მიუხედავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული მოლოდინები აქვს, სომხეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ყველა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა და მიიღო. ასეთი რამ პირველად ხდება ქვეყანაში" />

იმედისმომცემი პრემიერი

მიუხედავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული მოლოდინები აქვს, სომხეთის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ყველა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა და მიიღო. ასეთი რამ პირველად ხდება ქვეყანაში

სომხეთში ახალი ხელისუფლების ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრების შერჩევა ერევნის ყოგილ მერსა და რუსული “გაზპრომის” ყოფილ მენეჯერს, კარენ არაპეტიანს დაევალა.

სომხეთის პოლიტიკურმა ძალებმა, მ.შ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერად კარენ კარაპეტიანის დანიშვნის ფაქტი მშვიდად მიიღეს. მხოლოდ რამდენიმე ცალკეული განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პრემიერი, შესაძლოა, რუსეთის მიერ იყოს „დასმული“. თუმცა, ახალი პრემიერის მიმართ ყველას განსხვავებული მოლოდინები აქვს და ეს აიხსნება სომხეთის შიდა და საგარეო კონიუნქტურით, რომელიც გამალებული ტრანსფორმაციის ტენდენციით ხასიათდება.

მოდით, ვცადოთ, კარენ კარაპეტიანის ფუნქციები შიდა და გარე რეალიების რამდენიმე ჭრილში განვიხილოთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში მორიგი ათწლიანი “სახელისუფლებო ციკლი” სრულდება, რომელიც ხასიათდება იმით, რომ პრეზიდენტის პოსტს სერჟ სარგსიანი იკავებს და, ამასთან, როგორც ექსპერტები აღიშნავენ, ძალაუფლება კრიმინალური ოლიგარქია ფლობს. ქვეყანაში ძალაუფლებას და, მასთან ერთად, ეროვნული სიმდიდრეების ექსპლუატაციიდან შემოსავლის მიღების უფლებას რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახი და ადამიანი ინაწილებს. სწორედ ისინი იღებენ ძირითად შემოსავლებს.

“სერჟ სარგსიანის ციკლის” დასრულება აუცილებლად გამოიწვევს კაპიტალისა და ეროვნული სიმდიდრეების დამატებითი ღირებულების მიღების უფლების ხელახლა განაწილებას. მით უმეტეს – იმ პირობებში, როდესაც ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ამ ციკლის დასრულების შემდეგ სომხეთს სუპერპრეზიდენტი აღარ ეყოლება და ძალაუფლება პარლამენტს გადაეცემა.

ვინმემ უნდა გაამარტივოს გადანაწილების პროცესი და ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატად კარენ კარაპეტიანი მოგვევლინა. იგი სომხეთის შიდა ოლიგარქიულ დაჯგუფებებს არ მიეკუთვნება და კაპიტალისა და კვოტების გადანაწილების დროს “არბიტრობა” მისთვის უფრო ადვილია.

მით უმეტეს, როდესაც ახლახან “ეროვნული თანხმობის” აქტი შედგა – ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნების კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს. სომხეთის ისტორიის 25 წლის განმავლობაში ეს პირველი ასეთი დოკუმენტია.ზოგიერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ხელისუფლების დროულად გადანაწილებასა და ე.წ. “ქსელური” სტრუქტურის შექმნას გულისხმობს.

მეორე მხარე, რომელიც კარენ კარაპეტიანს ასევე მნიშვნელოვან როლს აკისრებს არის საგარეო პოლიტიკა. სომხეთი გზაჯვარედინზე იმყოფება – ევრაზიის კავშირში შესვლითა და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით სომხეთმა მეზობელ ირანთან ახლო და სასარგებლო კავშირების დამყარების შესაძლებლობა მოისპო. ამასთან, აქტიურად განიხილება არამხოლოდ სომხეთის მიერ ირანის გაზის შეძენის საკითხი, არამედ ამ ენერგეტიკული რესურსის საქართველოში ტრანზიტისა და იქიდან ევროპის შავი ზღვის სანაპირომდე ტრანსპორტირების პერსპექტივებიც.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-ირანის თანამშრომლობის სარგებლიანობას ყველა აღიარებს, ამ ურთიერთობის განვითარება ვერ ხერხდება, რასაც რუსეთის შიშებით ხსნიან. მოსკოვს არამხოლოდ სომხური ბაზრის, არამედ რეგიონული კომუნიკაციების დაკარგვის ეშინია.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, კარენ კარაპეტიანი, შესაძლოა, იმისთვის მოიწვიეს, რომ ირანთან უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს და რუსი მაღალჩინოსნები დაარწმუნოს, რომ მათი შიშები უსაფუძვლოა. შემთხვევითი არ არის, რომ კარაპეტიანის პირველი განკარგულება გაზის ტარიფების გადახედვას ეხება. სომხეთი გაზს ძირითადად რუსეთიდან იღებს, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ირანული გაზის იმპორტის ზრდა სომხეთში, სავარაუდოდ, აიძულებს რუსეთს, ირანსა და სომხეთს, გააფორმონ “სვოპური შეთანხმება” [რაც გაზის ჩანაცვლების სქემის დანერგვას გულისხმობს], ამან კი, შესაძლოა, მთელ რეგიონზე იქონიოს გავლენა.

კიდევ ერთი ჭრილია კორუფციასთან ბრძოლა, რომელსაც ძირითადი საერთაშორისო სტრუქტურები სომხეთისათვის კრედიტების გამოყოფისა და ინვესტიციის სტიმულირების წინაპირობად მიიჩევენ.

კარენ კარაპეტიანს სომეხი ოლიგარქებიც კი მდიდარ ადამიანად მიიჩნევენ. მაგალითად, ოდიოზურმა დეპუტატმა, გენერალმა და ოლიგარქმა, მანველ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ კარაპეტიანს ფულის საშოვნელად სომხეთის პრემიერმინისტრობა არ სჭირდება. გრიგორიანის თქმით, კარაპეტიანი სამუშაოდაა ჩამოსული, და არა ფულის საშოვნელად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთში, შესაძლოა, კორუფციასა და მონოპოლიასთან ბრძოლა დაიწყოს – ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც.

ამ ყველაფერმა, შესაძლოა, სომხეთში ინვესტიციების მოზიდვისათვის კარგი ფონი შექმნას. ოქტომბრის შუა რიცხვებში შეერთებულ შტატებში სომხეთისათვის გაიმართება საინვესტიციო კონფერენცია, რომელსაც სერჟ სარგსიანი და ახლად დანიშნული პრემიერმინისტრი, კარენ კარაპეტიანი დაესწრებიან; მანამდე კი ახალმა პრემიერმა უნდა დაარწმუნოს ევროპელი და აზიელი ინვესტორები, რომ მისი წინამორბედების დროს მიღებული მანკიერი პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა.

სავარაუდოდ, კარენ კარაპეტიანს კიდევ ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს, რომლებიც 2017 წლის აპრილისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე და ამ არჩევნების შემდეგ გამოიკვეთება. თუმცა, მისი მთავარი ღირსება მაინც ის არის, რომ ის მუდმივად ურთიერთდაპირისპირებულ სომხურ კლანებზე მაღლა დგას, და სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებების გადანაწილების საკითხში ერთგვარი “კარტ ბლანში” აქვს მიღებული.

თუ კარაპეტიანი სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს – თუკი ძალაუფლების გადაცემის პერიოდში “არბიტრად” მოგვევლინება, ირანთან ურთიერთობას დაალაგებს, და დასავლურ ინვესტიციებს მოიზიდავს, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ სომხეთისათვის წარმატებული არჩევანი გაკეთდა.

გამოქვეყნდა: 20.09.2016


ასევე წაიკითხეთ