თურქეთმა თქვა „დიახ“?
თურქეთი ორად არის გაყოფილი – ერთი მხარე რეფერენდუმზე გამარჯვებას ზეიმობს, მეორე კი ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვენ. ეს არის პირველი კვირა თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ. რას ლაპარაკობენ ქვეყნის სხვადასხვა წრეში? JAMnews-ის რეპორტაჟი სტამბოლიდან.
თურქეთში საკონსტიტუციო რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, მიეღოთ თუ არა თურქეთის კონსტიტუციის 18 სპეციფიკური შესწორება, მათ შორის:
- ქვეყანაში საპარლამენტო მართვის ფორმის გაუქმება და საპრეზიდენტო რესპუბლიკის შექმნა;
- პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმება;
- პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის გაზრდა;
- მოსამართლეთა და პროკურორთა უზენაესი საბჭოს რეფორმირება;
გუშინ, 20 აპრილს, უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ უარი განაცხადა რეფერენდუმის შედეგების გაუქმებაზე – ოპოზიცია დაახლოებით 2 მილიონ ხმას აპროტესტებდა. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანის მიერ შეთავაზებულმა საკონსტიტუციო რეფორმებმა მინიმალური უპირატესობით საბოლოოდ გაიმარჯვა – 51 პროცენტით 49-ის წინააღმდეგ.
გაზეთ „DailySabah“-დან
„წინააღმდეგ“ ხმის მიმცემო თურქო ამომრჩევლებო – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „კლუბ 48 პროცენტში“! მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი მრავალრიცხოვანი ხმები და არგუმენტები სრულიად იგნორირებული იქნება“ – ციტატა ბრიტანელი ჟურნალისტის, თომას დე ვაალის Facebook-ის პოსტიდან.
მას ამ ახლად დაარსებული „კლუბის“ წევრებისთვის სახასიათო ციფრები მოჰყავს:
- თურქი ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა „არა“-ს მისცეს – 48,6 პროცენტი;
- მათი რაოდენობა, რომლებმაც ახლახან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონს მისცეს ხმა – 48,2 პროცენტია;
- ბრიტანელი ამომრჩეველი, რომლებმაც ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირეს მხარი – 48,2 პროცენტი.
თურქეთში 16 აპრილის კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ სამი უდიდესი ქალაქის – სტამბოლის, ანკარის და იზმირის მაცხოვრებლებმა გადამწყვეტი უარი თქვეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, 60-დან 70 პროცენტამდე შედეგით.
თურქეთის ქალაქებში კენჭისყრის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში არ წყდება მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში ეს აქციები შეწყდეს – თურქეთში ისევ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს.
20 აპრილს სტამბოლში რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ გამართული ქუჩის აქციების 19 ორგანიზატორი დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებათ „მოსახლეობაში შუღლის გაღვივება“.
“ევროპის ანტითურქული წრეებისა და კამპანია „არას“ მცდელობები, რომ თურქი ხალხის მიერ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას ლეგიტიმურობა ჩამოართვან, არადემოკრატიული და აღმაშფოთებელია“, – წერს მიმომხილველი İlnur Çevik 21 აპრილს „DailySabah“-ში; – ოპოზიცია საშინელ შეცდომას სჩადის. რაც უფრო სწრაფად მიხვდება და ხალხის ნებას დაჰყვება, მით უკეთესი“.
და მაინც, ეუთომ და დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა ეჭვქვეშ დააყენეს რეფერენდუმის დემოკრატიულობის ფაქტი. ისინი ასახელებენ შემდეგ დარღვევებს:
- თურქეთი საგანგებო მდგომარეობის პირობებშია და მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებები შეზღუდულია;
- ამომრჩევლებს რეფერენდუმამდე არ მიუღიათ მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაცია;
- კენჭის საყრელად წარმოდგენილი იყო 18 ცვლილების სია, მაგრამ არ იყო მათი ცალ-ცალკე განხილვის საშუალება. ამის ნაცვლად, საარჩევნო ბიულეტენებში ამომრჩევლებს სთავაზობდნენ, უბრალოდ, ან „არა“ ეთქვათ, ან – „დიახ“.
- უმაღლესი რანგის ჩინოსნები კამპანია „არას“ მომხრეებს საჯაროდ უწოდებდნენ ტერორისტებისადმი სიმპათიით განწყობილ ელემენტებს;
- ჟურნალისტების დაჭერები და მედიაგამოცემების დახურვა ხელს უწყობდა ქვეყანაში მასშტაბური ცენზურის არსებობას.
კამპანიის, პირობითი სახელით „უთხარი „არა“ რეფერენდუმს“-ს მონაწილეთა არგუმენტაცია დაახლოებით ერთნაირია: ახლა თურქეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებული შესაძლებლობები, უფლებამოსილებები და ძალაუფლება მიიღო. სტამბოლის საქალაქო საბჭოს წევრის, აიშე ბერკტაის აზრი, რომელიც სტამბოლში 16 აპრილს რეფერენდუმის დღეს გამართული პროტესტის დროს არის ჩაწერილი:
მაგრამ რეფერენდუმის შედეგების შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული კომენტარების საერთო ტონი პესიმისტურია. ვარაუდობენ, რომ ამგვარი შედეგები თურქეთს დიდი ხნით დაუკეტავს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას.
ამავდროულად აღინიშნება, რომ ერდოღანის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თურქეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ; და ამისკენ მათ იქაური ხელისუფლებების ქმედებებმა უბიძგა – მაგალითად, ჰოლანდიაში თურქეთის მთავრობის წევრთა მონაწილეობით წინასაარჩევნო მიტინგის ჩატარების აკრძალვამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. თუმცა, ის ჯერეჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელიც ამ კენჭისყრის შედგების გამო სტრესს არ განიცდის. ევროპული ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა შეშფოთებით საუბრობს იმაზე, რომ ერდოღანის სასარგებლოდ ხმათა მცირე უპირატესობა – სულ 51,4 პროცენტი – თურქეთის საზოგადოებაში არსებულ სერიოზულ დაპირისპირებაზე მეტყველებს.
იგივე აღელევებს ბევრს თურქეთშიც.
“ჩვენ ერთიანი ქვეყანა გვჭირდება“, – ამბობს, თურქეთის პარლამენტის დეპუტატი ფილზ კერესტეჩიოღლუ, რომელსაც თავად ამ რეფერენდუმის იდეა მიაჩნია საზოგადოების საშიში პოლარიზაციის საფრთხედ.
მოქმედი ხელისუფლების მომხრეები კი, რომლებიც უმრავლესობაში არიან, ყოველ შემთხვევაში – ოფიციალური მონაცემებით მაინც, გამარჯვებას ზეიმობენ.
სახელისუფლო პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, სახელად ხაკანმა, ამგვარად განმარტა საკუთარი მოტივები და იმედები:
“ჩვენ არ გვინდა, რომ მხოლოდ საკურორტო ქვეყნად აღგვიქვან, ან იაფი ბოსტნეულის წყაროდ, ანდა იმ ადგილად, სადაც ევროპული ფულით დევნილების ნაკადებს აკავებენ. ჩვენ შეგვიძლია, რომ მართლაც ღირსეულები გავხდეთ, თუმცა საამისოდ ძლიერი პოლიტიკური ნებაა საჭირო“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში მისი დიქტატორად ქცევის სურვილთან დაკავშირებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
“მე მოკვდავი ვარ, -თქვა მან, – და ნებისმიერ წუთს შეიძლება მოვკვდე. ეს რეფორმები იმისთვის არის განკუთვნილი, რომ თურქეთი დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს“.