ხელოვანი ახალგაზრდები არჩევანს აპოლიტიკურობასა და მეამბოხეობას შორის აკეთებენ " />

ანდეგრაუნდ ხელოვნება აზერბაიჯანში – ცენზურა დახმარების სანაცვლოდ

ხელოვანი ახალგაზრდები არჩევანს აპოლიტიკურობასა და მეამბოხეობას შორის აკეთებენ

იდ დარბაზში „სამხედრო საბჭო“ იმართება. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ძველი, ერთმანეთისგან განსხვავებული სკამები დგას, განათებულია მხოლოდ პატარა ადგილი, ეკრანის წინ. ამ ბრწყინვალე ადგილზე 20 ადამიანი შეიკრიბა.

ფოტოგრაფები, მხატვრები, მუსიკოსები, არქიტექტორები, ფემინისტები, ჟურნალისტები – ბაქოელი ხელოვანი ახალგაზრდები/ახალი ბოჰემა/ანდევგრაუნდი (ხაზი უნდა გაესვას). ყველაზე პატარა – ორი წლისაა. ხუჭუჭა ბიჭუნა ცდილობს, გატეხილი პიანინოს კლავიშს მისწვდეს, სანამ მამამისი სხვებთან ერთად ცდილობს, გადაწყვიტოს, როგორ გადაარჩინონ დანგრევას შენობა, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება.

„როდესაც ჩვენ აქ „დავსახლდით“, ვიცოდით, რა თქმა უნდა, რომ შენობა ძველია და ადრე თუ გვიან, აქედან დაგვითხოვდნენ. მაგრამ არ ვფიქრობდით, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა“, – გვიხსნის ლეილა გაფაროვა.

ლეილა გაფაროვა. ფოტო: JAMnews

2018 წლის ბოლოს, ლეილამ, მისმა ქმარმა ილქინ ჰუსეინოვმა და მათმა მეგობრებმა ბაქოს ცენტრში ორსართულიანი სახლი იქირავეს და მასში დამოუკიდებელი კინოთეატრი SalaamCinema გახსნეს. 

შენობა 1913 წელს აშენდა. ეს იყო მოლოკნების სამლოცველო სახლი. მოლოკნობა – ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოებაა. ისინი რწმენის გამო, მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთიდან გაასახლეს და კავკასიაში, მათ შორის, აზერბაიჯანში დასახლდნენ. 

რამდენიმე თვის განმავლობაში ბოჰემურმა ახალგაზრდებმა შეიყვარეს ეს ადგილი – აქ უკვე არა მხოლოდ ფილმებს უყურებდნენ, ასევე, მართავდნენ გამოფენებს, მღეროდნენ, სვამდნენ, კამათობდნენ და ეცნობოდნენ „თავიანთ მსგავსებს“.

მაგრამ მაისის დასაწყისში, SalaamCinema-ს ზღურბლზე მეპატრონის წარმომადგენელი გამოჩნდა და დამქირავებლებს „შენობის დატოვება“ უბრძანა. შენობას ან დაანგრევდნენ, ან რესტავრირებას ჩაუტარებდნენ – თუმცა, მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს უკვე აღარ ეხებოდა.

„სალაამოველებმა“ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება მოითხოვეს და აი, ახლა, ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში მსხდომები ფიქრობდნენ, რა გაეკეთებინათ, რათა ძველი შენობა არ დაენგრიათ, თავად კი ქუჩაში არ აღმოჩენილიყვნენ. და გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ არსად წასულიყვნენ.

ასე დაიწყო „SalaamCinema-ს დაცვა“ – ყველაზე მასშტაბური (და ყველაზე მხიარული) ახალგაზრდული აქცია აზერბაიჯანში ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. 

სპოილერი: მათ გაიმარჯვეს.

საბინა SalaamCinema-ში პირველივე დღიდან დადის. საბინა – არქიტექტორია, მას უნდა შექმნას ისეთი ადგილი ბაქოში, სადაც „აჩვენებენ იმას, რასაც სხვა გალერეებსა და კინოთეატრებში ვერ ნახავ, სადაც არ არის პათოსი, ღვინის შუშის ბოკლები და შეგიძლია ნებისმიერი ტანსაცმლით მიხვიდე და თავი საკუთარ წრეში იგრძნო“.

რა არის ანდეგრაუნდი და რა შუაშია აქ SalaamCinema 

ანდეგრაუნდი აზერბაიჯანში – „პროგრესული“, ხელოვანი ახალგაზრდების საზოგადოება, რომლებიც დაკავებული არიან ხელოვნებითა და სოციალური პროექტებით და არ არიან დამოკიდებული ხელისუფლების დახმარებაზე. 

SalaamCinema-ს ისტორია დაეხმარა ამ საზოგადოებას, ხმამაღლა განეცხადებინა საკუთარი არსებობის შესახებ და სხვა ადამიანები მიეზიდა. 

აქ საუბარია თანამედროვე ხელოვნებაზე, როგორც ასეთი. იმიტომ, რომ ბაქოში არის სხვა სახელოვნებო გაერთიანებები, რომლებიც სპეციალიზდება თანამედროვე ხელოვნებაზე და იზიდავს ახალგაზრდებს. მაგრამ მათ სახელმწიფო კურირებს და, ამასთან, გარკვეულ წესებს კარნახობს.

ახლა აზერბაიჯანის ალტერნატიული სახელოვნებო საზოგადოება – ეს არის „არქიპელაგი“, რომელიც ერთმანეთის გვერდიგვერდ მოქმედი, რამდენიმე ჯგუფისა და ცალკეული ადამიანებისგან შედგება.

ნატავან ვახაბოვა – ფოტოგრაფია, ხშირად ესწრება „ალტერნატიულ წვეულებებს“, მაგრამ საკუთარ თავს არც ერთ მიმდინარეობას არ მიაკუთვნებს. 
„მომწონს ასეთ ადგილებში ყოფნა და ხელოვან ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და ხელოვნებაც განსხვავებული აქვთ. მასში უფრო ღრმად ეხებიან სოციალურ თემებს“, – ამბობს ნატავანი. 
ახლა თვითონაც სოციალურ პროექტზე მუშაობს – ქალთა თავშესაფრის შესახებ ფოტოსერიას აკეთებს.

კულტურული შოკი კულტურის სამინისტროსთვის 

„სახელმწიფოსთან ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. ეს მათ აქვთ ჩვენთან პრობლემები“, – ამბობს თეატრ ADO-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, ელმინ ბადალოვი.

ADO – აზერბაიჯანში პირველი დამოუკიდებელი თეატრია. არსებობის ექვსი წლის განმავლობაში, მათ ექვსი შენობა გამოიცვალეს – ტერიტორიის დაცლა უწევდათ ხან პოლიციის ვიზიტის, ხან არენდის მაღალი ფასის და ხანაც სხვა მიზეზების გამო.

ფოტო: ბაშირ კიტაჩაევი

თავიანთი ახლანდელი შენობაც ლამის დაკარგეს და კულტურის სამინისტროსაც კი მიმართეს. ჩინოვნიკები ერთ-ერთ სპექტაკლზე მივიდნენ, ნახეს ადამიანები, რომლებიც უცნაური ჩხირებით ჭამდნენ მაკარონს, შემდეგ კი ყველანაირი დახმარება აღუთქვეს რეპერტუარის კონტროლის სანაცვლოდ. არტისტებმა უარი განუცხადეს.

ამას გარდა, უკვე მერამდენე წელია, რაც კულტურის სამინისტრო თეატრს ბაქოს ქუჩებში წარმოდგენების დადგმას უკრძალავს. ელმინ ბადალოვს კი, როდესაც ის ქვეყნიდან მიემგზავრება ანაც უკან ბრუნდება, ძალიან დიდხანს და ყურადღებით ამოწმებენ საბაჟოზე.

ADO-ს რეპერტუარში – თანამედროვე სპექტაკლებია პატარა „გიჟობებით“, ექსპრესიული, სიმბოლური და ძალიან უხამსი, აზერბაიჯანელი კონსერვატორების საზომით. აქ, სცენიდან შესაძლოა გაისმას სიტყვა „ყლე“, საცვლების ამარა მსახიობები დადიან და ზედ წყალს ისხამენ, საბავშვო ზღაპრები კი ჰალუცინაციად გადაიქცევა ხოლმე.

არა მხოლოდ ბაქო 

მთლიანობაში, აზერბაიჯანული ანდეგრაუნდი, ასე თუ ისე, ამითაა დაკავებული – დასცინის მორცხვ პატრიარქალურ საზოგადოებას ან ცდილობს, ის ხელოვნების საშუალებით გადალახოს. ასეთ მიზანს მისდევს, მაგალითად, მურად ნაბიევი. 

ზურგჩანთამოკიდებული მურადი SalaamCinema-ს ეზოში დადის და მშვენიერ განწყობაზეა. ის ისე ხმამაღლა ესალმება ყველას, რომ შეშინებულები გარბიან მანამდე მაგიდაზე მშვიდად მოსეირნე კატები.

მურად ნაბიევი. ფოტო: Facebook, Murad Nabiyev

ოცდაათი წლის მურადი უკვე რამდენიმე თვეა ორ ქალაქში ცხოვრობს. ადრე, მას მეგობრებთან ერთად გახსნილი ჰქონდა დაწესებულება „Çıxış“ (გასასვლელი), სადაც იმართებოდა ყველაფერი: როკკონცერტებიდან დაწყებული, ოჯახურ ცხოვრებაში მარქსიზმის როლის შესწავლით დასრულებული.

შემდეგ დაწესებულების დახურვა მოუწიათ – არენდის ფულს ვერაფრით იხდიდნენ. ამის შემდეგ მურადი დასავლეთ აზერბაიჯანში, თავის მშობლიურ ქალაქ განჯაში წავიდა და იქ გახსნა რაღაც მსგავსი, სახელწოდებით, Art Garden. მართალია, განჯაში მორალი უფრო მკაცრია, ვიდრე დედაქალაქში, თანამედროვე ხელოვნებას აქ ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ მურადმა მაინც მოახერხა ახალგაზრდების მიყვანა ხატვის გაკვეთილებზე, კინემატოგრაფიის ვორკშოპებსა და რეივ-კონცერტებზე.

„ის, რითაც დაკავებული ვართ მე და ჩემი მეგობრები, სოციალურ დატვირთვას ატარებს. ხელოვნების დახმარებით ვებრძვით გენდერულ სტერეოტიპებს, ჰომოფობიას, სისასტიკეს და ცხოველების მიმართ საშინელ მოპყრობას. გვინდა, რომ აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ უფრო ჯანსაღად ფიქრი დაიწყოს ყველა მიმართულებით“, – ამბობს მურადი. თვითონ ვეგეტარიანელია და პლასტიკატზე უარის თქმის მომხრე. „Çıxış“-ი, ალბათ, პირველი ადგილი იყო აზერბაიჯანში, სადაც კოქტეილისთვის საჭირო პლასტიკატის საწრუპების ნაცვლად, ნახვრეტიან მაკარონს იყენებდნენ. მოუხერხებელია, მაგრამ ეკოლოგიური.

ალტერნატიული კაფე 

კაფე Coffee-Moffee-ში შუადღისას უკვე ბევრი ხალხია. ფრილანსერები ნოუთბუქით ხელში სხედან, სტუდენტები რაღაცას მეცადინეობენ, სოციალური აქტივისტები კი მსოფლიოს შესაცვლელად ახალ გეგმებს იგონებენ.

ეს კაფე – „ანდეგრაუნდული ინფრასტრუქტურის“ ერთ-ერთი ელემენტია. ასეთ დაწესებულებებს, როგორც წესი, „თავისიანები“ „თავისიანებისთვის“ ხსნიან. ბაქოში, სამმილიონიან ქალაქში, ასეთი მაქსიმუმ ხუთი დაწესებულებაა, მათ შორის, სიგარეტის კვამლში გახვეული ბარები, სადაც ადგილობრივი როკჯგუფები უკრავენ, და „მოსიარულე“ ღამის კლუბები, რომლებსაც კლიენტურის ნაკლებობის გამო, მოუწიათ უარი ეთქვათ მუდმივ ადგილზე.

კაფე Boho. ფოტო: ბაშირ კიტაჩაევი 

Coffee-Moffee-ში არაზ გაჯიევი შემორბის და ამბობს, რომ ისევ დაკარგა ძაღლი – კოჭლი, ქუჩის ძაღლი რასტა, რომელიც, ასევე, ფაქტობრივად, ანდეგრაუნდ-საზოგადოების წევრია.

რამდენიმე საათში ის უკან ბრუნდება, რათა შეკრებილებს აცნობოს – რასტა იპოვეს. არაზი ქალაქელებისთვის ბუნებაში აწყობს ტურებს, სანაპიროზე ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვავს და თავის გუნდს, ოჯახს ეძახის. „ივენთების“ ორგანიზება აზერბაიჯანელ არტაქტივისტებში უფრო პოპულარულია, ვიდრე ხანგრძლივი პროექტები.

რასტა. ფოტო: Facebook

ანდეგრაუნდი და პოლიტიკა

„SalaamCinema-ს დაცვა“ დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მას ორასამდე ადამიანი შეუერთდა. ბევრი მათგანი, რომელიც იმ დღეებში პირველად მივიდა ამ ადგილას, „მიეჩვია“ და ახლა, ფაქტობრივად, არ ტოვებს იქაურობას.

მაგალითად, 23 წლის ალექსანდრი. ის სასტუმროში მუშაობს, ელექტრონულ მუსიკას წერს და SalaamCinema-ს ბოლო პერიოდში თავის მეორე სახლად მიიჩნევს.

„ამ ადგილს საოცარი აურა აქვს. ეს ძალიან საინტერესო მაგალითია ანარქიული კომუნისთვის, თუნდაც, პოლიტიკისგან შორს იყოს“. 

ალექსანდრმა აქ გადმოიტანა მთელი თავისი მუსიკალური არსენალი, ბასგიტარით დაწყებული, ანატოლიური საყვირითა და აფრიკული დოლებით გაგრძელებული და ახლა სხვებთან ერთად იმპროვიზირებს. საბედნიეროდ, SalaamCinema-ს მეზობლები ან ძალიან კეთილები არიან, ანდაც ყრუები.

რაც შეეხება პოლიტიკას – თავდაპირველად არავინ სვამდა კითხვას, აზერბაიჯანული ანდეგრაუნდი მისგან შორს არის თუ პირიქით. მაგრამ, როდესაც შენობის დაცვის კამპანიამ სერიოზული მასშტაბი მიიღო, დადგა გარკვევის დროც: ეს კულტურული აქციაა თუ პოლიტიკური.

მაშინ, როდესაც შენობისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭებას ცდილობდნენ, SalaamCinema-ს „საორგანიზაციო კომიტეტმა“ ბევრ სახელმწიფო ინსტანციაში გაგზავნა წერილი, მათ შორის, პირადად მეჰრიბან ალიევასთან – ქვეყნის პირველ ლედისა და ვიცე-პრეზიდენტთან. აზერბაიჯანში ეს საიმედო მეთოდად მიიჩნევა მაშინ, როდესაც სწრაფად არის შველა საჭირო.

საბოლოოდ, შენობის დაცვა მოხერხდა. მაგრამ ბევრი აღაშფოთა იმან, რომ „სალაამოელებმა“ დახმარებისთვის პრეზიდენტის მეუღლეს მიმართეს, შუამდგომლობა დაწერეს და თვითონ პროტესტის იდეისა და დამოუკიდებელი ხელოვნების დისკრედიტირება მოახდინეს.

ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიას იბრაჰიმოვმა SalaamCinema-ს დამცველებს „უპრინციპო პოლიტიკური უვიცები“ უწოდა, რომლებსაც არ აინტერესებთ არაფერი, საკუთარი ბოჰემური დროსტარების გარდა.

„დაჩაგრულთა ბრძოლის დროს არ არის ოპორტუნისტების, კონფორმისტების, „უბრალოდ მოქალაქეების“, აპოლიტიკური ფსევდოინტელექტუალების ადგილი. თქვენ უბრალოდ ფეხებში გვედებით. ამ ქვეყანას თქვენ ვერ შეცვლით, ასე რომ, გვერდზე გადექით და თვალებში ნუ გაგვეჩხირებით“, – დაწერა გიასმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ბაირამ მამედოვი და გიას იბრაჰიმოვი ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით გაასამართლეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტისა და მოქმედი პრეზიდენტის მამის ძეგლზე გრაფიტი გამოჩნდა.

ბაირამ მამედოვი, გიასის მეგობარი და ასევე ყოფილი პოლიტპატიმარია. ის ასეთ კომენტარს აკეთებს ამ შემთხვევაზე:

„რა თქმა უნდა, ანდეგრაუნდხელოვნება არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური თავისი განსაზღვრებით. არ შეიძლება აპოლიტიკური აზროვნება ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები არიან, „მიწის ქვეშ“ დაემალონ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება იდეოლოგიურ კრიზისს განიცდის და ბევრი აქ არსებული იდეოლოგია – არა იდეოლოგია, არამედ მისი დამახინჯებული ასლია“.

ბაირამ მამედოვი. ფოტო: Facebook, Ulviyya Ali

„სალაამოველები“, თავის მხრივ, ამბობენ, რომ საერთოდ არ სურდათ რევოლუციის მოწყობა.

„ჩვენ ხომ მხოლოდ მას არ მივწერეთ, არამედ, ყველა ინსტანციას. ერთი მიზანი გვქონდა – შენობის შენარჩუნება. პოლიტიკური აქციების მოწყობას ჩვენ არ ვგეგმავდით. საერთოდ, ვეთანხმები იმას, რომ ხელოვანმა ადამიანებმა უნდა გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ოპოზიციონერები იყვნენ“, – ამბობს ლეილა გაფაროვა.

ფილოსოფიის დოქტორი, რაჰმან ბადალოვი ვერაფერ საშინელს ვერ ხედავს იმაში, რომ აზერბაიჯანული ანდეგრაუნდი პოლიტიკაში არ არის ჩართული:

„დამოუკიდებელი ალტერნატიული ხელოვნება აზერბაიჯანში აუცილებლად განვითარდება. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შექმნიან რაიმე განსაკუთრებულს და მსოფლიო კონტექსტში ღირებულს. აზერბაიჯანში შესაფერისი ნიადაგი არ არის სერიოზული კულტურული მიღწევებისათვის. მაგრამ, რაღაცას გააკეთებენ, თუნდაც, შიდა მოხმარებისთვის. თუკი ახალგაზრდების ცხოვრება საინტერესო გახდება, პატრიარქალური საფუძვლები ცოტათი მაინც შეირყევა – ეს უკვე ცოტა არაა“.


ასევე წაიკითხეთ