და რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რომ რუსეთის ხელისუფლება რეალურად შეშფოთდეს. The New Yorker-ის ჟურნალისტის აზრი" />

კომენტარი: რატომ არ აღელვებს კრემლს დასავლეთის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევება?

და რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რომ რუსეთის ხელისუფლება რეალურად შეშფოთდეს. The New Yorker-ის ჟურნალისტის აზრი

Reuters

ბოლო თვის განმავლობაში ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მთლიანობაში 139 რუსი დიპლომატი გააძევა. ეს კი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი მზვერავის, სერგეი სკრიპალის მოწამვლას უკავშირდება.

The New Yorker-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი, ჟურნალისტი ჯოშუა იაფა მიიჩნევს, რომ დიპლომატების გაძევება – სრულიად სიმბოლური ჟესტია, რომელსაც არანაირი სერიოზული შედეგი არ მოყვება. ამ სიტუაციაში კრემლისთვის რეალურ პრობლემად შეიძლება მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების ქმედებათა სინქრონიზაცია იქცეს.

კრემლი იმედს დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე ამყარებს

რუსეთის ხელისუფლების ძირითად საგარეო პოლიტიკურ ამოცანას ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული კავშირების დარღვევა და ახალი კავშირების შექმნა წარმოადგენს, – წერს ჯოშუა იაფა. ალბათ სწორედ ამიტომ უწყობდა რუსეთი ხელს ბრექსიტსა და ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას.

ავტორის აზრით, რუსეთის ხელისუფლების თვალში, ტრამპს შეუძლია, რომ ამერიკის გარე სამყაროსგან იზოლაციას შეუწყოს ხელი, რაც რუსეთისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.

The New Yorker-ის ავტორი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის წევრები იმედს ძველებურად ტრამპზე ამყარებენ. მათ მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატების ყველა ანტირუსული ქმედება ტრამპის მიერ მხოლოდ მისი გარემოცვის ზეწოლით მტკიცდება.

არსებობს ორი დასკვნა: ევროპას გაერთიანება შეუძლია – თუმცა, მთლიანად არა – და ეს მოსკოვისთვის რესურსს აჩენს

სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დასავლეთი აშკარად კონსოლიდირდა – რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ აშშ-მაც განაცხადა და ევროკავშირის 16-მა ქვეყანამაც.

თუმცა, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაზე ყველა ევროპული ქვეყანა არ წასულა.

მაგალითად, საბერძნეთმა სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის ხელისუფლების დადანაშაულების საქმეში დიდ ბრიტანეთს მხარი დაუჭირა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებს. ავსტრიის ხელისუფლება ასევე არ აღმოჩნდა მზად რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გასაფუჭებლად, და განაცხადა, რომ მათი ქვეყნის ამოცანაა „დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის აგება“.

საჭიროა ევროპულ ბანაკებში რუსი ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების ანგარიშები შემოწმდეს

რუსეთისთვის დიპლომატების მასობრივი გაძევება სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს, – მიაჩნია სტატიის ავტორს. კრემლი საპასუხო სანქციებს მიიღებს – ევროპელ, ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს გააძევებს და ყველაფერი ამით დასრულდება. რუსული პროპაგანდა კი კიდევ დიდხანს ისარგებლებს ამ სიტუაციით და დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი უსამართლობაზე ილაპარაკებს.

ამავდროულად, ჯოშუა იაფას აზრით,  კრემლი მომავალშიც შეეცდება ევროკავშირის დაცალკევებას და დასავლეთის კონსოლიდაციისთვის ხელის შეშლას.  

თუმცა, რუსეთის ხელისუფლებას არც ისე ბევრი ბერკეტი დარჩა, რომლითაც შეუძლია რომ ისარგებლოს – დასავლეთის ქვეყნებმა ეს, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გააცნობიერონ.

ჯოშუა იაფას აზრით, რეალური სანქციები, რაც რუსეთის ხელისუფლებას დიდ ზარალს მიაყენებდა, იქნებოდა – რუსი ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების ანგარიშების შემოწმება, რომელთაგან ბევრი საკუთარ ფულს ევროპის ბანკებში ინახავს.

ამ ფულის წარმოშობის კანონიერების გამოკვლევა ვლადიმირ პუტინის გარემოცვას სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა. პირველ რიგში, ეს შეეძლო გაეკეთებინა დიდ ბრიტანეთს, რადგან რუსული ფულის უზარმაზარი რაოდენობა სწორედ ამ ქვეყნის საბანკო ანგარიშებზე ინახება.

რატომ არ გააკეთა ეს აქამდე ევროპამ?

იმიტომ, რომ ამგვარი ზომები ნეგატიურად აისახება არამხოლოდ რუსეთზე, არამედ მათზეც, ვინც ასეთ სანქციებს დააწესებს, – მიაჩნია სტატიის ავტორს. ლონდონს, რომელიც ბოლო ხანს საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სტატუსს კარგავს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ რუსული კაპიტალის დასაკარგად მზად არის.


ასევე წაიკითხეთ