მთავრობა აპირებს მილიარდიანი ხუდონჰესი თავად ააშენოს. რატომ?
საქართველოს ხელისუფლება აპირებს თავად ააშენოს ჰესი, რომლის ღირებულება მილიარდი დოლარია.
ხუდონჰესი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტია, რომლის აშენებას ჯერ კიდევ კომუნისტები გეგმავდნენ.
მილიარდ დოლარად შეფასებული ჰესი, რომლის მშენებლობასაც გარემოს დამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ბრიტანულ-ინდურ კომპანიას “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს” უნდა აეშენებინა. თუმცა, ხელისუფლება აპირებს, “ჩახსნას” ინვესტორი და პროექტს თავად ჩაუდგეს სათავეში. ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ამას “ჯემნიუსს” “ტრანს ელექტრიკაშიც” უდასტურებენ.
“ჰესი აუცილებლად აშენდება და მას სახელმწიფო ააშენებს,” – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს” ჰესის მშენებლობა 2012 წლის 28 აპრილამდე უნდა დაეწყო. თუმცა, კომპანიამ, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კომპანიის ფინანსურ პრობლემებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის და გარემოს დამცველების პროტესტი იყო.
დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ მზადაა „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს“ მილიარდიანი პროექტი ჩამოართვას და სანაცვლოდ ახალი ინვესტორი კი არ მოძებნოს, არამედ თავად ააშენოს ჰესი:
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ. ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,“ – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 19 აპრილს გააკეთა.
ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედთან“ მოლაპარაკება ერთი თვის წინ დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტს სახელმწიფო, სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე გადაიბარებს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ინვესტორს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემული 1400 ჰა მიწის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაც მოუწევს.
მთავრობასთან მოლაპარაკებების პროცესს ადასტურებენ „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედშიც“.
„ვადასტურებ, რომ სახელმწიფომ მიმართა კომპანიის მფლობელებს, თუმცა მიმართვის ტექსტი ჩემთვის უცნობია. მოლაპარაკება კონფიდენციალურია და მის შესახებ მენეჯმენტს ინფორმაცია არ აქვს,“ – ამბობს „ჯემნიუსთან“ საუბარში კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა.
„ხუდონჰესის“ მოსალოდნელ ზიანსა და სარგებელზე წლებია დისკუსია არ წყდება. გარემოსდამცველები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატატასტროფაზე საუბრობენ, ხელისუფლება კი იმ ეკონომიკურ სარგებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ჰესის ამუშავებას მოყვება.
პროექტის თანახმად, 702-მეგავატიანი ხუდონჰესი, 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლითა და 364 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარით, ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს.
1300-მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება და წლიურად 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. წინასწარი გათვლებით, „ხუდონჰესი“ საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 20%-ს შეავსებს.
ჰესის მშენებლობისთვის 528 ჰექტარი მიწა უნდა დაიტბოროს. წყლის ქვეშ აღმოჩნდება სოფელი ხაიში, რომელშიც 6 პატარა დასახლება შედის, დაახლოებით 535 ოჯახით.
პროექტის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. აქედან 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებას და სხვა სოციალურ საჭიროებებს.
კახი კალაძე ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად ხელშეკრულების იმ პუნქტს ასახელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 15 წლის განმავლობაში მთლიანად შეიძინოს, თანაც საკმაოდ მაღალ ფასად – 1კვტ/სთ 8,88 აშშ ცენტად.
“ეს მაშინ, როცა, თურქეთში 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის შესაძენი ფასი 3,9 აშშ ცენტია,” – აღნიშნავს კალაძე.
„ტრანს ელექტრიკა ლიმიტედში“ აცხადებენ, რომ ეს მიზეზი მათთვის გაუგებარი და მოულოდნელია, რადგან ტარიფი ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო და ხელშეკრულებაში იგი სულ ცოტა ხნის წინ – 2015 წლის აგვისტოში ჩაიწერა.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელშეკრულება, რომელიც მთავრობამ “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედთან” გააფორმა, იმთავითვე საეჭვო იყო და შესაძლოა, აქ კორუფციული გარიგების კვალიც გამოიკვეთოს:
“ხელშეკრულებები, სადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შეიძინოს კონკრეტული ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია, თანაც საკმაოდ მაღალი ტარიფით, კორუფციის უშრეტი წყაროა. საიუნტერესოა, ვინმე დაინტერესდა, რატომ გაფორმდა ასეთი ხელშეკრულება? ვინმე დაისაჯა კომპანიებთან ასეთი არაგონივრული და სახელმწიფოსთვის წამგებიანი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის? “ – ამბობს ექსპერტი.
რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედისთვის“ ხელშეკრულების გაუქმების სანაცვლოდ, ჯერ უცნობია.
კომპანიის მიერ გაწეულ დანახარჯს აუდიტორული კომპანია ამჟამად ითვლის. მირცხულავას განცხადებით, ინვესტორს წინასაპროექტო კვლევებზე 30 მილიონი დოლარი აქვს უკვე დახარჯული.
სახელმწიფო მთავარ აქტორად რჩება
ზოგადად, ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ღირებულების პროექტის განხორცილება სახელმწიფოს მიერ გაუმართლებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არაჯანსაღი საინვესტიციო გარემოა.
ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩართვა ამ ტიპის პროექტებში ეკონომიკურად გაუმართლებელია:
„ნორმალურ ვითარებაში სახელმწიფომ თავისი ფულით ასეთი პროექტი არ უნდა განახორციელოს. თუ სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ამხელა პროექტის განხორციელებას, მაშინ ეს უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა. რატომ არის „ხუდონჰესი“ განსაკუთრებული შემთხვევა, ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, სამინისტროს დასაბუთება კი ჯერ არ გვინახავს.“
„ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობაზე, შემდეგ კი ისევ უბრუნდება იმ საწყის წერტილს, სადაც მთავარი ეკონომიკური აქტორი სახელმწიფოა,” – მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
“საბჭოთა საქართველოს ინდუსტრიული ოცნება”
აქცია ხაიშში ხუდონჰესისის წინააღმდეგ, 2013 წელი. გიორგი გოგუა, “ლიბერალი”
„ხუდონჰესი“ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი პროექტია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მისი აშენების იდეა ჯერ კიდევ 1979 წელს გაჩნდა.
მდინარე ენგურის მთელ სიგრძეზე ათვისების გრანდიოზული გეგმა საბჭოთა საქართველოს „ინდუსტრიული ოცნების“ ნაწილი იყო. ენგურზე ჰესების აშენების მთავარი მიზანი რუსეთის სამხრეთ რაიონების ელექტროენერგიით მომარაგება იყო. პროექტი 1979–82 წლებში „თბილჰიდროპროექტში“ დამუშავდა და მოსკოვში დამტკიცდა, რადგან 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა იმ პერიოდში საკავშირო დონეზე წყდებოდა.
80-იანი წლების ბოლოს დაიწყო პირველი სამუშაოები, თუმცა 1988 წელს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი ახლადფეხადგმულ ეროვნულ მოძრაობასთან ერთად „ხუდონჰესის“ მშენებლობას დაუპირისპირდა. იმ დროისთვის ჰესზე სამუშაოების 25 პროცენტი უკვე შესრულებული იყო, გაწეული ხარჯი კი 150 მილიონ მანეთს შეადგენდა.
1988 წელს სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საპროტესტო აქციები ახალი ძალით განახლდა. ქართველი მეცნიერები „ხუდონჰესის“ კაშხლის არასაიმედოობაზე და მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე ალაპარაკდნენ. სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა შიმშილობა გამოაცხადეს, თბილისში კი მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ასობით ათასიანი მიტინგები იმართებოდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 1989 წელს „ხუდონჰესის“ მშენებლობა შეჩერდა.
90-იანი წლების ბოლოს, საყოველთაო ენერგოკრიზისის ფონზე, „ხუდონჰესის“ მშენებლობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბარი ისევ განახლდა, ძვირადღირებული პროექტისთვის რეალური ინვესტორი ვერ მოიძებნა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ხუდონჰესის მშენებლობის განახლებისთვის პოტენციური ინვესტორის მოძიება ისევ აქტიურად დაიწყო. ეს კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“ აღმოჩნდა. დაიწერა და შეთანხმდა პროექტი, თუმცა სამშენებლო სამუშაოები სააკაშვილის ხელისუფლების დროს არ დაწყებულა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს დაპირდა, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალებოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროში „ხუდონჰესის“ ხელშეკრულების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფის დასკვნა ფართო საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.
„ტრანს ელექტრიკა ლიმიტედთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადება კალაძემ პირველად 2014 წელს გააკეთა. მინისტრმა მაშინ კომპანიისგან საბანკო გარანტიები და ასევე კომპანიის დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა:
„ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. არ უნდა იყოს კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული. თუ “ტრანს ელექტრიკამ” ვერ წარმოადგინა დამფუძნებლების სია და საბანკო გარანტია, არ გამოვრიცხავ, რომ “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელება სახელმწიფომ იკისროს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს,” – განაცხადა მაშინ კალაძემ.
„ხუდონჰესის“ მშენებლობას სოფელ ხაიშისა და მისი მიმდებარე რამდენიმე პატარა სოფლის დატბორვა მოჰყვება, რასაც წინასწარი გათვლებით, იქ მცხოვრები 3000-მდე ადამიანის გადასახლება დასჭირდება.
ხაიშის მოსახლეობა ოც წელიწადზე მეტია „გადასახლების საშიშროების რეჟიმში“ ცხოვრობს. მათ ეუბნებიან, რომ მათი სახლი, ეკლესია და საფლავების ნაწილი წყლის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს.
თავის დროზე, როცა ხუდონჰესის მშენებლობა დაიწყო, ათობით ოჯახი სვანეთიდან აყარეს და ქართლში, სოფელ მუხრანში ჩაასახლეს. უმრავლესობა ბარსა და ახალ საცხოვრებელ პირობებს ვერ შეეგუა და უკან დაბრუნდა.
ახალი კანონპროექტი
ის, რომ ხელისუფლება სერიოზულად ემზადება ხუდონჰესის პროექტის განხორციელებისთვის, კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს.
აპრილში საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევის წესი მნიშვნელოვნად გამარტივდება.
შემოდის იძულებითი განსახლების წესი, რომელიც გულისხმობს
მესაკუთრის ქონების ექსპროპრიაციას სასამართლოს გადაწყვეტილებით. სახელმწიფოს შეუძლია სასამართლოს პირველივე ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ძალების გამოყენებით, ერთი თვის ვადაში გაასახლოს საკუთარი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან მოქალაქე და ჩამოართვას მას ქონება კომპენსაციის სანაცვლოდ.
ჯერჯერობით, პარლამენტში ამ პროექტის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არ არის გამორიცხული, ამ კანონპროექტის ყველაზე მკაცრი და სადავო რეგულაციები სწორედ ხუდონჰესის მშენებლობას უკავშირდებოდეს, რადგან ეს კანონი ხაიშიდან მოსახლეობის გასახლებას უფრო ადვილად შესაძლებელს გახდის.