"ბევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება ავტომანქანის „ლამაზი“ ნომერია, ბევრისთვის კი - წიგნი"" />

როგორ გავხადოთ წიგნები უფრო ხელმისაწვდომი? სომეხი მწერლებისა და გამომცემლების მოსაზრება

"ბევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება ავტომანქანის „ლამაზი“ ნომერია, ბევრისთვის კი - წიგნი"

წიგნი, როგორც კულტურული ღირებულება. სოციალური პრობლემების, ღირებულებების სისტემის ცვლილებისა და წიგნების სიძვირის მიუხედავად. წიგნების გამყიდველები და გამომცემლები ირწმუნებიან, რომ გაყიდვების მოცულობა გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუკი საგამომცემლო სფერო გადასახადებისგან გათავისუფლდება და შესაფერისი სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავდება.

პოეტი ხაჩიკ მანუკიანი ამბობს, რომ ადრე ადამიანები უფრო მეტს კითხულობდნენ. მისი თქმით, მაშინ წიგნები უფრო ხელმისაწვდომი იყო და ყველა ოჯახს საკუთარი ბიბლიოთეკა ჰქონდა.  

“გარდამავალი პერიოდის აურზაური, გადაუწყვეტელი სოციალური პრობლემების უსასრულო ჩამონათვალი და ომის საფრთხე საშუალებას არ გვაძლევს, სათანადო ყურადღება მივაქციოთ წიგნებს; თუმცა მე, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, უბრალოდ, ცხოვრება არ შემიძლია კითხვის გარეშე”.

მწერალი და ლიტერატურათმცოდნე ოვიკ ჩარხჩიანი ამბობს, რომ ბევრს წიგნების ფასები აშინებს:

“სავარაუდოდ, მსოფლიოში არსებულ სიტუაციასთან შედარებით, სომხეთში არსებული ფასები უფრო დაბალია, მაგრამ შეხედეთ ჩვენი თანამოქალაქეების შემოსავლებს!  როგორ უნდა იყიდოს თვეში ერთი, ან ორი წიგნი ადამიანმა, რომლის  შემოსავალიც 100 ათას დრამს არ აღემატება?”

• სად და როგორ ცხოვრობენ ბავშვთა სახლის შემდეგ სომხეთში

ორი სომეხი დედის ისტორია – როგორ იბრძვიან ისინი შშმ შვილების უფლებებისთვის

იგი გამომცემლობის თვითღირებულებას წიგნების მაღაზიების ფასებს ადარებს და აღნიშნავს, რომ ფასები თითქმის სამმაგდება:

“თუკი ავტორი ხარ და გამოცემის ხარჯებს იხდი, გარკვეული შემოსავლის მიღების იმედი გაქვს. წიგნების მაღაზიებში თვითღირებულებას გამყიდველის ფასნამატი და დღგ ემატება. ამჟამად საშუალო ზომის წიგნი 7000-8000 დრამი ($15-16) ღირს. ზოგიერთი წიგნი იმდენად კარგია, რომ სურვილი გიჩნდება, იყიდო, მაგრამ როდესაც ფასს ხედავ, უარის თქმა გიწევს”.

თავის დროზე ცნობილმა სომეხმა მწერალმა, ეგიშე ჩარენცმა (რომელიც საგამომცემლო საქმიანობით იყო დაკავებული) სომხეთში „იაფი“ და ყველასათვის ხელმისაწვდომი ლიტერატურის ცნება შემოიტანა. წიგნის თვითღირებულების მინიმუმამდე შესამცირებლად მწერალი გამოცემის ახალ საშუალებებს ეძებდა და ცდილობდა, სახელმწიფო მხარდაჭერა მიეღო. თანამედროვე მწერლები მიიჩნევენ, რომ  მსგავსი პროექტის გამეორება დღესაც შეიძლება; ყოველ შემთხვევაში, ამ სფეროს გადასახადებისგან გათავისუფლება მაინცაა შესაძლებელი.

მაღაზია „ბიუროკრატი“ ერევანში მდებარეობს. მისი მენეჯერი, ანა ნაგაშიანი ამბობს, რომ წიგნების გაყიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუკი ფასები შემცირდება:

“ამავდროულად ჩვენ ისიც გვესმის, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არიან გამომცემლობები.  ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ სფეროს „შიდა სამზარეულოს“. ავიღოთ თუნდაც თარგმანები, რომლებიც ამჟამად ძალიან მოთხოვნადია. ისინი საავტორო უფლებების გადასახადს, მთარგმნელის ჰონორარსა და გადასახადებს იხდიან. თუკი ყველა ხარჯს გავითვალისწინებთ, მივიღებთ იმას, რაც ახლა გვაქვს. მაგრამ წიგნის ყიდვით არა ნივთს, არამედ ღირებულებების სისტემას, კულტურის ნაწილს ვიძენთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვცდილობთ, მკითხველი აქციებისა და ფასდაკლებების საშუალებით მოვიზიდოთ”.

დღესდღეობით მრავალი გამომცემლობა ახალ წიგნებს ბეჭდავს და გამოცემული პროდუქციის რეკლამირებითაა დაკავებული. გამომცემლობები თავისებური აქციებით ცდილობენ მკითხველების მოზიდვას.

კერძოდ, გამომცემლობა „ანტარესი“ ცდილობს, ორიგინალური პროექტებით მიიპყროს მკითხველის ყურადღება  („კითხულობენ გამოჩენილი ადამიანები“, „კითხვა სექსუალურია“, „აკრძალული ლიტერატურა“, „კომპასი“, „აუცილებლად საკითხავი“). გამომცემლობა მაღალი ხარისხის ლიტერატურას ბეჭდავს – იმ წიგნებს, რომლებიც არასდროს გამოცემულა სომხეთში. „ანტარესი“ წელიწადში 150 წიგნს უშვებს.  

ერევანში ღია ცის ქვეშ წიგნების ბაზრობები იმართება. აქ წიგნები გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე მაღაზიებში.  ამას გარდა, ბაზრობებზე ვაჭრობაც შეიძლება. სოციალურად დაუცველი ადამიანები ბაზრობების გამყიდველებს უკავშირდებიან და საკუთარ წიგნებს ჩალის ფასად ყიდიან.  მაღაზიებისგან განსხვავებით, აქ  უკვე წაკითხული წიგნის მიტანა და სხვა წიგნზე გადაცვლაც შეიძლება. ამისათვის  მცირე თანხის გადახდა მოგიწევთ.

ედგარ კარაპეტიანი ერთ-ერთ  ბაზრობაზე ყიდის წიგნებს. იგი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდს ინტერესს წარსულში აკრძალული ავტორები და ის თანამედროვე უცხოელი ავტორები იწვევენ, რომელთა ნაწარმოებებიც მცირე ხნის წინ თარგმნეს. მისი თქმით, კლასიკა ჩრდილში დარჩა.

ვრამ მარტიროსიანიც წიგნებს ყიდის. იგი აღნიშნავს, რომ ყველაზე კარგად სასწავლო ლიტერატურა (სახელმძღვანელოები) იყიდება.  ყველაზე მეტად იმ წიგნების გაყიდვა ჭირს, რომელთა ღირებულებაც 5000-დან 10000 დრამამდე ($10-20) შუალედში მერყეობს. ვრამი მიიჩნევს, რომ წიგნები არც ისე ძვირი ღირს, ადამიანები კი იმიტომ არ კითხულობენ, რომ იდეოლოგია არ გააჩნიათ:

“კლასიკური ნაწარმოებების ძველი გამოცემები 1000 დრამი ($2) ღირს. იმავე ნაწარმოებების ახალი გამოცემები 4-ჯერ ძვირია. მაგრამ ის, რომ ადამიანები იშვიათად კითხულობენ, სოციალური პრობლემებით არ არის გამოწვეული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ასწავლიან სკოლებში. საგანმანათლებლო ცენზი შემცირდა. ზოგიერთი მდიდარი ადამიანი კილოგრამობით ზედმეტ საჭმელს ყიდულობს, მაგრამ ერთი წიგნის შეძენაც არ სურს. შესაძლოა, ბევრისთვის განსაკუთრებულ ღირებულებად  იქცეს ავტომანქანის „ლამაზი“ ნომერი, რომლის შესაძენად დიდ თანხასაც არ დაიშურებს, მაგრამ წიგნებს არ იყიდის”.

ჯულიეტა ხაჩატრიანს ეჩმიაძინში წიგნების მაღაზია აქვს. იგი ამბობს, რომ მის პატარა სავაჭროში  ყოველდღიურად შედიან მყიდველები და მეტწილად ზღაპრებსა და იგავ-არაკებს ყიდულობენ.

“ამ წიგნების თითოეული ეგზემპლარის ფასი ათას დრამს ($2) არ აღემატება. დანარჩენ წიგნებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით “პატარა პრინცი“ სარგებლობს. ამას გარდა, „ნარეკს“ [ნარეკაცის „სამგლოვიარო საგალობლების წიგნი“] და საბავშვო ბიბლიასაც ხშირად ყიდულობენ. თუმცა 5 000 დრამად ღირებულ წიგნებს სათოფეზეც არ ეკარებიან და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ყიდულობენ”.

მიუხედავად ამისა, წიგნების გამყიდველები და მწერლები ირწმუნებიან, რომ ამჟამად უფრო მეტს კითხულობენ, ვიდრე ადრე.

მაღაზია „ბიუროკრატის“ წიგნების კონსულტანტი, არამ ავეტისი აცხადებს:

“ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მივიწევთ წინ. ის, ვინც ადრე კითხულობდა, კითხვას არ წყვეტს”.

ავეტისი მკითხველებს  რამდენიმე კატეგორიად ყოფს – ერთ ჯგუფში იმ ადამიანებს მოიაზრებს, რომლებიც მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურას კითხულობენ, მეორეში ის მკითხველები შედიან, რომლებსაც კლასიკა ურჩევნიათ, მესამე კატეგორიაში კი მოდური წიგნების მოყვარული მომხმარებლები შეჰყავს.

“წიგნის კონსულტანტი გემოვნებას კარნახობს. მკითხველს სწორ ლიტერატურას ვთავაზობ. ადამიანი, რომელიც განათლებულად და განვითარებულად მიიჩნევს თავს, ამ წიგნებს უნდა იცნობდეს. როდესაც სტომატოლოგთან მივდივართ, ექიმს საშუალებას ვაძლევთ, თავისი საქმე გააკეთოს და არ ვასწავლით, თუ როგორ უნდა უმკურნალოს კბილებს. ამ შემთხვევაშიც იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სპეციალისტთან”, – ამბობს არამი.

სხვათა შორის, ყოველწლიურად სომხეთში 2000 სხვადასხვა წიგნს ბეჭდავენ. ნაბეჭდი პროდუქციის 30%-ს  მხატვრული ლიტერატურა შეადგენს. სულ ქვეყანაში 145 გამომცემლობაა დარეგისტრირებული.

“მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად აქტიურია ესა თუ ის გამომცემლობა. მთავარი ისაა, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. და თუკი  გამომცემლობები იქმნება, ე.ი. არსებობს მოთხოვნა ნაბეჭდ პროდუქციაზე. სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც წიგნებთანაა დაკავშირებული, ერევანსა და ერთი-ორ სხვა დიდ ქალაქშია კონცენტრირებული. რეგიონებში წიგნების მაღაზიები არ გვაქვს. საბჭოთა პერიოდში დიდ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში ლიტერატურა ძალიან ხელმისაწვდომი იყო – წიგნები სპეციალურ მაღაზიებში იყიდებოდა”, – ამბობს ჩარხჩიანი.


ასევე წაიკითხეთ