კატალონიის რეფერენდუმი - ღირდა კი ასეთი მკაცრი რეაგირება მადრიდის მხრიდან?
ბარსელონას მაცხოვრებლები Estaladas დროშებით ( კატალონიის დროშა, დამოუკიდებლობის მოთხოვნის სიმბოლო), ოქტომბერი 2017. REUTERS/Albert Gea
კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ კვირაში გამართულ რეფერენდუმზე მადრიდის რეაქცია იყო ათასობით პოლიციელი, რომლებმაც შეუიარაღებელი დემონსტრანტების მიმართ ძალა გამოიყენეს და მათ რეზინის ტყვიები ესროლეს და ამაზე უფრო არაპროდუქტიული პასუხი ძნელად წარმოსადენი იყო, წერს Foreign Affairs-ის მიმომხილველი ჯოზეფა ხადლსტოუნი
გამოკითხვების მიხედვით, რეფერენდუმის წინ კატალონიის დამოუკიდებლობის იდეა მის მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ესპანეთის მთავრობას შეეძლო რეფერენდუმის მშვიდად ჩატარების ნება მიეცა, შემდეგ კი ან მისი ჩაშლით დაკმაყოფილებულიყო, ანდა, დამოუკიდებლობის მომხრეთა წარმატების შემთხვევაში, რეფერენდუმის შედეგები იურიდიულად შეუმდგარად გამოეცხადებინა.
ამის ნაცვლად, ესპანეთის მთავრობამ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დაარღვია – საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ამას დამატებული, უზარმაზარი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო.
ესპანეთის მთავრობას შეეძლო ქვეყანაში ფედერალიზმის განვითარებაზე დაფიქრებულიყო – მაგრამ, ამის ნაცვლად, კატალონიაში ათასობით პოლიციელი გააგზავნა.
ახლა ადგილობრივი სოციალური ქსელები სავსეა პოლიციის მხრიდან ძალადობის სცენებით, ამ რეგიონში აკრძალული რეზინის ტყვიების გამოყენების და საარჩევნო ბიულეტენების კონფისკაციის ფაქტების ამსახველი ვიდეოებით.
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებისთვის ეს ნამდვილი საჩუქარია.
ამ პრობლემას ყველა სეპარატისტული მოძრაობა და ყველა ის ქვეყანა აწყდება, სადაც ეს მოძრაობები ვითარდება: ერთი მხრივ – სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, მეორე მხრივ კი – ერის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიის პირველ თავშია შეტანილი, და სადაც ნათქვამია, რომ მისი იმპლემენტირება შესაძლებელია, თუკი ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი მოვალეობების შესრულების უნარი არ გააჩნია.
როგორც წესი, გარე სამყარო ეთნიკური ჯგუფების პრეტენზიებს უარყოფს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პრეტენზიები დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეებს უჩნდებათ. მაგრამ პოლიციელთა მხრიდან ძალადობის სცენები, რომლებითაც ამჟამად მთელი მსოფლიოს მედიის ფურცლები და ეკრანებია აჭრელებული, ნამდვილად სეპერატისტების წისქვილზე ასხამს წყალს, და ცენტრალური ხელისუფლების შეუმდგარობაზე მეტყველებს.
მაგალითად, კოსოვოს გზა დამოუკიდებლობისკენ 1990 წელს იმით დაიწყო, რომ სერბეთმა რეგიონის მთავრობა დაითხოვა, საკუთარი ტერიტორიიდან იქ მომუშავე 100 ათასი კოსოვოელი განდევნა და კოსოვოში მსხვილი სამხედრო კონტიგენტი შეიყვანა. ეთნიკური წმენდებით გამოწვეული საერთაშორისო შეშფოთება დროთა განმავლობაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაში გამოიხატა.
რასაკვირველია, ახლა კატალონიის დამოუკიდებლობას არავინ ცნობს, წვრილი სახელმწიფოების გარდა, რომლებიც ესპანეთთან ან ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებას არ უფრთხიან და საკუთრ ქვეყნებში სეპარატაზმის საფრთხეს არ განიცდიან.
მაგრამ არსებობს სეპარატიტული მოძრაობების მხარდაჭერის სხვა გზებიც: გაეროსა და ევროკავშირში რეზოლუციების წარდგენა და სხვადსხვაგვარი სანქციები, სეპარატისტების სამხედრო ფორმირებათა დაფინანსება, და მათ ოპონენტებთან დიპლომატიური კონტაქტების შეჩერება.
ეს ყველაფერი – დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის თანდათან აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ამის მკაფიო მაგალითად გამოდგებიან ქურთები, მანამდე კი – ბანგლადეში და სამხრეთი სუდანი.
თუკი ესპანეთის ხელისუფლების გადაჭარბებული რეაქცია გაგრძელდება, კატალონიამ, შესაძლოა, ანალოგიური მხარდჭერა მიიღოს სხვა ქვეყნების მხრიდან – განსაკუთრებით, ყოფილი კოლონიებისგან.
ესპანეთის მთავრობამ, თუკი მას საკუთარი რეპუტაციის აღდგენა სურს, საქვეყნოდ უნდა დაუჭიროს მხარი ფედერალიზმის განვითარებას – პირველ რიგში კი, ცნობილი 2010 წლის სამწუხარო გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს, რომლის მიხედვითაც კატალონიას ენისა და სასამართლო სისტემის სფეროში მნიშვნელოვანი ავტონომიური უფლებები ჩამოერთვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ კაცობრიობა ესპანეთის დიქტატორულ წარსულში დაბრუნების მომსწრე ხდება და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეები სხვა ქვეყნების მხრიდან უფრო ფართო მხარდაჭერას მიიღებენ.
ბარსელონას მაცხოვრებლები ესპანეთის სახელმწიფო დროშით. ოქტომბერი 2017. REUTERS/Yves Herma