დაღესტანს აიძულებენ ჩეჩნეთს დაუთმოს ტერიტორიები
„ნოვაია გაზეტას“ მასალების მიხედვით
ინგუშეთთან საზღვრის დემარკაციის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის – ჩეჩნეთის ხელისუფლება კიდევ ერთ რესპუბლიკას – დაღესტანს მიადგა. აღმოჩნდა, რომ საზღვრების გაყოფის პროცესი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. თუმცა, დაღესტნელებისთვის ამის შესახებ არაფერი უცნობებიათ.
მეზობლების გამოცდილებით, რომლებმაც ჩეჩნეთის სასარგებლოდ მიწების ნაწილი დაკარგეს, დაღესტნელები ხელისუფლებას სთხოვენ, რომ სიტუაციაში ჩაერიოს და ინგუშეთის სცენარის გამეორება არ დაუშვას.
როგორც ეს ინგუშეთის შემთხვევაში ხდებოდა, ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის საზღვრის დემარკაციაც კულუარულ რეჟიმში მიმდინარეობს. ვლადიმირ პუტინისა და დაღესტნის მეთაურის ვლადიმირ ვასილიევის მიმართ მიწერილ ღია წერილში აქტივისტები ითხოვენ, რომ „საზღვრების დადგენის პროცესის ყველა ეტაპი გამჭვირვალე იყოს და კომისიის შემადგენლობაში სოფლების თემთა მეთაურები და დამოუკიდებელი ექსპერტები შეიყვანონ“, და იქვე აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „შესაძლოა, ამ სიტუაციას სოციალური აფეთქება მოჰყვეს“.
• რუსეთ-უკრაინის საზღვარი — ხალხთა მეგობრობის ღობე
• ახალი საზღვარი არა ჩეჩნეთის სასარგებლოდ
• ნაღმები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე
დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის არსებული საზღვარი დაახლოებით 400 კილომეტრს შეადგენს. ჩეჩნეთის მხრიდან დაყოფის საკითხით დაკავებულია საგანგებო კომისია, რომელსაც სათავეში ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი უდგას. გაურკვეველია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დაღესტნის მხრიდან.
არაგამჭვირვალე მოლაპარაკებები
ეს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვებგვერდზე გაჩნდა რუკა, რომელზეც დაღესტანსა და ჩეჩნეთს შორის არსებული საზღვარი საკადასტრო რუკისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო.
მაგალითად, ტბა კაზენოი-ამი, რომელიც სარფიანი ტურისტული ობიექტია, მთლიანად ჩეჩნეთის ტერიტორიისთვის იყო მიკუთვნებული. სოციალურ ქსელებში აღშფოდნენ, და რუკა ყოველგვარი კომენტარის გარეშე გაქრა.
დეკემბერში, გროზნოში ვიზიტის დროს ვასილიევმა განაცხადა: „საზღვრებთან დაკავშირებით დაგეგმილია რამზან კადიროვთან შეხვედრა… ყველაფერი გამჭვირვალე იქნება“. შეხვედრის შედეგების თაობაზე კი არავის არაფერი უცნობებია.
შემდეგ საზღვრების შესახებ სალაპარაკოდ დაღესტანში მაგომედ დუდაევი ჩავიდა, ჩეჩნეთში კი დაღსტნის პარლამენტის სპიკერი ხიზრა შიჰსაიდოვი გაემგზავრა. არც მოლაპარაკებებისა და არც საკუთრივ შეხვედრების თაობაზე არავის არაფერი განუცხადებია. მოგზაურობების საჯარო შედეგებიდან მხოლოდ შიჰსაიდოვისა და რამზან კადიროვის თბილად ურთიერთგადახვევის ამსახველი ფოტოები დაიბეჭდა.
თებერვლის დასაწყისში კი საზღვრების დაყოფის ტექნიკური გაფორმების საკითხების ერთ-ერთი მთავარი ჩინოვნიკი – ხიზრი ხიზრიევი დააკავეს. თითქოსდა, ჩეჩენმა ძალოვნებმა მის მანქანაში მარიხუანა აღმოაჩინეს.
საქმეში დაღესტნის ხელმძღვანელის ადმინისტრაცია ჩაერია, და ხიზრიევი გაათავისუფლეს. მან ამ დაკავებას „უმნიშვნელო ინციდენტი“ უწოდა, თუმცა ამის შესახებ არსებით საუბარზე უარი განაცხადა.
„ის, რაც ინგუშეთში მოხდა, ჩვენთან არ მოხდება“
ამ მოვლენების ფონზე, დაღესტნელებმა მომხდარი „დაღესტნის ტერიტორიების ჩუმად გადაცემად“ აღიქვეს. მათ თვალწინ მკაფიოდ დაიხატა ინგუშეთის სცენარი.
შეგახსენებთ, რომ ინგუშეთში მეზობელთან საზღვრების დაყოფის შედეგები უკვე პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი, რასაც ორი ხალხის წარმომადგენელთა შორის კონფლიქტი და ორკვირიანი პროტესტები მოჰყვა. დავას წერტილი დაუსვა რუსეთის ფედერაციის სასამართლომ, რომელმაც ჩეჩნები გაამართლა.
დაღესტნელებს მეზობლის გამოცდილების გამეორება არ სურთ და ადრეულ სტადიაზევე ცდილობენ, რომ საკუთარი თვალსაზრისი ფედერალურ ცენტრს მიაწვდინონ.
გასულ კვირას აქტივისტებმა საზოგადოებრივი კომისიის შექმნის თაობაზე განაცხადეს და ხელისუფლებას უკვე საჯარო მოხსენების გაკეთება მოსთხოვეს. ხელისუფლება ამოძრავდა.
დაღესტნის მეთაურმა, როგორც იქნა, აღიარა ჩეჩნეთთან მოლაპარაკების ფაქტი და დარწმუნებით განაცხადა, რომ ინგუშეთის სცენარის გამეორება შეუძლებელია: „გვახსოვს, თუ რა ხდებოდა 2018 წლის შემოდგომაზე ინგუშეთში. ასეთი რამ ჩვენთან არ მოხდება, იმის წყალობით, რომ ჩვენ ძალიან აქტიური ადამიანები გვყავს“.
ვასილიევის გამოსვლამ საზღვრების საკითხს სიცხადე ვერ შესძინა.
„ამჟამად საზღვრის საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე დიდ პრობლემებს ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული პრობლემები რვა პუნქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი… ახლა ამ წმინდად ტექნიკური მომენტების შეთანხმების დრო დგება“.
საზოგადოების წარმომადგენლებსა და დაღესტნის საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად სწორედ ეს „წმინდად ტექნიკური მომენტები“ აღელვებთ.