საკუთარი, საერთაშორისო საბანკო  ბარათებისა და ბანკომატებისგან იზოლირებული სისტემის  АПРА-ს თავისებურებები " />

ბანკები აფხაზეთში

საკუთარი, საერთაშორისო საბანკო  ბარათებისა და ბანკომატებისგან იზოლირებული სისტემის  АПРА-ს თავისებურებები

აფხაზეთში სულ უფრო ეფექტური ხდება საბანკო ბართებისა და ბანკომატების საკუთარი სისტემა  АПРА.

მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა იმ ბანკომატების რიცხვი, რომლებიც АПРА-სა და МПС-ის საბანკო ბარათებს ემსახურება: 2016 წლის მაისში 380 ტერმინალი მუშაობდა, სექტებერში კი უკვე – 700.

წლის ბოლომდე იგეგმება მათი რაოდენობის ათასამდე გაზრდა.

საკითხის ისტორია

ომისშემდგომი წლების (1990-იანების დასაწყისიდან)  აფხაზეთის იზოლაცია ავტომატურად გავრცელდა ადგილობრივ საბანკო სისტემაზეც. არანაირ საერთაშორისო საგადასახადო სისტემას, როგორებიცაა Visa და MasterCard, აფხაზეთში არ უმუშავია და არც მუშაობს.

აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოსულ  ტურისტებს აქ დასახარჯად ყოველთვის ნაღდი ფულის ჩამოტანა უწევდათ. ეს კი ძალიან სერიოზულად აისახებოდა აფხაზეთის ეკონომიკაზე – რადგან მთელი ეს ნაღდი ფული მისი ჩრდილოვანი ბრუნვის შესაძლებლობას აორმაგებდა.

აფხაზეთში საკუთარი, ალტერნატიული საგადასახადო სისტემის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2000-იან წლების დასაწყისში გაჩნდა. თუმცა, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, პირველ რიგში – საამისოდ საჭირო სახსრების უქონლობის გამო.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა აღიარა. 2011 წელს აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა რუსეთიდან, კრედიტის სახით, 700 მილიონი რუბლი (დაახლოებით $11 მილიონი ) მიიღო საბანკო სისტემის გასავითარებლად და ამ თანხის ნაწილი (100 მილიონი რუბლი) АПРА- სისტემის დამუშავებასა და დანერგვას მოახმარა.

თუმცა, მაშინ ყველაფერი აღჭურვილობის შეძენითა და პროგრამული უზრუნველყოფით ამოიწურა. და შესაძლოა, АПРА-ს სისტემაში ჩადებული ფული მართლაც ტყუილად  დახარჯულიყო, რომ არა 2014 წელს აფხაზეთის ეროვნული ბანკის მმართველად ბესლან ბარათელიას დანიშვნა.

ბარათელიამ პროექტის განახლება გადაწყვიტა – მით უმეტს, რომ უკვე დრო იყო, იმ კრედიტის დაბრუნება დაეწყოთ, რომლითაც ის  განხორციელდა.

ნაღდი ფული უფრო საიმედოა?

საკუთარი საგადასახადო სისტემის შემოღების პირველი ნაბიჯები ძალიან რთულად იდგმებოდა. ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ნაღდ ფულს ენდობოდნენ, არაფრით არ უნდოდათ ჩვევების შეცვლა.

2015 წლის იანვარში, როდესაც სისტემა უკვე აამუშავეს, АПРА-ს საბანკო ბარათებით მხოლოდ 20 ათასი რუბლი ($300-მდე) გაიცა. მაგრამ უკვე ნახევარი წლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა დღეში მილიონ რუბლს მიაღწია ($15,600),  2016 წლის სექტემბერში კი ბრუნვა 2,5 მილიონ რუბლს($40,000 ) გაუტოლდა.

დღეისთვის აფხაზეთის ნაციონალურ ბანკს პარტნიორული შეთანხმებები აქვს დადებული რამდენიმე რუსულ ბანკთან და ახლა აფხაზეთში ჩამოსულ რუსებსაც შეუძლიათ თავიანთი რუსული საბანკო ბარათებით АПРА-ს ბანკომატებიდან ფულის მოხსნა.

2016 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში МПС-ის ბარათების მფლობელებმა (ძირითადად რუსმა ტურისტებმა), АПРА-ს ბანკომატებში 1,1 მილიარდი რუბლი (დაახლოებით $ 16 მილიონი) გაანაღდეს, და კიდევ დაახლოებით ამდენივე გადაიგზავნა АПРА-ს სისტემის საბანკო ოპერაციების საშუალებით.    

როგორ მუშაობს ეს, ანუ საერთო უბედურება

უნდა ითქვას, რომ საგადასახადო სისტემის სრულად მოგვარებას ჯერ კიდევ ბევრი უკლია, რადგან АПРА-ს ერთი დიდი ნაკლი აქვს – ის მხოლოდ და მხოლოდ ლოკალური ქსელია. АПРА-ს ბარათის გამოყენება აფხაზეთის გარეთ შეუძლებელია.

აფხაზეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მართავს რუსეთის საგადასახდო ბარათების ახალ ეროვნულ სისტემასთან იმის თაობაზე, რომ აფხაზური АПРА-თი სარგებლობა შესაძლებელი იყოს თუნდაც რუსეთის ტერიტორიაზეც. შესაძლოა, მომავალ წელს ამგვარი თანამშრომლობა შედგეს რუსული საგადასახადო ბარათი “Мир”-ის მეშვეობით.

თუმცა, ამის გაკეთება რომც მოხერხდეს – ეს მაინც საქმის სანახევროდ გადაწყვეტა იქნება.

ეს რუსული სისტემა (100 პროცენტით ეკუთვნის რფ-ს ცენტრალურ ბანკს) 2014 წლის ივლისში შეიქმნა, როდესაც რუსულ ბანკებს, საერთაშორისო სანქციების გამო, პრობლემები შეექმნათ Visa-სა და MasterCard-თან. შედეგად, სისტემა “Мир” მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ვრცელდება და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია მისი თანამშრომლობა აფხაზურ АПРА-სთან.

“Мир”-სა და АПРА-ს ერთმანეთთან ის აახლოებთ, რომ ორივე სანქციების შედეგად გაჩნდა.

პერსპექტივები

დღეს საბიუჯეტო ორგანიზაციის თითქმის ყველა თანამშრომელი და პენსიონერი პენიასა და და დახმარებას АПРА-ს ბარათებით იღებს. სავარაუდოდ, უახლოეს წლებში ეს სისტემა კომერციულ სტრუქტურებზეც გავრცელდება.  

ამ სისტემის გამოყენების დამატებით სტიმულად უნდა იქცეს ის, რომ საბანკო გადარიცხვებისა და ფულის მოხსნის დროს არანაირი მომსახურების ხარჯი არ იქვითება.

გასული წლიდან ამ გადახდების 20 პროცენტი უშუალოდ აფხაზეთის ეროვნული ბანკის ბიუჯეტში ირიცხება. სწორედ ამის წყალობით, 2015 წელს  ბანკში АПРА-ს სისტემიდან თითქმის მილიონი რუბლი შევიდა (დაახლოებით $120,000).

“მოველი, რომ თუკი სამი წლის განმავლობაში მოხერხდება ზრდის ტემპის შენარჩუნება  – АПРА  70-80-პროცენტიან მოგებას მოიტანს,” – ამბობს ბესლან ბარათელია. 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

გამოქვეყნდა 27.10.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ