გვჭირდება თუ არა სავალდებულო სამხედრო გაწვევა? ეს კითხვა წლებია საქართველოში დისკუსიის თემაა. გაწვევის სისტემის ყველა ხარვეზი და პრობლემა" />

სამხედრო გაწვევა – სამშობლოს დასაცავად თუ უფასო ყარაულებად?

გვჭირდება თუ არა სავალდებულო სამხედრო გაწვევა? ეს კითხვა წლებია საქართველოში დისკუსიის თემაა. გაწვევის სისტემის ყველა ხარვეზი და პრობლემა

წვევამდელთა მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი. 2014 წელი. ფოტო: Police.ge

საქართველოში სავალდებულო სამხედრო გაწვევის სისტემა მოქმედებს. თუმცა, თუ თქვენ ფული გაქვთ, კომისარიატში საჭირო ნაცნობი მოძებნეთ ან თუნდაც ახლობელი მღვდელი გყავთ, შეიძლება ჯარში სამსახურისგან თავი დაიძვრინოთ.

ნაკლებად უმართლებთ სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველებს. ისინი ერთი წლით წყდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს, სამსახურს, ოჯახს და სანაცვლოდ, ერთწლიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, თოფის სროლაც არ იცოდნენ.

2011 წელს, 19 წლის გიორგი ბოკუჩავა სკოლის დამთავრების შემდეგ სამუშაოს საშოვნელად აბაშიდან თბილისში ჩამოვიდა. ხელობა იცოდა, საქმეც მალე ნახა – ბინებს არემონტებდა და მცირე შემოსავალიც გაუჩნდა. ფულის ნაწილს სოფელში დედ-მამას უგზავნიდა, რადგან ოჯახის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი იყო.

სამხედრო მოწვევა თბილისში გადმოსვლიდან მალევე მიიღო. სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, კომისარიატში ვერც ნაცნობი ნახა და ვერც 12 თვით გადავადებისთვის აუცილებელი თანხა – 2000 ლარი მოაგროვა. ასე აღმოჩნდა 1 წლით სამხედრო სამსახურში.

როცა ამ ერთწლიან პერიოდს იხსენებს, ამბობს, რომ სამხედრო საქმე თითქმის არ უსწავლია.

“ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გვარბენინებდნენ და რამდენჯერმე ტყვიები გვასროლინეს, სულ ეს იყო. მერე სხვადასხვა ობიექტზე გადაგვანაწილეს” – ამბობს გიორგი.

ხანმოკლე სამხედრო მომზადების შემდეგ გიორგი თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო საავდმყოფოში დაცვის სამსახურში გაანაწილეს. სამ დღეში ერთხელ 24-საათიანი მორიგეობა უწევდა, ძილს მხოლოდ 3 საათით ახერხებდა.

“ამ ერთ წელს დადებითი მხარე ის ჰქონდა, რომ მეორედ ასეთ სამსახურში არასდროს არ ვიმუშავებ. ამას ფიზიკური შრომა მირჩევნია”, – იხსენებს გიორგი.

წვრთნა და აღჭურვა. როგორ იწყებოდა პროფესიული არმია

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-ანი წლების დასაწყისიდან, ქვეყნის შეიარღებული ძალების დაკომპლექტება კვლავ საბჭოთა წესით – გაწვევით გრძელდებოდა.

2002 წელს დაწყებული, აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის “წვრთნისა და აღჭურვის” წყალობით, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 2000 სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს. 64 მილიონ დოლარად შეფასებული პროგრამის მსვლელობისას საქართველომ კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცები მიიღო, რომელთაც ჰქონდათ ხელფასი და პრესტიჟულად მიაჩნდათ საკუთარი პროფესია.

მაშინ ამ პროგრამამ სამხედრო პროფესიას საქართველოში ფასი დაუბრუნა. ყოველი ახალი კონტინგენტის დაკომპლექტების წინ შერჩევას სულ უფრო მეტი მსურველი გადიოდა. ასე გაჩდნენ საქართველოში პირველი პროფესიული ქვედანაყოფები.

“წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მონაწილე ქართველი სამხედროები. 2003 წელი. ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად შეიარაღებული ძალების გაძლიერება გამოაცხადა. სააკაშვილის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ სულ მალე ჯარს მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე გადაიყვანდა. თუმცა, ეს არ მოხდა.

2005 წლიდან ქართულ სამხედრო ძალებში ამოქმედდა სარეზერვო სისტემა, რომელსაც ექსპერტების და სპეციალისტების ნაწილი იმთავითვე ეჭვის თვალით უყურებდა. სარეზერვო სამსახურში 18-დან 40 წლამდე პირები წელიწადში 18-დღიან სამხედრო წვრთნას გადიოდნენ და რეზერვში 3-ჯერ ყოფნის შემთხვევაში სავალდებულო სამსახურიდან ავტომატურად თავისუფლდებოდნენ.

სარეზერვო სამსახურის ხარვეზები კარგად გამოჩნდა აგვისტოს ომის დროს – მთავარი პრობლემები რეზერვისტთა მომზადების დაბალი ხარისხი და ქვედანაყოფების არაორგანიზებულობა გახდა.

წინა ხელისუფლება 2008 წლის გაკვეთილების გათვალისწინებას და სისტემის რეფორმირებას შეეცადა, თუმცა 2012 წელს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ რეზერვი ფაქტობრივად გაუქმდა და მოქალაქეთა რეზერვში გაწვევა შეწყდა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარეზერვო სამსახურის აღდგენას აპირებს. თავდაცვის სამინისტროში უკვე მზად აქვთ კონცეფცია და აცხადებენ, რომ ეს იქნება სრულიად განახლებული სისტემა.

საქართველოში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი პერიოდულად იცვლებოდა. თუმცა, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტაბილურად 37 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის.

სავალდებულო წესით გაწვეული პირებისგან განსხვავებით, საკონტრაქტო სამსახურში მსურველები თავისი ნებით მიდიან და სახელწმიფოსთან 4 -წლიან კონტრაქტს აფორმებენ.

პროფიოსონალი სამხედროების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1000 ლარია, რასაც თან ერთვის სხვადასხვა სოციალური და სამედიცინო ტიპის პრივილეგია.

ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომმა ნათლად დაგვანახა, რომ სახელწიფომ ფსონი პირველ რიგში პროფესიონალ სამხედროებზე უნდა გააკეთოს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მოქმედი პოლიტიკის ფარგლებში, გაწვევის დღევანდელ მეთოდს მთავრობა არ შეელევა. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.

სავალდებული გაწვევა და მისგან თავის დაღწევის გზები

კონსტიტუციისა და სპეციალური კანონის მიხედვით, 12 თვით ჯარში სამსახური სავალდებულოა 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქე ყველა მამაკაცისთვის. გამონაკლისები არიან ისინი, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების ან გადავადების კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული მიზეზი აქვთ.

გათავისუფლების მიზეზები კი შემდეგია: 1) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, 2) სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა 3) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოხდა, 4) და-ძმის არ ყოლა, ე.წ „დედისერთად“ ყოფნა. 5) შეზღუდული შესაძლებლობები ან განსაკუთრებული ნიჭი.

საინტერესოა, რომ აქვს თუ არა ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი, ამას კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს და სპეციალურ თანხმობას გასცემს.

გარდა ამ შემთხვევებისა, კანონი ითვალისწინებს ასევე სამხედრო სამსახურის დროებით გადავადებასაც. მაგალითად, ჯარში გაწვევის გადავადება შეიძლება თუკი მამაკაცი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დროებითი პრობლემა აქვს, მღვდელმსახური გახდა ან ორი ან ორზე მეტი მცირეწლოვანი შვილის ჰყავს. ასევე, გაწვევის გადავადება შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტში 2000 ლარის გადახდის შემთხვევაშიც.

გამონაკლისების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია და მას წვევამდელები საკმაოდ მოხერხებულად იყენებენ.

მაგალითად, JAMnews-მა იპოვა ახალგაზდა, რომელიც ჰყვება, რომ სამხედრო სამსახურისგან ახლობელმა მღვდელმა გადაარჩინა:

“ჩემი მამაო დამეხმარა ძალიან. კომისარიატში მისი დაწერილი ოფიციალური წერილი წარვადგინე, სადაც ეწერა, რომ სტიქაროსანი ვარ და ღვთისმსახურებას ვეწევი. ამის შემდეგ შემეშვნენ, აღარ მომდის გაწვევის წერილი,” – უთხრა 23 წლის ახალგაზრდამ JAMnews.

უფრო მეტი ვიპოვეთ ისეთი რესპონდენტი, რომლებმაც სისტემაში “საჭირო” ნაცნობი აღმოაჩნდათ და გაწვევას მათი დახმარებით გადაურჩნენ. ისინი საკუთარ ვინაობის გამჟღავნებას ერიდებიან.

“ახლობელი მყავს კომისარიატში, მიჯიგრა და სამედიცინო შემოწმებაზე დამბრაკეს,” – ამბობს ერთ-ერთი.

სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები წვევამდელებს აღრიცხავენ. ზუგდიდი. 2016 წლის მაისი. ფოტო: ზუდგიგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია

JAMnews-ის წყარო სამხედრო კომისარიატში იმასაც გვიყვება, რომ ზოგჯერ წვევამდელები თვითდაზიანებებს იყენებენ.

“მაგალითად, ხდება სიგარეტის  ჩაწვა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, შემოწმებამდე წონის განზრახ დაკლება ან თავის ფსიქიკურად დაავადებულად მოჩვენება, – ასეთებიც ხდება, ამბობს ის, – არავის არ უნდა ერთი წლით ცხოვრებას მოწყდეს”.

საკუთარ ისტორიას გვიყვება ილია მეშვილდიშვილიც, რომელმაც ასევე თავი აარიდა სამხედრო სამსახურს. ილიამ საქართველოს ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი “თავისუფალი უნივერსიტეტი” დაამთავრა თუ არა, ეგრევე სხვა უნივერსიტეტში ჩააბარა. საერთო ჯამში ილიას 4 უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჯარში არ გაეწვიათ.

“ჩემი დაუსრულებელი სტუდენტობა 12 ათას 500 ლარი დამიჯდა. ნაწილი ფული ჩემი ჯიბიდან გადავიხადე, ნაწილი სახელმწიფო გრანტმა დამიფარა, რადგან მაღალი ქულებით ვირიცხებოდი. სინამდვილეში, ამდენ უნივერსიტეტში სწავლა არც მჭირდებოდა. მეც ვიზარალე და სახელმწიფომაც, რომელიც გრანტს მაძლევდა სწავლაში,” – ამბობს ილია.

ისინი კი, ვინც 12 -თვიან გადავადებაში 2000 ლარს იხდის, ხშირად ამ თანხას ბანკისგან სესხულობს, რაც მძიმე ტვირთად აწვება წვევამდელთა ოჯახებს, რომლებსაც კრედიტის გადახდა უწევთ.

ჯარში წასვლის სანაცვლოდ, ფიქტიური სტუდენტობა განსაკუთრებით მოთხოვნადი 25 წლიდან ხდება, ვინაიდან ამ ასაკის მიღწევის შემდეგ მოქალაქეს სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება კანონმდებლობის მიხედვით აღარ გაქვს. ამიტომ 25 წელს მიღწეული ახალგაზრდებისთვის 2- წლიანი მაგისტრატურა სახელმწიფოს მიერ უფასოდ გამოცხადებულ ფაკულტეტებზე ( ასეთი დაახლოები 10-ია) გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზაა.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოდის ისე, რომ ჯარში მხოლოდ სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი მოქალაქეები მიდიან, რომლებსაც არც “საჭირო” ნაცნობი ჰყავთ, არც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საშუალება და არც გადავადებისთვის საჭირო თანხები.

თოფიანი დარაჯები

დღევანდელი სისტემის მიხედვით, 1- წლიანი სავალდებულო სამსახური ყოველწლიურად 6-დან 7 ათასამდე ადამიანს ეხება. გაწვევა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება, წვევამდელების რეკრუტირებას კი სამი სახელმწიფო უწყება – თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ეწევიან.

ძირითადად, გაწვეული წვევამდელებიდან სამხედრო სამსახურში მხოლოდ 25%-ი ხვდება. დანარჩენებს შსს-ს დაცვის პოლიციასა და ციხეების გარე დაცვაში ანაწილებენ.

2015 წლის მონაცემების მიხედვით, სავალდებულო გაწვევის გზით 6436 ადამიანის მობილიზაცია მოხდა, საიდანაც სამხედრო სამსახური მხოლოდ 1609 – მა გაიარა. დანარჩენები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ობიექტზე დაცვის ფუნქციას ასრულებდნენ.

გაწვეული ადამიანების 75%-ს სამხედრო მომზადებასთან თითქმის ნულოვანი კავშირი აქვს, ვინაიდან მათ მოვალეობად უძრავი ქონების გუშეაგობა ითვლება. ამ ადამიანების დიდი უმრავლესობის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში ანაზღარუებადი არაა, ან ხელფასი მაქსიმუმ 75 ლარის ფარგლებშია გათვალისწინებული, რაც თითქმის 2,5 -ჯერ ჩამორჩება საქსტატის 2017 წლის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს (168.1 ლარი).

“იარაღის სროლაც კი არ ვიცი წესიერად, ერთი წელი უბრალოდ დარაჯად ვმუშაობდი ციხის ტერიტორიაზე. თოფიან დარაჯს მეძახდნენ მეგობრები, “ – ხუმრობს ნიკა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა სამხედრო სამსახურიდან.

ის ამბობს, რომ ხელფასი, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში უხდიდნენ, მხოლოდ დაცვის ობიექტამდე მისასვლელი გზის ფული იყო და კიდევ რამდენიმე კოლოფ სიგარეტზე ყოფნიდა.

JAMnews-ის გამოკითხვმა თბილისში. ახალგაზრდები გაწვევის არსებული მოდელის წინააღმდეგნი არიან 

ხელისუფლების არგუმენტები: წვევამდელები იაფი ჯდება

თითქმის ყველა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოდის, აცხადებს, რომ მისი მიზანი პროფესიულ არმიაზე გადასვლა და სავალდებულო გაწვევის გაუქმებაა.

ჯერ კიდევ 2014 წელს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2017 წლისთვის ქართული ჯარი სრულად გადავიდოდა საკონტრაქტო მოდელზე.

ალასანიაზე უფრო რადიკალური აღმოჩნდა თავდაცვის კიდევ ერთი ექს-მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც 2016 წლის 27 ივნისს გააკეთა განცხადება, რომ ჯარში სავალდებულო წესით გაწვევა გაუქმდა.

„ძალით მოყვანილი სამხედრო არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს“ – სწორად ეს იყო მაშინ ხიდაშელის მთავარი არგუმენტი. ამ ფაქტს საერთაშორისო მედიაც გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ სამხედრო გაწვევის გაუქმება უპრეცედენტო ფაქტია კავკასიის რეგიონისთვის.

თუმცა, ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა.

ლევან იზორიამ, აჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც ამ პოსტზე თინა ხიდაშელი გაწვევის გაუქმების გამოცხადებიდან ერთ თვეში შეცვალა, ძველი პრაქტიკა ხელახლა აღადგინა.

რატომ ხდება ისე, რომ ყველა ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების პირობას დებს, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ვერც ერთი ვერ ამბობს ამ სისტემაზე უარს?

ხელისუფლება გაწვევის დღევანელ სისტემას რამდენიმე მიზეზით ამართლებს. მთავარი არგუმენტი ეკონომიკურ მხარეს უკავშირდება. ჩინოვნიკები ამბობენ, რომ წვევამდელთა სისტემით სახელმწიფო ნაკლებ ფულს ხარჯავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა, ლევან იზორიამ სწორად ეს მიზეზი დაასახელა სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენის მოტივად. მისი თქმით, ერთი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურის შენახვა სახელმწიფოს წელიწადში 26 ათასი ლარი უჯდება, მაშინ როდესაც სავალდებულო მოსამსახურეზე მაქსიმუმ 9 ათასი ლარი იხარჯება.

ხელისუფლების წარმომადგენლები უხვად იშველიებენ საერთაშორისო მაგალითებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პარალელს ისრაელთან ავლებს და ამბობს, რომ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის დაცვა ყველა მამაკაცის ვალია. თუმცა, ოპონენტები იქვე შეახსენებენ სესიაშვილს, რომ ისრაელში სავალდებულო წესით გაწვეული პირები ხარისხიან სამხედრო მომზადებას გადიან და არა რომელიმე უძრავი ქონების გუშაგად დგანან.

ხშირია ასევე პარალელები ბალტიისპირეთის ქვეყნებთან: მაგალითდ, ლიტვის სეიმმა, რომელსაც გაუქმებული ჰქონდა სავალდებულო გაწვევა, 2016 წლის 31 მაისს მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, გაწვევა გაგრძელდება 2019 წლის შემდეგაც (2015 წელს, საყოველთაო გაწვევა 5 წლის ვადით იქნა აღდგენილი). ამას ლიტვის ხელისუფლება მზარდი გეოპოლიტიკური საფრთხეებით ხსნის. გაწვევის სისტემა მოქმედებს ასევე ესტონეთშიც, სადაც 18 – 27 წლის ყველა მოქალაქე მამაკაცი ვალდებულია,  8 – 12 თვის განმავლობაშიიმსახუროს.

ოპოზიციის არგუმენტები: ფულის გამოძალვა და უფასო მუშახელი

როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე ოპოზიციურ ფლანგზეც გაწვევის დღევანდელ მოდელს ყველა თითქმის ერთხმად აკრიტიკებს. ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სახელმწიფო სრულად უნდა გადავიდეს პროფესიული არმიის მშენებლობაზე, დანარჩენი კი გაწვევის სისტემის დახვეწას და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას ითხოვენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი JAMnews-თან საუბარში მწვავედ აკრტიკებს გაწვევის დღევანდელ მოდელს და ცვლილებების ინიციატივით გამოდის. მისი აზრით, აუცილებელია შემდეგი ცვლილებები: 1) სავალდებულო სამსახურის ერთი წლიდან 6 თვემდე შემცირება, 2) წვევამდელების გუშაგებად გადანაწილების გაუქმება და მათთვის სრულმასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩატარება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. 2015 წელი

“კორუფციის წყარო და გაწვევის გადავადებისთვის გაჭირვებული ოჯახებიდან ფულის გამოძალვა,” – სწორად ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სავალდებულო სამხედრო გაწვევის დღევანდელ მოდელს. გარდა ამისა, მისი თქმით, “სახელმწიფო არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს მოქალაქეებს უფასო მუშა-ხელად ან ბიუჯეტის შევსების საშუალებად იყენებს”.

ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი” სხვა ოპოზიციურ პარტიებზე შორს წავიდა და იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა, დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია. აღნიშნული ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი  სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება აქვთ.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

როგორც “გირჩის” ოფისში JAMnews-ს უთხრეს,  “გირჩის” მიერ დარეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციაში სასულიერო პირად კურთხევის სერვისით 10 ათასამდე წვევამდელმა ისარგებლა და სამხედრო გაწვევას თავი აარიდა.

გაწვევის გაუქმების მოთხოვნით “გირჩი” სპეციალური კამპანიასაც აწარმოებს. “გირჩი” წევრები მართავდნენ აქციებს და ამზადებდნენ სპეციალურ ვიდეო-რგოლებს გაწვევის პოლიტიკის წინააღმდეგ:

პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ვიდეოკლიპი სავალდებულო გაწვევის სისტემის წინააღმდეგ

დღევანდელ სავალდებულო გაწვევის სისტემას არ იწონებს, თუმცა ამ მოდელის პრაქტიკაში დატოვებას ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „ სამოქალაქო – სამხედრო ურთიერთობების ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი ნონიაშვილი.

მისი თქმით, თანამედროვე სამხედრო სისტემების მსგავსად, გაწვევა საქართველოშიც მოქალაქეზე ორიენტირებული უნდა იყოს, რაც სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან წვევამდელის მინიმალურ მოწყვეტას გულისხმობს. იგი მიიჩნევს, რომ სრულიად არაეფექტური და უუნაროა უსაფრთხოების კონტექსტში ყველა ის პირი, ვინც სავალდებულო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს მიღმა გადის. ასეთი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წვევამდელების 75%-ია.

“გამოსავალი კარგად გამართული სარეზერვო სამსახურის შექმნაა, რომელიც ევროპული ქვეყნების ანალოგიას დაეფუძნება. ამ გზით სახელმწიფო ფულს უფრო რაციონალურად დახარჯავს, სანაცვლოდ კი, სამხედრო საქმიანობის მცოდნე მოქალაქეებს მიიღებს,” – ამბობს სამხედრო ექსპერტი.

“სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობათა ცენტრის” თანადამფუძნებელი გიორგი ნონიაშვილი

ამავე თემაზე

აზერბაიჯანმა და საქართველომ სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

აზერბაიჯანმა და საქართველომ სამხედრო თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

აფხაზეთის ორი სანატორიუმის ცხოვრება რუსი სამხდროების მიერ მათი მიტოვების შემდეგ

აფხაზეთის ორი სანატორიუმის ცხოვრება რუსი სამხდროების მიერ მათი მიტოვების შემდეგ

თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი - არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები

კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი - არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები

რუსული ჯარის გაყვანა დნესტრისპირეთიდან - მცდელობა ნომერი ორი

რუსული ჯარის გაყვანა დნესტრისპირეთიდან - მცდელობა ნომერი ორი

სამხრეთი ოსეთის ჯარი ახლა ოფიციალურად ნაწილობრივ რუსული არმიის შემადგენლობაშია

სამხრეთი ოსეთის ჯარი ახლა ოფიციალურად ნაწილობრივ რუსული არმიის შემადგენლობაშია

სომეხი სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადების გაუქმებას აპროტესტებენ

სომეხი სტუდენტები სამხედრო სამსახურის გადავადების გაუქმებას აპროტესტებენ

სომხეთში წვევამდელებს ყალბ დიაგნოზს უსვამდნენ და ჯარში სამსახურიდან ათავისუფლებდნენ

სომხეთში წვევამდელებს ყალბ დიაგნოზს უსვამდნენ და ჯარში სამსახურიდან ათავისუფლებდნენ

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ