„ჩაის ვსვამთ და ვსწავლობთ“, - ამბობენ პროექტის მონაწილეები „კავკასიის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრების შესახებ. " />

დიალოგი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ფინჯან ჩაისთან ერთად

„ჩაის ვსვამთ და ვსწავლობთ“, - ამბობენ პროექტის მონაწილეები „კავკასიის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრების შესახებ.

– რა არის ევროპა? რა არის ევროკავშირი?

– ევროკავშირი დემოკრატიაა.

– ამას გარდა, ევროკავშირი უზრუნველყოფილ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებების დაცვას გულისხმობს.

– ევროკავშირში შესვლა არა დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლას, არამედ დემოკრატიული რეჟიმიდან ბიუროკრატიულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს.

– და ევროპის რომელი ნაწილია უზრუნველყოფილი? და თუკი უზრუნველყოფილ ცხოვრებას ვუწოდებთ „ევროპას“, მაშინ ევროპის კონტინენტის რა ნაწილია ჩვენთვის ევროპა? იტალია? არის თუ არა ჩვენთვის ევროპა სლოვაკეთი, ხორვატია და რუმინეთი, თუ ამ ტერმინის ხსენებისას მხოლოდ საფრანგეთს და გერმანიას ვგულისხმობთ?

– თუკი კედელთან მიმამწყვდევთ, ვიტყვი, რომ ევროპა ესაა მრავალფეროვნება ერთიანობაში.

ასეთი „ბრეინსტორმინგი“ ტარდება ღონისძიების დროს, რომელსაც ეწოდება „ჩაის სმა კავკასიის ინსტიტუტში“.  აქ სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ – როგორც მარტივ, ისე შედარებით რთულ, არაერთგვაროვან პრობლემებს.  

მთავარი კი ისაა, რომ დისკუსიის ყველა თემა უკავშირდება კონფლიქტს – იმას, თუ როგორ ჩნდება და ვითარდება ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები, რა კავშირია კულტურასა და კონფლიქტებს შორის, რას წარმოადგენს ევროპის  მრავალფეროვნება და კონფლიქტების მოგვარების რა მეთოდები იქნა გამოყენებული ამ ფენომენის გათვალისწინებით.

შეხვედრის დასაწყისში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ ისკანდარიანი კითხვებს დიალოგის მონაწილეებს უსვამს და მათი პასუხების მოსმენის შემდეგ შემხვედრ კითხვებს უსვამს. მისი კითხვები, რომლებიც  მოულოდნელობითა და სიმწვავით გამოირჩევა, თითქოს ლიბრს აცლის თვალიდან ადამიანს, საბოლოოდ კი საუბრის მონაწილეები – უფრო სწორად კი, მათ მიერ სამყაროს აღქმა და გარკვეული საკითხების მიმართ დამოკიდებულება – ერთგვარ გამოცდას გადის, ამ მეთოდით მათი სიმტკიცე მოწმდება. 

ეს თავისებური ფორმატი, რომელსაც “ჩაის სმა” ჰქვია, “კავკასიის ინსტიტუტში” მოიგონეს. პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ბრიტანეთის საელჩო სომხეთში, “გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, უშიშროებისა და სტაბილურობის ფონდის” (United Kingdom Conflict, Security and Stability Fund) დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ აქ სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ახალგაზრდები იკრიბებიან: სტუდენტებით დაწყებული და სხვადასხვა სფეროების პროფესიონალებით დასრულებული, რომელთა შორისაც ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები, საერთაშორისო მიმომხილველები და ხელოვნებათმცოდნეებიც კი არიან. სამსახურის შემდეგ ჩაის დალევა სასიამოვნოა, ხოლო ჩაის სმასთან ერთად საინტერესო ლექციის მოსმენა  სასიამოვნო და სასარგებლო აქტივობების შეთავსებას წარმოადგენს.

ორსაათიანი საუბრების შემდეგ მონაწილეებს ან მთლიანად უქრებათ სტერეოტიპული წარმოდგენები, ან, უარეს შემთხვევაში, უბრალოდ ერყევათ ის ერთი შეხედვით მტკიცედ ჩამოყალიბებული მოსაზრებები, რომლებსაც ზოგჯერ ადამიანები ყველას მიმართ და ყველა შემთხვევაში „აზოგადებენ“ ხოლმე.

ადამიანებს უჩნდებათ შანსი, ახლებურად შეხედონ რეალობას – როგორც ამ დისკუსიების მუდმივმა მონაწილემ, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ამ საუბრების დროს სიცარიელის გრძნობა გეუფლება, მაგრამ შემდეგ გრძნობ, როგორ ივსება ეს ვაკუუმი ახალი „კონტენტით“ – ინფორმაციით, რომელიც კონფლიქტებს, ევროპას, კულტურასა და მოვლენებსა თუ სფეროებს შეეხება – მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საკმაოდ საინტერესო საშუალებაა.

„ჩაის ვსვამთ და ვსწავლობთ“, – ამბობენ „კავკასიის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრების მონაწილეები.

მასთან, „ჩაის სმა“ მხოლოდ ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს „ყარაბაღის კონფლიქტში სამშვიდობო დიალოგის ინიცირება სომხეთისა და ყარაბაღის საზოგადოებებისა და ელიტური წრეების დონეზე“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა იმ სამშვიდობო დიალოგის პოპულარიზაციის მცდელობა, რომელმაც 2016 წლის აპრილში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მომხდარი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ მკვეთრად დაკარგა აქტუალურობა, საბოლოოდ კი მისი ადგილი მილიტარისტულმა რიტორიკამ დაიკავა.

«თუკი ხუთი ან შვიდი წლის წინ სომხეთში მარგინალებად ითვლებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში „მიწის ერთი გოჯის“ დათმობასაც კი გამორიცხავდნენ (ყარაბაღში ეს აზრები ყოველთვის მეინსტრიმული იყო, იმიტომ რომ იქ განსხვავებული სიტუაციაა), ამჟამად ასეთი ფრაზები ლამის ქვეყნის პირველი პირების განცხადებებშიც კი ისმის», – აღნიშნავს ალექსანდრ ისკანდარიანი – მისი აზრით, არსებულ პირობებში სამშვიდობო დიალოგის მხარდაჭერა და დისკურსების რაციონალიზაცია აუცილებელია.

პრობლემის სპეციფიკურობისა და ყარაბაღის დაპირისპირების სიმწვავის გამო, მკვლევარებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალიან უჭირთ სამშვიდობო დიალოგის დაწყება როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისე, აზერბაიჯანსა და ყარაბაღს შორის.

«ამჟამად ეს არაეფექტიანი და არაოპტიმალური მეთოდია. მაგრამ იზოლირებულ სოციუმებში (ცალკე სომხეთში, და ცალკე ყარაბაღში) სხვა აქტუალური პრობლემები არსებობს. სხვადასხვანაირი განწყობების გამძაფრება-გაძლიერებას ვგულისხმობ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი სტატისტიკაზე აისახება», – აცხადებს აღნიშნული პროექტისა და კავკასიის ინსტიტუტის  სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი, ნინა ისკანდარიანი.

საზოგადოების განწყობის დასანახად სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა.

«სომხეთსა და ყარაბაღში საზოგადოების განწყობის მკვეთრი რადიკალიზაცია ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოება ელიტაზე უფრო რადიკალურადაა განწყობილი», – ამბობს ნინა ისკანდარიანი.

კვლევის შედეგების მიხედვით, ამჟამად ყარაბაღის მოსახლეობიოს დაახლოებით 90% ეწინააღმდეგება კონფლიქტის რაიმე ფორმით დარეგულირებას იმ შემთხვევაში, თუკი სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით ყარაბაღს ტერიტორიების დათმობა მოუწევს.  მეტიც, გამოკითხული ყარაბაღელების დაახლოებით 83% აღნიშნავს, რომ მზადაა იარაღით გამოვიდეს ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც მზად იქნება, თუნდაც ერთი რაიონი დაუთმოს აზერბაიჯანს.

2016 წლის აპრილში, ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია დაფიქსირდა. ისკანდარიანის აზრით, სწორედ ამ გამწვავების შემდეგ  გაძლიერდა საზოგადოებაში  სიძულვილის განწყობა, რომელმაც „რასობრივი შეუწყნარებლობაც“ კი აქტუალური გახდა:

«ყველაზე აქტუალური მიზეზი არის რასობრივი სიძულვილი, რომლის გამოც ორ ხალხს ერთად ცხოვრება არ შეუძლია და ერთმანეთის ეშინია. ხალხი საერთოდ არ არის მზად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და კომპრომისის იდეებისათვის».

ამასთან, მისი თქმით, ყარაბაღის შესახებ გამართულ დისკუსიებში სტატუსკვოს შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმით, სამშვიდობო დიალოგის იდეა იდევნება:

«ხალხი სულ უფრო იშვიათად ფიქრობს მშვიდობაზე, მათთვის მთავარი ისაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები სამხედრო მოსამსახურე დაიღუპოს ფრონტისპირა ზონაში. ხალხი საერთოდ არ ფიქრობს გრძელვადიან მშვიდობაზე. ადამიანებს ან საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ მშვიდობა, ან შორეულ და მიუღწეველ მდგომარეობად ესახებათ. ზოგიერთისთვის კი მშვიდობა კარგად შეიარაღებული ჯარი და კარგად დაცული საზღვარია».

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამშვიდობო ინიციატივის მიმართ დამოკიდებულება  განსხვავებულია არამხოლოდ ექსპერტებს, პოლიტიკური ელიტასა და უბრალო მოქალაქეებს შორის, არამედ მამაკაცებსა და ქალებს შორისაც – აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო რდიკალურად არიან განწყობილნი

ნინა ისკანდერიანის აზრით, სომხური საზოგადოების მდედრობით ნაწილში გავრცელებული რადიკალური განწყობა  იმით უნდა აიხსნას, რომ ქალები უფრო მარტივად ექცევიან პროპაგანდისა და ემოციების ტყვეობაში. ალექსანდრ ისანდარიანი ამის მიზეზად იმ მოვლენას მიიჩნევს, რომელიც  ტრადიციული საზოგადოებების ადათ-წესებიდან იღებს სათავეს:

„შესაძლოა, სომხურ საზოგადოებაში ქალები რადიკალურად იმიტომ არიან განწყობილნი, რომ ბევრად უფრო ადვილად ემორჩილებიან არსებულ მოსაზრებებს, მამაკაცებს კი საკუთარი აზრის დაცვას ბავშვობიდანვე ასწავლიან“.

ყველა შემთხვევაში, ორივე მეცნიერი დაბეჯითებით აცხადებს:

«მასალა ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და ეს მხოლოდ კვლევის დასაწყისია, სამუშაო ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ საბოლოო დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. ჯერჯერობით არაფერი დაგვიმტკიცებია, ეს მხოლოდ ვარაუდებია».

პროექტის ფარგლებში სომხეთსა და ყარაბაღში მოღვაწე ჟურნალისტებთან და მოქმედ პოლიტიკოსებთანაც წარმოებს მუშაობა. იწერება საუბრები ექსპერტებთან, მზადდება ბიოგრაფიული ინტერვიუები და ეწყობა დისკუსიები ფოკუსჯგუფებთან. ახალგაზრდებთან ურთიერთობა მხოლოდ ერევანში გამართული შეხვედრებითა და ჩაის სმით არ შემოიფარგლება; დისკუსიები ყარაბაღსა და საზღვრისპირა თავუშის ოლქშიც ტარდება ხოლმე.

სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობისას განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ; ზოგიერთ შემთხვევაში დისკუსიის მონაწილეების მოსაზრებებს აზუსტებენ ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, სხვებს კი გარკვეულ „მესიჯებს“ გადასცემენ იმის შესახებ, რომ სამშვიდობო დიალოგი შესაძლებელია.

«მაგალითად, როდესაც ჟურნალისტებთან და რედაქტორებთან ერთად განვიხილავთ ყარაბაღის თემას, ამ თემის გარშემო შემუშავებულ სარედაქციო პოლიტიკის განხილვის ინიციატივით გამოვდივართ ხოლმე, ეს კი დისკუსიის თითოეულ მონაწილეს აძლევს სტიმულს, დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ყარაბაღის პრობლემის მიმართ. ჩვენ მათ ვეკითხებით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ და სხვადასხვა იდეებსა და მიდგომებს ვთავაზობთ», –  განმარტა ნინა ისკანდარიანმა.

ამჟამად მოგროვებული მასალის დამუშავება მიმდინარეობს და სექტემბერში კვლევის შედეგების გამოქვეყნება იგეგმება. პროექტის მიხედვით ამის შემდეგ დაიწყება განხილვის ეტაპი, რომელშიც ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც კვლევის პირველ ფაზაში მონაწილეობდნენ.

ამას გარდა გამოქვეყნდება ნაშრომი, რომელშიც განხილულია ის, თუ როგორაა ასახული ყარაბაღის პრობლემა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. ეს ყველაფერი პროექტის მიზნის მისაღწევად, ანუ  სომხეთსა და ყარაბაღში სამშვიდობო დიალოგის მხარდასაჭერად კეთდება.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში მსგავსი პროექტი არ ხორციელდება, შესაბამისად, ალექსანდრ ისკანდარიანი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ აზერბაიჯანელებს სომხების მიმართ და ზოგადად რას ფიქრობენ ისინი სამშვიდობო დიალოგზე:

«რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ანტისომხურ პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ არ არსებობს გადამოწმებული მონაცემები, რომლებიც იმის ზუსტ სურათს მოგვცემდა, თუ როგორ მოქმედებს ეს აქცია უბრალო აზერბაიჯანელებზე».

საკუთარი მოსაზრების განმარტების მიზნით ისკანდარიანს ასეთი მაგალითი მოჰყავს:

«პროპაგანდისტული მანქანა საბჭოთა კავშირშიც მუშაობდა და მოსახლეობას შეერთებული შტატების ზიზღს უნერგავდა.  სახელწიფო სტრუქტურებს სურდათ, რომ ახალგაზრდობას კობზონის სიმღერები ყვარებოდა და პიონერების ჰალსტუხები ეტარებინა. თუმცა, ბევრი  მათგანი როკმუსიკას ანიჭებდა უპირატესობას. მათ ჯინსის ჩაცმა და ამერიკული რადიო „თავისუფლების“ მოსმენა სურდათ”.

ისკანდერიანი აცნობიერებს, რომ არსებულ პირობებში სამშვიდობო დისკუსიის შენარჩუნება ძალიან რთულია და ამის მკაფიო მაგალითად სომხეთის ექსპრეზიდენტის და ამჟამად ოპოზიციურო მოძრაობა „სომხეთის ეროვნული კონგრესის“ ლიდერის, ლევონ ტერ პეტროსიანის „ექსპერიმენტი“ იქცა.

«მისმა პარტიამ, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მშვიდობის იდეით გამოვიდა, ხმათა 1,5% პროცენტი მიიღო, რაც ერთგვარ რეფერენდუმის შედეგადაც შეიძლება ჩაითვალოს. რიტორიკის რადიკალიზაციის ფონზე მშვიდობის პერსპექტივა ქრება»,- დანანებით აღნიშნავს ექსპერტი.

«ამჟამად ბევრი ადამიანი ამბობს, რომ იარაღი უნდა ავისხათ და ერთი ნაბიჯითაც არ უნდა დავიხიოთ უკან. გასაგებია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ კონსტრუქციას წელიწადში დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მეორე მხრივ, ასეთ რეჟიმში ნამდვილად ვერ ვიცხოვრებთ სამუდამოდ. და ძალიან სევდისმომგვრელია ის, რომ ზემოაღნიშნული გარემოება მშვიდობის მნიშვნელობას აქრობს. ასე ქრება განსხვავებული მოსაზრებები, პლურალიზმი და რაციონალიზმი, დისკუსია კი ემოციურ ელფერს იძენს. დიდი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ სამშვიდობო დიალოგი საზოგადოების დღის წესრიგში დარჩეს. აუცილებელია, რომ სომხები სომხებს ელაპარაკებოდნენ და დისკუსიაში მონაწილე მხარეებს ერთმანეთის ესმოდეთ», – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით შეიძლება აღინიშნოს, რომ ყარაბაღის ახალგაზრდობა საერთოდ არ არის მზად სამშვიდობო პროცესების განვითარებისათვის.

«მათი თქმით, ისინი აზერბაიჯანელებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივას არ გამორიცხავენ, მაგრამ გულწრფელად აღიარებენ, რომ ამისთვის მზად არ არიან, ამასთან ისინი თავად აღნიშნავენ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ამისთვის მზად იქნებიან. ანუ ისინი ხვდებიან, რომ მეზობლებმა მშვიდად უნდა იცხოვრონ და ერთმანეთთან სტუმრად უნდა იარონ, მაგრამ ამისთვის ემოციურად არ არიან მზად. ცხადია, მათ შვილებსა და შვილიშვილებს მსგავსი პრობლემები არ ექნებათ. თუმცა, არსებობს ასევე ადამიანების მცირე კატეგორია, რომელიც დღესაც მზადაა მშვიდობისათვის», – ამბობს ნინა ისკანდარიანი.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ