სელექციური აბორტების გამო აზერბაიჯანში გენდერული ბალანსის რღვევის პროცესი გრძელდება " />

გოგონები, რომლებიც არასდროს დაიბადებიან: ძველი თემა, ახალი ისტორიები

სელექციური აბორტების გამო აზერბაიჯანში გენდერული ბალანსის რღვევის პროცესი გრძელდება

ეს პრობლემა აზერბაიჯანში ექოსკოპიის აპარატების გამოჩენისთანავე გაჩნდა – წყვილები „ბავშვის სქესს“ ირჩევენ – უარს ამბობენ ნაყოფზე იმ შემთხვევაში, თუკი ის მდედრობითი სქესისაა. 2011 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილებოდა სახიფათო ტენდენცია – საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ალბანეთში სელექციურმა აბორტებმა გენდერული ბალანსი დაარღვია. მაშინ აზერბაიჯანში 100 ახალდაბადებულ გოგონაზე 112 ვაჟი მოდიოდა, ახლა კი ეს სხვაობა 14-მდეა გაზრდილი.

ამ თემაზე დაწერილი ყველა სტატია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. თითოეულ მათგანში უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საზოგადოება გოგონებს „მეორეხარისხოვან ბავშვებად“ მიიჩნევს, ჩინოვნიკები ამბობენ, რომ საგანმანათლებლო მუშაობას ეწევიან, სოციოლოგები კი ყველაფერს ჩამორჩენილობითა და განათლების ნაკლებობით ხსნიან. პერიოდულად საკანონმდებლო ზომების მიღების აუცილებლობის საკითხიც განიხილება ხოლმე.

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც აბორტები საერთოდ უნდა აიკრძალოს – ასეთ ინიციატივებს ექსპერტები ყოველთვის ერთნაირი პასუხით ეხმაურებიან – აკრძალვით ვერაფერს გახდები, საგანმანათლებლო საქმიანობა ერთადერთი გამოსავალია.

წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. ახალი ამ თემაში მხოლოდ ქალებისა და მათი არდაბადებული გოგონების ისტორიებია, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათეულს აღწევს.

“მინდა, შვიდი ვაჟი მყავდეს, და ამის შემდეგ გოგონას ყოლაც შეიძლება“. უხსოვარი დროიდან დღემდე ასე მღერიან აზერბაიჯანულ ქორწილებში. ტრადიციის მიხედვით, პატარძალს კალთაში პატარა ბიჭუნას უსვამენ ხოლმე – იმისათვის, რათა მისი პირმშო მამრობითი სქესისა იყოს.

ქიამალია

ქიამალია ბექიროვას შემთხვევა უბრალოდ კიდევ ერთ პუნქტად ჩაიწერებოდა მშობიარე ქალების სიკვდილიანობის შესახებ მომზადებულ ანგარიშებში, რომ არა განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ძიების შედეგად გამოვლინდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გამორჩეულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე.

ჯანდაცვის სამინისტროს მშობიარობის პროცესში დახმარების აღმოჩენის კომისიამ განაცხადა, რომ ეს ქიამალას რიგით მერვე ორსულობა იყო. ქალმა ორი გოგონა და სამი ვაჟი გააჩინა. ვაჟები დაბადებიდან მცირე ხანში დაიხოცნენ. სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მან, სულ ცოტა, სამი აბორტი გაიკეთა იმ პერიოდში, როდესაც ორსულობის ხანდაზმულობა უკვე აჭარბებდა 12 კვირას – სწორედ ამ პერიოდში შეიძლება ბავშვის სქესის დადგენა.

ბოლო აბორტის შემდეგ ექიმებმა ორსულობა აუკრძალეს, მაგრამ ქალს ძალიან სურდა ვაჟის გაჩენა – ახლა ოჯახს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე ჰყავს, რომელიც დედის გარეშე გაიზრდება.

2016 წლის მონაცემების მიხედვით, იმ წელს დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე 114 ვაჟი მოდიოდა (გაეროს განსახლების ფონდის კვლევა).

ბიოლოგიური ნორმის მიხედვით კი 100 გოგონაზე 106 ვაჟი უნდა მოდიოდეს.

ზოგადად, ქალებისა და მამაკაცების შეფარდებაც იცვლება:

1989 წელს ათას მამაკაცზე 1051 ქალი მოდიოდა,

1999 წელს -1048,

2009 წელს კი – 1021,

«აზერბაიჯანში ქალები კონტრაცეპტივებს მხოლოდ ვაჟის დაბადების შემდეგ იყენებენ. მანამდე მათი ნაწილი რამდენჯერმე ორსულდება და შემდეგ აბორტს იკეთებს ხოლმე. ამ ქალებს მიაჩნიათ, რომ ოჯახში პოზიციების განმტკიცებას მხოლოდ ვაჟის გაჩენის შემდეგ შეძლებენ. მამაკაცებისთვის ვაჟი გვარის გამგრძელებელი და ფინანასური მხარდაჭერის წყაროა, რომელიც ოჯახის რომელიმე წევრის სიკვდილის შემდეგ მიცვალებულის კუბოს საკუთარი მხრებით ატარებს», – ამბობს ქალთა თავშესაფრის დირექტორი, ელნურა ზეინალოვა.

აზერბაიჯანული წეს-ჩვეულებების მიხედვით, დაკრძალვის ცერემონიაზე ოჯახის უმცროსი მამაკაცი საფლავში უნდა იდგეს და უნდა ხსნიდეს თოკის სიმბოლურ ნასკვებს, რომლებიც მიცვალებულს ხელებზე, ფეხებსა და კისერზე აქვს შემოხვეული. არც ერთი ოჯახი არ ისურვებს ამ მისიის უცხო ადამიანისთვის გადაბარებას.

გარკვეული პერიოდის შემდეგ აზერბაიჯანში ძალაში უნდა შევიდეს კანონი „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმარების შესახებ“, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროცესი ჭიანურდება. კანონპროექტი სელექციურ აბორტებს აკრძალავს. ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ექიმებს, რომლებიც ამ საქმიანობით ფულს შოულობენ.

ამიტომ, განსაკუთრებული პოპულარულობით ის ექიმები სარგებლობენ, რომლებიც ნაყოფის სქესს უფრო მცირე ვადებში „ადგენენ“.

და თუკი ბავშვის სქესი „ძალიან გვიან“ დადგინდა, ქალები სახლის პირობებში იკეთებენ აბორტებს და კლინიკებს მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როდესაც ასეთი „თვითშემოქმედება“ გართულებებს იწვევს ხოლმე.

ჯანდაცვის სამინისტროს მშობიარობის პროცესში დახმარების აღმოჩენის კომისიის წევრი, ლეილა მამედოვა:

«ორსულობის შეწყვეტა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი დედას, ან ნაყოფს რაიმე სახის გართულება არ აღენიშნებათ და თუკი აბორტის აუცილებლობის დამადასტურებელი სამედიცინო, ან სოციალური მიზეზი არ არსებობს. ნაყოფის სქესობრივი კუთვნილება არც სამედიცინო დიაგნოზია და არც სოციალური „სიმპტომი“. თუკი აბორტი ორსულობის 12 კვირის შემდეგ კეთდება, პროცესი განსაზღვრული წესით უნდა გაფორმდეს. თუკი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ ექიმმა სელექციური აბორტი გააკეთა, საკითხს საფუძვლიანად გამოიძიებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, სათანადო ზომებს მიიღებს».

აისელი

აისელ აჰმედოვა სახლიდან გააგდეს იმის გამო, რომ გოგონა გააჩინა.

თავიდან ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ვაჟს ელოდებოდა. აღმოჩნდა, რომ ექიმი ცდებოდა – გოგონა დაიბადა.

მეუღლემ განაცხადა, რომ გოგონა მის ღირსებას შელახავდა და ცოლ-შვილი სახლიდან გაყარა. ქალი თავის ქალიშვილთან ერთად დაბრუნდა მამის სახლში, სადაც მისმა ძმამ განუცხადა, რომ აისელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ ოჯახში, თუკი ის თავის გოგონას ინტერნატში ჩაააბარებდა.

საბოლოოდ, ქალი თავშესაფარში აღმოჩნდა.

2016 წელს აზერბაიჯანში 34 569 ქალმა გაიკეთა აბორტი.

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სტატისტიკური აღრიცხვა არ წარმოებს და ამიტომ შეუძლებელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რამდენი აბორტი ატარებს სელექციურ ხასიათს.

პრობლემის მასშტაბურობაზე საუბარი მხოლოდ გინეკოლოგების დასვნებით შეიძლება. ისინი ამტკიცებენ, რომ შობადობის სტატისტიკის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ სელექციური აბორტების რიცხვი ძალიან დიდია.

“მინდა, შვიდი ვაჟი და ერთი ქალიშვილი მყავდეს” – (2002 წ.)რეჟისორ ალი ისა ჯაბაროვის დოკუმენტური ფილმი, რომლის ბოლოსაც ქალთა საკონსულტაციო ცენტრის დერეფანში მჯდომი ერთ-ერთი ქალი (რომელიც გოგონას ელოდება) განმარტავს, თუ რატომ სურს აბორტის გაკეთება – აზერბაიჯანულ საზოგადოებაში მამაკაცები ქალებთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებ პრობლემას აწყდებიან – მამაკაცისათვის უფრო მარტივია სამსახურის პოვნა, გაცილებით ადვილია ოჯახში თავის დამკვიდრება და ყოველდღიურ ყოფაში თავის წარმოჩენა – “მოკლედ, მამაკაცის ცხოვრება უფრო მარტივია“, ამბობს ქალი.

სევინჯი

სევინჯი ქალთა საკონსულტაციო ცენტრში გავიცანი. თან სამი წლის გოგონა ახლდა. სევინჯი ხუთი თვის ორსული იყო.

ქალთა საკონსულტაციო ცენტრში ნამყოფმა ადამიანებმა იციან, რომ თითოეული ასეთი კლინიკა მშვენიერი ადგილია სხვადასხვა თემებზე საუბრისათვის; აქ ქალები ყველაფერზე საუბრობენ – ორსულობით დაწყებული, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით დასრულებული – ამ საუბრების გარეშე საკმაოდ რთული იქნებოდა რამდენიმესაათიან, გრძელ რიგებში ადგილის დაკავება და ლოდინი.

მაგრამ სევინჯი საერთოდ არ გამოხატავდა საუბრის ინტერესს.

ძალიან საინტერესოა ექოსკოპიის კაბინეტიდან გამოსულ ქალებზე დაკვირვება: ქალებს სახეებზე ეტყობათ, ვის ელოდებიან – ვაჟს, თუ ქალიშვილს. ამ დერეფნებში გოგონებზე უფრო მეტად ვაჟები ახარებთ.

კაბინეტიდან გამოსული სევინჯს თვალებში სიცარიელე ჩასდგომოდა. თითქოს სადღაც სხვაგან იმყოფებოდა. ბარბაცებდა. წყალი მივეცი – დალია, მადლობა გადამიხადა და ჟესტებით უხმო თავის ქალიშვილს, რომელიც კართან იდგა. მინდოდა, რაიმე მეკითხა, მაგრამ რა უნდა ჰკითხო ასეთ დროს ადამიანს?! როგორც ჩანს, ჩემმა დუმილმა იმოქმედა და ქალმა თავის ცხოვრებაზე დაიწყო საუბარი;

«დედაჩემს ვძულვართ მე და ჩემი და. იმიტომ, რომ გოგონები ვართ. ბავშვობაშიც კი არ ვუყვარდი. მაჭმევდა, მასმევდა, მაცმევდა, მასწავლიდა, მაგრამ არ ვუყვარდი.

ჩემს დას ერთი ქალიშვილი ჰყავს. ოპერაცია გაუკეთეს და საშვილოსნო ამოაჭრეს. შვილებს ვეღარ გააჩენს. მეც ერთი გოგონა მყავს და მეორეც გოგონა იქნება. ჩვენი შვილებიც არ უყვარს. ეს ბავშვი ჩვენი ბოლო იმედი იყო (ამბობს ის და მუცლისკენ იშვერს ხელს) და აი…».

– როგორ შეიძლება, დედას საკუთარი შვილი არ უყვარდეს? – ვეკითხები სევინჯს.

– მამამ ჩვენ გამო მიატოვა. დედამ ვაჟი ვერ გაუჩინა და მამაჩემმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ