დიღმელაშვილი: ჩვენ შევქმნით განგაშს, როგორიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ უნახავს " />

გახარია – ახალი პრემიერი. რას ნიშნავს ეს? შეფასებები

დიღმელაშვილი: ჩვენ შევქმნით განგაშს, როგორიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ უნახავს

“გიორგი გახარიამ საკუთარი მოღვაწეობით დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა, – ამ სიტყვებით წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად შს მინისტრი გიორგი გახარია.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გუნდს გახარიას კანდიდატურა მან თავად შესთავაზა ამ პოსტზე და გუნდში “კითხვებიც არ დასმულა”, თქვა მან.

„დღეს დილით გვქონდა პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა,” – აღნიშნა მან.  

როგორ და რატომ გადააქვს ქართველ ოლიგარქს  საუკონოვანი ხეები საკუთარ დენდროლოგიურ პარკში 

გახარიამ პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობაში ცვლილებები დააანონსა:

• შეტაკება თბილისის ცენტრში – როგორ მოხდა ეს? ფოტორეპორტაჟი

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილი პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება;

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

გახარიას განცხადებით, “ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს”.

• მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. განცხადება მან ფეისბუკით გააკეთა

“ივანიშვილი ღია ომში შევიდა ქართულ საზოგადოებრივ აზრთან” 

გახარიას პრემიერად დანიშვნას ეხმაურება აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.

“თუ ივანიშვილი დააწინაურებს ადამიანს, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალის დათხრაზე, მიიღებს ფართომასშტაბიან აქციებს, – წერს ის ფეისბუქზე წერს.

მისი აზრით, ივანიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობას უკიდურესად ამწვავებს.

„ასე არ გამოვა… ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, გამოვიყენებთ დიპლომატიურ კავშირებს, უცხოურ მედიას და შევქმნით განგაშს, რომელიც ჯერ „ქართულ ოცნებას“ არ უნახავს,”- აღნიშნავს დიღმელაშვილი და 2012 წელს, შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებასთან ავლებს პარალელს:

“ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამ ვერ უშველა 2012 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით უმეტეს ვერ უშველის პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“. ნაცვლად იმისა, რომ გამოესწორებინათ წინა ხელისუფლების შეცდომები, ისინი იმეორებენ წინამორბედების შეცდომებს და ვერ იმეორებენ წარმატებებს”.

დიღმელაშვილის თქმით, აქციები გახარია-პრემიერის წინააღმდეგ კიდევ უფრო მასშტაბური გახდება:

“ყოფილი შს მინისტრი სადაც კი ჩნდება, ყველგან საპროტესტო აქცია ხვდება და იძულებულია სათადარიგო გასასვლელებიდან იპარებოდეს. გაცილებით მწვავე რეაქციები მოჰყვება მის გამოჩენას უკვე პრემიერის რანგში. გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების კამპანია გაგრძელდება მის საბოლოო გამარჯვებამდე, რაც მხოლოდ „ოცნებისთვის“ ხელისუფლების წართმევით მიიღწევა“, – წერს შოთა დიღმელაშვილი.

• როგორ იბადებოდა და ეცემოდა „რუსთავი 2“

“ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის აზრით, ივანიშვილმა ხალხს დასცინა:

“ივანიშვილი უფრო მეტ პატივს სცემს მის ზებრასა და ზვიგენს, ვიდრე ხალხს. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პროტესტი გაეთვალისწინებინა და გახარია თანამდებობიდან მოეხსნა, ის საზოგადოებას “თავზე დაასვა”. ეს არის საზოგადოებისთვის სილის გაწნა,”- აღნიშნავს პოლიტიკოსი.

მისი თქმით, ახალი მთავრობა რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნება:

“მთავრობა, რომელიც ჩვენ ახლა მივიღეთ, არის გავრილოვის მთავრობა. ეს არის რუსეთის ინტერესების სრული დაკმაყოფილება. საქართველოში რუსეთი შემოვიდა ჯერ სიმბოლურად, როდესაც გავრილოვი წამოსკუპდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და დღეს უკვე რუსეთი შემოვიდა საქართველოს მთავრობაში იმ განწყობითა და სულისკვეთებით, რასაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი”, – ამბობს გოცირიძე და ამ პროცესს წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სრულ უზურპაციას უწოდებს. 

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნით, ივანიშვილი “ღია ომში შევიდა ქართულ საზოგადოებრივ აზრთან”.

“ეს არის ქართული საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა, არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, ეს არის პირდაპირი გამოწვევა იმ ახალგაზრდების, რომლებიც უკვე 76 დღეა აპროტესტებენ აქციის დარბევას,” – აღნიშნავს ბაქრაძე. 

გარდა ამისა, ბაქრაძის შეფასებით, გახარიას დანიშვნა არის პირდაპირი მესიჯი, თუ რას აპირებს „ქართული ოცნება“ მომავალი ერთი წელი:

“ეს არის მესიჯი, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდა ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში და ამ რეჟიმში მათთვის მთავარი იქნება არა ხალხის პრობლემების მოგვარება… არამედ ე.წ. მძიმე ხელის პოლიტიკა, ოპონენტების დევნა, დაპატიმრება, აქციების დაშლა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი წელი, წინასაარჩევნო წელი იქნება ძალიან მძიმე,“ – განაცხადა  ბაქრაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აღნიშნულ საკადრო ცვლილებებს “წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტს” უწოდებს და  2020 წლის არჩევნებისთვის სამზადისს უკავშირებს.

“ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად… ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კონფიგურაცია ამ საარჩევნო ციკლში, 2020წლის არჩევნებამდე მისთვის არის ოპტიმალური,” – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. 

გია ხუხაშვილის აზრით, მთავარი საარჩევნო ტექნოლოგია იქნება უცვლელი – შუას გაკრეფა:

“ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მტერი, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა არის მტერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ . ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ. გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის, კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად”. 

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, რომ … ქვეყანაში არის ძლიერი, მოქმედი პრემიერი, რომელიც აღკვეთს ყველანაირ ზღვარგადასულ თუ ზღვართან მიახლოებულ პროტესტს”.

“ჩემი აზრით, ეს მაინც გათვლილია 2020 წლის არჩევნებზე. ე.ი. თუ მიუღებელი იქნა ამ არჩევნების შედეგები და ამას მოჰყვა პროტესტი, ყველამ იცოდეს, რომ გახარიას გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლია.

თუ ხელისუფლებას აქვს რაღაც რეალური პროექტი, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში შედეგს დადებს, მაშინ ეს იქნება წარმატებული გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვბრუნდებით ჩვეულებრივ იმ კალაპოტში, რომელშიც ამ 30 წლის განმავლობაში ვიმყოფებით. როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით,” – ამბობს ძაბირაძე. 

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით,  გახარიას პრემიერად დანიშვნა არის პირდაპირი გამოწვევა საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა.

„მეორე მხრივ რომ შევხედავთ, ვნახავთ როგორი კომბინაციაა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების. ერთის მხრივ მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვდა, აღარ არის პოსტზე, ფორმალურად მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მეორე მხრივ ის დაწინაურდა და ამით ერთგვარი ხაზგასმაა ძალის დემონსტრირების”,- განაცხადა ბესელიამ.


ასევე წაიკითხეთ