ასლან ბჟანიამ ქართველ ჟურნალისტს უთხრა, რომ თბილისთან დიალოგი შესაძლებელია" />

აფხაზი ოპოზიციონერი თბილისთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. რას პასუხობს თბილისი?

ასლან ბჟანიამ ქართველ ჟურნალისტს უთხრა, რომ თბილისთან დიალოგი შესაძლებელია

აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების ფონზე, აფხაზი პოლიტიკოსები ხშირად ჩნდებიან ქართულ მედია-სივრცეში – აძლევენ ქართველ ჟურნალისტებს ინტერვიუებს და საუბრობენ  ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაზე.

აფხაზი ოპოზიციონერის, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ქართული მედიისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც მან   თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა, დიდ განხილვის თემად იქცა თბილისში.

იგივე გაიმეორა ქართულ არხთან ინტერვიუში კიდევ ერთმა  გამოცდილმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, სერგეი შამბამ. მან აღნიშნა, რომ “ქართულ მხარესთან ნორმალური ურთიერთობების დამყარების” მომხრეა. 

როგორ კითხულობენ ამ განცხადებებს თბილისში? ჰყავს თუ არა სოხუმთან პირდაპირ დიალოგს მომხრეები ქართულ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში?

• რა მოხდა აფხაზეთში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

ასლან ბჟანია: “ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება”

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია შესაძლებლად მიიჩნევს თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის არსებობას. ამის შესახებ მან ქართული  საინფორმაციო სააგენტოსთვის “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბჟანიას თქმით, თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა ნდობის აღდგენით და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობით უნდა დაიწყოს.

“დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს,” – უპასუხა ბჟანიამ  თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე. 

“მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა,” – აღნიშნა მან. 

აფხაზი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ შორეულ პერსპექტივაში “ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება”.

„ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ახლო პერსპექტივას, ბჟანიას აზრით, პირველ რიგში მხარეებს შორის ნდობა უნდა აღდგეს.

“ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში”, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

აფხაზი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ სწორედ ეკონომიკაა ის სფერო, საიდანაც თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა უნდა დაიწყოს.

ბჟანიას თქმით, ეკონომიკური კავშირები მხარეებს შორის დღესაც არსებობს:

“ეკონომიკა ის სფეროა, რაშიც ჩვენ გვაქვს კავშირები. გვაქვს საქონლისა და პროდუქციის გაცვლა-გამოცვლის გამოცდილება, ასევე მომსახურების სფეროში ურთიერთობები”.

ბჟანია ინტერვიუში კერძო კომპანიებს ახსენებს და ამბობს, რომ ქართულს და აფხაზურ კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის მომხრეა:

“ჩვენ უნდა ვნახოთ, რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ თუნდაც კერძო კომპანიებს შორის გაფართოვდეს თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ თუ ამის გაკეთება შევძელით, ეს შესაძლებელს გახდის ჩვენ ხალხებს შორის ნდობის აღდგენას. მე ასე მესახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივა. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ,” – აღნიშნა მან.

სერგეი შამბა: „უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ”

კიდევ ერთმა აფხაზმა ოპოზიციონერმა, წარსულში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ის ეწინააღმდეგება თბილისსა და სოხუმს შორის არსებულ კონფრონტაციას:

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას“.

შამბას აზრით, თბილისსა და სოხუმს შორის ერთი ერთზე უნდა იყოს.

 „უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ. ამისთვის სხვადასხვა ფორმა არსებობს,” – თქვა მან. 

სერგეი შამბა ის პოლიტიკოსია, რომელიც ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე ხშირად საუბრობს.

შეფასებები თბილისში

სოხუმში გაკეთებულ განცხადებებს დიალოგის შესახებ ეხმაურებიან თბილისშიც. ბჟანიას პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან, იგი 22 მარტს დანიშნული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი გახდეს.

ბჟანიას განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ აკონკრეტებს, არის თუ არა სოხუმთან პირდაპირი დიალოგის მომხრე.

მან მხოლოდ ის თქვა, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.

ერთ-ერთმა პირველმა ბჟანიას განცხადება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა შეაფასა. მან ფაქტობრივად გამორიცხა პირდაპირი დიალოგის არსებობა სოხუმთან და თქვა, რომ “ბჟანიას ინიციატივები საინტერესოა”, თუკი ისინი ჟენევის ფორმატში იქნება დასმული.

“ჩვენ გაგვაჩნია ჟენევის ფორმატი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, მისი ინიციატივები თუკი მსგავს ფორმატში იქნება დასმული, ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სხვაგვარად ფიქრობს ახლადშექმნილი ოპოზიციური მოძრაობა “ლელო”. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ “პირდაპირი ქართულ-აფხაზური დიალოგი, არის სწორი და თითქმის ერთადერთი გზა მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზაზე”.

მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს აფხაზი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ქართულ მხარესთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.

“ამგვარი სიგნალები, ჩვენ კარგა ხანია, არ გვსმენია და შესაბამისად, ეს განცხადებები ყურადსაღებია,”  – აღნიშნულია განცხადებაში. 

ბჟანიას განცხადებას “დამაიმედებელს უწოდებს პოლიტიკური მიმომხილველი თორნიკე შარაშენიძე:

რეალურად ის ამბობს, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად არის დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან პრანჭვას და პირობის წაყენებას აზრი არ აქვს. დრო მიდის და როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ისე მათ წინააღმდეგ მუშაობს. ისინი უფრო ზიანდებიან, რადგან აბსოლუტური თვითიზოლაციის გზას ადგანან, მაგრამ ჩვენს ინტერესებში არის, რომ დაიძრას პროცესი”, – ამბობს შარაშენიძე.

მისი თქმით, ეს პროცესი თბილისზეა დამოკიდებული.

“მეშინია, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისტერიკის, რომელიც მოჰყვება ამ განცხადებას. თუ შეგვეშინდება [პირდაპირი] ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა. ჩვენ თაობას კიდევ ახსოვს აფხაზეთი, მომავალ თაობას საერთოდ არ ემახსოვრება… თუ გვინდა ეს პრობლემა გადავჭრათ, ეს ჩვენი თაობის საქმეა და მომავალ თაობას ამას ვერანაირად ვერ დავუტოვებთ. მათ ამის არც სურვილი და არც საშუალება ექნებათ,“ – აღნიშნა შარაშენიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი JAMnews-სთან საუბარში ამბობს, რომ აფხაზი პოლიტიკოსების განცხადებებში ის განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე მათ აქამდეც არაერთხელ უსაუბრიათ:

“ეს იყო პროაქტიური განცხადებები, და არა მათი ინიციატივა –  ქართველი ჟურნალისტი ურეკავს და ისინი პასუხობენ. ქართველებს გაუხარდათ, არიქა, აფხაზები დაგვიბრუნდებიანო. ეს ასე არ არის… არა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. სუს-ის წარმომადგენელმა უკვე უპასუხა მათ, ჟენევაში ვილაპარაკოთო. ეს უკვე არასწორი პასუხი იყო. თუკი აფხაზებთან რაიმე ურთიერთობის დაწყება გვინდა, ქედმაღლური პასუხი არ უნდა გავცეთ, აფხაზურ მხარეს თანასწორად არ ვთვლით… რუსეთი რაკი ამბობს, პირდაპირ აფხაზებს და ოსებს ელაპარაკეთო, ჩვენთვის ეს მიუღებელია. არადა, რაში გვაინტერესებს, რას ამბობს რუსეთი? ხშირად რუსეთი ამბობს იმას, რაც არ უნდა მოხდეს – რუსების ინტერესებში საერთოდ არ არის, ჩვენ რომ დიალოგი დავიწყოთ. რუსეთის რეალური სურვილი აფხაზეთის იზოლაციაა და ჩვენ ამაში ვეხმარებით,” – ამბობს ზაქარეიშვილი.

 

• 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თბილისი უარს ამბობს ყველანაირ პირდაპირ დიალოგზე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და კონფლიქტის ერთადერთი მხარე, რომელიც შეიძლება ანგარიშვალდებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, მხოლოდ რუსეთია. 

• 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა ჟენევის დისკუსიების ფორმატი. ეს  ერთადერთი ფორმატია, რომლის მეშვეობით რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. 

 


ასევე წაიკითხეთ