ყარაბაღი და თბილისი: რისკები და გამოწვევები
საქართველოს რეაქცია ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ იყო საკმარისად ადეკვატური. უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც დადგა ქვეყნის წინაშე ყარაბაღში კონფლიქტის განახლების დროს, დღესაც აქტუალურია და როგორც საქართველოს ხელისუფლებისგან, ისე საზოგადოებისგან მყისიერ და გააზრებულ პასუხებს მოითხოვს.
JAMnews-ისა და ბიოლის ფონდის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა დისკუსია ‘ყარაბაღის მოვლენები და საქართველო’. ორი საათის განმავლობაში ქართველი ექსპერტები სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სწორედ ამ თემაზე მსჯელობდნენ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)თანადამფუძნებელი, თბილისი;
მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისი;
თათულ აკოფიანი, ექსპერტი ყარაბაღის საკითხებში, ერევანი;
შაჰინ რზაევი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ბაქო;
შეხვედრის მოდერატორი: გელა ვასაძე, პოლიტოლოგი, თბილისი.
რუსეთის ჩართულობა და რეგიონში ძალთა ბალანსის შესაძლო ცვლილება
დასკვნა
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის სამხედრო მოქმედებებში ჩართვის საფრთხე არ დგას, თუმცა არსებობს სხვა პრობლემა – რუსეთის მზარდი გავლენა აზერბაიჯანზე, რაც რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის და საქართველოსთვის სახიფათოა:
ელენე ხოშტარია, თბილისი:
პირველი შიში, რომელიც გაჩნდა, იყო რუსეთის შესაძლო ჩართულობა კონფლიქტში სომხეთის მხარეს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს გიუმრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ სრულიად განსხვავებულ დინამიკას ვხედავთ. რუსული პროპაგანდა არ იყო ისეთი ისტერიულად ანტიაზერბაიჯანული, როგორსაც მოველოდით. რუსეთმა აზერბაიჯანთან სხვა ნოტებით დაიწყო ლაპარაკი – რუსეთი აზერბაიჯანს ევრაზიულ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანებას სთავაზობს. სანაცვლოდ კი, აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის მიმდებარეტერიტორიების დაბრუნებაზე მსჯელობს.
გაჩნდა პოლიტიკური საფრთხე – რუსეთის დომინაციის ტენდენცია აზერბაიჯანში. თანაც, საყურადღებოა, რომ ეს ხდება თურქეთის საკმაოდ ზომიერი რეაქციისა და ასევე ამერიკისა და ევროკავშირის პასიურობის ფონზე.
მამუკა არეშიძე, თბილისი:
საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობებს არ ველოდი, თუმცა ველოდი დივერსიებს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის აქტიური ფაზა ჩაცხრა, დივერსიების საფრთხე, ჩემი აზრით, არ მოხსნილა.
საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ის იყო, რომ სერიოზული პაუზა წარმოიქმნებოდა ისეთ საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა ტრანსეკა, აბრეშუმის გზა… შემცირდებოდა ინვესტიციები, რაც სერიოზულად დაარტყამდა ქვეყნის ეკონომიკას და პოლიტიკურადაც არევდა ვითარებას.
შაჰინი რზაევი, ბაქო:
ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ბოლო დროს აზერბაიჯანის მიმართულებით ძალიან გააქტიურდა. რუსეთის წინადადებაა, რომ აზერბაიჯანი დაიბრუნებს მიწების ნაწილს, სანაცვლოდ კი მის ტერიტორიაზე რუსული ჯარი განთავსდება. უმრავლესობა აზერბაიჯანში ამ სცენარის წინააღმდეგია – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მაგალითზე კარგად ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს რუსული ჯარების შემოსვლას. აზერბაიჯანისთვის ეს ყარაბაღის საბოლოოდ დაკარგვა იქნებოდა. თუმცა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა არ არის მზად, კატეგორიული იყოს რუსეთთან; მეტიც, ბოლო დროს შეინიშნება აზერბაიჯანის საგარეო კურსის გარკვეული ცვლილებები რუსეთის სასარგებლოდ. თუმცა, ალიევი ცოტა ხნის წინათ ვაშინგტონშიც იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით რუსული სცენარზე დათანხმებას არ აპირებს. ალბათ იქნება ვაჭრობა, რაც ასევე სახიფათოა.
საქართველო, როგორც მედიატორი
დასკვნა
საქართველოს არ აქვს რესურსი და ინსტრუმენტები, რომ მედიაციით ზეგავლენა მოახდინოს კონფლიქტის მხარეებზე, თუმცა მას შეუძლია მედიატორებს საკუთარი მოედანი შესთავაზოს და მეტი სამუშაო გასწიოს ევროკავშირის პროცესში ჩასართავად, როგორც ამ სტუქტურასთან ყველაზე დაახლოვებულმა კავკასიურმა ქვეყანამ. თუმცა ენდობა კი მას, როგორც შუამავალს, სომხეთი?
მამუკა არეშიძე:
შუამავლობის თვალსაზრისით საქართველოს აქვს თავისი შანსი. თბილისმა უნდა შესთავაზოს მხარეებს საქართველოს ტერიტორია მოლაპარაკებებისთვის. ამით საქართველო შეძლებდა რეგიონში საკუთარი მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას, პროცესების დამკვირვებლად ყოფნას და ასევე საინფორმაციო სივრცეშიც საპატიო ადგილს მოიპოვებდა.
ელენე ხოშტარია:
ჩემი აზრით, საქართველოს მთავარი ამოცანა, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა იყოს ევროკავშირის მეტი ჩართულობა მედიაციის პროცესში. მაგალითად, კარგი იქნებოდა, რომ კონფლიქტის გამწვავების პირველივე დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ჩასულიყო, გაემართა შეხვედრები და აეხსნა ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, რომ სწორედ დღეს არის მნიშვნელოვანი მათი ჩართულობა, და არა პოსტ ფაქტუმ.
თათულ აკოფიანი, ერევანი:
შეხვედრების თბილისში ორგანიზებას წინ არაფერი უდგას, თუმცა საქართველოს როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ბევრად უფრო პოზიტიური იქნებოდა, თბილისი რომ ცალმხრივად არ აღიარებდეს საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთალინობას ევროკავშირი და სხვა ქვეყნებიც მხარს უჭერენ, თუმცა მათ ასეთი ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ აქვთ მთაინი ყარაბაღის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, საქართველო არის ქვეყანა, სადაც გვერდიგვერდ ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები. ქვემო ქართლში არის სოფლები, სადაც ისინი ერთმანეთის მეზობლები არიან. ამდენად, საქართველოს აქვს მედიაციის გარკვეული გამოცდილება. გასაგებია, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ სტაბილურობა კავკასიაში ქართულ-სომხურ ურთიერთობებზეცაა დამოკიდებული.
საზოგადოებრივი რისკები საქართველოსთველოსთვის, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და ქართველები
დასკვნა
საქართველოს მოსახლეობის 6 პროცენტს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შეადგენს. საქართველოში ამდენივე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს. რა უნდა ქნას თბილისმა, რომ შიდა არეულობა არ მიიღოს?
ელენე ხოშტარია:
ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს საკმაოდ ღირსეული პოზიცია ჰქონდათ ამ დღეებში და ეს დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ ინტეგრაციის პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს და ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები (არა მხოლოდ ფულადი) ჩაიდო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არის. უშიშროება აუცილებლად უნდა იყოს ფხიზლად, მონიტორინგის რეჟიმში, რომ სადმე რაიმე არ გაეპაროს. ფაქტია, რომ საფრთხე არსებობს. და მეორე – ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის კომუნიკაცია. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ინფორმაციით იმ ენაზე, რომელიც მათ ესმით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე 15-წუთიანი პროგრამები ამისთვის სრულებით არ არის საკმარისი. ეთნიკური აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებული რეგიონები ტოტალურად რუსული პროპაგანდით იკვებებიან და ეს უზარმაზარი პრობლემაა.
გამოქვეყნდა:26.04.2016