ყველა დეტალი მხარეთა პოზიციებისა და სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მოლოდინების შესახებ" />

ალიევის და ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა ვენაში შედგება

ყველა დეტალი მხარეთა პოზიციებისა და სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების მოლოდინების შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს ვენაში 29 მარტს შეხვდებიან. ეს ინფორმაცია უკვე სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმაც დაადასტურეს. შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის ინიციატივით შედგება. ეს შეხვედრა, არსებითად, დააფიქსირებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ქვეყნების მეთაურების დონეზე მოლაპარაკებების განახლების დასაწყისს, რომელიც ორ წელიწადზე მეტია, შეწყვეტილია.

სომხეთი და რუსეთი ეთნიკური აზერბაიჯანელების დისკრიმინაციის ფაქტს უარყოფენ

რა არის ცნობილი მომავალი შეხვედრის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის მარტის შეხვედრა ქვეყნის მეთაურებს შორის გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.

აქამდე ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს არაფორმალურ ვითარებაში რამდენჯერმე შეხვდნენ. თუმცა, ამ დაუგეგმავი შეხვედრების დროს მხარეებმა გამყოფ ზოლზე უფრო მშვიდი სიტუაციის დამყარების შესახებ შეთანხმება მოახერხეს.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სწორედ მაშინ, ასევე, მექანიზმების შემუშავება  და კონფლიქტის მხარეთა შესაბამის სტრუქტურებს შორის ოპერატიული კავშირის დამყარება გადაწყვიტეს.

თუმცა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რომ პრეზიდენტ ალიევთან მისი შეხვედრები არ შეიძლება მოლაპარაკებების პროცესის დაწყებად ჩაითვალოს, მათ საკუთარი პოზიციები მხოლოდ დააზუსტეს და მოლაპარაკებების საგნის კონკრეტიზაცია სცადეს.

რამდენიმე შეხვედრის ჩატარება მოასწრეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა. ამ შეხვედრების დროს გაისმა ეუთოს განცხადება  ხალხების მშვიდობისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ.

იმის თაობაზე, რომ ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი შეხვედრაზე დათანხმდნენ, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გახდა ცნობილი.

ინფორმაცია ერევნიდან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიდგომა

ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე საკუთარი პოზიცია პრემიერ-მინისტრად გახდომისთანავე განაცხადა.

ამ პოზიციის არსი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს. აზერბაიჯანული მხარე ამას არ ეთანხმება, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს 1994 წელს ხელი ყარაბაღის მხარემაც მოაწერა, რაც მოლაპარაკებების პროცესის პირველ ეტაპზე მისი მონაწილეობის შესახებ მეტყველებს.

მოლაპარაკებების შუამავლებმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ახლახან გაკეთებულ განცხადებაში მოლაპარაკებების ფორმატის ცალმხრივად შეცვლის მოთხოვნისგან თავის შეკავებიისკენ მოუწოდეს.

თანათავმჯდომარეთა ამ განცხადების პასუხად, სომხეთის პრემიერმა საკუთარი მიდგომის უცვლელობა დაადასტურა:

 „ჩვენ მაღალ შეფასებას ვუკეთებთ იმ ძალისხმევას, რასაც კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები იჩენენ. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, თუ ვინ წარმოადგენს მოლაპარაკებების პროცესში არცახის ხალხს… საქმე ისაა, რომ დღესდღეობით მოლაპარაკებების მაგიდასთან არცახის ლეგიტიმური, უფლებამოსილი წარმომადგენელი არ არის.  ვინაიდან, მოლაპარაკებების მაგიდასთან  ყარაბაღის ხალხის, ან როგორც ჩვენი ზოგიერთი კოლეგა უწოდებს – ყარაბაღელი სომხების – მიერ არჩეული სუბიექტი არ არის .

არაერთხელ მითქვამს, რომ სომხეთის პრემიერს ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია… და ეს  არც კაპრიზია და არც წინასწარი პირობა, არამედ ლეგიტიმურობის საკითხია. ლეგიტიმურობა კი  – თანამედროვე არამხოლოდ შიდაპოლიტიკური, არამედ სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხს წარმოადგენს. სხვათა შორის, აბსურდულია ყველა ის კომენტარი, რომელთა მიხედვითაც, სომხეთი ან მისი პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებლობას იხსნიან და მას არცახის ხალხს ან ხელისუფლებას აკისრებენ… აუცილებლად მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის და იქნება  არცახის უსაფრთხოების მთავარი გარანტი, და მშვიდობიან მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს“.

თავის ბოლო პრეს-კონფერენციაზე, რომელიც 19 მარტს გაიმართა, შეკითხვას, – მისი ეს მიდგომა სახელმწიფოს მეთაურთა შორის დიალოგს ჩიხში ხომ არ შეიყვანს, – ფაშინიანმა უპასუხა:

 „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, სომხეთის ახალი ინიციატივები გამოწვევას კი არა, დიალოგისკენ მოწოდებას წარმოადგენს… ჩვენს მეგობრებთან მსჯელობას ფაქტების საფუძველზე გავაგრძელებთ. იქ, სადაც ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ჩვენი პოზიცია შეიძლება ზედმეტად მკვეთრად ჩაითვალოს, ჩვენ ამ პოზიციის შერბილებას შევძლებთ, თუმცა პარტნიორებისგანაც იმავეს მოველით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება მოლაპარაკებები“.

თუმცა გაურკვეველია, თუ რა დათმობებისთვის არის მზად მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერი.

თავის პრეს-კონფერენციაზე მან ასევე აზერბაიჯანელ ხალხთან პირდაპირ საუბრისა და მათი მშვიდობისთვის მზადებაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა:

 „არ მგონია, რომ მხოლოდ თითოეულმა პრეზიდენტმა უნდა მოამზადოს თავისი საზოგადოება მშვიდობისთვის. ჩემი აზრით, აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისთვის მომზადებაში მეც უნდა ვმონაწილეობდე, და – პირიქით. მაინტერესებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს აქვს თუ არა რაიმე სათქმელი სომხეთისა და არცახის ხალხისთვის? მე აზერბაიჯანელი ხალხისთვის სათქმელი მაქვს, და ასეთი შესაძლებლობა ძალიან გამახარებდა. თუმცა, ამგვარი მიდგომა არ შეიძლება ცალმხრივი იყოს. მნიშვნელოვანია კონსტრუქციული ატმოსფერო“.

სომხეთი თავდაცვიდან შეტევაზე გადასასვლელად მზადაა 

მას შემდეგ, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელები გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამყარებაზე შეთანხმდნენ, სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი გამოვიდა განცხადებით, რომ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, სომხეთი შეტევისთვის მზადაა.

მან ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიის შეცვლასთან დაკავშირებით შეძენილია შეიარაღების ახალი სახეობები, თუმცა მინისტრმა უარი განაცხადა, დაესახელებინა, თუ კერძოდ რომელ იარაღზეა საუბარი. ამ კონტექსტში დავიდ ტონოიანმა მხოლოდ რუსული გამანადგურებლების  СУ-30СМ-ის შეძენა და მოსკოვის ახალი 100 – მილიონ დოლარიანი თავდაცვითი სესხი გაიხსენა.

  „იცვლება ფსიქოლოგია, იცვლება მიდგომები, ვინაიდან თავდაცვაში მყოფი ჯარი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ თავდაცვის პოზიციაში დარჩენას არ ვაპირებთ“, – თქვა მაშინ მინისტრმა.

შეხვედრის წინ ტრადიციული გამწვავება საზღვარზე

სომხეთის მედიის ცნობით,  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკანასკნელი გამწვავება 26 მარტს მოხდა. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საინჟინრო სამუშაოების ჩატარება და თავიანთი პოზიციების სომხური სოფლის ბერდავანის მახლობლად გადაწევა სცადეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. „მოწინააღმდეგე საპასუხო ცეცხლით იქნა ჩახშობილი, საინჟინრო სამუშაოები შეჩერდა“.

რას ამბობენ ექსპერტები

სომეხი ექსპერტები მომავალ შეხვედრაზე საკმაოდ თავშეკავებულად რეაგირებენ. უმეტესობას მიაჩნია, რომ სწრაფი პრაქტიკული შედეგების მოლოდინი არ ღირს, და ეს ქვეყნების მეთურებს შორის პირველი მძიმე და სერიოზული დიალოგი იქნება. ეს მოლაპარაკებების პროცესში მთიანი ყარაბაღის მხარის მონაწილეობასთან დაკავშირებით ბაქოს კატეგორიული უარით განიმარტება. ამავდროულად, თავად ექსპერტები ნიკოლ ფაშინიანის ამ ინიციატივას მთლიანობაში ეთანხმებიან.

ბევრი სომეხი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მხარეები ახლა, კომპრომისისთვის კი არა, საკუთარი იმ მიზნების მიღწევისთვის არიან განწყობილები, რაც მხოლოდ მათი სახელმწიფოსთვის არის ხელსაყრელი.

ინფორმაცია ბაქოდან

პრეზიდენტ ალიევს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მომავალი შეხვედრის თაობაზე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, არსებობს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ცხადი ხდება, რომ ოფიციალური პოზიციის შეცვლაზე საუბარი არ არის.

„ამასთან დაკავშირებით ისევ უნდა აღინიშნოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ბოლო განცხადება, რომელშიც ისინი ერთმნიშვნელოვნად ემხრობიან მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას. ანალოგიური განცხადებებით გამოვიდნენ ევროპის კავშირის მაღალი თანამდებობის პირებიც. მსოფლიო საზოგადოების მოცემული პოზიცია სომხეთისთვის სერიოზულ გზავნილს წარმოადგენს, და ასევე აზერბაიჯანის დასაბუთებული პოზიციის მხარდაჭერაზე მეტყველებს…“

მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის, ანუ ყარაბაღის – როგორც მესამე მხარის – ჩართვის შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული და სომხური თემები შეიძლება მიიწვიონ „მინსკის კონფერენციაზე, რომლის მოწვევაც ნავარაუდევია აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შემდეგ.“

დეპუტატმა ელმარ ნასიროვმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებზე აზერბაიჯანის პრეზიდენტს უპირატესობა ექნება, რადგან ფაშინიანმა ფორმატის შეცვლა ვერ მოახერხა:

ილჰამ ალიევმა მტკიცე და პრინციპული პოზიცია გამოავლინა იმ საკითხში, რასაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა დაეთანხმნენ. ანუ ფაშინიანი ამ შეხვედრაზე სერიოზული ზეწოლის ქვეშ იქნება.

თუკი მოლაპარაკებების პროცესში ხანგრძლივი პაუზა დაისადგურებს, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე რეჟიმი შეიძლება სერიოზულად დაირღვეს. აპრილის ბრძოლებმა გვიჩვენა, რომ მოვლენები, შესაძლოა, ყველაზე რთული სცენარით განვითარდეს. ფაშინიანი საომარი ოპერაციების განახლებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა ათვითცნობიერებდეს და პროგნოზირებდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მოლაპარაკებების პროცესში მარიონეტული რეჟიმის ჩართვის მცდელობას.

გამწვავება ჯარების გამყოფ ზოლზე

აზერბაიჯანული არმიის სამხედრო მოსამსახურე ელეზ ელეზოვი 26 მარტს საღამოს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ჯარების გამყოფ ზოლზე, ფიზულის მიმართულებით გამართული სროლის შედეგად დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სროლის პროვოცირება სომხური მხრიდან მოხდა:

„26 მარტს დღის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფები ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით პროვოკაციებს მიმართავდნენ. აზერბაიჯანის ჯარმა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები გააუვნებელყო“.

სამინისტრომ ასევე უარყო სომხური პრესის მიერ იმის შესახებ გავრცელებული ცნობა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საკუთარი პოზიციების წინ წაწევა სცადა: „ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ეს სომხური მხარის მორიგ პროვოკაციას წარმოადგენს და მიზნად ფრონტზე ვითარების გამწვავებას ისახავს“.

აზერბაიჯანი თავდაცვით პოზიციებს ამყარებს

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ელჩინ გულიევმა სომხეთთან სახელმწიფო საზღვარზე დისლოცირებული რაზმის ქვედანაყოფების „გაზახ“-ის საბრძოლო მზადყოფნა შეამოწმა, – აუწყეს საინფორმაციო სააგენტო  ONA-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურიდან. ტერიტორიების დასაცავად  და სასაზღვრო დაცვის გასაძლიერებლად მიღებულია გაძლიერებული ზომები.

გაიცა დავალებები თავდაცვითი პოზიციების გასაძლიერებლად და ფორტიფიკაციული სამუშაოების ჩასატარებლად.


ასევე წაიკითხეთ