აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანს რთული პერიოდის გავლა უწევს" />

ბაქოს „ნეფტჩიმ“ 80 წლის იუბილე აღნიშნა

აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანს რთული პერიოდის გავლა უწევს

აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ნეფტჩი“ და „ინტერი“ ხვდებოდნენ, 19.37-ზე დაიწყო. ასეთი უცნაური დრო განგებ, აზერბაიჯანის ყველაზე ძველი კლუბის დაარსების თარიღის მიხედვით შეარჩიეს. მატჩი საბჭოთა კომპოზიტორ ბლანტერის საყოველთაოდ ცნობილი „საფეხბურთო მარშით“ დაიწყო. ნეფტჩის ფეხბურთელები ძველებური ფორმებით გამოვიდნენ – მსგავსი ტანსაცმელი „ნეფტჩიელებს“ იმ წელს ეცვათ, როდესაც კლუბმა პირველად და უკანასკნელად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მედალი. სასიამოვნო იყო ის, რომ ტრიბუნებზე „ნეფტჩის“ ბომბარდირის, ანატოლი ბანიშევსკის უზარმაზარი პორტრეტი მოჩანდა. ბანიშევსკი განსაკუთრებით კარგად თამაშობდა „მეორე სართულზე“ და ამის გამო თვით ფეხბურთის მეფემ, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელემ „ოქროს თავი“ უწოდა.

1937. ამავე წელს დაიბადა მამაჩემიც. ერთი თვის შემდეგ ისიც 80 წლის გახდებოდა. მამა შემთხვევით არ გამხსენებია. სწორედ მან წამიყვანა პირველად ლენინის სახელობის რესპუბლიკურ ს ტადიონზე (ახლა იმ მოედანს ცნობილი ლაინსმენის, ტოფიკ ბაჰრამოვის სახელი ჰქვია – მსაჯის, რომელმაც 1966 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოწინააღმდეგის სასარგებლოდ საკამათო გოლი ჩათვალა). თუ არ ვცდები, 1976 წელი იდგა. მაშინ „ნეფტჩი“ დაბალ დივიზიონში დაქვეითდა და ყაზანის „რუბინს“ მასპინძლობდა. სწორედ მაშინ ვნახე პირველად „ბანია“ – ასეთი მეტსახელით მოიხსენიებდნენ ბანიშევსკის გულშემატკივრები. ნამდვილად აღარ იყო უწინდელ ფორმაში, თამაშის ბოლოს, 10-15 წუთით გამოდიოდა ხოლმე, მაგრამ, როგორც წესი, გოლები მაინც გაჰქონდა! ერთი წლის შემდეგ „ნეფტჩი“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა, ბანიშევსკიმ საბჭოთა კავშირის პირველობებში მეასე გოლი გაიტანა და გახდა პირველი აზერბაიჯანელი (დიახ, სწორედ აზერბაიჯანელი!), რომელმაც საბჭოთა ბომბარდირების კლუბში დაიმკვიდრა ადგილი.

ბოლოს მამასთან ერთად 1990 წლის 9 მაისს მივედი სტადიონზე – ნეფტჩისა“ და მოსკოვის „დინამოს“ ვეტერანების შეხვედრაზე, რომელიც კიდევ ერთი გამორჩეული ბაქოელის, ალეკპერ მამედოვის პატივსაცემად გაიმართა (სწორედ იმ მამედოვის, რომელმაც „მილანს“ მისსავე მოედანზე ოთხი გოლი გაუტანა). ძალიან რთული პერიოდი იდგა. ბაქოში კომენდანტის საათი მოქმედებდა, რომელიც „შავი იანვრის“ დღეებში დააწესეს. მატჩი კოკისპირული წვიმაში იმართებოდა. ბევრი ვეტერანი დაიღალა. ასაკოვანი ფეხბურთელები შეცვლას ითხოვდნენ, მაგრამ ალეკპერ ამიროვიჩმა ბოლო წუთამდე ითამაშა და თამაშის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს არიგებდა ავტოგრაფებს.

იმ პერიოდშ ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი გაიმართა. „ნეფტჩის“ არაერთხელ დაუმარცხებია ტურნირის ლიდერები – კიევის „დინამო“, მოსკოვის „სპარტაკი“ და ა.შ., მაგრამ ზოგჯერ სრულიად უიმედოდ აგებდა ხოლმე რომელიმე აუტსაიდერთან. ყველაზე დიდი დაძაბულობით კი „სამხრეთკავკასიური ურთიერთშეხვედრები“ გამოირჩეოდა – თბილისის დინამოს და, განსაკუთრებით, ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ გამართული მატჩები.

„არარატთან“ სპეციფიკური დამოკიდებულება გვქონდა. ბევრმა არც იცის, რომ მათ საჩემპიონო შემადგენლობაში ექვსი ბაქოელი ირიცხებოდა, რომლებსაც ნეფტჩის ყოფილი ლიდერი, ედუარდ მარქაროვი ლიდერობდა. შური და ბრაზი გვახრჩობდა იმის გამო, რომ მეზობლები ჩვენზე ძლიერები იყვნენ და ხშირად გვამარცხებდნენ ხოლმე. განსაკუთრებით – თბილისელები. მაგრამ ბაქოში არც ისე ბევრი ქართველი ცხოვრობდა, სომხები კი საკმაოდ მრავლად იყვნენ და ხშირად ასეთი შეხვედრების შემდეგ მილიციას განსაკუთრებულ რეჟიმში უწევდა მუშაობა. სერიოზული ინციდენტები ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამ შეხლა-შემოხლაში გარკვეულ როლს ეროვნული საკითხიც თამაშობდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „დერბის“ ფაქტორი იყო. ლონდონის ტოტენჰემისა და არსენალის თამაშების შემდეგაც ხომ ამსხვრევენ ხოლმე ვიტრინებს – სტამბოლის გრანდების ურთიერთშეხვედრებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამ საზეიმო, საიუბილეო დღეს სიმბოლური პირველი დარტყმა სხვა ორმა ვეტერანმა – თავდამსხმელმა კაზბეკ თუაევმა და მეკარე ჩინგიზ ისმაილოვმა შეასრულეს. მოგვიანებით თუაევი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნაკრებს წვრთნიდა, ისმაილოვი კი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კომენტატორად. ერთხელ „ნეფტჩი“ მორიგად დადგა დაბალ ლიგაში დაქვეითების საფრთხის წინაშე. უმაღლესი დივიზიონიდან გამოვარდნისგან ერთი ნაბიჯი აშორებდა. ლიგაში დასარჩენად მხოლოდ მოგება იყო საჭირო. ალმა-ათას „კაირათს“ ვეთამაშებოდით. 90 წუთი მიიწურა და დამატებული დროც გავიდა. გოლები არ გასულა. ნულით ნული. დაღონებული ჩინგიზი თამაშს აჯამებს: „დიახ, პატივცემულო მაყურებლებო, მსაჯი უკვე წამზომს დასცქერის და მოედნის ცენტრისკენ მიემართება… სამწუხაროდ, მომდევნო წელს ჩვენი გუნდო ქვედა ლიგაში გაატარებს. მაგრამ არ ღირს ყურების ჩამოყრა – ჩვენ მაინც გვიყვარს „ნეფტჩი“… და უცებ – “Аdə, vurdular!!!” (ეს ფრაზა დაახლოებით ასე ითარგმნება – „ვაჰ, გოლი გაიტანეს!!!“). იმ უკანასკნელ წამს ჩვენმა გაბრაზებულმა კაპიტანმა, აბდულგანი ნურმამედოვმა მოედნის ცენტრიდან მთელი ძალით დაარტყა და, ყველას გასაოც
რად, ბურთი „კაირათის“ კარში შეფრინდა. უმაღლეს ლიგაში დავრჩით.

ჩვენი ახალგაზრდობის კერპებს ძალიან განსხვავებული ბიოგრაფიები აქვთ. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ზოგი ჩინოვნიკი გახდა, ზოგმა სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრის მუნდირი მოირგო, ზოგიერთი ციხეში ზის, სხვები კი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი უკვე გარდაცვლილია. ამჟამად გუნდს რთული პერიოდი უდგას. ნეფტჩი“ აზერბაიჯანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის უკიდურეს ქვედა ნაწილში იმყოფება. მაგრამ საკუთარ დაბადების დღეზე მენავთობეებმა საკმაოდ ძლიერი „ინტერი“ დაამარცხეს ანგარიშით 2:1. იმედია, ეს სიმბოლური გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდება აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანის აღორძინების გზაზე.

ფოტოები საფეხბურთი კლუბ „ნეფტჩის“ პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

ასევე წაიკითხეთ