კიევი „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინა მოსკოვის ზეწოლას დაექვემდებარა" />

კაპიტულაცია თუ დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა? რას დათანხმდა უკრაინა

კიევი „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინა მოსკოვის ზეწოლას დაექვემდებარა

საპროტესტო აქცია „შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ

უკრაინა, კონფლიქტის მოგვარების მინსკის შეთანხმების ფარგლებში, ეგრეთ წოდებულ „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა. კერძოდ, კიევი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე არაკონტროლირებადი ტერიტორიებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას იმ პირობით დათანხმდა, თუკი სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მოიწონეს, უკრაინის საზოგადოებაში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა.

რა არის მინსკის შეთანხმება?

უკრაინის აღმოსავლეთით შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების შესახებ დოკუმენტი 2015 წლის 11-12 თებერვალს მინსკში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის – ანუ „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში, დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდა. მას ხელი უკრაინის, რუსეთის, ეუთოსა და არაღიარებული „სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგენლებმა მოაწერეს.

• უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ. როგორ გახდა კომიკოსი მსახიობი პრეზიდენტი

• რა განსხვავებაა უკრაინასა და რუსეთს შორის

• რუსეთი MH17-ის დაღუპვასა და კიბერომებთან კავშირშია

კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს:

• ცეცხლის შეწყვეტას, გამყოფი ზოლიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას და ყველა მძევლის და ტყვეს გაცვლას;

• უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონის მიღებას;

• კონფლიქტის მონაწილეების ამნისტიას;

• უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, და ეუთოს დამკვირვებლობით ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას;

• ყველა უცხოური ჯარისა და დაქირავებული მებრძოლის გაყვანას, უკანონო ფორმირებების განიარაღებას;

• რუსეთთან საზღვრის გაკონტროლების უკრაინის ოფიციალური სტრუქტურებისთვის დაქვემდებარებას;

• ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მოსამართლეების დანიშვნაში მონაწილეობას, ადგილობრივი „სახალხო მილიციის“ შექმნას;

• უკრაინის კონსტიტუციაში, მისი დეცენტრალიზაციის მიზნით, ცვლილებების შეტანას.

თუმცა, შეთანხმება აქამდე არ შესრულებულა. უკრაინის აღმოსავლეთით პოზიციური ბრძოლები გრძელდება, ორივე მხრიდან ადამიანები იღუპებიან. საერთაშორისო საზოგადოებრიობა პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. აშშ-მ და ევროკავშირმა, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესეს.

უკრაინაში 2014 წლიდან სამთავრობო ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე პრორუსულ ფორმირებებს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საპროტესტო აქცია „შტაინმაიერის ფორმულის“ წინააღმდეგ, კიევი, 2019წლის 2 ოქტომბერი. REUTERS/Valentyn Ogirenko 

რას დათანხმდა უკრაინა?

1 ოქტომბერს მინსკში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, როგორც კიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოლაპარაკებების სხვა მონაწილეებთან ერთად, ეგრეთ წოდებული „შტაინმაიერის ფორმულის“ იმპლემენტაციაზე თანხმობას მოაწერა ხელი.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2016 წელს მინსკის შეთანხმების შესრულების საკუთარი „ფორმულა“ წამოაყენა. კერძოდ, ეს „ფორმულა“ ითვალისწინებს დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, რომელიც ძალაში რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღეს შევა. იმ შემთხვევაში, თუკი ეუთოს მისია არჩევნებს კეთილსინდისიერად მიიჩნევს, კანონი უკვე მუდმივ საფუძველზე შევა ძალაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რომლის მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაც „ომის შეჩერება“ იყო, 1 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმების პირობების თანახმად, შემუშავდება ახალი კანონი რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, რომელიც ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუკი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით ჩატარდება. „ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავითარი ავტომატების ლულის ქვეშ ჩატარებული არჩევნები არ იქნება“, და „დონბასი უკვე არ იქნება ოკუპირებული“.

რეაქცია უკრაინასა და დასავლეთში

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „შტაინმაიერის ფორმულას“ „რუსული გამონაგონი“ უწოდა.

„პუტინი ამ ვერსიის გატანას ცდილობდა და უკრაინის მხარე ყოველთვის მტკიცე უარს ამბობდა, და ჩვენი გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის უკრაინის მხარეს ემხრობოდნენ“, თქვა პოროშენკომ.

მან განაცხადა, რომ „ფორმულის“ მიღება რუსეთისთვის სანქციების შესუსტებასა და გაუქმებასაც კი ნიშნავს.

პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ამ შეთანხმებას, პირიქით, მიესალმება. „ ჩვენ ეს ხუთ წელიწადზე მეტ ხნის განმავლობაში გაწელილი კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად პოლიტიკური ნების მნიშვნელოვან დემონსტრაციად მიგვაჩნია“, – განაცხადეს პარტიაში. 

იულია ტიმოშენკოს პარტიაში „ბატკივშინა“ „შტაინმაიერის ფორმულის“ ხელმოწერას ეროვნული უსაფრთხოების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის შექმნილი საფრთხე უწოდეს.

რამდენიმე ათეული ადამიანი, უკრაინის მიერ „შტაინმაიერის ფორმულის“ ხელმოწერის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, 1 ოქტომბერს, საღამოს დამოუკიდებლობის მაიდანზე შეიკრიბა. მეპროტესტეები მაიდანზე 2 ოქტომბერსაც გამოჩნდნენ.

ამავდროულად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაიკო მაასი შეთანხმებას მიესალმა.

 „მოხარული ვარ, რომ მინსკში სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში არსებულმა კონსტრუქციულმა ატმოსფერომ იქამდე მიგვიყვანა, რომ ასეთ დიდ ხნის ნანატრ პროგრესს მივაღწიეთ. ეს „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტისა და მინსკის შეთანხმების სხვა ეტაპების განხორციელებას უხსნის კარს“, – განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

როგორც  „ჰრომადსკოეს“ ეთერში  პოლიტოლოგმა მიხაილ ბასარაბმა განმარტა, შტაინაიერის გეგმას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ის პოლიტიკურ დარეგულირებას სთავაზობს: არჩევნების ჩატარებას, განსაკუთრებულ სტატუსს „მანამდე, ვიდრე ტერიტორიის დეოკუპაცია მოხდება, იქედან რუსული ჯარი გავა, და უკრაინა საზღვარზე კონტროლს განაახლებს“. 

იმავდროულად ის აღნიშნავს, რომ საკუთრივ „შტაინმაიერის ფორმულა“ არაფერს ისეთს არ სთავაზობს, რაც მინსკის შეთანხმებაში არ არის, და რომლის შესრულების ვალდებულებაც ზელენსკიმ აიღო.

 

უკრაინელი სამხედროები დონბასში, 2019 წლის აპრილი. REUTERS/Gleb Garanich

დიპლომატი, და ევროკავშირში უკრაინის ყოფილი ელჩი ანდრეი ვესელოვსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხრიდან ეგრეთ წოდებულ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ შეთანხმება ეროვნული ინტერესების ღალატს არ ნიშნავს.

 „არჩევნები უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ტარდება, თანაც ეს კანონმდებლობა ამ არჩევნებისთვის ჯერ გაწერილი არ არის, ის შეიძლება, მოქმედ კანომდებლობასთან შედარებით, გაცილებით უფრო მკაცრად და აკურატულად დაიწეროს. მე ვიტყოდი, რომ ეს „ღალატი“ კი არა „გამარჯვებაა“, – აღნიშნა მან.

ამავდროულად თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ ლიდერებმა დენის პუშლინმა და ლეონიდ პასენჩიკმა განაცხადეს, რომ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ შეთანხმება იმას ნიშნავს, რომ „დონბასელი ხალხი საკუთარ ბედს თავად განსაზღვრავს.“ მათი თქმით, „კიევის ხელისუფლება საზღვარზე ვერავითარ კონტროლს ვერ მიიღებს“.

მომავალი სამიტი როგორც შედეგი

თუკი მიღებული გადაწყვეტილებით უკრაინისა და მის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებისთვის ჯერჯერობით ყველაფერი ცხადი არ არის, რუსეთისა და მისი „ნორმადნიული ოთხეულის“ პარტნიორებისთვის გარკვეული პოლიტიკური შედეგები უკვე მიღწეულია. 

კერძოდ, „შტაინმაიერის ფორმულაზე“ შეთანხმება რუსეთის მხრიდან „ოთხეულის“ – გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის შეხვედრის ჩატარების პირობა იყო.

ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი ამტკიცებს,  რომ თუკი მინსკის შეთანხმების შესრულებაში პროგრესი მიღწეული იქნება, საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საკითხის განსახილველად მზად არიან. 


ასევე წაიკითხეთ