ჰომოსექსუალებმა, ლტოლვილებმა, ოპოზიციონერებმა, სტუდენტებმა, სრულიად შეძლებულმა ადამიანებმა - უცებ ყველამ  გადაწყვიტა, რომ სადღაც სხვაგან უფრო მწვანე ბალახი ხარობს " />

აზერბაიჯანელები ჩემოდნებს ალაგებენ

ჰომოსექსუალებმა, ლტოლვილებმა, ოპოზიციონერებმა, სტუდენტებმა, სრულიად შეძლებულმა ადამიანებმა - უცებ ყველამ  გადაწყვიტა, რომ სადღაც სხვაგან უფრო მწვანე ბალახი ხარობს

მანათის კურსი ეცემა, იზრდება უმუშევრობა და ნაცვლად დაპირებული რეფორმებისა (რომელსაც ბევრი ელოდებოდა აზერბაიჯანში), რეფერენდუმი ჩატარდა. მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაგან რიგითი მოქალაქეები კარგს არაფერს ელოდებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში ცხარე აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, თუ ვინ სად მიემგზავრება. სამუდამოდ.

“ბოლო თვეების განმავლობაში ემიგრაციის თემა უბრალოდ თან მდევს, – ამბობს ვლადი, რომელიც სარეკლამო სააგენტოს სცენარისტად მუშაობს, – ფეისბუკზე და პირად მიმოწერაში ყველა ამაზე მსჯელობს. გვერდზე ემიგრაციის სამსახურის რეკლამა გააქტიურდა. ახლახან სახლში კონდიციონერს ვაყენებდით. უცებ მუშა მომიტრიალდა და სრულიად მოულოდნელად მითხრა: “უნდა დავითესოთ აქედან!”. 15 წუთის შემდეგ გარეთ გამოვედი და დავინახე მეგობარი, რომელიც თავისი მანქანით სადღაც მიდიოდა, და მე მკითხა: “შენ ისევ აქ ხარ? აი, მე გადავდივარ”. იმ ადამიანების ნახევარი, ვისთანაც ათი წლის წინათ ვურთიერთობდი, ან სხვაგან წავიდა საცხოვრებლად, ან ახლა აპირებს გამგზავრებას, და ეს თემა ზოგჯერ ძალიან მაღელვებს”.

რატომ მიემგზავრებიან ადამიანები?

უბედურებას არაფერი მოასწავებდა. ბანკში ვმუშაობდი, ცოლი მოვიყვანე, ბინა და მანქანა ვიყიდე. დანაზოგი მქონდა – ყოველ თვე მცირე თანხას ვდებდი დეპოზიტზე, რომ ქალიშვილებისთვის კარგი განათლება მიმეცა, – ამბობს ბუღალტერი ანარი, – ბანკი, სადაც ვმუშაობდი, სხვა ფინანსურ ორგანიზაციას შეერწყა და ხელფასი შემიმცირდა – მანათებით ორჯერ, და დოლარებით – ოთხჯერ. კრედიტის დასაფარად მანქანა იმაზე ორჯერ იაფად გავყიდე, ვიდრე შევიძინე, შვილის განათლებისთვის გადანახული ფული კი ბანკიდან გამოვიტანე. ყველაფერი ავწონ-დავწონე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქალიშვილის ევროპაში გაგზავნას, მერჩივნა, ყველა ერთად გადავბარგებულიყავით.”

ბლოგერმა ანარ მამედოვმა საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” დაწერა: “ძალიან ბევრი კარგი, გონიერი და ჭკვიანი ადამიანი ტოვებს აზერბაიჯანს. ახლა ვზივარ, ტექსტს ვწერ, და ვცდილობ, ვიპოვო პასუხი კითხვაზე – რა ამოძრავებთ ჩემს ნიჭიერ თანამემამულეებს (რომელთაც შეუძლიათ, აქ აკეთონ სასარგებლო საქმე), როდესაც უკეთესი ცხოვრებისათვის სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არავის ვჭირდებით. ჩვენ არ ვჭირდებით სოციალურ ინსტიტუტებს, მერიას, პოლიციას, სამინისტროებსა და მეზობელ ალი-მარდანს. ჩვენ საკუთარი თავებსაც კი არ ვჭირდებით.”

რაუფ ისმაილოვი კონსულტაციას უწევს მათ, ვისაც გამგზავრება სურს. უკვე ხუთი წელია, რაც თავადაც კანადაში ცხოვრობს. მისი თქმით, წელს მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აზერბაიჯანს ტოვებენ და მუდმივ საცხოვრებელს იცვლიან. “ჩემი დაკვირვებით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში იმიგრაცია რამდენადმე შემცირდა. ანუ ძირითადად მიზეზები არა ეკონომიკურ სიდუხჭირეს, არამედ სამუშაოსა და კარიერას უკავშირდება. 2016 წელს იმიგრაცია მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ ბრიტანეთში ჩემი ნაცნობი 8 ოჯახი წავიდა. ამასთან, წასულების უმრავლესობა წარმატებული და თვითრეალიზებულია.”

“რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული მიზეზი აქვს. იმიგრანტების უმრავლესობა ამბობს, რომ სამშობლოდან ბავშვების გამო წამოვიდნენ – იმისთვის, რომ ბავშვებმა სათანადო განათლება მიიღონ და ისეთ საზოგადოებაში აღიზარდონ, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს პატივს სცემს. მეც ამ მიზეზით ჩამოვედი,” – ამბობს ის.

სად და როგორ?

აზერბაიჯანიდან ემიგრირება სხვადასხვა გზით მიმდინარეობს. ზოგიერთი სამუშაოს პოულობს (შეერთებულ შტატებში, ავსტრალიასა და ევროკავშირის ქვეყნებში), სხვები კი იმავე განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესს იწყებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ლგბტ თემის წარმომადგენლის სტატუსით მიემგზავრებიან (ევროკავშირის ქვეყნებში, მეტწილად სკანდინავიაში); ახალგაზრდები სასწავლებლად ჩადიან, სამსახურს პოულობენ და იქვე რჩებიან.

რაუფ ისმაილოვის თქმით, პოტენციური მიგრანტები პირველ რიგში უპირატესობას ანიჭებენ შეერთებულ შტატებს, კანადას, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპას. “მაგრამ პრეფერენციები ყოველთვის არ შეესაბამება შესაძლებლობებს. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის რუსეთი, უკრაინა და თურქეთი. ბევრი ნაცნობი გადავიდა, ან ახლა გადადის თურქეთსა და უკრაინაში. ეს პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპაში ემიგრაციის მეტნაკლებად ლეგალური პროგრამების უმრავლესობა დახურულია, ან საგრძნობლადაა გართულებული. მე პირადად ემიგრაციული ჯოჯოხეთის ამ წრეებს, სავარაუდოდ, ვეღარ გავივლიდი კიდევ ერთხელ… ძალიან რთული იყო,” – ამბობს ის.

რას ამბობენ რიცხვები?

ზუსტად რამდენი ადამიანი ტოვებს ქვეყანას? აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომისია ემიგრაციის მონაცემებს არ აქვეყნებს. ამ მოვლენის შესახებ ცნობების მიღება მოსახლეობის აღწერის ანალიზის მიხედვითაც შეიძლება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრობლემებს ვაწყდებით

ისტორიკოსი და კონფლიქტოლოგი არიფ იუნუსი საერთაშორისო მიგრაციების გამოყენებითი კვლევების კონსორციუმისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ განგებ არაკეთილსინდისიერად არჩეული მეთოდოლოგიის გამო აღწერის მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. “მიგრაციული სტატისტიკის განსაზღვრა აზერბაიჯანში არადამაკმაყოფილებელია. მიგრანტები (როგორც იმიგრანტები, ისე ემიგრანტები) არასრულად არიან წარმოდგენილნი (ინფორმაციის არსებული საშუალებების მიხედვით). ამასთან, მიგრანტების აღრიცხვა თანამედროვე აზერბაიჯანში პოლიტიზებულია და ესეც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს პროცესზე, რაც არ იძლევა საშუალებას, რომ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტისა და მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის მონაცემები სანდო მასალებად მივიჩნიოთ.”

საერთაშორისო სტატისტიკაც არ არის მანუგეშებელი. CIA Factbook-ის მიგრაციის დინამიკის რეიტინგში აზერბაიჯანთან დაკავშირებით ცვლილებები არ აღინიშნება. იგივე მდგომარეობაა გაეროს ანგარიშების შემთხვევაშიც. კვლევით ცენტრ CARIM-East-ის ყველაზე ახალი მონაცემები კი 2007 წლით თარიღდება და იმ პერიოდშიც კი უარყოფითი სალდო იკვეთება ქვეყანაში შემოსულ და ქვეყნიდან გასული პირების რაოდენობას შორის.

ლაჩრები და მოღალატეები?

ტაქსის მძღოლი ანდრეი: “როგორც ამბობენ, ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. აი, მე რუსეთსა და უკრაინაში ვცხოვრობდი, მაგრამ ბაქოში დავბრუნდი. აქ კარგი გარემოა – სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს. ქვეყანას კი ძირითადად უიღბლო ადამიანები ტოვებენ. ჩემი ორივე მშობელი რუსია, მაგრამ თავს მაინც აზერბაიჯანელად მივიჩნევ. კარგი, ტოლერანტული ქვეყანაა და ამ მხრივ სრულიად ვუჭერ მხარს პრეზიდენტს.”

სპორტსმენი ვაჰიდი: “არა, რას ამბობ! იცი, ჩვენები უკრაინაში რამდენ ფულს შოულობენ? ჩემი მეგობრები მუშაობენ იქ. აზერბაიჯანელები. უკრაინელები კი ზარმაცები არიან. ამიტომაა, რომ ცუდად არიან. ისე კი კარგი მხარეა და პენსიებიც კარგი აქვთ.”

ტაქსის მძღოლი: “პოროშენკოს დროს კარგად იყვნენ, ახლა კი, ობამას დროს, თათებს ილოკავენ. შენ თვითონ რატომ არ წახვედი ქვეყნიდან? იმიტომ, რომ ლაჩარი კი არა, სპორტსმენი ხარ, რომელიც ქვეყნის ღირსებას იცავს. იმ ადამიანებმა კი, რომლებიც წავიდნენ, საერთოდ არ იციან, რა არის ღირსება.”

ტაქსის მძღოლი ანდრეის მოსაზრება საკმაოდ პოპულარულია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავად არ აპირებენ სადმე წასვლას. ხშირად ამ აზრს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ემხრობიან. მათი ძირითადი არგუმენტი ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ – დიახ, ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ არ უნდა გავიქცეთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მშობლიური ქვეყანა საცხოვრებლად ვარგის ადგილად ვაქციოთ.”

მიათანათ აზიზოვა, აზერბაიჯანელი უფლებადამცველი და პოლიტემიგრანტი: “თუ ადამიანმა არჩევანი გააკეთა და ქვეყანა დატოვა, ეს მისი უფლებაა და ამის გამო მისი დამუნათება არ ღირს. ხშირად ვკითხულობ მასალებს, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანები ეკონომიკური პრობლემების გამო მიემგზავრებიან. მაგრამ შევამჩნიე, რომ ქვეყანას, ძირითადად, ის ადამიანები ტოვებენ, რომლებსაც საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ, ან ფულის მოგროვება მოასწრეს. ეს პრობლემა უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა. მომავლის მიმართ შიში, დეპრესიული საზოგადოება, შეზღუდული პირობები თვითრეალიზაციისთვის და სხვა; უხარისხო მედიცინა, განათლება… ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თუკი ცოდნა და უნარები გაქვს, შეგიძლია სამშობლოშიც მიაღწიო ყველაფერს; სხვები კი ფიქრობენ, რომ ცოდნაც რომ ჰქონდეთ, მაინც არავის სჭირდებიან.”

ვაჰიდი, რომელიც 20 წლის წინათ გადავიდა ბრიტანეთში: “ჩვენს ემიგრაციას კარგად და გაგებით ვეკიდები. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და მას მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვს. ის ადგილი, სადაც დაიბადა, შესაძლოა, არ უხდებოდეს პროფესიული, ეკონომიკური, სულიერი, ესთეტიკური, კლიმატური და კიდევ ათობით სხვა მიზეზით. ემიგრაცია რთული რამაა, მაგრამ ის ამდიდრებს და ავითარებს ადამიანს, თუკი მას ეს უნდა, რა თქმა უნდა. და ქვეყნიდან წასვლა ადამიანს არაპატრიოტად და მშობლიური ქვეყნის მტრად არ აქცევს. ასეთი მიდგომა პრიმიტიულია. ჩემი დაკვირვებით, ხალხი ზემოაღნიშნული შეუსაბამობებისა და ქვეყნის განვითარების კურსის მიმართ პროტესტის გამო ტოვებს ქვეყანას. ადამიანებს შვილების მომავალი აღელვებთ. მათი ქცევა გადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახევი. მათ არ სურთ, იცხოვრონ ციხეში (პირდაპირი ან არაპირდაპირი მნიშვნელობით “ციხეში”).

შეჯამება

ყველა მოსაზრებისა და მონაცემის შეჯამებით ასეთი დასკვნების გამოტანა შეიძლება:

1. აზერბაიჯანი ემიგრაციის ახალი ტალღის წინაშე დგას – ქვეყანას გაცილებით მეტი ადამიანი ტოვებს, ვიდრე წინა წლებში. თუმცა, ადეკვატური სტატისტიკის არარსებობის გამო, ზუსტი რიცხვების დასახელება შეუძლებელია.

2. პირველ რიგში, იმ ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გადასვლის პროცესი მეტნაკლებად კომფორტულ პირობებში წარმართონ.

3. როგორც წესი, ამ ადამიანებს კომპლექსური მოტივები აქვთ – ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში და ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივის არარსებობა; პლუს ბავშვების უფრო უსაფრთხო და ცივილიზებულ გარემოში აღზრდის სურვილი.

ამავდროულად, ერთმა ბლოგერმა დაწერა: “ვინც ბოლოს დატოვებს ქვეყანას, წასვლის წინ აეროპორტში შუქი ჩააქროს.”

• ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის დევალვაციის ორი მკვეთრი ტალღა აღინიშნა;
• შედეგად, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმპორტული სამომხმარებლო საქონლის ფასები ორჯერ გაიზარდა;
• 2015 წელს ინფლაცია 4%-ით განისაზღვრა. ვარაუდობენ, რომ 2016 წელს ეს მაჩვენებელი 12%-ს გაუტოლდება;
• დაიხურა რამდენიმე მსხვილი ბანკი;
• ხელისუფლება არსებულ კრიზისს ნავთობის ფასის შემცირებით ხსნის. ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილს სწორედ ნავთობის რეალიზაციით მიღებული თანხები შეადგენს;
• მიუხედავად დაპირებებისა, რომ “არასანავთობო სექტორის განვითარების” მიზნით, სათანადო რეფორმები გატარდებოდა, ამ სფეროში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა.
• მიმდინარე წელს სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს, დააპატიმრეს ან გაასამართლეს (სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს) ასზე მეტი ოპოზიციონერი და სამოქალაქო აქტივისტი.

გამოქვეყნდა 18.10.2016


ასევე წაიკითხეთ