:
„ჩვენთან სტუდენტის სწავლის საფასურს ხშირად მისი ოჯახის წევრები, მშობლები იხდიან. მაგრამ, სტუდენტებს, განსაკუთრებით მაგისტრატურაში, საკუთარი შემოსავლის მიღებაში უნდა დავეხმაროთ. ეს მათ მუშაობის და სწავლის მიმართაც ახლებურ დამოკიდებულებას გაუჩენს“.
პროექტის თანაავტორმა, მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატმა სისაკ გაბრიელიანმა განაცხადა:
„თავიდან პროექტი ბაკალავრიატის სტუდენტებსაც უნდა შეხებოდათ, თუმცა ვინაიდან ჯერ „განათლების შესახებ“ კანონი მიღებული არ არის, ამ ეტაპზე ამ რეგულაციის გამოყენებას მაგისტრატურის, ასპირანტურისა და ორდინატურისთვის ვგეგმავთ. დეპუტატმა ასევე განმარტა, რომ „შეთავაზებული შეღავათი მთავრობის მიერ დადგენილი სპეციალობების სტუდენტებისთვის იმოქმედებს“.
საწყის ეტაპზე ეს მხოლოდ გარკვეულ სპეციალობებზე გავრცელდება. საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის პრიორიტეტულად არის გამოცხადებული.
თუკი კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება, ის უკვე 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევა.
ვინ არის წინააღმდეგი
საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა მთავრობის წევრმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ არმან პოღოსიანმა. მისი თქმით, ეს კანონპროექტი სახელმწიფოს დამატებით ტვირთად დააწვება.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ განათლების სფერო დღგ-ს გადასახადით არ იბეგრება, და ბიუჯეტი ამით მნიშვნელოვან თანხებს კარგავს. კერძოდ, პოღოსიანის თქმით, 2020 წლისთვის ეს გადასახადი 26,9 მილიარდ დრამს [დაახლოებით $56 მილიონი] უდრის.
„არავინ იცის, რამდენად დაძლევს ბიუჯეტი კიდევ ამ ახალ შეღავათს“, – განაცხადა პოღოსიანმა.
პარლამენტის ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარემ ბაბკენ ტუნიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა განათლების საკითხთა კომისიაში უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. ეკონომისტები ხომ პროექტს სწორედ ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით უნდა აფასებდნენ, განათლება კი ის სფეროა, რომელიც სხვა მიდგომასაც საჭიროებს:
„ამის მიუხედავად [უახლოეს პერსპექტივაში კანონპროექტი ეკონომიკურ ეფექტიანობას არ გულისხმობს], მე მას ხმას მივცემ, და კომისიის წევრებსაც მოვუწოდებ, ასევე მოიქცნენ“.
საბოლოოდ პროექტმა ეკონომიკური კომისიის მოწონება დაიმსახურა და მას პარლამენტის უახლოეს სესიაზე განიხილავენ.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
Facebook-ის სომხურ სეგმენტში კანონპროექტი დადებითად აღიქვეს. აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„საერთოდ, ისე უნდა იყოს, რომ სტუდენტი სწავლის პერიოდში არ უნდა მუშაობდეს, და მთელ თავის დროს სწავლას უთმობდეს“.
„დაე, ეს კანონი რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ!“;
„კანონის მიღებას ველით!“;
„ ეს შეღავათი ბაკალავრიატის სტუდენტებზე რატომ არ ვრცელდება? ბევრი ჩვენგანი პირველი-მეორე კურსიდან უკვე მუშაობს!“.