კორონავირუსი: გამოცხადდა პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
კორონავირუსი COVID-19-ის გლობალური პანდემიის შესახებ, 11 მარტის საღამოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
აქამდე, მსოფლიოში ვირუსის სწრაფად გავრცელებას აფეთქებად ან ეპიდემიად მოიხსენიებდნენ.
COVID-19-ის შესახებ, მსოფლიოსთვის ცნობილი სულ რაღაც სამი თვის წინ გახდა, მაგრამ 11 მარტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ვირუსით უკვე 121 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა, იმ ქვეყნების რიცხვი კი, რომელთაც დაავადება შეეხო – გასამმაგდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, თედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა 11 მარტს, ჟენევაში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან სიტუაციის ორ თავისებურებას გაუსვა ხაზი:
„ჩვენ, აქამდე არასოდეს გვინახავს პანდემია, რომელიც კორონავისურმა გამოიწვია და არასოდეს გვინახავს პანდემია, რომლის გაკონტროლებაც შეიძლება“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანამ აჩვენა, რომ დაავადების გაკონტროლების უნარი აქვს.
მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მსოფლიოს ბევრი ლიდერის უუნარობის თაობაზე – იმოქმედონ საკმარისად სწრაფად ან რადიკალურად, რათა შეაკავონ გავრცელება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ორგანიზაცია „ხმამაღლა და გარკვევით აძლევს ყველას განგაშის სიგნალს“.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველით, რომ გაიზრდება ინფიცირების, გარდაცვალებისა და იმ ქვეყანათა რიცხვი, რომელთაც ვირუსი შეეხო.”
მაგრამ იქვე ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვგარეშეა – ჯერ კიდევ ყველა ქვეყანას შეუძლია შეცვალოს ამ პანდემიის მიმდინარეობა“.
• კორონავირუსის აფეთქება – იდეალური დრო პანიკით მოვაჭრეთათვის
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
რა განსხვავებაა პანდემიას, ეპიდემიასა და აფეთქებას შორის?
საერთაშორისო ეპიდემიოლოგიაში, როგორც წესი ეს სამი ტერმინი გამოიყენება: აფეთქება, ეპიდემია და პანდემია.
საერთაშორისო სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სამ სცენარს შორის სხვაობა, პირველ რიგში, დაავადების გავრცელების მასშტაბშია.
დოქტორმა რებეკა ფიშერმა, ტეხასის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, დეტალების შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა:
აფეთქება
არც თუ ისე დიდი მასშტაბის, მაგრამ გამოარჩევს გავრცელების უჩვეულო ფორმა და გარკვეული ზრდა შემთხვევათა მოსალოდნელ რაოდენობასთან შედარებით.
ეპიდემია
ეპიდემია – ეს არის აფეთქება დიდ ტერიტორიაზე. როდესაც ადამიანების დაინფიცირება ჩინეთის ქალაქ უჰანისა და უბეის პროვინციის გარეთ დაიწყო, სადაც ვირუსი 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, ბევრი ეპიდემიოლოგი საუბრობდა ეპიდემიის დაწყების შესახებ. მიზეზად დასახელდა არასაკმარისი ან დაგვიანებით მიღებული ზომები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
ამასთან, სპეციალისტები ამბობენ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება არ იყო მოულოდნელი, რადგან მკურნალობის საწყის ეტაპზე არც მკურნალობა და არც ვაქცინა არ იყო ხელმისაწვდომი.
პანდემია
როდესაც ეპიდემია ვრცელდება რამდენიმე ქვეყანაში ან მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში და დაავადება გადაედება უკვე ადგილობრივად და უფიქსირდება არა მხოლოდ იმათ, ვინც ვირუსი სხვა ქვეყნიდან „ჩამოიტანა“ – ეს მიიჩნევა პანდემიად.
ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პროცესი კონტროლიდან გამოვიდა.
რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ, როდესაც პანდემიაა გამოცხადებული
ამ დრომდე ხელისუფლებებს, დაწესებულებებსა და დახმარების ორგანიზაციებს მოუწოდებდნენ, ფოკუსი პრევენციასა და ვირუსის გავრცელების შეჩერებაზე გაეკეთებინათ.
COVID-19-ის ოფიციალურად პანდემიად გამოცხადება, მთავარი ფოკუსის გადატანისა და უკვე შედეგებისთვის მომზადების რეკომენდაციას იძლევა – პირველ რიგში, ინფიცირებულთა დიდ რაოდენობისთვის.
მთავრობებმა ახლა ახალი ადგილები უნდა შექმნან საავადმყოფოებში ან განავითარონ ახალი საავადმყოფოები, ასევე, შექმნან სამედიცინო პრეპარატების აუცილებელი რეზერვები.
რაც შეეხება მოსახლეობას – სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებამ არ უნდა გამოიწვიოს შიში ან აიძულოს ადამიანები, გაიკეთონ სამედიცინო ნიღბები.
ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო ადვილად გადაცემადი ან სასიკვდილო გახდა.
ძალაში რჩება იგივე რეკომენდაციები, რომელიც აქამდე იყო გაცემული. პირველ რიგში: ხშირად და ყურადღებით ხელების დაბანა; ადამიანების თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, თვალების, ცხვირისა და პირის დაცვა შესაძლო ინფიცირების ადგილას ყოფნისას. მსგავსი რეკომენდაციები ამ პატარა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.
• როგორ დავიცვათ თავის კორონავირუსისგან. პასუხები კითხვებზე 2-წუთიან ვიდეოში
მაგრამ პანდემიის გამოცხადება ისტორიული მოვლენაა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტების აზრით, სერიოზული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური შედეგები მოყვება.
• 121 564 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი მსოფლიოში მას შემდეგ, რაც 2019 წლის დეკემბერში, ცენტრალურ ჩინეთში, პირველი შემთხვევები აღმოაჩინეს.
• 4 373 ადამიანი გარდაიცვალა.
• 66 239 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კავკასია
• 23 ინფიცირებული საქართველოში.
• 14 ინფიცირებული ადამიანი აზერბაიჯანში, მათგან სამი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
• მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შეგიძლიათ აქ ნახოთ.
წარსულის პანდემიები
პანდემიები საუკუნეების განმავლობაში, კაცობრიობის ისტორიის ნაწილი იყო. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, რომლის შესახებაც ცნობილია, 1580 წელს დაფიქსირდა.
მას შემდეგ, დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, სულ მცირე გრიპის ოთხი პანდემია მოხდა მე-19 საუკუნეში და სამი – მეოცეში.
1918 წელი
დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო ცენტრის თანახმად, უახლეს ისტორიაში, ყველაზე სერიოზული გრიპის პანდემია 1918 წელს დაფიქსირდა, რომელსაც „ესპანურ გრიპს“ უწოდებენ. მაშინ, დაახლოებით, 500 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა ანუ პლანეტის მოსახლეობის მესამედი. „ესპანური გრიპით“ მთელ მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
1957 წელი
შემდეგ, 1957 წელს, აღმოსავლეთ აზიაში, ახალი A ტიპის გრიპის ვირუსი H2N2 გაჩნდა, რომელმაც პანდემია გამოიწვია. მას „ფრინველის გრიპი“ დაარქვეს, რამდენადაც ის შედგებოდა გენებისგან, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩიტებისთვის იყო დამახასიათებელი. დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, ამ ვირუსმა მსოფლიოში 1,1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1968 წელი
1968 წელს პანდემია გამოაცხადეს A ტიპის გრიპის ვირუსის H3N2-ის გამო, რომელიც ჩინეთში წარმოიშვა. დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, ეს ვირუსი შედგებოდა A ტიპის ფრინველის ვირუსის ორი გენისგან. მაშინ, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში.
H3N2-ის ვირუსი დღემდე აგრძელებს ცირკულირებას მთელ მსოფლიოში, მაგრამ უკვე, როგორც სეზონური გრიპი.
2009 წელი
2009 წლის გაზაფხულზე, ახალი A ტიპის გრიპის ვირუსი H1N1 გაჩნდა. თავდაპირველად ის აშშ-ში დააფიქსირეს, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, ვირუსი „გრიპის გენების უნიკალურ კომბინაციას შეიცავდა, რომელიც მანამდე არც ცხოველებში და არც ადამიანებში გამოვლენილა“. აღმოაჩინეს, რომ ვირუსი ღორიდან იღებდა სათავეს და პანდემიამ „ღორის გრიპის“ სახელი მიიღო.
დაავადებათა კონტროლის საერთაშორისო ცენტრის შეფასებით, იმ პანდემიის დროს, მსოფლიოში 152 ათასიდან 576 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, მათი 80 პროცენტი – 65 წელზე ნაკლების. ეს ვირუსიც აგრძელებს მსოფლიოში ცირკულირებას, მაგრამ უკვე სეზონური გრიპის სახით.