თუმცა მხოლოდ მოხუცებისა და მძიმე ავადმყოფებისთვის. ე.წ. საზღვარი ისევ ჩაიკეტება" />

იზოლაციის 142 დღე. ცხინვალმა ჩაკეტილი ახალგორი გახსნა პენსიონერებისა და მძიმე ავადმყოფებისთვის

თუმცა მხოლოდ მოხუცებისა და მძიმე ავადმყოფებისთვის. ე.წ. საზღვარი ისევ ჩაიკეტება

თითქმის ხუთთვიანი იზოლაციის შემდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ გახსნა ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები და ახალგორის მოსახლეობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცა.

ე.წ. გამშვები პუნბქტები ცხინვალის ხელისუფლებამ 5 სექტემბერს ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ წნელისს შორის, ტყეში, საპოლიციო პოსტი განათავსა.

ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს გახსნის ფაქტს ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ცხინვალმა თქვა, რომ საგუშაგო მათ მხარეს იყო გახსნილი და ქართულ მხარეს მისი გაუქმება მოსთხოვა. რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა.

ამის შემდეგ, ოსურმა მხარემ, საპასუხოდ, ჩორჩანას მოსაზღვრე სოფელში – წნელისში გახსნა ახალი საგუშაგო და ჩაკეტა ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტები – ყველასთვის აკრძალა გადაადგილება თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით.

ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ახალგორში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლის დიდ უმრავლესობას ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ.

ახალგორის რაიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ეს ერთადერთი რაიონია სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ – მხოლოდ ამ რაიონის მაცხოვრებლებს მისცეს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

სექტემბრიდან მოყოლებული, 140 დღის განმავლობაში, ახალგორის მოსახლეობას რეგიონის დატოვების საშუალებას სამკურნალო მიზნითაც არ აძლევდნენ. მოსახლეობა ფაქტობრივად იზოლაციაში ცხოვრობდა – ისინი ვერ გადმოდიოდნენ გადაუდებელი ოპერაციებისთვისაც კი. პენსიონერები, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ვერ ჩამოდიოდნენ პენსიის ასაღებად. ზაფხულის შემდეგ ახალგორში ჩაკეტილები დარჩნენ სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც აგვისტოში საზაფხულო არდადეგებზე იყვნენ ჩასული. ადამიანები ვერ გადაადგილდებოდნენ ოჯახის წევრების და ახლობლების დაკრძალვაზე. რაიონში იყო საკვების და მედიკამენტების პრობლემა.

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ მათ არ მიეცათ სამკურნალოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება.

• 10 წელი მავთულხლართებს მიღმა

• ზაქარეიშვილი: ადრე თუ გვიან ხელისუფლებას ჩემი იდეების გათვალისწინება მოუწევს

24 იანვარს ე.წ. გამშვები პუნქტები მხოლოდ ნაწილობრივ და დროებით გაიხსნა. თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცეს მხოლოდ ახალგორში მცხოვრებ იმ პენსიონერებს, რომლებიც მხოლოდ ქართულ პენსიას იღებენ და სხვა საარსებო წყარო არ აქვთ. მათ გარდა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცათ მძიმე ავადმყოფებს.

სხვას არავის გადმოსვლის უფლება არ აქვს.

გადმოსვლა ხდება წინასწარ, სპეციალურად შედგენილი სიებით.

24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლება მხოლოდ 23 პენსიონერს მისცეს. ისინი სამარშრუტო ტაქსმა სოფელ წეროვანში ჩაიყვანა. იქ მათ ახლობლები დახვდნენ. იქვეა საბანკო პუნქტიც, სადაც ისინი ხუთი თვის პენსიას აიღებენ – ხუთი თვე მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

ამ ადამიანებს აქვთ ათდღიანი ვადა, რომ აიღონ პენსია, მივიდნენ ექიმთან, ინახულონ ნათესავები – ათ დღეში ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ, რადგან ათ დღეში გამშვები პუნქტები კვლავ ჩაიკეტება და შემდეგი ორი თვის განმავლობაში ჩაკეტილი იქნება.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტები მხოლოდ ორ თვეში ერთხელ გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება დე-ფაქტო უშიშროების საბჭომ, რომლის თავმჯდომარეც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვია, 2 დეკემბერს მიიღო. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, პუნქტების გახსნა ამ დრომდე გაიწელა.

პუნქტების გახსნას ცხინვალის მხარე არ აპირებდა, ვიდრე ქართული მხარე ჩორჩანაში საგუშაგოს არ აიღებდა, თუმცა, როგორც ახალგორში მცხოვრები ქართველი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი JAMnews-სთან საუბარში ამბობს, რაიონში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, ცხინვალის ხელისუფლებას აკრიტიკებენ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ოსებიც, რის გამოც ცხინვალი გარკვეულ დათმობებზე წავიდა.

“უბრალო ხალხი უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით. ისინი ხედავენ, რა მდგომარეობაში ჩავარდა ხალხი. ცხინვალის ხელისუფლება კარგავდა სახეს საკუთარი მოსახლეობის წინაშე და ამიტომ გადაწყვიტეს დროებით მაინც გაეხსნათ საგუშაგოები. აქ არიან მოხუცები, რომლებიც უჭმელობისა და სიცივისგან ისე დაუძლურდნენ, ლოგინიდან ვერ დგებოდნენ თვეების განმავლობაში. ორი ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ თბილისში სამკურნალოდ ვერ გადაიყვანეს – ეს ყველამ იცის და ცხინვალის ხელისუფლება უკვე ვეღარ იმართლებდა თავს თავისივე ხალხთან…  2 დეკემბერს მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ მერე გაიწელა პროცესი. შემდეგ, ლავროვის განცხადებამაც იმოქმედა, ალბათ” – ამბობს მეარაყიშვილი. 

17 იანვარს ახალგორში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. რაიონში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მან ქართულ მხარეს დააკისრა, თუმცა თქვა, რომ ოსური მხარის პასუხი წმელისთან ქართული საგუშაგოს გახსნაზე “გადაჭარბებული ზომა” იყო.

თამარა მეარაყიშვილი JAMnews-თან იმ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობს, რაც რეგიონშია შექმნილი.

“სულზე მოუსწრო ამ გადაწყვეტილებამ ბევრს. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც თვეების განმვალობაში ფულის ერთეული ხელში არც ჭერიათ. ხალხი შიმშილის ზღვარზე იყო, განსაკუთრებით მოხუცები. ხალხი ერთმანეთს ეხმარებოდა საჭმლით, წამლებით, გასათბობი საშუალებით,” – ამბობს ის.

მისი თქმით, ეს თვეები სავსე იყო ტრაგედიებით და მძიმე ადამიანური ისტორიებით:

“ოქტომბერში მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა ინსულტით. ცხინვალში ვერ უშველეს, თბილისში არ გაუშვეს… სულ ახლახანს ხანდაზმული კაცი, შოთა დრიაევი გარდაიცვალა სეფსისით. ის სექტემბრიდან ითხოვდა თბილისში გადასვლას. ცხინვალში თვეზე მეტი იწვა და უკვე უგონო მდგომარეობაში გაგზავნეს თბილისში.შოთამ პირველად გზის დაკეტვამდე გაიკეთა ოპერაცია, ნაწლავები გარეთ დაუტოვეს, ექვსთვეში განმეორებით უნდა მისულიყო, მაგრამ არ გაუშვეს. ის ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა დრიაევის ბიძა იყო. ბევრი იბრძოლა მისმა ოჯახმა ყველა ინსტანციაში, მაგრამ ამანაც არ უშველა. ის ეთნიკური ოსი იყო, არ იყო საქართველოს მოქალაქე. მარტო ქართველებს არ ექმნება ამის გამო პრობლემები.ყველა წვალობს,” – ამბობს მეარაყიშვილი.

მისი თქმით, იანვრიდან, პენსიონერებისთვის გამშვები პუნქტების გახსნასთან ერთად, ცხინვალის ხელისუფლებამ ასევე აამოქმედა კიდევ ერთი წესი, რომელიც გარდაცვლილთა ოჯახებს ეხება:

“თუ ვინმე გარდაიცვლება, ათ ადამიანს შეუძლია შემოვიდეს მის დაკრძალვაზე. სიას ოჯახი ადგენს და შემდეგ უთანხმებს მესაზღვრეებს. აქამდე დაკრძალვაზეც არ უშვებდნენ ხალხს – შვილი დედის დაკრძალვაზე არ შემოუშვეს, დედასთან დამშვიდობების საშუალება არ მისცეს. ცოლი – ქმრის. 

მეარაყიშვილის თქმით, გამონაკლისი ამოქმედდა ავადმყოფებისთვისაც, ოღონდ ყველასთვის არა.

“თუ მომაკვდავი ხარ და უგონოდ ხარ, ასეთ შემთხვევაში გაგიშვებენ. თორემ, ონკოავადმყოფებიც ვერ მოხვდნენ გამონაკლისებში – მათ არ უშვებენ. თუ შენი ფეხით დადიხარ და გონზე ხარ, არ გაგიშვებენ. მაგალითად, თამარ გიგაური ვერ მოხვდა ამ კატეგორიაში, მას არ უშვებენ. ის წევს და უთაბაშიროდ იხორცებს ჭრილობებს [თამარ გიგაური ახალგორელში მცხოვრები ქალია, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ღრმა ჭაში ჩავარდა, მრავლობითი მოტეხილობები მიიღო და ოპერაციას საჭიროებდა, თუმცა ცხინვალის ხელისუფლებამ თბილისში არ გამოუშვა_JAMnews], – ამბობს მეარაყიშვილი. 


ასევე წაიკითხეთ