დავით ზურაბიშვილის თვალსაზრისი ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციასა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე" />

ბასიანი, ბიძინა და კალენდარი

დავით ზურაბიშვილის თვალსაზრისი ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციასა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

ფოტო: ლევან მიქაძე

2018 წლის 12 მაისის ღამის სპეცოპერაცია შესაძლოა ხელისუფლების ყველაზე დიდ პრობლემად იქცეს თუ მისი დასაწყისის დასასრულად არა.

ბასიანი

ვის, როდის და რანაირად მოუვიდა ვინმეს თავში პირველი ღამის კლუბის გახსნა თბილისში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბიზნესი ფაქტობრივად სახელმწიფოს ჩარევის გარეშე განვითარდა. თანდათანობით და ნელ–ნელა ღამის კლუბები გართობის ინდუსტრიის იმდენად სერიოზულ შემადგენელად იქცა, რომ ტურისტებმა სპეციალურად იწყეს ჩამოსვლა თბილისში. მათ მოსანახულებლად. უცხოურ მედიაში გაჩნდა არაერთი პუბლიკაცია, სადაც თბილისი იხსენიებოდა როგორც ელექტრონული მუსიკის და კლუბური კულტურის ცენტრი მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ხოლო კლუბი “ბასიანი”, რომელიც დინამოს სტადიონის ყოფილი “ბასეინის” ადგილასაა, აღმოსავლეთ ევროპის ბერგჰაინად (ბერლინის სახელგანთქმული კლუბი. დ. ზ.). ღამის კლუბები გახდა არა მარტო კარგი გართობის ადგილი ახალგაზრდებისთვის, არა მარტო ასპარეზი  ახალგაზრდა მუსიკოსებისა და დიჯეებისთვის, არამედ ერთგვარი ოაზისებივით პოსტსაბჭოურ რეალობაში: სივრცე, სადაც თავისუფლება, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანასწორობა ყოველდღიურობაა და არა უშინაარსო პათეტიკა.

ერთადერთი კონტიგენტი, ვინც ღიად გამოდიოდა ღამის კლუბების წინააღმდეგ, მოიხსენიებდა მათ გარყვნილების ბუდედ, სოდომიტების კერად, ნარკობარიგების ბუნაგად და ა.შ. სხვა ცუდი სიტყვებით, იყვნენ ქართული მარშის ტიპის მოფაშისტო დაჯგუფებები. ოფიციალური ხელისუფლება კლუბების მიმართ ან ინდეფერენტული იყო, ან სულაც კეთილგანწყობილი, როგორც ვთქვათ თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც სპეციალური კურატორიც კი დანიშნა ღამის ეკონომიკის განვითარების და კლუბური კულტურის ხელშეწყობის მიზნით,

ამ ფონზე თითქოს ალოგიკური და  მოულოდნელი იყო 12 მაისის ღამეს პოლიციის სპეცრაზმის შეჭრა ბასიანსა და გალერიში, ვითომდა ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით. მით უმეტეს, რომ როგორც მოგვიანებით გაირკვა რვა დაკავებული ეჭვმიტანილიდან რვავე კლუბის გარეთ და სპეცოპერაციის დაწყებამდე დაუკავებიათ. საკუთრივ კლუბებში კი ვერც ტონობით ნარკოტიკი იპოვეს და ვერც ნარკომანები.

ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ კლუბებში არავინ დაუჭერიათ და არაფერი განსაკუთრებული არ უპოვიათ, რატომ მოაწყვეს ამხელა შტურმი? თუმცა, ალოგიკური და პარადოქსული სპეცრაზმის რეიდი კლუბებში მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. თუ გავითვალისწინებთ როგორი მმართველობითი სისტემაა ქვეყანაში, ძალიანაც ლოგიკური გამოჩნდება.

ბიძინა

საქართველოში დღეს მოქმედებს მმართველობითი სისტემა, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც ერთმმართველობა. კერძოდ, ქვეყნის მმართველია ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბოლო დრომდე საერთოდ არანაირი პოლიტიკური და პარტიული თანამდებობა არ ჰქონდა მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა მხოლოდ ის, ლეგიტიმური სახელმწიფო სტრუქტურები კი ფაქტობრივად მისი გადაწყვეტილების აღმსრულებლების ფუნქციით იფარგლებოდნენ.

როგორ და რანაირად მოხდა ასეთი სახელისუფლო სისტემის ჩამოყალიბება სხვა საკითხია, ამჟამად დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ ყველასთვის აშკარა ფაქტის კონსტატაციით, რომ ეს ასეა.

ეს კი ასეა, მაგრამ რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც იყო ევროპის მასშტაბით ცნობილ ღამის კლუბში პოლიციის უაზრო შევარდნა, უბრალოდ შეუძლებელია მომხდარიყო პირადად ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე. მით უმეტეს, რომ ეს მოხდა “ქართული ოცნების” ყრილობის შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად მობრუნდა პოლიტიკაში და ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. თუ თეორიულად მაინც დავუშვებთ, რომ ამ, თავისთავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტის შემდეგ შსს მინისტრმა გახარიამ ივანიშვილის გარეშე მიიღო კლუბებში შეჭრის გადაწყვეტილება, მაშინ ამას პარტიის თავმჯდომარის სერიოზული უკმაყოფილება უნდა მოჰყოლოდა, აქედან გამომდინარე შედეგებით და ეს შედეგები რა იქნებოდა, აღარ დავაზუსტებ. გასაგებია ისედაც.

გარდა ამისა, პოლიციის სპეცოპერაციას წინ უძღოდა ასევე ბერა ივანიშვილის განცხადება, სადაც მან კატეგორიულად უარყო ის ჭორი, რომ თითქოს ბასიანის მეპატრონე, მოწილე ან მფარველია და პროკურატურას მოთხოვა ამ კლუბში მომხდარი “მკვლელობების” გამოძიება და დამნაშავეთა სასტიკი დასჯა.

მართალია, მის განცხადებაში სიტყვა “მკვლელობები” ბრჭყალებში იყო ჩასმული და აქ, როგორც ჩანს იგულისხმებოდა ის რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ ზედოზირების შედეგად. მაგრამ თავისთავად ამ ახალგაზრდების დაღუპვის ფაქტის მიბმა კლუბურ ცხოვრებასთან და “ბასიანთან”, ძალიან ტენდენციური მინიშნება იყო, და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კლუბური ცხოვრების და საერთოდ ახალგაზრდობის განწყობის ყველაზე კვალიფიციურ მცოდნედ, ბიძინა ივანიშვილს სწორედ საკუთარი შვილი მიაჩნია, მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სპეცოპერაციის ჩატარებაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, როგორც მინიმუმ საბოლოო დასტურის მიმცემი მაინც იქნებოდა.

ხოლო რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის ნება სახელისუფლო სტრუქტურებში განსჯას და კრიტიკას არ ექვემდებარება (წინააღმდეგ წასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია), სპეცრაზმის ძლევამოსილი შევარდნაც ღამის კლუბებში  და ხუთი ყველაზე ცნობილი კლუბის დახურვა პროკურატურის მიერ, სრულიად ლოგიკურად  იქნა საზოგადოების მხრიდან აღქმული, როგორც ხელისუფლების რეაგირება ბერას განცხადებაზე.  არის აზრი, რომ ბასიანზე შტურმით ივანიშვილმა ასევე კალაძის მზარდ პოპულარობასაც დაარტყა, რადგან დედაქალაქის მერი, რომელიც ქლაბერების მხარდამჭერად და მეგობრად მიიჩნეოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აღმოჩნდა მზად ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად და მართალია უხალისოდ, მაგრამ მაინც შეეცადა გაემართლებინა პოლიციის უსამართლო ქმედება.

და კალენდარი

სპეცოპერაციის პირველი შედეგი უკვე სახეზეა. ესაა აღშფოთებული ახალგაზრდების ხმაურიანი აქცია. ვფიქრობ, ხელისუფლება არ მოელოდა სერიოზულ რეაქციას. პირიქით, იქ, როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნებოდათ, როგორც ნარკორეალიზატორებთან მებრძოლებს. სოციალურ ქსელებში ე. წ. სახელისუფლო ტროლების მესიჯებიც ზუსტად ამაზე მიუთითებდა.

თუმცა, ახალგაზრდებს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდათ. ამ აქციის წინააღმდეგ კი ბუნებრივად გამოვიდნენ წინა პლანზე ათასი ჯურის ფაშისტები, ჰომოფობები და ქსენოფობები. ხელისუფლებას შეიძლება სულაც არ ეხალისებოდა მათთან ასოცირება. მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდების აქციებს სწორედ ეს ხალხი დაუპირისპირდა განსაკუთრებული სიმწვავით და ყველაზე სოლიდარული სპეცოპერაციის მიმართაც ისინი იყვნენ.

და არა მარტო ისინი. ამ მოვლენების შედეგად მოხდა საზოგადოების საკმაოდ მკვეთრი პოლარიზაცია. ქვეყნის ლიბერალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩნდა აქციის  მომხრეების გვერდით, მეტ-ნაკლებად რეტროგრადულ-კონსერვატიული ნაწილი კი მოწინააღმდეგეებში. მეორენი პირველებს  სიმრავლით კი სჭარბობენ, მაგრამ, ინტელექტით, კვალიფიკაციითა და გნებავთ სოციალურ სეგმენტებზე გავლენის თვალსაზრისით,  პირველთა უპირატესობა აშკარაა.

რთული სათქმელია კონკრეტულად როგორ წარიმართება მოვლენები, ვინ რას მოიგებს და წააგებს ამ სიტუაციიდან, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე გაივლო წყალგამყოფი ხელისუფლებასა და პროდასავლურ, ქვეყნის განვითარებასა და პროგრესზე ორიენტირებულ ახალგაზრდა თაობას შორის. ხელისუფლებამ დაუშვა სერიოზული შეცდომა, რომლის აღიარებისთვის არც კვალიფიკაცია არ ჰყოფნის და არც პოლიტიკური ნება. ეს ახალგაზრდობა კი ის თაობაა, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ პარლამენტშიც იქნება, მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც. ანუ, ეს ის თაობაა, რომელიც გვინდა თუ არა ეს ჩვენ, მაინც მოვა და ჩაიბარებს ამ ქვეყნის მართვის სადავეებს.

ამიტომაცაა გარდუვალი საქართველოში ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაც, უმცირესობათა ინტეგრაციის ხარისხის ზრდაც და პოსტსაბჭოური რეალობისთვის ტიპიური, კრიმინალურ-რელიგიურ-კომკავშირულ-პატრიოტული მენტალობის უკან მოტოვებაც. ამიტომაც არის სპეცრაზმით კლუბებში შევარდნა და პროგრესზე ორიენტირებული ახალგაზრდების გამოცხადება ნარკომანებად და გარყვნილებად შერაცხვა მარცხისთვის განწირული, რადგან ამ ახალგაზრდებთან ბრძოლა ფაქტობრივად კალენდართან ბრძოლაა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პირველი ნახევარმა კი შეუძლებელია სძლიოს ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადას.

და ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში ივანიშვილი, სააკაშვილი, ზურაბიშვილი, პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი, კალენდართან ბრძოლით ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევს. კალენდართან ბრძოლა ყოველთვის კალენდარის გამარჯვებით მთავრდება.

ასე იყო. ასე არის და აუცილებლად ასე იქნება.


ასევე წაიკითხეთ