მსოფლიოში მილიონობით ქალი და გოგონა კვლავ საფრთხეშია" />

გაეროს მოსახლეობის და განვითარების გლობალური სამიტი კენიაში. რა ვალდებულებებს იღებს საქართველო?

მსოფლიოში მილიონობით ქალი და გოგონა კვლავ საფრთხეშია

12-14 ნოემბერს კენიის დედაქალაქი ნაირობი გაეროს მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც მთავარი მიზანი მსოფლიოში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.

კონფერენციას 160 ქვეყნის 6 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. აქ არიან ქვეყნების მეთაურები, მინისტრები, საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. კონფერენციას ესწრება ქართული დელეგაციაც.

• აზერბაიჯანი: ქორწილი გამოსაშვები საღამოს ნაცვლად

• სექსუალური განათლება საქართველოში: ვინ არის წინააღმდეგი, სკოლებში სიტყვა “სექსი” ისმოდეს

 როგორ ათხოვებენ საქართველოში არასრულწლოვან გოგონებს

სამი დღის განმავლობაში, ნაირობიში ისაუბრებენ მშობიარე ქალების სიკვდილიანობაზე, გოგონების ნაადრევ ქორწინებებზე, ქალთა წინადაცვეთაზე, სექსუალური განათლების არარსებობასა და კონტრაცეფციის საშუალებების მიუწვდომლობაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობის განვითარებას აფერხებს და ბევრ ქვეყანაში ქალების ყოფას განსაკუთრებით მძიმეს ხდის.

პირველად მსოფლიო ლიდერები მსგავსი ტიპის სამიტზე 1994 წელს ქაიროში შეიკრიბნენ. ქაიროს სამიტს ხშირად ისტორიულსაც უწოდებენ, რადგან აქ მსოფლიოს 179 ქვეყნის მთავრობამ (განვითარებულებმაც და ნაკლებადგანვითარებულებმაც) აღიარეს, რომ სქესობრივი  და რეპროდუქციული უფლება ადამიანის უფლებაა; რომ ქვეყანაში უნდა იყოს შექმნილი ისეთი პირობები, როდესაც არც ერთი დედა არ დაიღუპება მშობიარობის დროს; რომ გენდერული ძალადობის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა იყოს და გოგონებს ბავშვობას არ უნდა ართმევდნენ და ადრეულ ასაკში არ აქორწინებდნენ.

ქაიროში გადაწყდა, რომ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მათი უფლებები ცენტრალურ ადგილს დაიკავებდა თითოეული ქვეყნის და მსოფლიოს დღის წესრიგში.

მას შემდეგ 25 წელი გავიდა. ამ მიმართულებით მსოფლიო წინ წავიდა, თუმცა უამრავი მოუგვარებელი პრობლემა კვლავ რჩება.

და სწორედ ამიტომ, დანიისა და კენიის მთავრობებმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) გადაწყვიტეს, 25 წლის შემდეგ კვლავ შეკრიბონ მსოფლიო და ქვეყნებსა და მთავრობებს შეახსენონ, რომ სამყარო ჯერ კიდევ შორსაა იდეალური ნიშნულისგან.

• მთელ დედამიწაზე დაახლოებით 232 მილიონ ქალს არ აქვს საშუალება, რომ არასასურველი ორსულობისგან თავი დაიცვას, იმიტომ, რომ თანამედროვე კონტრაცეფციაზე ხელი არ მიუწვდება.

•  ყოველდღე, დაახლოებით 800 ქალი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ორსულობის ან მშობიარობის დროს იღუპება. 

•  ყოველდღე 33 ათას გოგონას ქორწინებას აძალებენ.

•  აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა ცხოვრებაში.  

რა მდგომარეობაა საქართველოში

მიუხედავად პროგრესისა, საქართველოში ქალი კვლავ რჩება დაჩაგრულებად მამაკაცთან შედარებით  და ამას კონკრეტული კვლევები და სტატისტიკა ამყარებს.

• ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და გოგონების მოტაცება კვლავ გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით;

•  კვლევა აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც გათხოვილი ქალი ქმრის მხრიდან სხვადასხვა შეზღუდვას აწყდება – მაგალითად, ზოგს მობილური ტელეფონის გამოყენებას უკრძალავენ, სხვებს მუშაობას, გარკვეული ტიპის ტანსაცმლის ტარებას და ა.შ.

•  სახელმწიფო არასათანადოდ ზრუნავს ორსულ ქალებზე – საქართველოში ორსულობის დროს მომსახურების პაკეტი ბაზისურია და მხოლოდ ორსულთა პირველად საჭიროებებს ფარავს. დაზღვევის მიღმა რჩება ბევრი საჭირო კვლევა და ასევე, ფსიქოლოგიური მომსახურებაც;

•  მიუხედავად ბოლო წლების პროგრესისა, დედათა სიკვდილიანობის თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში – 25 (100 ათას ცოცხლადშობილზე), რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (16/100,000);

•  საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჯერ კიდევ იკეთებენ აბორტს, როდესაც შეიტყობენ, რომ ემბრიონი გოგონაა.

•  საქართველოში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცოდნა აკლიათ არა მხოლოდ რიგით ქალებს, არამედ თავად ექიმებსაც. ქვეყანაში ძალიან სუსტია დიპლომისშემდგომი, უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა. მეან-გინეკოლოგები  და საშუალო რგოლის სამედიცინო პერსონალი (ბებიაქალები, ექთნები) არ ანახლებენ თავიანთ ცოდნას. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას.

საქართველოში ახალგაზრდებს არ აძლევენ სათანადო სქესობრივ განათლებას არც სკოლებში და არც შემდგომ;

დღემდე ქვეყნის ჯანდაცვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოში არ ხდება აივ ინფიცირებულ პირთა დროული გამოვლენა. ინფიცირებულთა 40 პროცენტმა საქართველოში არ იცის საკუთარი აივ-დადებითი სტატუსის შესახებ.

საქართველოს ვალდებულებები

ნაირობის სამიტის ვებ-გვერდის სექციაში – Commitments  ყველას შეუძლია საკუთარი ხედვის წარდგენა, პასუხისმგებლობის აღება და გეგმის დასახვა იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესებს ქალთა მდგომარეობას საკუთარ ქვეყანაში თუ მსოფლიოში.

საქართველოდან სამიტის ვებ-გვერდზე პასუხისმგებლობები აქვთ აღებული როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში აივ ინფექციის გავრცელებას ტენდენციას შეამცირებს და ამ მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი პირობას დებს, რომ გააგრძელებს და 2025 წლისთვის კიდევ უფრო გააძლიერებს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და გენდერულ ძალადობაზე მონიტორინგს, ასევე სხვადასხვა შეხვედრების სერიების სახით, აამაღლებს ცნობიერებას ამ კუთხით;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ 2024 წლისთვის მოამზადებს საქართველოს მოსახლეობის ზოგადი აღწერის მონაცემებს. 2025 წლისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, გამოაქვეყნებს მოსახლეობის შესაძლო განვითარებისა და მატების შესახებ მოსალოდნელ სცენარებს. 2030 წლისთვის კი შეიმუშავებს სტრატეგიას პოპულაციური რეგისტრის შექმნის მიმართულებით, რათა წარმოადგინოს ხარისხიანი, დროული და მრავალფეროვანი მონაცემები საქართველოს მოსახლეობაზე;

ცენტრი თანადგომა აცხადებს, რომ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი ქალებში, აამაღლებს ცნობიერებას და ხელმისაწვდომობას სექსუალობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან გოგონებმა თავი არასასურველი ორსულობისგან, ყველა სახის ძალადობისგან და სქესობრივად გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის აივ/შიდსისგან.

ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საკუთარ ვალდებულებებს იღებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაც, რომლის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, ნაირობის სამიტს ესწრება. იგივე მიმართულებით აპირებს მუშაობას საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივიც”, რომლის პრეზიდენტიც ასევე  ნაირობიშია.


ასევე წაიკითხეთ