სომხეთის ზოგიერთი სოფლიდან მამაკაცების 90% მიემგზავრება, ისინი სახლში მცირე ხნით ბრუნდებიან - როგორც შვებულებაში " />

გაზაფხული სომხეთში – მამაკაცების სამუშაოდ წასვლის სეზონი

სომხეთის ზოგიერთი სოფლიდან მამაკაცების 90% მიემგზავრება, ისინი სახლში მცირე ხნით ბრუნდებიან - როგორც შვებულებაში

გამგზავრება – თუნდაც ვალით

სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში სამუშაოდ გამგზავრების სეზონი იწყება. მამაკაცების, დაახლოებით, 90 პროცენტი ფულის გამომუშავებისთვის 7-8 თვით რუსეთში მიდის და ოჯახზე ზრუნვის ფუნქციას ქალებს უტოვებს.

„ოთხი დღის შემდეგ მივდივარ ჩიტაში, კრასნოიარსკში. ბილეთის ფულიც არ მაქვს, მაგრამ ვალს ავიღებ და წავალ, გამოვიმუშავებ – გამოვგზავნი და ჩვენები დააბრუნებენ. ავტობუსით წავალ, თვითმფრინავზე ფულს არ დავხარჯავ. უკან ნოემბრის ბოლოს დავბრუნდები“, – ამბობს მგერ გრიგორიანი, რომელიც ფულისათვის უკვე 16 წელია რუსეთში დადის.

44 წლის მგერი ერევნიდან 100 კილომეტრში, ლორის ოლქის სოფელ გეხასარში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ მარტო არ მიდის და მასთან ერთად, სოფლის სხვა მცხოვრებლებიც მიემგზავრებიან. მამაკაცების დიდი ნაწილი მიემგზავრება – ოჯახს შენახვა სჭირდება:

„ყარაბაღის ომის მონაწილე ვარ. 1994 წელს თავში დამჭრეს, მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ, დიდი ხანი მზეზე გაჩერება არ შემიძლია, მაგრამ მაინც ყოველწლიურად მივდივარ ფულის გასაკეთებლად. ძალიანაც მინდა ოჯახის გვერდით ვიყო, მაგრამ სამუშაო არ არის. ერევანში მშენებლობაზე ვმუშაობდი, დღეში 5 ათასი დრამი მქონდა (დაახლოებით 10 დოლარი), მაგრამ ეს არასაკმარისია“.

• ფოტორეპორტაჟი სომხური კაფედან, სადაც შშმ ადამიანები მუშაობენ

კომენტარი: საქართველოში მენტალური განსხვავება ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს შორის

გეხასარში 932 ადამიანი ცხოვრობს. ტრადიციულად აქ მიწათმოქმედებით არიან დაკავებული. მაგრამ ცვეთამ და ტექნიკის ნაკლებობამ ბევრს ათქმევინა უარი მიწის დამუშავებაზე.

37 წლის ანდრანიკ ტოროსიანი უკვე 17 წელია ფულის გამომუშავებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიემგზავრება. დანანებით ამბობს, რომ ვერ ნახა, როგორ იზრდებოდა ამ წლების განმავლობაში მისი ორი ვაჟიშვილი – მათი პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები.

„ვერ შევამჩნიე, როგორ გახდნენ ბავშვები ჩემი სიმაღლის. ისინი, ალბათ, ვერ მიხვდნენ, რას ნიშნავს გყავდეს მამა. ხუთი თვე სახლში, შვიდი – საზღვარგარეთ. კრედიტის აღება და პატარა ფერმის გახსნა მინდოდა, მაგრამ ფული არ მომცეს. მითხრეს, რომ საკრედიტო ისტორია არ მქონდა. მე კი საქმის წამოწყება მინდოდა, რათა უარი მეთქვა უცხოეთში სიარულზე. ახლა ისევ წასვლა მომიწევს. რუსეთშიც ასევე ყველაფერი შეიცვალა. ახლა იქ ბევრი ტაჯიკია, სამუშაო გაიაფდა და ჩვენც ნაკლებს გვიხდიან. საშუალოდ, 40-50 ათას რუბლს. ჩვენ გვრჩება 35 ათასი. მაგრამ ისეც ხდება, რომ თვეების განმავლობაში არ გვაძლევენ ფულს“, – ამბობს ანდრანიკი.

გეხასარის ცენტრში არსებული მაღაზია ყველაზე კარგად გამოხატავს ადგილობრივების ცხოვრების დონეს. გამყიდველი სეირან პეტროსიანი ამბობს, რომ შეიძლება, საათების განმავლობაში არავინ შევიდეს, ისინი კი, ვინც მიდიან, ძირითადად პროდუქტებს ნისიად იღებენ. ვალების რამდენიმე რვეულს გვაჩვენებს. მწვანედ უსვამს ხაზს მათ, ვინც უკვე ყველაფერი გადაიხადეს.

„ძირითადად იხდიან, როდესაც პენსიებსა და დახმარებებს იღებენ. ხდება ისეც, რომ იქამდე არ მაძლევენ ფულს, სანამ მამაკაცები არ ბრუნდებიან. ზოგიერთები კი საერთოდ არაფრით ბრუნდებიან და უკვე გაუგებარია, როდის შეძლებენ ისინი ვალის დაბრუნებას. ასეთ შემთხვევებში რაღაცნაირად ყიდულობენ შეშასა და ფქვილს ზამთრისათვის და ეგაა.

საბჭოთა წლებშიც მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ არა ისე მასობრივად, როგორც ახლა. მოქალაქეები მეზობელ ქალაქებში არსებულ ქარხნებში მუშაობდნენ – ვანაძორსა და სპიტაკში, ახლა კი წასასვლელი არსად აქვთ“, – აცხადებს სეირანი.

გეხასარელი მედდა, დუსტრიკ გრიგორიანი გვიყვება, რომ ბავშვები ავადდებიან იმისგან, რომ მამები ენატრებათ და ტემპერატურა მაღლა უწევთ:

„მამებს თვეების განმავლობაში ვერ ხედავენ, ეს მათთვის სტრესია. ამბობენ: „მამა წავიდა და მენატრებაო“. ქალებს საზრუნავი სულს უხუთავთ. ჩვენთან თიბვის სეზონში რომ მოხვიდეთ და ჩვენი რძლები ნახოთ – შეძრწუნდებით. კაცებად არიან ხოლმე ქცეულნი“.

თვითონ გეხასარელი ქალები აღიარებენ, რომ ყოველ გაზაფხულზე წუხან, როდესაც მამაკაცები მიემგზავრებიან. მაგრამ, ამავდროულად ესმით, რომ სხვანაირად ვერ იცხოვრებენ. მათ უწევთ, გაიხარონ იმით, რომ ახლა შეუძლიათ ქმრებსა და შვილებს კავშირგაბმულობის სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით დაუკავშირდნენ.

„კარგია, რომ არის ვაიბერი, სკაიპი – ოჯახთან რაიმე სახის კომუნიკაცია მაინც არსებობს. ამ სოფლის ქალები გმირები არიან. ბალახს თიბავენ, კარტოფილს თხრიან, ხეებს ჭრიან. არის მიწის ნაკვეთები, სადაც ტრაქტორი ვერ შედის ბალახის მოსაჭრელად. ქალებს უწევთ ამ სამუშაოსთან გამკლავება – მძიმე ცელებით. ეს ქალის საქმე არ არის და ამის შედეგია ათასობით დაავადება“, – გვიყვება 62 წლის აიკუშ ოგანესიანი.

ის უკვე 43 წელია სოფლის სკოლაში რუსულს ასწავლის. ამბობს, რომ გეხასარელი ბიჭები სკოლის დასრულების შემდეგ მაშინვე ჯარში მიდიან, ჯარიდან კი – სამუშაოებზე. ისინი ასევე სხვადასხვა სახის დაავადებით ბრუნდებიან, რომელიც მძიმე სამუშაოს შედეგია:

„აი, ისევ დადგა წასვლის პერიოდი. ქმარი უკვე გაემგზავრა, შვილს უახლოეს დღეებში ვაცილებთ. ჩემი და ჩემი რძლის ხელფასი არაფერში გვეყოფა. ისიც სკოლაში მუშაობს. მამაკაცები მიდიან და მთელი საზრუნავი ჩვენ გვაწვება. ზაფხულს რაღაცნაირად გადავაგორებთ ხოლმე, ზამთრისთვის სხვადასხვა რაღაცებს ვამზადებთ და ვიმარაგებთ – სანამ კაცები დაბრუნდებიან“.

მეზობელ სოფელში

გეხასარის გვერდით არის სოფელი შირაკამუტი და იქიდანაც ასევე მასობრივად მიემგზავრებიან ადამიანები ფულის გამოსამუშავებლად. სოფლის მამასახლისი აშოტ ერანოსიანი ამბობს, რომ შირაკამუტის 1800 მოსახლიდან 300 ადამიანი საბოლოოდ რუსეთში გადაცხოვრდა.

„მიწა აქ ადამიანებს არ აჭმევს. საქმე ისაა, რომ რეგიონის სხვა სოფლებთან შედარებით, შირაკამუტში ცოტა მიწაა. აქ არც საქონლის მოშენებაა მოგებიანი, რადგან პატარა საძოვრებია და ისინიც შორს – მაღალ ადგილზეა. სწორედ ამიტომ ბევრი იძულებულია, წავიდეს სამუშაოდ ან გადაცხოვრდეს სამუდამოდ“, – გვიყვება ის.

საბჭოთა წლებში აქ იყო სამკერვალო ფაბრიკა, სადაც 250 ადამიანი მუშაობდა. ახლა იმავე ფაბრიკაში მხოლოდ 17 ადამიანია დასაქმებული. ლიფტების სათადარიგო ნაწილების საწარმოში 230 ადამიანი მუშაობდა, ახლა ის საერთოდ აღარ ფუნქციონირებს.

შირაკამუტელი ბიბლიოთეკარი, ტერეზა გამბარიანი ამბობს, რომ ამ დღეებში გააცილა მეუღლე და ქმარი სამარაში. ისინი მშენებლობაზე სამუშაოდ წავიდნენ.

„სოფელი ახალი წლისთვის გაცოცხლდება – ამ დროს დაბრუნდებიან მამაკაცები. მთელი სოფელი უცხოეთიდან შემოსული ფულის ხარჯზე ცხოვრობს. მაგრამ ეს ცხოვრება არ არის. არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ ფულის გარეშე ბრუნდებიან – არ უხდიან, უგვიანებენ ანაზღაურებას ან სრულად არ აძლევენ იმას, რასაც დაჰპირდნენ“, – ჰყვება ტერეზა.

შირაკამუტის მამასახლისი აშოტ ერანოსიანი ამბობს, რომ ერთ დროს აყვავებული სოფელი მიწისძვრის დროს დაინგრა და მას შემდეგ ვეღარ დადგა ფეხზე.

ეპიცენტრი

შირაკამუტი და გეხასარი 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარეობს. მან ორივე სოფელი მიწასთან გაასწორა. გეხასარში 150 ადამიანი დაიღუპა, შირაკამუტში – 300 ადამიანი.

წლების განმავლობაში სოფლები ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ ჯერ ისევ არიან ადამიანები, რომლებიც დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ. გეხასარში 30 ოჯახი ცხოვრობს ვაგონში, შირაკამუტში – 40.

ბოლო იმედი

სოფლის მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მათი პრობლემით დაკავდება. აქ ყოველთვის აკვირდებიან, რას განიხილავენ მთავრობაში.

„პრემიერი კარგად საუბრობს: დარჩით, იმუშავეთ საკუთარ სამშობლოში. მაგრამ მაშინ საჭიროა, რომ თუნდაც 10 ათასი დრამი (დაახლოებით 20 დოლარი) მაინც იყოს დღიური ანაზღაურება! სხვანაირად შეუძლებელია ცხოვრება. მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ახლები მოახერხებენ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას“, – აცხადებს მგერ გრიგორიანი.

ანდრანიკ ტოროსიანი ისევ იხსენებს, რომ კრედიტი არ მისცეს:

„პრემიერი მოგვიწოდებს, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ სამუშაო ადგილები, მოვიფიქროთ, რაიმე ახალი. აი, მე მინდა ფერმის გახსნა. მაშინ რატომ არავინ არ მაძლევს კრედიტს? ახლა წასვლა მომიწევს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ ადრეა, განვსაჯოთ, ერთი წელი არ არის საკმარისი, რომ შევაფასოთ ახალი ხელისუფლება“.

სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ცხოვრებით, მაგრამ საკუთარ თავს თვითონ იმხნევებენ:

„ჩვენ ადრეც ვჩიოდით, მაგრამ არავინ გვისმენდა. ახლა სხვანაგვარადაა. ჩვენ გვჯერა. რატომ არ უნდა გვჯეროდეს. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ვერაფერი შეიცვლებოდა. ქვეყანას 30 წელი ძარცვავდნენ და ანგრევდნენ. შეიძლება სწრაფი ცვლილებების მოლოდინი გვქონდეს? არის იმედი. აი, ჩვენ, პედაგოგებს უკვე დაგვპირდნენ ხელფასების მომატებას სექტემბრიდან“, – ამბობს აიკუშ ოგანესიანი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ