თუმცა იქ, როგორც საბჭოთა დროს იყო, პლანეტარიუმი გაიხსნება" />

ვლადიკავკაზში უძველესი მეჩეთის გამო შიიტები და სუნიტები დავობენ

თუმცა იქ, როგორც საბჭოთა დროს იყო, პლანეტარიუმი გაიხსნება

ვლადიკავკაზში ძველი მეჩეთის ირგვლივ ატეხილ დავაში მთელი ადგილობრივი საზოგადოება ჩაება. მისი ბედის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – იქ ისევ, როგორც საბჭოთა დროს იყო, პლანეტარიუმი გაიხსნება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვნებებს არ გაანელებს.

მ მეჩეთის ისტორია იგავს ჰგავს.

ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ადგილობრივმა მუსლიმმა შიიტებმა ააგეს. მაშინ ვლადიკავკაზის მუსლიმურ თემს დიდწილად წარმოადგენდნენ სპარსი შიიტები და აზერბაიჯანელები, რომლებიც ამიერკავკასიის მხარიდან (ახლანდელი სამხრეთი კავკასიიდან) – ელიზავეტპოლის, ბაქოს, ერივანისა და ტიფლისის გუბერნიებიდან იყვნენ გადმოსახლებულნი. პირველი მოლა რუსეთის მოქალაქე ელიზავეტპოლის გუბერნიიდან ჰაჯი მოლა იასმაილ ჰასან-ოღლი გახდა.

მწვანე შიიტური გუმბათის, ან როგორც მეორენაირად უწოდებდნენ – სპარსული მეჩეთის თავზე ნახევარმთვარე 20-ე საუკუნის დასწყისამდე ეკიდა. კავკასიაში დამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ მეჩეთი გააუქმა, ნახევარმთვარე მოხსნა, 1963 წელს კი მეჩეთში პლანეტარიუმი მოაწყო, ის საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო და ამიტომ ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.

1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დანგრევამ და მისმა თანმხლებმა პროცესებმა პლანეტარიუმი უსარგებლო გახადა და ის დაიკეტა. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ეს ლამაზი შენობა მიტოვებული იდგა, ძველდებოდა და უვარგისი ხდებოდა.

რამდენიმე ხნის წინ ხელისუფლებამ მისი ბედის განსაზღვრა გადაწყვიტა – და მაშინ გაირკვა, რომ ამ დროისთვის მეჩეთმა უკვე მოასწრო, რომ ორ ადგილობრივ მუსლიმურ თემს – შიიტებსა და სუნიტებს შორის დავის საგნად ქცეულიყო.

ჩრდილოეთი კავკასია უმეტესწილად მუსლიმებით არის დასახლებული, მუსლიმთა შორის კი უმრავლესობას ყოველთვის სუნიტები წარმოადგენდნენ. ამ წლების განმავლობაში პროცესები ისე განვითარდა, რომ ახლა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მუსლიმების უმეტესობა ასევე სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან.

მათ ვალდიკავკაზში საკუთარი მეჩეთი აქვთ, რომელსაც საკათედრო ეწოდება, და მას აქ სუნიტურს ეძახიან. ის ყველას არ ყოფნის, რადგან ასობით მორწმუნეს ვერ იტევს. ადგილობრივ სუნიტებს გამოსავლად ის მიაჩნიათ, რომ შიიტური მეჩეთი მათ გადასცენ.

მეჩეთს ვერც სუნიტები მიიღებენ და ვერც შიიტები – იქ ისევ პლანეტარიუმი გაიხსნება

ჩრდილოეთ ოსეთში შიიტები ცოტანი არიან – ას ადამიანზე მეტი არ იქნება და მათ სერიოზული გავლენა არ გააჩნიათ, მაგრამ დოკუმენტურად ცნობილია, რომ ეს თემი საკუთარი შეწირულობებით აგებდა მეჩეთს და ახლა სუნიტებისთვის მის დათმობას კატეგორიულად არ თანხმდებიან.

მათ მხარს უჭერენ ირანიდანაც, რომელთანაც ჩრდილოეთ ოსეთის კავშირები სულ უფრო აქტიურდება. თებერვალში ვლადიკავკაზში ირანულ-ოსური კულტურის ცენტრი „ირან-ირისტონი“ გაიხსნა.

ამ საფრთხილო სიტუაციაში რესპუბლიკის ხელისუფლებამ სოლომონისებრი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო: მეჩეთს ვერც სუნიტები მიიღებენ და ვერც შიიტები, და იქ ისევ პლანეტარიუმი გაიხსნება.

ერ კიდევ ძალიან ლამაზი ეს შენობა თერგის ნაპირას დგას, მის უკან – კავკასიის მთავარი ქედის მწვერვალები მოჩანს. ის, ძირითადად, წითელი აგურით არის ნაგები, საძირკველი კი ადგილობრივი ქვისგან აქვს გაკეთებული. ოდესღაც მეჩეთი გარედან გადაფხიკეს და ღია ფერით შეღებეს. ცენტრალური ნაწილის თავზე კარვისებრი გუმბათია, რომელიც მეტალის ფურცლებითაა დაფარული. მთავარი შესასვლელი მხატვრული აგურით არის მოპირკეთებული და მას არაბული სკრიპტი ამშვენებს – კარის ზემოთ ყურანის პირველი სურა „ალ-ფატიხა“ „აწერია“.

შენობას უკვე ღობე შემოავლეს, და როგორც იუწყებიან, გუმბათი და კედლები აღარ ჟონავს. სარესტავრაციო სამუშაოებს პირადად ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი აკონტროლებს, უთხრა JAMnews-ს სამუშაოების ხელმძღვანელმა ვასილი ტადტაევმა. რესტავრატორები ახლა იმაზე მუშაობენ, რომ მეჩეთის კედლების თავდაპირველი იერი აღადგინონ. ეს კედლები საბჭოთა პერიოდში თაბაშირის სქელი ფენით გაილესა, – თქვა მან.

თუმცა, მშენებლებს ისტორიულ ძეგლზე უხეში მუშაობისთვის ძლიერ აკრიტიკებენ. ახლახან სოციალურ ქსელებში ყველა იმ ვიდეოს შესახებ მსჯელობდა, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ როგორ გლეჯენ მშენებლები კედლებიდან თეთრი თაბაშირის გამაგრებულ ფენას – და ამ დროს როგორ აზიანებენ მის ქვეშ არსებულ აგურის ფასადს.

მთლიანობაში საზოგადოებამაც და შიიტური და სუნიტური თემების ბევრმა წევრმაც პლანეტარიუმის გახსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება „ბრძნულ გამოსავლად“ შეაფასეს. სოციალურ ქსელებში გამართულ არაფორმალურ კენჭისყრაში, პლანეტარიუმის აღდგენის იდეას ხმის მიმცემთა 53-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, მუსლიმური რელიგიური ობიექტის აღდგენის მომხრე 33.5 პროცენტი იყო.

მაგრამ მთელი ამ ისტორიის შედეგად საზოგადოებაში მკვეთრად გააქტიურდა დისკუსია ჩრდილოეთ ოსეთის რთული რელიგიური კონტექსტის თაობაზე, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე კონფლიქტური კონტექსტია გადაჯაჭვული. სახასიათო კომენტარები:

„ყოფილ მუსლიმურ ტაძარში პლანეტარიუმის აღდგენის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილება – ეს მებრძოლი ათეიზმის ეპოქის სიმბოლოა“.

„ყველაფერში ბალანსი უნდა მოიძებნოს. გთავაზობთ, მეჩეთში შეიქმნას რუსეთ-ირანის მეგობრობის ცენტრი, რომელიც უადგილოდ შეჩურთეს სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში“.

„სრულიად ვემხრობი პლანეტარიუმის შენობასთან დაკავშირებით რესპუბლიკის ხელისუფლების პოზიციას. ის პლანეტარიუმად უნდა დარჩეს და არა მეჩეთი გახდეს“.

„ფაქტია, რომ ეს შენობა პლანეტარიუმისთვის შესაფერისი არ არის. დღევანდელი ზომებით, მეჩეთისთვისაც არცთუ მოსახერხებელია. პირველ რიგში – აქტიური მოძრაობის გამო, მეორეც – მართლაც პატარა შენობაა. კარგი იქნებოდა, ირანის კულტურის ცენტრი ან ოსეთში ისლამის ისტორიის მუზეუმი რომ გაკეთებულიყო. ოსების არც ისე მცირე ნაწილი ისლამის აღმსარებელია“.

„შიიტური მეჩეთის სუნიტებისთვის გადაცემა – იდიოტიზმის მწვერვალია და აღშფოთებას გამოიწვევს. ამიტომ, იყოს პლანეტარიუმი“.

„იქვე გვერდით კიდევ ერთი შენობა აიგება – თორემ ისე ამ პლანეტარიუმით თავს ვინ აიტკივებდა. ასეთივე სიტუაცია იყო ტრმვაის ავარიულ ხიდთან დაკავშირებითაც. გადაკეტეს, რესტავრაციის შესახებ ხმამაღლა განაცხადეს, შემდეგ იქ ჩუმად მშვენიერი კაფე და სადამკვირვებლო პლატფორმა ააშენეს და ისევ გახსნეს. ხიდი კი როგორც იყო ნგრევის პირას, ისევ ისევეა“.


ასევე წაიკითხეთ