წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველი არ არის აქტიური, ძალიან ცოტა მათგანი ესწრება პოლიტიკოსებთან შეხვედრებს" />

ვის ირჩევენ სამცხე-ჯავახეთში?

წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველი არ არის აქტიური, ძალიან ცოტა მათგანი ესწრება პოლიტიკოსებთან შეხვედრებს

სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. მერობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი რეგიონში აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს, ნაწილი კი თითქმის, ან საერთოდ არ ჩანს.

კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე თვალშისაცემია დაინტერესებული მოსახლეობის სიმცირე. ადგილობრივები ხალხის ნაკლებობას ერთი მხრივ მოსახლეობის მიერ არჩევნებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ხსნიან, მეორე მხრივ კი შემოდგომაზე მიმდინარე სოფლის საქმეების გამო მოუცლელობას ასახელებენ.

წინასაარჩევნო გარემო სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთში თვითმმართველობის არჩევნებში 7 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. რეგიონის ექვსივე ქალაქში მათ უმრავლესობას წარმოდგენილი ჰყავს მერობის კანდიდატები, ასევე მონაწილეობენ ქალაქების საკრებულოების პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში.

სამცხე-ჯავახეთის 6 ქალაქში მერობის 35 კანდიდატიდან 14 ეთნიკურად სომეხი წარმოშობისაა, 2 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა და არა – პარტიამ, 1 კი ქალია. ის ანივარდ მოსოიანია, რომელიც ნინოწმინდის მერობისთვის იბრძვის მმართველი პარტია «ქართული ოცნებიდან».

ახალქალაქი

ახალქალაქს მერობის 6 კანდიდატი ჰყავს, თუმცა მათგან რეალურად 2 კანდიდატი მოიაზრება – იურიკ უნიანი მმართველი პარტია «ქართული ოცნებიდან» და სამველ პეტროსიანი «პატრიოტთა ალიანსიდან». ახალქალაქის მერობისთვის ასევე იბრძვიან რუბენ მკრტიჩიანი («გიორგი ვაშაძე – ახალი ერთიანი საქართველო»), არუტიუნ ალექსანიანი («ევროპული საქართველო»), ზურაბ ოზგებაშვილი («ნაციონალური მოძრაობა») და მელიკ რაისიანი («დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა»).

იურიკ უნიანი და სამველ პეტროსიანი სხვებთან შედარებით აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებენ. ისინი სოფლიდან სოფელში დადიან და თავიანთ პროგრამებს წარადგენენ. ყოველდღიურად 4-5 სოფელს სტუმრობენ და ამომრჩეველს დაპირებებს უხვად ურიგებენ. ორივე მათგანი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი იყო. იურიკ უნიანი – ადგილობრივი პროკურატურის, სამველ პეტროსიანი კი – პოლიციის მაღალჩინოსანი.

იურიკ უნანიანი ამომრჩეველს აყვავებულ ცხოვრებას, მუხლჩაუხრელ შრომას და მათი პრობლემების შემსუბუქებას ჰპირდება.

«ეს ის პარტიაა, რომელიც ყოველთვის ასრულებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩემო ძვირფასო ხალხო. 21 ოქტომბერი – არის არჩევნების დღე და ყველას მოგიწოდებთ, იპოვეთ დრო და ყველანი წადით საარჩევნო უბანში. ყველა პარტიის საქმიანობის შედარების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მმართველი პარტია ყველაზე საუკეთესოა. მე ვფიქრობ, ეს გზა დემოკრატიულ განვითარებამდე მიგვიყვანს. ამ პარტიასთან ერთად შესაძლებელია ხალხის კეთილდღეობისათვის მუშაობა», – ამბობს ახალქალაქის მეორბის კანდიდატი იურიკ უნანიანი.

ამჟამად «პატრიოტთა ალიანსის» მიერ წარდგენილი სამველ პეტროსიანი 2012-2016 წლებში პარლამენტის წევრი იყო «ნაციონალური მოძრაობიდან». ის მოსახლეობას რიგ რეფორმებს ჰპირდება, დაწყებული რაიონული ბიუჯეტის ზრდიდან, დამთავრებული სომხეთის გენოციდის აღიარებით.

«ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც სომეხი ერის გენოციდის აღიარებასა და დაგმობასთან მიგვიყვანს. ჩვენ ვიმყოფებით იმ მდგომარეობაში, რომ ყველანი მიგრანტები ვართ. მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა გავაძლიერო სომხურ-ქართული ურთიერთობები, ერთად გავხდებით ძლიერები, არა მხოლოდ ჩემი ერია – ჩემი, თქვენც ჩემები ხართ», – განაცხადა ახალქალაქის მერობის კანდიდატმა სამველ პეტროსიანმა სოფელ აბულში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ახალქალაქის კანდიდატებს შორის ადგილობრივები ნაკლებად იცნობენ რუბენ მკრტიჩიანსა და ზურაბ ოზგებიშვილს. მათ შესახებ ახალქალაქში ხშირად ხუმრობენ: «ვინც მათ იპოვის, დაჯილდოვდება».

ნაკლებად აქტიურია არუტიუნ ალექსიანი, რომელიც პარტია «ბაქრაძე-უგულავა-ევროპულ საქართველოს» წარმოადგენს. ის არც ისე ხშირად ატარებს წინასაარჩევნო შეხვედრებს, მაგრამ გამარჯვების იმედი აქვს.

«კორუფცია ყოველდღიურად იზრდება. ის მანამდეც იყო, მაგრამ არა ასეთი მასშტაბებით. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ პენსია», – ამბობს ალექსიანი.

მერობის კიდევ ერთი კანდიდატი მელიკ რაისიანი, რომელიც ყოფილი პარლამენტარია, ამბობს, რომ რეგიონში კანონი არ კანონობს და სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას გეგმავს:

«ხალხი შეშინებულია, სპეცსამსახურების ზეწოლა ძლიერია და არ ფუნქციონირებს საქართველოს კონსტიტუცია. უბრალოდ მინდა, რომ აქ იმოქმედოს კანონმა და ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრას კანონის შესაბამისად».

რას ფიქრობენ მოქალაქეები?

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს. არ არის სამუშაო ადგილები. ადგილობრივი ოჯახების წევრების ნაწილი ხშირად რამდენიმე თვით რუსეთში სამუშაოდ მიდის, რათა ოჯახის საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს.

«ვის სჭირდება ეს არჩევნები? ყოველწლიურად ატარებენ არჩევნებს. თეატრში მსახიობებიც და მაყურებლებიც თვითონ არიან. დაინახეთ რამდენი ადამიანი მივიდა სააგიტაციო კამპანიაზე? ჩვენ სოფელში 250 სახლია, მაგრამ 30 კაციც არ იყო. ჩვეულებრივ გლეხს არ აინტერესებს არჩევნები. გასულ წელსაც მოვიდნენ, დაგვპირდნენ და დაავიწყდათ მათი შესრულება», – ამბობს სოფელ ბარალეთში მცხოვრები სარგისი.

პრობლემებია ადგილობრივ სკოლებშიც. ბარალეთის პირველი საჯარო სკოლა იმ სასწავლებლების რიცხვშია, სადაც შეშის ღუმელებით თბებიან. 3-სართულიანი შენობიდან სწავლებისთვის მხოლოდ პირველ სართულს იყენებენ. ამ სკოლაში 80-ზე მეტი მოსწავლეა.

«საკლასო ოთახების ნაწილი ცივია. სკოლას არ შეუძლია თავისი საშუალებებით შენობის გაზიფიცირება. ასევე გვესაჭიროება მეორე სართულის გარემონტება, რადგან არ გვაქვს სპორტული დარბაზი და სხვადასხვა ღონისძიებას დერეფანში ვატარებთ», ამბობს სკოლის დირექტორი ლენა ზოპუნიანი.

წელს ბარალეთში გზა მოასფალტდა, თუმცა ბარალეთელები წუხან, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

«გზა შეაკეთეს, მაგრამ იმდენად უხარისხოდ, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ზღვის ტალღებში მიდიხარ. საფეხმავლო ბილიკები გზას არ აქვს, შესაბამისად ფეხით ვერ გაივლი, ბავშვები კი სკოლისკენ მიმავალ გზაზე უამრავი საფრთხის წინაშე არიან. იმდენი პრობლემაა, რომ თუ დავიწყებ ჩამოთვლას, შეიძლება საღამომდე ვერც დავასრულო» – ამბობს ასაკოვანი რაფიკი.

სოფელ აბულელი ვალოდ ბერეკიანი კი წყლისა და გაზის პრობლემაზე საუბრობს:

«ხედავთ აბულის მთას? ის ერთადერთია, რომელიც ჩუმად დგას ჩვენი პრობლემების წინაშე. 4 წლის ვიყავი, როდესაც ჩვენ სოფელში არ იყო სასმელი წყალი, უკვე შვილიშვილები მყავს და სასმელი წყალი ისევ არ გვაქვს. გასულ წელს მოვიდნენ, პირდაპირი გაგებით, გადაყარეს 130 ათასი ლარი და წავიდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ საქმე გააკეთეს, მილსადენი არის, მაგრამ წყალი – არა. აი, ასეთია ჩვენი ცხოვრება. გაზი არ გვაქვს, გზები არ გვაქვს, ზამთარში გზები იკეტება. ჩვენი ერთადერთი გამოსავალია გადარჩენა, სხვა ვარიანტი არ გვაქვს, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე?»


ასევე წაიკითხეთ