საქართველო იუბილარია" />

დამოუკიდებლობის 25 წელიწადი

საქართველო იუბილარია

25 წლის წინათ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ – საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რა გზა განვლო მან ამ ხნის განმავლობაში? გადავხედოთ საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს: 

 

1991 წლის 31 მარტი 

 

ამ დღეს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. თუმცა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

 

1991 წლის 26 მაისი

 

დამოუკიდებელმა საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია. იგი გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 52 წლის ზვიად გამსახურდია.

ზვიად გამსახურდია. ფოტო: უჩა ოქროპირიძე



 

1991 წლის 22 დეკემბერი 

 

თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. დაპირისპირებამ გამსახურდიას ხელისუფლებასა და აჯანყებულ სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის ქვეყანაში მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. თბილისის ცენტრში დასეირნობდნენ ტანკები, ისმოდა ჭურვების აფეთქების ხმა. მოგვიანებით, სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრმა სამეგრელოში გადაინაცვლა. ომი კანონიერი ხელისუფლების დამხობით და პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოდან განდევნით დასრულდა. ქვეყნის სათავეში “სამხედრო საბჭო” მოვიდა. სამოქალაქო ომი ორ წელიწადს გრძელდებოდა.

თბილისის ომი, 1992 წელი. ავტორი: ჯემალ კასრაძე

 

1992 წლის მარტი 

 

“სამხედრო საბჭოს” მოწვევით, საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მოგვიანებით (1995 წლის ნოემბერში) ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. შევადნაძე ქვეყანას, ფაქტობრივად, 11 წელიწადს მართავდა.

ედუარდ შევარდნაძე, 1992 წელი. ავტორი: ელეფთერ ლაფაჩი


1992 წლის 14 აგვისტო

 

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეუქცევადი პროცესები განვითარდა, რომლებსაც რუსეთიც უწყობდა ხელს. ეს რეგიონები საქართველოსგან გამოყოფას ითხოვდნენ. საომარი მოქმედებები ჯერ სამხრეთ ოსეთში დაიწყო (1990 წელს), მოგვიანებით კი – აფხაზეთში. აფხაზეთის ომი 13 თვეს გაგრძელდა და აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. არც აფხაზეთის და არც სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებლობას ამ დრომდე არც თბილისი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს.
აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ომის შედეგად ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა დროს კონფლიქტების შედეგად, საერთო ჯამში, დაახლოებით 265 ათასი ეთნიკურად ქართველი დევნილად იქცა. 



ოჩამჩირე, 1992 წელი. ავტორი: ჯემალ სირბილაძე

 

1995 წლის 24 აგვისტო 

 

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია მიიღო.

 

1999 წელი 

 

საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. “მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!” – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.





 

 

2003 წლის 23 ნოემბერი

 

2003 წლის ნოემბერში თბილისში დაიწყო მშვიდობიანი სახალხო გამოსვლები შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა  23 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ეს მოვლენები “ვარდების რევოლუციის” სახელითაა ცნობილი. შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები (2004 წლის იანვარი), არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა.

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია. თბილისი 2004 წლის იანვარი. ავტორი: ელეფთერ ლაფაჩი

 

2005 წლის 3 თებერვალი 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი  ნახშირჟანგის აირით მოიწამლა. 

ზურაბ ჟვანიას ოჯახი დიდუბის პანთეონში. ავტორი: ელეფთერ ლაფაჩი

 

2004 წლის ივლისი




2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალგაზრდა რეფორმატორებისგან შემდგარმა მთავრობამ წამოიწყო საჯარო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმა. 
მათგან ყველაზე წარმატებულად პოლიციის რეფორმა მიიჩნეოდა. 
2004 წლის ივლისში საგზაო პოლიციის დეპარტამენტი გაუქმდა. ერთი თვის განმავლობაში საქართველოს გზებზე საერთოდ არ იყო საგზაო პოლიცია. ამის შემდეგ დაიწყო საჯარო მედია-კამპანია ახალი თანამშრომლების მოსაზიდად. ახალწვეულების 15% ქალები იყვნენ. მათი ხელფასი თვეში 450 დოლარი გახდა, როცა მათ წინამორბედებს 30 დოლარი ჰქონდათ. 2467 მამაკაცი და ქალი, რომლებმაც შესარჩევი პროცესი გაიარეს, ჩართეს ორკვირიან საწვრთნელ კურსებში და დაურიგეს ახლად შექმნილი ფორმები მათი სახელის თვალსაჩინო წარწერით. ახალ პოლიციას, რუსული “მაკაროვების” ნაცვლად, ისრაელის წარმოების “ჯერიქოს” ტიპის პისტოლეტები დაურიგეს. 2004 წლის აგვისტოში ახალი საპატრულო პოლიცია მუშაობას შეუდგა. დანაშაულის დონე მკვეთრად შემცირდა, პოლიცია აღარ იღებდა ქრთამს. მეორე მხრივ, სხვადასხვა ექსპერტი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ მთავრობას დანაშაულთან საბრძოლველად არალეგალური და არაკანონიერი ტაქტიკის გამოყენებისთვის და მუდმივად ისმოდა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები მთავრობის მიმართ.

 

 

2007 წლის 7 ნოემბერი 

 

ხელისუფლებამ თბილისში ძალის გამოყენებით დაარბია ოპოზიციის მშვიდობიანი მიტინგი. იმავე დღეს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია “იმედის” შენობაში, რომელიც ქართველ ოლიგარქს, ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიცია, პატარკაციშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარება. ვითარების განმუხტვის მიზნით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამ არჩევნების შედეგად სააკაშვილი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.

2007 წლის 7 ნოემბერი. წყარო: ნეტგაზეთი

 

2008 წლის 8-12 აგვისტო 

 

რუსეთ-საქართველოს ომი. ამ ხუთდღიანი ომის შედეგად ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა. საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გარკვეულ რაიონებზე; ათასობით ეთნიკურად ქართველი დევნილად იქცა; რუსეთმა კი 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს იყო პირველი ომი ევროპის ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში. 



გორი, 2008 წლის აგვისტო. ფოტო: Reuters

 

2012 წლის 1 ოქტომბერი

საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა “ქართულმა ოცნებამ”, რის შედეგადაც ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” 9- წლიანი მმართველობა დასრულდა და ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა.

 ერთი წლის შემდეგ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი გახდა.

 

2014 წლის 27 ივნისი


საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ევროატლანტიკური მისწრაფება. ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ასევე, არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მიმდინარე წელს – ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე, ევროპაში უვიზოდ მოგზაურობაც შეძლონ. დღეს საქართველო სწორედ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მოლოდინშია. 

 

2016 წლის 8 ოქტომბერი

 

ამ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ ჩაიწერება ეს დღე საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონოლოგიურ ჯაჭვში.


ასევე წაიკითხეთ