რა მოხდა ხოჯალიში?
რა მოხდა ხოჯალიში? 26 თებერვალს, აზერბაიჯანმა ხოჯალის ტრაგედიის 29-ე წლისთავი აღნიშნა. ამ დღეს, 1992 წელს, სომხეთის ჯარები თავს დაესხნენ დაბა ხოჯალის მთიან ყარაბაღში. ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაიღუპა 613 ადამიანი, 150 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, კიდევ 1275 კი ტყვედ ჩავარდა.
თომას დე ვაალის წიგნიდან „შავი ბაღი“
1992 წლის პირველი იანვრიდან სომხებმა სტეფანაკერტის ფარგლებს გარეთ დაიწყეს შეიარაღებულ თავდასხმების მოწყობა. მათ ქალაქის მიმდებარე აზერბაიჯანული სოფლები დაიკავეს და იქ დარჩენილი ასობით აზერბაიჯანელი გაყარეს. ამის შემდეგ სომხების მთავარ მიზნად იქცა ხოჯალი _ ქალაქი, რომელიც სტეფანაკერტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ აქ იყო რეგიონის ერთადერთი აეროპორტი.
ოდესღაც ხოჯალიში მასობრივად ჩაასახლეს აზერბაიჯანელები. 1991 წელს ამ ქალაქში 6300 ადამიანი ცხოვრობდა.
1991 წლის ოქტომბერში სომხებმა ხოჯალისა და აგდამის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და ხოჯალიში ჩასვლა მხოლოდ ვერტმფრენით იყო შესაძლებელი _ აგდამიდან ხანმოკლე გამოფრენით და შემდეგ მკვეთრი, სპირალისებური დაშვებით. 1992 წლის იანვარში ამ რთული მარშრუტით ხოჯალიში ჩასულ ამერიკელ რეპორტიორს, თომას ჰოლცს გაყინული და დაუცველი ქალაქი დახვდა.
„ ხოჯალიში ტელეფონები არ მუშაობდა. საერთოდ არაფერი მუშაობდა. არც ელექტროენერგია, იყო, არც გათბობა, და არც ონკანიდან მოდიოდა წყალი, _ წერდა ჰოლცი, _ გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება ვერტმფრენი იყო, მაგრამ თითოეულ რეისს დიდი საფრთხე ახლდა“. 1992 წლის 13 თებერვალს, როდესაც ხოჯალიში ვერტმფრენის უკანასკნელი რეისი შესრულდა, ქალაქიდან ალბათ 300-ზე ნაკლები ადამიანი იყო ევაკუირებული, არადა ადგილზე 3000 მოსახლე რჩებოდა.
ქალაქის დაცვას აეროპორტის სპეცრაზმის მეთაური, ალიფ გაჯიევი და დაახლოებით 160 მსუბუქად შეიარაღებული მოხალისე უზრუნველყოფდა. შეშინებული მოსახლეობა სომხების იერიშს ელოდა.
იერიში 25-26 თებერვლის ღამეს დაიწყო. ეს თარიღი, ალბათ სუმგაითის ოთხი წლის წინანდელ დარბევას მიუძღვნეს. სომხებს სამხედრო მხარდაჭერას უწევდა საბჭოთა არმიის 366-ე პოლკის ჯავშანტექნიკა. მათ ხოჯალი სამი მხრიდან ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც სომეხი ჯარისკაცები ქალაქში შევიდნენ და დამცველების წინააღმდეგობა ჩაახშვეს.
ხოჯალიდან მხოლოდ ერთი გასასვლელი რჩებოდა თავისუფალი. ამბობენ, რომ გაჯიევი მშვიდობიან მოსახლეობას დაჟინებით ურჩევდა, აგდამში გაქცეულიყვნენ და ჰპირდებოდა, რომ მათ სპეცდანიშნულების რაზმს გააყოლებდა, რომელიც დევნილებს გზაშიც დაიცავდა და ქალაქამდეც მიაცილებდა.
ღამით ადამიანების უზარმაზარი ჯგუფი მუხლამდე თოვლში, ტყე–ტყე დაეშვა პატარა მდინარე გარგარის ხეობისკენ. დილით ხოჯალის მკვიდრნი, სპეცდანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმის თანხლებით, სომხურ სოფელ ნახიჭევანიკის სიახლოვეს, ვაკეზე გავიდა. ვაკის მიმდებარე გორაკებზე სომეხი მებრძოლები იყვნენ ჩასაფრებულები, რომლებმაც მომხვდურებს გამანადგურებელი ცეცხლი გაუხსნეს.
მილიციელებმა მათ ცეცხლითვე უპასუხეს, მაგრამ ძალთა თანაფარდობა მეტისმეტად შეუსაბამო გამოდგა და სპეცრაზმი გაანეიტრალეს.ამ საშინელ სასაკლაოზე სულ უფრო მეტი ლტოლვილი იკრიბებოდა. ხოჯალიდან დევნილმა ჰიჯრან ალეკპეროვამ უფლებადამცველი ორგანიზანიზაციის „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელს უამბო:
‘ნახიჩევანიკს დილის ცხრა საათზე მივაღწიე. გამოჩნდა მინდორი, რომელზეც უამრავი გარდაცვლილი ესვენა. ასი კაცი მაინც იქნებოდა, დათვლა არც მიცდია. ამ მინდორში მეც დამჭრეს _ ალიფ გაჯიევს ესროლეს და დახმარება მინდოდა. ტყვია მუცელში მომხვდა. დავინახე, საიდანაც ისროდნენ. მინდორი გვამებით იყო სავსე. ეს ადამიანები სულცოტა ხნის დახოცილები იყვნენ _ კანის ფერი ჯერ კიდევ არ შეცვლოდათ’.
რამდენიმე დღის შემდეგ ამ ადგილზე მივიდნენ ჟურნალისტები და გამომძიებლები, რომლებსაც სისხლიანი სასაკლაოს ამაზრზენი სურათი დახვდათ. გაყინული ველი დაფლეთილი გვამებით იყო მოფენილი. ანატოლ ლივენი (ლონდონის „თაიმსი“) წერდა, რომ „რამდენიმე მათგანს, მათ შორის ერთ პატარა გოგონას, საზარელი იარები აღენიშნებოდა სხეულზე. გოგონას მხოლოდ სახე ჰქონდა შერჩენილი“.
აზერბაიჯანელმა პროკურორმა იუსიფ აღაევმა ნატყვიარებში დენთის კვალი შენიშნა, რითაც დაასკვნა, რომ ბევრი ადამიანი იარაღის მიბჯენით დაეხვრიტათ: „ძალიან ახლო მანძილიდან იყვნენ მოკლულები. იმ ადგილას მივედით, სადაც ეს მოხდა. მე სპეციალისტი ვარ და მაშინვე მივხვდი ყველაფერს“.
ბევრი დევნილი ცეცხლასროლი იარაღით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ათობით ადამიანი კი ტყეებში გაიყინა. ხოჯალის ათასზე მეტი მცხოვრები ტყვედ აიყვანეს. ტყვეებს შორის რამდენიმე ათეული შუა აზიიდან ლტოლვილი თურქი მესხიც იყო.
ხოჯალიში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დახოცილი აზერბაიჯანელების საერთო რაოდენობა ზუსტად არ არის დადგენილი. ყველაზე სანდოდ მაინც ის მონაცემები რჩება, რაც აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ჩატარებული ოფიციალური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. ამ კვლევის მიხედვით, ხოჯალის სასაკლაოს 485 ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ რიცხვში არამხოლოდ დახვრეტილი, არამედ გაყინული ადამიანებიც მოიაზრება, ეს მსხვერპლი მთიანი ყარაბაღის ომის ყველა სხვა დანაკარგს აღემატება. აზერბაიჯანელების საპასუხო ცეცხლი უმნიშვნელო იყო და ვერაფრით გაამართლებს ტრიალ მინდორზე ასობით უმწეო ადამიანის, მათ შორის ბავშვების, უმოწყალოდ ჩახოცვას.
ხოჯალის სასაკლაოს ამბავი თანდათან ფართო საზოგადოებამაც გაიგო. თავიდან ბევრს ამის დაჯერებაც კი უჭირდა, რადგან მანამდე საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები კონფლიქტის გაშუქებისას სომხეთს მსხვერპლად წარმოაჩენდნენდა არა _ აგრესორად.აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, აიაზ მუთალიბოვის ინტერვიუმ, რომელშიც ქვეყნის პირველი პირი თავს იმართლებდა, შედეგი ვერ მოიტანა. მუთალიბოვმა პასუხისმგებლობა მთლიანად „სახალხო ფრონტს“ დააკისრა. ციტატები ამ ინტერვიუდან ხშირად მოჰყავდათ სომხეთში.
და მაინც, ამჟამად სომხები აღარ უარყოფენ, რომ ხოჯალიდან გამოქცეული ბევრი მშვიდობიანი აზერბაიჯანელი დაიღუპა.ზოგი ამაში სომეხ აჯანყებულებს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მოხალისეები საკუთარი ნებასურვილით მოქმედებდნენ. სომხეთის პოლიციის თანამშრომელს, მაიორ ვალერი ბაბაიანს მიაჩნია, რომ მთავარი მოტივი პირადი შურისძიება იყო.
მან ამერიკელ ჟურნალისტ პოლ ქუინ-ჯადს განუცხადა, რომ ხოჯალის იერიშის მონაწილეთაგან ბევრი „წარმოშობით სუმგაიტიდან და სხვა მსგავსი ადგილებიდან იყო“.
როდესაც სომეხ სამხედრო მეთაურს, სერჟ სარქისიანს სთხოვეს, ხოჯალის აღების ამბავი მოეთხრო, მან ფრთხილად უპასუხა: „ჩვენ ამაზე დუმილს ვამჯობინებთ,“. რაც შეეხება მსხვერპლის რაოდენობას, მისი თქმით, ბევრი რამ გადაჭარბებულია, და თან დევნილმა აზერბაიჯანელებმაც გაუწიეს სომხებს შეიარაღებული წინააღმდეგობა. ზოგადად მომხდარი კი, სარქისიანმა უფრო გულწრფელი პირდაპირობით შეაფასა:
‘ვფიქრობ, რომ მთავარი ეს არ არის. ხოჯალის შემთხვევამდე აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ ჩვენთან ხუმრობა და თამაში შეიძლებოდა. ფიქრობდნენ, რომ სომხები მშვიდობიან მოსახლეობაზე ხელს არ აღმართავდნენ. და იცით, რა მოხდა? _ ჩვენ ეს სტერეოტიპი დავანგრიეთ. სხვათა შორის, იმ ბიჭებიდან ბევრი ბაქოდან და სუმგაიტიდან გამოქცეულია’.
სარქისიანის შეფასებამ ყარაბაღის ომის ყველაზე სასტიკი სასაკლაო სულ სხვა მხრიდან დაგვანახა. არ არის გამორიცხული, რომ ეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, გარკვეულწილად, დაშინების მიზნითაც მოხდა.