რა კავშირი აქვს ამ ორ კანდიდატს 1989 წლის 9 აპრილთან?" />

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები პუტინი და სობჩაკი და მათი თბილისური ფესვები

რა კავშირი აქვს ამ ორ კანდიდატს 1989 წლის 9 აპრილთან?

რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკის ტატუ-სტუდიის დიზაინერმა ნიკოლაი მერკელოვმა ხელზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი დაიხატა, ფეხზე კი ქსენია, ახლო წარსულში მაღალი წრის ქალბატონი, ამჟამად კი პრეზიდენტობის კანდიდატი. 20017 წლის ნოემბერი. REUTERS/ილია ნაიმუშინი

2018 წლის მარტში მოსკოვში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ყველაზე ცნობილი პრეტენდენტია – ვლადიმირ პუტინი. ყველაზე ახალი კი – ქსენია სობჩაკი.

ისინი ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან, თუმცა ერთი მსგავსება აქვთ – თავიანთ ცხოვრებასა და კარიერაში მიღწევებს ორივე 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებულ მოვლენებს უნდა უმადლოდეს. ეს ტრაგიკული გარემოებები რომ არა, ვიწრო წრის გარდა, ვლადიმირ პუტინისა და ქსენია სობჩაკის არსებობას ვერავინ ვერასდროს შეიტყობდა.

9

აპრილის მოვლენებიდან ორ თვეში მოსკოვში გაიხსნა სახალხო დეპუტატების პირველი ყრილობა – საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მეტ-ნაკლებად თავისუფლად არჩეული კრება, რომელზეც თბილისის მოვლენები ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ამ მოვლენების გამოსაძიებლად საგანგებო კომისია შეიქმნა. მას იმ დროისთვის ყველასთვის უცნობი ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა.

ამ კომისიამ ვერაფრის გამოძიება ვერ შეძლო. ადამიანების დაღუპვაში დამნაშავე პირებს ვერ მიაგნეს. მაგრამ ანატოლი სობჩაკის კარიერა ამით დაიწყო – ის მალე ლენინგრადის (რომელიც შემდეგ სანკტ-პეტერბურგად იქცა) პირველი არჩეული მერი და 90-იანი წლების რუსეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა.

სწორედ ანატოლი სობჩაკმა მოიყვანა პოლიტიკაში მომავალი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ის 70-იან წლებში ლენინგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა. ანატოლი სობჩაკის ქალიშვილმა ქსენიამ კარიერა მამის მხარდაჭერით, ტელეწამყვანობით დაიწყო, შემდეგ კი უკვე ვლადიმირ პუტინის მფარველობით გააგრძელა და განავითარა.

ანატოლი სობჩაკი (მარცხნივ) – საბჭოთა დროის ერთ-ერთი ცნობილი რეფორმატორი. მისგან მარჯვნივ – ვლადიმირ პუტინი, იმ დროს მისი თანაშემწე. მაისი, 1994 წელი. Reuters

ამჯერად ვლადიმირ პუტინი და ქსენია სობჩაკი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებზე შეხვდებიან.

ის, რომ პრეზიდენტობის ამ ორივე კანდიდატის ბიოგრაფიაში თბილისმა და საქართველომ ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რასაკვირველია, ისტორიული შემთხვევითობაა. უბრალოდ, რუსთაველის პროსპექტის მოვლენები დროში დაემთხვა სახალხო დეპუტატების პირველ ყრილობას, და შესაბამისად, ყველაზე მწვავედაც იქნა აღქმული.

თუმცა, ის, რომ იმპერიის ამბოხებული განაპირა რეგიონების თემა იმ პერიოდში ყველაზე მწვავედ იდგა, ეს სრულიადაც არ იყო შემთხვევითობა. სწორედ ამ თემის ირგვლივ იბადებოდნენ ახალი, პოსტსაბჭოთა “ვარსკვლავები”  და იქმნებოდა მათი პოლიტიკური კარიერა.  ეს ყრილობა ოდნავ ადრე რომ ჩატარებულიყო, ის სუმგაითის მოვლენებს გამოიძიებდა, ოდნავ მოგვიანებით კი – ვილნიუსის ტელეცენტრზე შეტევის ან ბაქოში ჯარის შეყვანის საკითხით დაკავდებოდა.

იმპერიები სწრაფად არ ემხობა, ეს პროცესი ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. უკვე ოცდაექვსი წელიწადია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა მისი გავლენა ისევ იგრძნობა; პირველ რიგში – ადამიანების მენტალიტეტში. და ასევე იმ პოლიტიკაში, რომელსაც დღეს სსრკ-ს სამართალმემკვიდრე – რუსეთის ფედერაცია ატარებს. ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, თუ ვინ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.

ვლადიმირ პუტინსა და ქსენია სობჩაკს შორის განსხვავება არ არსებობს. მათი მეტოქეობა იგივეა, რასაც ფეხბურთში გარიგებულ თამაშს ეძახიან. ამ არჩევნებში სობჩაკის მონაწილეობის მთავარი მიზანი ის არის, რომ პუტინისთვის ერთადერთი მართლაც საშიში მეტოქის ალექსეი ნავალნის ამ არჩევნებზე არდაშვების ნაცვლად, ყურადღება თავისკენ მიიპყროს.

ამ მატჩის გამარჯვებული წინასარ არის ცნობილი – იგი ვლადიმირ პუტინი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია იმავე გზას მიუყვება, რომელიც მისმა წინამორბედმა საბჭოთა კავშირმა გაიარა. საქმე პრეზიდენტის გვარში კი არა,  დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულებაშია. ამ ინსტიტუტებს შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.

ამ გზის ბოლო – შინაგანი დეგრადაცია, ეკონომიკური კრახი და ტერიტორიული დაქუცმაცებაა. ეს ზოგს ასევდიანებს, სხვებს კი ახარებს. თუმცა, ემოციებისგან დამოუკიდებლად, მეზობლებს სრული მზადყოფნა მართებთ.


ასევე წაიკითხეთ