ქალები, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს
მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარიში, საშუალოდ, 10 ოჯახიდან მხოლოდ ორში შეიძლება აღმოჩნდეს ცოლი და დედა. დანარჩენებში მხოლოდ დანარჩენები არიან: ქმარი, შვილები, ხშირად ბებიები და ბაბუები. და ყველა ცხოვრობს დედის ხარჯზე, რომელიც რომელიმე სხვა ქვეყანაში მუშაობს, როგორც წესი – თურქეთში.
ქალები დიდი ხნით ტოვებენ საკუთარ ოჯახებს. წლობით. როგორც წესი, გამართლებაა, თუკი დედა ამ ხნის განმავლობაში წელიწადში ერთხელ, ორი დღით მაინც ახერხებს შინ ჩამოსვლას. და ჩამოსულები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ოჯახური პრობლემების ეპიცენტრში ექცევიან. ზოგიერთები კი საბოლოოდ აღარც ბრუნდებიან.
ეჭვიანობა
სევდა ნამაზოვა დაბადებიდან ჯანდარიში ცხოვრობს. ეს რაიონული ცენტრიდან – მარნეულიდან, არც ისე შორსაა, ავტობუსით დაახლოებით 10 წუთის სავალზე. ახლა სევდა 50 წლისაა, მას ოთხი შვილი ჰყავს. 21 წლის ასაკში გათხოვდა.
ამბობს, რომ სკოლის შემდეგ ძალიან უნდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ მამამ ნება არ დართო. ალბათ ამიტომ იყო, რომ როგორც კი მისმა უფროსმა ქალიშვილმა ინსტიტუტში საწავლა გადაწყვიტა – სევდამ მაშინვე გაყიდა ოჯახის ერთადერთი ძროხა, რომ გოგონას თავის გადაწყვეტილების ასრულებაში დახმარებოდა.
ნამაზოვების სახლს დიდი მიწის ნაკვეთი აკრავს. წინათ ქმართან ერთად ქალი მიწაზე ბევრს შრომობდა. შემდეგ ბავშვები წამოიზარდნენ, და ბოსტნეულის მოყვანით ნაშოვნი ფული აღარ ჰყოფნიდათ. და 2004 წელს სევდა ნამაზოვამ თურქეთში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა.
მისი თქმით, ის პირველი ქალი იყო სოფელში, რომელიც საზღვარგარეთ გაემგზავრა სამუშაოდ. „სხვა რა გამოსავალი მქონდა, იძულებული ვიყავი წავსულიყავი“, – ამბობს ის.
მაგრამ ოჯახმა და თანასოფლელებმა ეს ძალიან ნეგატიურად შეაფასეს. ქმარმა კი სევდაზე ეჭვიანობა დაიწყო.
„შემდეგ გავიგე ჭორებიც, რომლებსაც ჩემს შესახებ ავრცელებდნენ კაცები ჩაიხანაში – თითქოს მე გარყვნილი ქალი ვიყავი. რამდენიმე წელიწადში კი მათმა ცოლებმაც ჩემი მაგალითი გაიმეორეს, მათ თურქეთში შევხვდი“, – ამბობს სევდა ნამაზოვა.
უმუშევრობა
ქვემო ქართლის სოფლებისა და ქალაქებისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ მიხვდე, ასეა – სწორედ ქალები მიემგზავრებიან დიდი ხნით საზღვარგარეთ სამუშაოდ, შინ კი შვილებს, ქმრებს და ცხოვრების ნორმალურ წესს ტოვებენ.
ეკონომისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ამ უკვე ტრაგიკული ელფერის მქონე პროცესის მიზეზია ადამიანების გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ისეთი სამუშაოს შოვნის პრობლემა, რომელიც ოჯახის გამოკვებისა და შვილების აღზრდის საშუალებს მისცემს ადამიანს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს ქვეყანა 8, 000- მა მამაკაცმა და დაახლოებით 4, 000-მა ქალმა დატოვა. მათი უმრავლესობა სამუშაოს საძებნელად გაემგზავრა. გამგზავრებულთა საშუალო ასაკია -15-29 წელი.
სოციოლოგი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ეს ოფიციალური მონაცემები რელურ სიტუაციას არ ასახავს. სხვადასხვა სახის გამოკვლევებიდან ამოკრებილი არაოფიციალური მონაცემებით, 2015-2016 წლებში ქვეყნიდან სამუშაოს საძებნელად გაემგზავრა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი, და მათ შორის 65% – ქალია.
„ქალები საზღვარგარეთ სამუშაოდ ნებაყოფლობით და სიხარულით არ მიემგზავრებიან. ეს იძულებით გადადგმული მძიმე ნაბიჯია, რომელსაც გამოუვალ მდგომარეობაში მიმართავენ. ხშირად მათ გასაჭირში მყოფი მოხუცი მშობლების გადასარჩენად უწევთ გამგზავრება. ან დედებს არ შეუძლიათ შვილების სიღატაკეში ყოფნასთან შეგუება. მაგრამ ამ რეგიონში უცნაურ შედეგს იღებენ: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოჯახებს არჩენენ, ადგილობრივი საზოგადოება მათ მაინც რაღაც არასახარბიელო ქმედებებს აბრალებს და ამტყუნებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
მარტოობა
სახილა მინსუროვა მარნეულში ცხოვრობს, მაგრამ ეს – მხოლოდ პირობითი ჩაწერის ფაქტის თანახმად. ის ერთ-ერთი იმ ქალთაგანია, რომლებიც თვეობით მუშაობენ საზღვარგარეთ, და შინ ოჯახის მოსანახულებლად იშვიათად ჩამოდიან.
სახილა, უკვე ექვის წელია, თურქეთში დადის. ის 29 წლისაა და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. მისმა გადაწყვეტილებამ, რომ თურქეთში დაეწყო მუშაობა, მთელი მისი ოჯახის წინააღმდეგობა გამოიწვია. მის გამგზავრებას განსაკუთრებულად ქმარი ეწინააღმდეგებოდა.
ერთი წლის შემდეგ მან ქმართან გაყრა გადაწყვიტა. დიდხანს, სასამართლოებით იბრძოდა თავის შვილებისთვის. საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ ბავშვები მის მშობლებთან ცხოვრობენ, თავად კი თურქულ ოჯახებში მოხუცებულებს უვლის. ამბობს, რომ საერთოდ არ აქვს დასვენების დღეები და თავისუფალი საათები. „იმდენი ფული უნდა გამოვიმუშავო, რომ მე და ჩემს შვილებს საკუთარი საცხოვრებელი გვქონდეს. მინდა ჩემი, ახალი სახლი ავაშენო“, – ამბობს სახილა.
ის მაღალია, გამხდარი, თავზე ლამაზი, მოწითალო ფერის თავშალი აქვს მოხვეული. სახილა ამბობს, რომ ქმართან ყველაფერი კარგად ექნებოდ და არც გაყრა დასჭირდებოდა, ოჯახიდან შორს გამგზავრება და მუშაობა რომ არ დასჭირვებოდა.
„იძულებული ვარ, ორი ბავშვი ჩემს ბებიას დავუტოვო, რადგან დედაჩემიც თურქეთში დადის სამუშაოდ და თვეობით არ არის სახლში. მე 6-7 თვეში ერთხელ რამდენიმე დღით ჩამოვდივარ, როგორც კი სამუშაოდან მათავისუფლებენ“, – ამბობს სახილა.
მას მაინც იმედი აქვს, რომ მთელი ცხოვრება ასე არ გაგრძელდება და სახლში, საქართველოში, სამუშაოს მხრივ მდგომარეობა გამოსწორდება. ამიტომ, ახლახან მან ნაწილობრივ დაუსწრებლად მოახერხა მარნეულის კოლეჯში ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრება, „ტექნიკური გათვითცნობიერების“ სპეციალობით.
ბრალდებები
„უკვე ბევრი წელია, ტენდენცია არ იცვლება – სწორედ ქალები მიმგზავრებიან კატორღულ სამუშაოზე, რომ თავიანთი ოჯახები გამოკვებონ“, – ამბობს სოციოლოგი იდა ბახტურიძე.
„რასაკვირველია, მამაკაცებიც მიემგზავრებიან. მაგრამ სტატისტიკა მოწმობს, რომ სახლში უფრო მეტ ფულს სწორედ ქალები აგზავნიან. მამაკაცები სხვა ქვეყანაში გამომუშავებულ ფულს უფრო ხშირად იქვე ხარჯავენ“.
ნონა სამხარაძე მარნეულის რაიონში ცხოვრობს. ის გენდერული საკითხების სპეციალისტია და რეგიონის სპეციფიკას კარგად იცნობს -თუნდაც იმიტომ, რომ ის 33 წლისაა და ორი შვილის დედაა.
„არსებობს ასეთი პრობლემა – როდესაც ქალი ოჯახს არჩენს, ოჯახის დანარჩენი წევრები ამას სწრაფად ეჩვევიან და თვითონ დიდად აღარ ცდილობენ მუშაობას. ბევშვების ეჩვევიან დედის ფულს“, – ამბობს ის.
„შემდეგ კი, როდესაც ქალი შინ ბრუნდება, ხშირად ქმრის, შვილების და მშობლების მხრიდანაც გულცივ დამოკიდებულებას აწყდება. ეს იმიტომ, რომ სარჩოს საძებნელად წასული ქალის წინააღმდეგ სტერეოტიპები მოქმედებს: ანუ საზღვარგარეთ კარგი საქმით არ იქნებოდა დაკავებულიო“.
ალავერდი იბრაგიმოვი 56 წლისაა. მისი ცოლიც, სხვების მსგავსად, საზღვარგარეთ მუშაობს. მაგრამ ის ერთგავრი გამონაკლისივითაა. ალავერდი უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალების მიმართ გარცელებულ სტერეოტიპებს ებრძვის – საკუთარ და მეზობლების თვითშეგნებაშიც.
„როდესაც ოჯახში ქალი არ არის – კაცს ძალიან უძნელდება ყველფრის გაძღოლა: ბავშვებისთვის საჭმლის მზადება, მათთან ერთად მეცადინეობა და მათი აღზრდა, და საოჯახო საქმეები. მაგრამ ქალებისთვის უფრო ადვილია საზღვრგარეთ სამუშაოს მოძებნა – როგორც წესი, ისინი ან მოხუცებს უვლიან ან დიასახლისებად მუშაობენ, რადგან ასეთი სამსახურის დროს იმავე ოჯახში შეიძლება ცხოვრება და ტანსაცმელსა და ბინის ქირაში ფული არ გეხრჯება. მამაკაცს ასეთ სამსახურში არ იღებენ“, – ამბობს ალავერდი იბრაგიმოვი.
„როდესაც ჩემი ცოლი გაემგზავრა, პირველ ხანებში სხლიდან გასვლისაც კი მრცხვენოდა. ყველა მეზობელი ჭორაობს, თითქოს რაღაც ბუნდოვანი მიზნებით მიდიან. ძნელია, ამას წინ აღუდგე“.
დედის დაბრუნება
გიულარი 12 წლის იყო, როდესაც მისი დედა თურქეთში სამუშაოდ გაემგზავრა. ახლა გიულარი უკვე სტუდენტია, იურიდიულზე სწავლობს, დედის თანადგომით. მას ქალის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებს.
„დედა რომ გაემგზავრა, პატარ ვიყავი. ძალიან ძნელი იყო მის გარეშე. მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ აქ სამუშაო არ იყო და სხვა არანაირი გამოსავალი არ არსებობდა. მაგრამ, ძალიან განვიცდი, რომ უკვე გავიზარდე, წლები გავიდა, ყველაფერი კი ისევ ძველებურადაა – ქალები მიემგზავრებიან სამუშაოდ და მათ კანონი არ იცავს“, – ამბობს გიულარი.
საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრება მართლაც დიდ რისკს უკავშირდება. ჩვეულებრივ, დასაქმება ოფიციალურად არ ხდება და მომუშავე ქალი არანაირად არ არის დაზღვეული.
„ქალები, როგორც წესი, ოჯხებში მუშაობენ. არსებობს საშიშროება, რომ მათ უფრო მეტი სამუშაოს შესრულებას აიძულებენ, ვიდრე თავიდან შეუთანხმდნენ, ან ფაქტობრივად სულაც დაიმონებენ. არის ძალადობის საფრთხეც. ასევე , შესაძლოა, ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლადაც იქცეს. ხშირად ქალები, მსხვერპლად ქცევის შემთხვევაშიც კი, თავადვე მალავენ ამ ამბავს, რადგან იმ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. მათ არავინ და არაფერი არ იცავს“, – ამბობს სოციოლოგი იდა ბახტურიძე.
ბევრი სპეციალისტი კითხვაზე: „უნდა ველოდოთ თუ არა რეალურ დადებით ცვლილებებს საქრთველოს შრომის ბაზარზე უახლოეს ხუთ წელიწადში“ – სევდიანად პასუხობს: არა, არ უნდა ველოდოთ.
„მე კარგად ვსწავლობ. დიპლომს ავიღებ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი ცოდნით კარგი სამსახურს ვიშოვი. და მაშინ დედის შინ დაბრუნებას შევძლებ“, – ამბობს გიულარი.