არმავირის არტეზიული ჭებს თევზის მეურნეებისთვის შემოსავალი მოაქვთ, მოსახლეობისთვის კი _ პრობლემები " />

ბევრი თევზი – ცოტა წყალი

არმავირის არტეზიული ჭებს თევზის მეურნეებისთვის შემოსავალი მოაქვთ, მოსახლეობისთვის კი _ პრობლემები 

დილის გამამხნევებელი ვარჯიში სავსე სათლებით

არაქსია ოგანესიანს, სულ ცოტა, დღეში ხუთჯერ მაინც უწევს სოფლის ცენტრამდე ჩასვლა, სახლისთვის საკმარისი წყალი რომ  მოიმარაგოს. ამბობს, რომ სათლების სიმძიმისგან უკვე ხელები სტკივა, მაგრამ სხვა რა გზა აქვს _ უკვე მესამე წელია, რაც ონკანში წყალი აღარ მოდის. ასეთივე მდგომარეობაშია გაის თემის მოსახლეობის უმრავლესობა. სოფლის განაპირა უბნებში მცხოვრებ ადამიანებს წყარომდე დაახლოებით კილომეტრის გავლა უწევთ, იმდენივეს გადიან უკანა გზაზე, თან _ წყლით სავსე ჭურჭლით ხელში.

წყლით მდიდარ სოფელ გაის სასმელი წყალი აკლია

უხსოვარი დროიდან გაის თემში წყალი პირდაპირ არტეზიული წყაროებიდან ამოედინებოდა.რადგან ეს სოფელი არარატის ველის დაბლობზეა გაშენებული, აქ სულ რაღაც 100-150 მეტრის სიღრმეზე შესაძლებელია ჭის გაჭრა და, მოსახლეობა სასმელ წყალს საქაჩის გარეშე იღებს.

სოფლის მაცხოვრებლებმა შეამჩნიეს,რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ონკანში წყლის ჭავლი თანდათან იკლებდა. საბოლოდ, წნევა სულ მთლად დაეცა და ონკანები დაშრა. სასმელი წყალი მხოლოდ სოფლის ცენტრში გაჭრილ  ჭაში შემორჩა. 

სოფლის მოსახლეობამ და მამასახლისმა სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციას მიმართეს.თუმცა, დახმარება არავისგან მიუღიათ და ამიტომ საკითხის  დამოუკიდებლად მოგვარება დაიწყეს. რადგან სოფლის ბიუჯეტი შეზღუდულია, რამდენიმე ოჯახმა გადაწყვიტა, არტეზიული ჭა საკუთარი სახსრებით გაეთხარა.

იმის გამო, რომ წყალი თავისით აღარ მოედინებოდა, საქაჩის დაყენება გახდა საჭირო.ამგვარად,სასმელი წყლის პრობლემა ასეთუისე მოგვარდა. თუმცა, მიწისქვეშა წყლების ნაკადმა მაინც იკლო და საბოლოოდ ახალი ჭებიც დაშრა. იგივე პრობლემა უდგას არმავირის ოლქის დაბლობებზე განლაგებული ათობით სოფლის მოსახლეობას.

მიზეზები

დაახლოებით 10 წლის წინ სომხეთის ხელისუფლებამ თევზის მეურნეობა აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და ქვეყანაში თევზსაშენების აქტიური მშენებლობა დაიწყო. მეწარმეების ყურადღება არარატის ხეობის დაბლობებმა მიიქცია, სადაც თევზის მოშენებისთვის საჭირო წყალი, ზედმეტი დანახარჯების გარეშე, თავისით ამოედინება მიწიდან. ხელოვნურად მოშენებული თევზის ჯიშების უმრავლესობისათვის კი სწორედ ასეთი, გამდინარე მტკნარი წყალია აუცილებელი.

მარტივი არითმეტიკა

 არმავირის ოლქში თევზის მეურნეობით დაკავებული ფერმერები ძირითადად კალმახსა და ზუთხისებრთა სახეობებს აშენებენ. ამისთვის წყალსატევები და წყაროებია საჭირო. გაზაფხულზე წყალსატევებში ლიფსიტებს უშვებენ და მთელი წლის განმავლობაში გამდინარე წყალში საკვებს აწვდიან. შემოდგომაზე კი, როდესაც კალმახის წონა ერთ კილოგრამს აღწევს, იჭერენ და ყიდიან.

თევზის მეურნეობას მხოლოდ პირველადი ინვესტიცია სჭირდება.შემდეგ ამ საქმიანობას აღარც რისკი ახლავს და არც გასავალის პრობლემა. სწორედ ამის გამო გახდა ის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც კი მიმზიდველი და არარატის ველზე თევზის მრავალი მეურნეობა შეიქმნა. მათი მწარმოებლურობა და წყალსატევების მოცულობაც პირდაპირ უკავშირდება ფერმერის ხელთ არსებული არტეზიული ჭების რაოდენობას.

სპეციალისტების თქმით, ჭიდან ტუმბოს საშუალებით ერთი წამში  60-100 ლიტრი წყლის ამოქაჩვა შეიძლება. არტეზიული ჭებიდან კი ერთ წამში 250-600 ლიტრი წყალი ამოდის.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჭების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. ყოველწლიურად თევზის მეურნეობების  მფლობელები, კანონის დაცვით, არტეზიული ჭებიდან 300-400 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მტკნარი წყალს ტუმბავდნენ. ბუნებრივია, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწისქვეშა წყლების წნევა და დონე მკვეთრად შეიცვალა.

სფეროს განვითარება პრობლემას ზრდის

თევზის მეურნეობამ, პირველ რიგში, მაღლობებზე განლაგებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, რომლებსაც 80-100 მეტრის სიღრმის ჭებიდან საქაჩების საშუალებით რწყავენ.

საქაჩიან ჭებში წყლის რაოდენობამ თანდათან იკლო, ზოგიერთი ჭა კი საერთოდ ამოშრა. სოფლის ადმინისტრაციის ბუნების დაცვის განყოფილების სპეციალისტების აზრით, მხოლოდ არმავირის ოლქში 600 ჭა მოქმედებს, რომელთაგან 220 თევზის მეურნეობისთვის გამოიყენება.

600 ჭიდან დაახლოებით 20% დამშრალია. დანარჩენებში კი წყლის დონე თანდათანობით იკლებს, იმ 220 ჭის გამო, რომლებსაც თევზის მეურნეობებში იყენებენ.

სახელმწიფოს ჩარევა: ჭაბურღილების კონსერვაცია

2013 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თევზის მეურნეობისთვის გამოყენებული ყველა ლიცენზირებული და არალეგალური ღრმა ჭის რეგისტრაცია დაიწყო. არმავირის გუბერნატორის, აშოტ კარგამანიანის თქმით, თავიდან წყლების გადინების შემცირება იყო საჭირო, ამის შემდეგ კი ამ რესურსის მეორადი მოხმარებისათვის შესაბამისი პირობები უნდა შექმნილიყო.

2014-2015 წლების ინვენტარიზაციის შემდეგ არტეზიული ჭების კონსერვაციის პროგრამის რეალიზაცია დაიწყო. კონსერვაციის გარდა, სპეციალური სარქველების საშუალებით ზოგიერთი ღრმა ჭის გამტარუნარიანობაც შეიზღუდა.

სოფელ გაის მამასახლისის, სეირან მარკოსიანის თქმით, გატარებული ზომების შედეგი მოსახლეობამ ვერ იგრძნო, რადგან ძირითადად უკვე ამომშრალი ჭები დაილუქა. ეს ჭები ისედაც აღარ გამოიყენებოდა და თევზის მეურნეობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. მარკოსიანის ნათქვამი მეწამორის თემის ხელმძღვანელმაც დაასტურა. თევზის მეურნეობებით დაზარალებულ თემთა თავკაცები აღშფოთებულები არიან, რომ მათ სათანადო უფლებამოსილება არ გააჩნიათ,რომ ხელი შეუშალონ ახალი ჭების თხრას და ვერც უშუალოდ ბურღვის პროცესს აკვირდებიან. მათ არ შეუძლიათ დაითვალონ, თუ სინამდვილეში რამდენ ჭას თხრის მეურნე,რომელსაც ერთი ჭის ამოთხრის უფლების აქვს.

როგორ გასცემენ ღრმა ჭების გამოყენების ლიცენზიებს

ჭის გათხრისა და წყლის, როგორც ბუნებრივი რესურსის, გამოყენების ლიცენზიას სომხეთში ბუნების დაცვის სამინისტრო გასცემს. ნებართვა ერთი წლით გაიცემა და შემდეგ ყოველწლიურად გახანგრძლივება სჭირდება.

მეწარმეებიც უკმაყოფილონი არიან

მეწარმეები ლიცენზიის გაცემის ვადებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან სამინისტროს შეუძლია, შერჩევითობით მიუდგეს ნებართვის გახანგრძლივებას. მაგალითად, მეწარმე ხაჩატურ კარაპეტიანი, ლიცენზიის მიხედვით, ოთხ ჭას ამუშავებს. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ ხაჩატურმა სამინისტროს მიმართა, იქ კი უთხრეს, რომე ორი ჭა დასალუქი იყო; კარაპეტიანის თქმით, ეს მის საქმიანობას შეუძლებელს ხდის.

ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები

უკვე სამი წელია, რაც გაის მკვიდრი ხაჩიკ ავდალიანი სოფლის წყალსატევებს ქირაობს და თევზის მოშენებითაა დაკავებული. მისი თქმით, პრობლემა არც ისეთი სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ავდალიანი ამბობს, რომ წყლის დონის შემცირება ჯერ არ შეუნიშნავს და თევზის მეურნეობებისთვის საჭირო ჭები სასმელი წყლის დეფიციტს ვერ შექმნიდა. ყოველ შემთხვევაში, მას სოფელში ჭავლის შემცირება არ შეუნიშნავს. მიუხედავად ამისა, ავდალიანი მეზობელ 25 ოჯახს შეუერთდა,რომ ახალი ჭის გათხრაში მიეღო მონაწილეობა,რომელიც მათ უბანს სასმელი წყლით მოამარაგებს.

თევზის სხვა მეურნეობის თანამშრომელი არკადი ამბობს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, წლიდან წლამდე როგორ იკლებს წყლის ნაკადი და ეს პრობლემა, არამხოლოდ სოფლის მოსახლეობას, არამედ თევზის მწარმოებლებსაც ეხებათ. არკადის თქმით, მეურნეობა გასულ წლამდე 10 წყალსატევს იყენებდა, წელს კი, წყლის დეფიციტის გამო, ერთი დაიხურა. დანარჩენ წყალსატევებში კი თევზის რაოდენობა შეამცირეს.

 გაიში არსებულ ხუთ თევზის მეურნეობას ჟურნალისტები ახლოსაც არ გააკარეს, თანაც თავი არც ახსნა–განმარტებით შეუწუხებიათ.

ამ თემში შვიდი მეურნეობაა. თითოეულს, სულ ცოტა, ხუთი ჭა აქვს. თევზის ეს მეურნეობები ბიზნესმენებს, პარლამენტის დეპუტატებსა და მაღალი რანგის მქონე სხვა ადამიანებს ეკუთვნით.

ამის შესახებ სოფლის მამასახლისის მოადგილემ, ხურშუდ კოჩარიანმა გვითხრა. მისი თქმით, არტეზიული ჭების წნევა შემცირდა და სოფლის მოსახლეობის უმაყოფილება სავსებით სამართლიანია. იმის გამო, რომ თევზის მეურნეობების ჭების გამტარუნარიანობა მეტია, ოთხი ჭა, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლის მისაღებად იყენებდა, მთლიანად დაშრა. სხვა შადრევნული წყაროების გამოსაყენებლად კი ელექტროსაქაჩის დაყენება გახდა საჭირო _  სამი უბანი მაინც რომ უზრუნველეყოთ წყლით.

რამდენად ხელსაყრელია თვეზის მეურნეობა სომხეთში

ექსპერტების აზრით, წარმოებული თევზის ღირებულება ათჯერ ნაკლებია  წარმოების პროცესში დახარჯული წყლის ფასზე.

მაგალითად, არმავირის ოლქში ყოველწლიურად 2 000 ტონა თევზს აწარმოებენ, რისთვისაც 400 მილიონი კუბური მეტრი მტკნარი წყალი გამოიყენება. ერთი კილოგრამი თევზის საბაზრო ფასი 2 000 დრამია. 2 000 ტონა თევზის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 4 მილიარდ დრამს შეადგენს. ერთი კუბური მეტრი წყალი მოქალაქეებისთვის 200 დრამი ღირს. ასეთ შემთხვევაში, 400 მილიონი კუბური მეტრი წყლის ფასი 80 მილიარდი გამოდის, რაც თევზის ფასზე 20-ჯერ მეტია.

გაის მოსახლეობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ გარემოებას ყურადღება უნდა მიაქციოს.

მანამდე კი არაქსია ცდილობს,  თანასოფლელების მსგავსად, ერთობლივი სახსრებით გაჭრილ ჭაზე იზრუნოს; მაშინ სოფლის ცენტრიდან მხოლოდ სასმელი წყლის ზიდვა მოუწევს.

გამოქვეყნდა 2016 წლის 7 მარტს

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ