სიღარიბე, ძალადობა ოჯახში, მშობელთა მიგრაცია - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ბავშვები ქუჩაში ხვდებიან " />

UNICEF-მა საქართველოსა და აზერბაიჯანში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა შეისწავლა

სიღარიბე, ძალადობა ოჯახში, მშობელთა მიგრაცია - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც ბავშვები ქუჩაში ხვდებიან

გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა გამოიკვლია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია მრავალფეროვანია და მათ გარკვეული მსგავსი კანონზომიერებები ახასიათებთ.

ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ბავშვები ქუჩაში ხვდებიან არის: მშობელთა სიღარიბე, მშობლების იძულებითი მიგრაცია, გარდაცვალება, დაპატიმრება, ავადმყოფობა, ან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რაც მშობლის მიერ ბავშვის მიტოვებას ან უგულებელყოფას და ბავშვის მიერ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას იწვევს; ასევე – ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, მკაცრი დისციპლინა აღმზრდელობით დაწესებულებებში, რის გამოც ბავშვებს და მოზარდებს წესების დამორჩილებას ქუჩაში ცხოვრება ურჩევნიათ;

საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების პოპულაცია მრავალფეროვანია და მოიცავს: ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში მშობლების მზრუნველობის გარეშე; ბავშვები, რომლებიც დღისით ქუჩაში მუშაობენ და შემოსავალი ოჯახში მიაქვთ; ბავშვები, რომლებსაც თან ახლავთ უფროსები, რომლებიც თავად მუშაობენ ქუჩაში; ბავშვები მიგრანტი ქუჩის ოჯახებიდან, რომელთა შორის სჭარბობენ ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები.

საქართველოს და აზერბაიჯანის განსხვავებული სოციალური დახმარების პროგრამებისა თუ სამართლებრივი ჩარჩოების (მათხოვრობის აკრძალვა და წვრილი მოვაჭრეების მიმართ სანქციების აღსრულების უფრო მკაცრი ზომების გამოყენება) და აზერბაიჯანული ვალუტის გაუფასურების გამო, ხდება აზერბაიჯანული ოჯახების მიგრაცია საქართველოში, სადაც ისინი ქუჩის ცხოვრებას ეწევიან. ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს, ხშირია აზერბაიჯანული და სხვა ქუჩის მობილური ოჯახების მიგრაცია საქართველოს ზღვისპირა კურორტებისკენ.

ქუჩის ბავშვებისა და ახალგაზრდების ზოგიერთი ჯგუფი ბანდის ტიპის სტრუქტურას ქმნის. ბავშვთა ზოგიერთ ჯგუფს ისეთი შიდა სტრუქტურა აქვს, რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელ და დაქვემდებარებულ წევრებად ყოფს. ხელმძღვანელები დაქვემდებარებულ ბავშვებს „ფარად“ იყენებენ, დანაშაულის ჩადენას აიძულებენ და ამ გზით მიღებულ შემოსავალს ართმევენ. ხშირად დანაშაულს უმცროსი ასაკის ბავშვები ჩადიან, ან – უფროსები აიძულებენ, რომ თავის თავზე აიღონ დანაშაული, რის გამოც ისინი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ გამოიყენება.

ქუჩის ბავშვების ჯგუფებში ადგილი აქვს გოგონებზე სექსუალურ ძალადობასაც. თბილისში მოქმედი ერთ-ერთი დაჯგუფების ყოფილი წევრების ჩვენებების მიხედვით, გოგონები ვალდებულნი იყვნენ, სექსუალური მომსახურება გაეწიათ დაჯგუფების უფროსი წევრებისთვის (ან სხვა წევრებისთვის). სხვა დაჯგუფებების ყოფილი წევრები ამბობენ, რომ თავიანთი შემოსავლის ნაწილს სექსუალური მომსახურების საფასურის გადასახდელად იყენებდნენ. სექსუალური ძალადობის შედეგად, სავარაუდოდ, ქუჩის ბავშვები ტრავმირებულნი უნდა იყვნენ. ამ საკითხზე კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ფსიქოლოგებმაც ისაუბრეს. ბავშვებისა და სოციალური მუშაკების მიერ დასახელებული იყო სხვა სახის, ძალადობით და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული, ფსიქოლოგიური ტრავმებიც.

გაეროს ბავშვთა ფონდმა გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა ბავშვის ქუჩაში მოხვედრის პრევენციის მიზნით ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების შექმნა. სპეციალური ღონისძიებები უნდა გატარდეს მიგრანტი ბავშვების და მათი ოჯახების დახმარებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ