თამარ მეარაყიშვილი: საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიგრძვნია" />

თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის სასამართლომ ყველა საქმეში გაამართლა

თამარ მეარაყიშვილი: საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიგრძვნია

 

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა.

 მოსამართლე თამარ პარასტაევამ მეარაყიშვილი ახალგორის პროკურატურის მიერ აღძრულ ორივე საქმეში გაამართლა.

მეარაყიშვილს ადგილობრივი მმართველი პარტიის “ედინაოა ოსეტიას” მიმართ ცილისწამება და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის  უკანონოდ მოპოვება ედება.

 მის შესახებ, ვინც საჭირო არ არის, ისინი ლაპარაკობდნენ

• 10 წელი მავთულხლართებს მიღმა

• ცხინვალი: ადამიანის უფლებების შესახებ სკანდალის შემდეგ ალაპარაკდნენ

პარასტაევამ  მეარაყიშვილს ასევე თავისუფლად გადაადგილების უფლება დაუბრუნა, რომელიც ორი წელია აქტივისტს ჩამორთმეული აქვს.  ორი წელია მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს ვერ ტოვებს, რადგან ჩხრეკისას ჩამორთმეულ საბუთებს არ უბრუნებენ.

“ჯემნიუსი” ტელეფონით დაუკავშირდა თამარ მეარაყიშვილს. ის ამბობს, რონმ ცხინვალის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწვეტილება საბოლოო არ არის.

“უკვე დანამდვილებით ვიცით, პროკურატურა მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. სანამ ყველა ინსტანციას არ მოივლის ეს საქმე საბუთებს არ დამიბრუნებენ, მაგრამ ეს მაინც დიდი, პირველი გამარჯვებაა,” – ამბობს თამარა მეარაყიშვილი “ჯემნიუსთან” სატელეფონო საუბარში.

რას ედავებიან თამარ მეარაყიშვილს

ერთ-ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ იყო აღძრული, მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა.

2017 წლის ახალგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ოფიციალურად დასდო ბრალი ცილისწამებაში. მათ არ მოეწონათ სტატია, სადაც მეარაყიშვილი მმართველი პარტიის – „ედინაია ოსეტიას“  წევრებს აკრიტიკებდა.

მეორე საქმის მიხედვით, მეარაყიშვილს დოკუმენტების გაყალბება და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება ბრალდება. ცხინვალელი სამართალდამცავების თქმით, ჩხრეკისას, მეარაყიშვილს ორი პასპორტი აღმოაჩნდა – სამხრეთ ოსური და ქართული. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით კი, საქართველოსთან ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია.

თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის მიერ კონტროლირებად ახალგორში ცხოვრობს.

ორი წლის განმავლობაში მას ადგილობრივი სამართალდამცავები სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ  – ის რამდენჯერმე დააკავეს, დაკითხეს; გაჩხრიკეს მისი სახლი, სადაც „ექსტრემისტულ ლიტერატურას“ ეძებდნენ.

„ეს იყო შიშის, მუდმივი საფრთხის და ბრაზის ორი წელი,“ – ამბობს ის. 

მიუხედავად იმისა, რომ მეარაყიშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების დიდი კრიტიკოსია, ის ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენის იმედი მაინც ჰქონდა.

„პირველ რიგში თავად თამარა პარასტაევას პატიოსნების, სამართლიანობის და კვალიფიციურობის იმედი მქონდა. ადამიანური ფაქტორი ძალიან მნიშვნელობანია, ისეთ დახურულ სისტემებშიც კიო, როგორიც აქ არის, – ამბობს ის – ჯერ ეს ჯოჯოხეთი არ მორჩენილა. არის სააპელაციო სასამართლო, მერე უზენაესიც. ისინი ასე ადვილად არ. შეეგუებიან წაგებას. არც პროკურატურა და არც მით უმეტეს მმართველი პარტია „ედინაია ოსეთია“. რამდენჯერმე უკვე შემომითვალეს, ვინ არის ეს პატარა ქალი, რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზეო.“

თამარა მეარაყიშვილი ამბობს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მას არანაირი მხარდაჭერა არ უგრძვნია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

მისი თქმით, რამდენიმეწლიანი სასამართლო პროცესები, ახალგორიდან ცხინვალში ტრანსპორტირება, ასევე ადვოკატის ხარჯები, მას რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა.

„ყველა ეს ფული ფეისბუკ-მეგობრებისგან შევაგროვე, – ამბობს ის. 

„ხელისუფლება გვერდში არ მედგა. ისინი მე მაგალითადაც კი არ მიყენებდნენ.  მათ თავისუფლად შეეძლოთ ჩემი საქმე გამოეყენებინათ როგორც ახალგორში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობის მაგალითი, თუმცა არც ეს გააკეთეს,” – უთხრა მან “ჯემნიუსს”.

ოქტომბრის დასაწყისში მან დახმარებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა. პრემიერისთვის მიწერილ წერილში ის წერდა, რომ, ფაქტობრივად, ტყვეობაში იმყოფება. ამ წერილს პრემიერის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

თამარ მეარაყიშვილის შესახებ კითხვა პრემიერს პრესკონფერენციაზეც დაუსვეს.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ჩემზე ჰკითხა პრემიერ, მაგრამ აღმჩნდა, რომ ბახტაძემ ჩემს შესახებ არც კი იცოდა არაფერი. ძალიან მეწყინა,“ – ამბობს ის. 

როდესაც “ჯემნიუსმა” თამარ მეარაყიშვილს დაურეკა, ის ცხინვალელი მეგობრების გარემოცვაში იყო, რომლებიც მის სასამართლოში გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

„გთხოვთ, ეს დაწერეთ, – გვითხრა მან, – აქ, ცხონვალში უამრავი გულშემატკივარი მყავს. ხშირად, როცა ამდენი სასამართლო პროცესის ფონზე ფული არ მქონდა, ტაქსისტებს უფასოდ დავყავდით, მაღაზიაში ნისიად მაძლევდნენ ყველაფერს. ცხონვალში ყველა მეკითხებოდა ჩემს ამბავს. საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი ხალხისგან”.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი საქმე პრეცედენტული გახდება და აქ ბევრი დაჩაგრული ადამიანი ხმას აიმაღლებს,” – ამბობს ის. 


ასევე წაიკითხეთ