ფერმერებმა გამოთვალეს, რამდენი ეხარჯებათ ერთი კილოგრამი გარგრის მოსაყვანად და რა ფასად უღირთ მოსავლის ქარხნებში ჩაბარება" />

გემრიელია, მაგრამ არა – მომგებიანი

ფერმერებმა გამოთვალეს, რამდენი ეხარჯებათ ერთი კილოგრამი გარგრის მოსაყვანად და რა ფასად უღირთ მოსავლის ქარხნებში ჩაბარება

მოუსავლიანი წელი

არმავირის რაიონში გარგრის ბაღები 3534 ჰექტარს იკავებს. მთელი წლის განმავლობაში გლეხები უბრალოდ ლოცულობენ, რომ ამინდმა მოსავალი არ გააფუჭოს და მცირე შემოსავალი მაინც დარჩეთ.

და მაინც, ეს წელი ბევრი მეურნეობისათვის მოუსავლიანი გამოდგა. ადრეულ გაზაფხულზე გარგრის ხეები რაიონის ორასზე მეტ სოფელში დაზიანდა.

მაგრამ ზოგიერთ სოფელში გარგრის ხეები არ დაზიანებულა. შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ფერმერები, რომლებსაც გაუმართლათ, არამხოლოდ სრულად გაყიდიდნენ მოსავალს, არამედ სარეალიზაციო ფასსაც თავად განუსაზღვრავდნენ მყიდველებს.

მაგრამ ყველაფერი პირიქით გამოვიდა

ნორიკ არუთიუნიანის გარგრის ბაღი ერთ ჰექტარს იკავებს. ვარაუდობს, რომ წელს 5 ტონა მოსავალს აიღებს, მაგრამ ჯერჯერობით ერთი კილოგრამიც რ გაუყიდია.

ამის მიუხედავად, ნორიკი მაინც აგრძელებს მოსავლის აღებას. დაქირავებული მუშების დახმარებით იგი ხილის სორტირებას ახდენს, რომელიც ჯერჯერობით მაცივარში შეინახება.

იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა სარდარაპატის მკვიდრი, კარმენ კარაპეტიანი, რომელმაც დაახლოებით ორი ტონა გარგარი დაკრიფა და ახლა მყიდველს ეძებს.

 მოსავლის აღება, რეალიზაცია

მეორე დღეს, როდესაც მოსავლის აღება ახალი დაწყებული იყო, სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სერგო კარაპეტიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს 5600 ტონა გარგრის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე ორჯერ მეტია. წელს გადამამუშავებელმა საწარმოებმა ხილის მიღება ჩვეულებრივზე ერთი კვირით ადრე დაიწყეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირობა დადო, რომ რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება. მოსავლის აღების პირველ დღეებში ერთი კილოგრამი გარგარი 500-700 დრამი (დაახლოებით 1-1,5 დოლარი) ღირდა.

სომხეთში უკვე დაიწყო გარგრის მასობრივი კრეფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერმერებს გარგრის რეალიზაციისთვის მხოლოდ ერთი კვირა აქვთ – გადამწიფებული ხილის რეალიზაცია შიდა ბაზარზეც კი შეუძლებელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გარგრის ფასი ორჯერ შემცირდა, ხეხილის ბაღების მეპატრონეები, უკვე ერთი კვირაა, მყიდველების პოვნას ვერ ახერხებენ.

ფერმერებისა და ექსპორტიორების წინასწარი შეთანხმებებიც კი გაწყდა და გლეხები საკუთარ მწიფე გარგართან პირისპირ დარჩნენ. მიმზეზი ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩამოწოლილი მეწყერია. გარგრის ზემო ლარსის გავლით, სატვირთო მანქანებით გადატანა ექსპორტიორებისათვის ტრანსპორტირების ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტია.

ძნელი სათქმელია, უბრალო დამთხვევაა თუ არა, მაგრამ გასული წლის ამავე პერიოდში ლარსზე გამავალი გზა ორი კვირით იყო დაკეტილი. შედეგად, გარგრის მოსავლის აღება რამდენიმე დღით შეყოვნდა და ფერმერებმა ხილის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს. გარგრის ბაღების მფლობელები იძულებულნი გახდნენ, მოსავლის დარჩენილი ნაწილის თითო კილოგრამი გადამამუშავებელი კომპანიებისთვის 40-50 დრამად (დაახლოებით 8-10 ცენტი) დაეთმოთ.

რატომ აღარ აბარებენ ფერმერები გარგარს გადამამუშავებელ კომპანიებს?

გასულ წელს ნორიკ არუთიუნიანმა სამი დღე გაატარა ნატურალური წვენების მწარმოებელი ქარხანა “ნოიანის” წინ გამართულ რიგში და გარგარი 50 დრამად ჩააბარა. დაქირავებულ მუშებს ფული გადაუხადა, ტრანსპორტირების ხარჯებიც გაისტუმრა და “მოგების” დათვლისას აღმოაჩინა, რომ მისი შემოსავალი ხარჯებზე 18 ათასი დრამით (თითქმის 40 დოლარი) ნაკლები იყო.

25.06.2015

 

კარმენ კარაპეტიანის გარგარი კი ცხელ ამინდში, იმავე ქარხნის წინ არსებულ რიგში გაფუჭდა და დასამუშავებლადაც კი უვარგისი გახდა. ამბობს, რომ არ აპირებს წელსაც იგივე ბედი გაიზიაროს.

წვენების ქარხანა “ნოიანი”, რომელიც გასულ წლებში მოსავლის აღების პერიოდში დაახლოებით 3 ათას ტონა გარგარს ყიდულობდა, წელს ჯერჯერობით უმოქმედოდაა.

25.06.2016

ქარხანაში საიმისოდ საკმარისი რაოდენობის გარგარი არ არის, რომ საწარმომ სრული დატვირთვით იმუშაოს. არადა, ამ ქარხანაში არსებულ ტექნიკას საათში 15 ტონა გარგრის გადამუშავება შეუძლია.

25.06.2015

წელს საწარმოები 1 კილოგრამ გარგარში 60 დრამს იხდიან, რაც გასული წლის ფასებზე 10 დრამით მეტია. თუმცა, მათთვის გარგრის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა არც ისე დიდია – ფერმერთა ნაწილი მოსავლის გარეშე დარჩა, ნაწილი კი, კარმენის მსგავსად, ცდილობს, ქარხნებისგან შორს დაიჭიროს თავი.

25.06.2015

გათვლები

ნორიკ არუთიუნიანის თქმით, ერთი ჰექტრის ფართობზე გაშენებული გარგრის ბაღიდან, საუკეთესო შემთხვევაში, 10 ტონა მოსავლის აღებაა შესაძლებელი, რისთვისაც, იდეალურ პირობებში, 1-2 მილიონი დრამის (დაახლოებით 2-4 ათასი დოლარი) მიღება შეიძლება.

გადავხედოთ ხარჯებს, რომლებსაც ფერმერები გარგრის ბაღის ერთი ჰექტრის მოსავლელად წევენ. ერთი წლის მანძილზე გარგრის ხეები, სულ ცოტა, 4-ჯერ მაინც უნდა შეიწამლოს. 1 ჰექტრის ყოველი დამუშავება ფერმერს 70-80 ათასი დრამი უჯდება (დაახლოებით 150-170 დოლარი). ამას გარდა, ერთ ჰექტარზე 300 კილოგრამი სასუქცია საჭირო, რაც 42 ათასი დრამი (დაახლოებით 90 დოლარი) ღირს. მორწყვას 110 ათასი დრამი (დაახლოებით 230 დოლარი) სჭირდება, ერთი კვირის განმავლობაში დაქირავებული 15 მუშიდან თითოეული 6000 დრამს (12 დოლარს) იღებს დღეში. ეს ყველაფერი ფერმერს 630 ათასი დრამი (დაახლოებით 1300 დოლარი) უჯდება.

ნორიკის გათვლებით, ამას ყუთებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო 300 ათასი დრამიც (დაახლოებით 630 დოლარი) უნდა დაემატოს და გამოვა, რომ ხარჯი 1 ჰექტარზე მიღებულ მოსავალზე 1,5 მილიონ დრამს (დაახლოებით 3 ათასი დოლარი) შეადგენს. 1 კილოგრამი გარგრის თვითღირებულება კი 150 დრამია (დაახლოებით 30 ცენტი).

ნორიკი ამბობს რომ თავის გამოთვლებში არ ითვალისწინებს თავისი ოჯახის ოთხი წევრის შრომასა და აგროკრედიტის პროცენტებს. ნორიკის ლოგიკით, ასეთი ხარჯის გაწევისა და საქონლის 60 დრამად (12 ცენტი) ჩაბარების შემთხვევაში, მოსავლის აღება საერთოდ არ ღირს.

დღეს არმავირის რაიონის ფერმერებს ყველაზე მეტად ლარსზე გამავალი გზის გახსნის საკითხი აღელვებთ, რადგან მოსავლის გადასარჩენად ნაქირავები მაცივრებისთვის მოსავლის თითოეულ ტონაზე ყოველდღიურად 10 ათასი დრამის (20 დოლარის) გადახდა უწევდთ.

ნორიკი და კარმენი მოსავალს მაცივრებში შეინახავენ იმ იმედით, რომ დღეს ან ხვალ მავანი ექსპორტიორი გამოჩნდება. ამჯერად თავად ექსპორტიორები სთავაზობენ ფერმერებს 200-250 დრამს (ანუ თვითღირებულებაზე ოდნავ მეტს) ერთ კილოგრამ გარგარში. ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც საკმაოდ პატარაა, 1 კილოგრამში 100-150 დრამს იხდიან.

გარგრისა და ფერმერების მომავალი გაურკვეველია

რაიონში მომუშავე გადამამუშავებელი საწარმოების ფანტაზია ნებისმიერ მეზღაპრეს აღაფრთოვანებდა. მათ გარგრის მიღების 3 ფასი დააწესეს – ჩაბარების დღეს ერთ კილოგრამში ნაღდი ფულით 60 დრამს იხდიან, ერთი თვის შემდეგ, გადახდის პირობის შემთხვევაში – 70 დრამს, წლის ბოლოს გადახდის შემთხვევაში კი – 80 დრამს.

არმავირის ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსმა, არტურ აივაზიანმა აღნიშნა, რომ 2015 წელს ფერმერებმა 56 ათასი ტონა გარგარი აწარმოეს. ამ მოსავლიდან 12 ტონა ექსპორტზე გაიტანეს. წელს არმავირის რაიონში გასული წლის მოსავლის მხოლოდ მეხუთედის აღება იგეგმება. და მხოლოდ უფალმა იცის, რა ბედი ეწევა ამ მეხუთედ ნაწილს.

მცირე ინფორმაცია გარგრის შესახებ

ძვ. წ. აღ. 1-ელ საუკუნეში რომაელი სარდალი ლუკულუსი სომხეთის მეფე ტიგრან დიდთან ბრძოლის შემდეგ შინ გარგრის ნერგებით დაბრუნდა, რომელიც რომში დარგო. იქ გარგარს “სომხური ქლიავი” დაარქვეს.

არაბულად გარგრის ერთ-ერთი სახელწოდებაა “თუფაჰ ალ არმანი”, რაც სომხურ ვაშლს ნიშნავს.

სწორედ გარგრის ხისგან ამზადებენ სომხეთში დუდუკს.

სომხეთში გარგარი ძირითადად არარატის ველზე (კერძოდ კი, არმავირისა და არარატის რაიონებში) მოჰყავთ.

გამოქვეყნდა: 30.06.2016


ასევე წაიკითხეთ