უსაზღვრო სოლიდარობა
საფრანგეთი სომხეთის მეგობარი ქვეყანაა. ეს საკითხი ერთმნიშვნელოვანია და განხილვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, პარიზის ტერაქტის შემდეგ არამხოლოდ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრეს საფრანგეთს… ხალხი თაიგულებით (ზოგი კი საერთოდ მათ გარეშე) მიდიოდა საფრანგეთის საელჩოსთან და, როგორც შეეძლო, გამოხატავდა სოლიდარობას. საფრანგეთის მოედანზე, რომელიც ერევნის ცენტრში მდებარეობს, ადამიანები პლაკატებითა და ანთებული სანთლებით მივიდნენ.
ტრანსფარანტებზე ასეთ წარწერებს ამოიკითხავდით: “სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს”, Vive la France, “ფრანგებო, ჩვენ თქვენთან ვართ”, “შეჩერდეს ტერორიზმი”.
ამ საკითხთზე არც სოციალური ქსელი დუმდა. აი, ფეისბუკის ზოგიერთი მომხმარებლის რამდენიმე გამონათქვამი:
ტიგრან ხზმალიანი – “ბევრი სვამს კითხვას, თუ რატომ მოაწყეს ტერაქტები საფრანგეთში. სხვები კითხულობენ, თუ რატომ იწვევს ასეთ ჰუმანიზმს პარიზი (და არა ბეირუთი, ალეპო, იერუსალიმი, ბენღაზი და ა.შ). ორივე კითხვას ერთი პასუხი აქვს – იმიტომ, რომ ბეირუთი, ალეპო, იერუსალიმი და ბაღდადი საომარ ზონაში მდებარეობს, და ამ ქალაქების მოსახლეებმა ან აირჩიეს ასეთი რეალობა, ან უბრალოდ, შეეგუენ მოცემულობას და ომის პირობებში ცხოვრებას. პარიზი კი მშვიდობა, თავისუფლება, ზეიმი და სიხარულია; ბეირუთიდან, ალეპოდან, ბაღდადიდან გაქცეულები პარიზში აფარებენ თავს, სწორედ ამ ქალაქში გამოურბიან ომს, გასაჭირსა და ტყვეობას. პარიზი თავშესაფარი, ნავსაყუდელი და ბავშვური ზღაპარია. პარიზმა დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ თავისუფლების, მშვიდობისა და ზეიმის ქალაქად ქცეულიყო. თუ ამას ვერ ხვდებით, მაშინ ვერც ომსა და მშვიდობას შორის ამჩნევთ სხვაობას. ვერ გრძნობთ განსხვავებას ბოროტებასა და სიკეთეს შორის, ბარბაროსობასა და ცივილიზაციას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის. ვინც პარიზში მოაწყო აფეთქებები, სწორედ ამ განსხვავების გაქრობას ცდილობს, ზღვარის წაშლას – თავისუფლების, ზეიმის და მშვიდობის განადგურებას. აი, ამიტომ იცავს მთელი ცივილიზებული სამყარო პარიზს, საზღვრებს, ზეიმს, ზღაპარსა და თავისუფლებას.
რუზანა მელიანი: “ორიოდე დღის წინ დავბრუნდი პარიზიდან… გამიმართლა! მაგრამ დღეს, როდესაც სულს მიშფოთებს საფრანგრთში მცხოვრები ჩემი მეგობრებსა და უდანაშაულოდ დაღუპულებზე ფიქრი, ისევ მათ გვერდით მინდა ვიყო… ვუდასტურებ დიდ სიყვარულს ჩემს მეგობრებსა და მთელ ქვეყანას გულუხვობისთვის, სითბოსთვის, დახვეწილი გემოვნებისა და გულწრფელი ზრუნვისთვის, რაც აშკარად სამშობლოს უსაზღვრო მონატრებას უკავშირდება… თქვენს გვერდით მიგულეთ!”
ანა სიმონიანი: “ძვირფასო ფეისბუკო, სულაც არ ვფიქრობ იმაზე, რაზეც დღეს მიღებულია, რომ უნდა იფიქრო. ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებით, არ ვიცი, ვინაა დამნაშავე, როგორ უნდა მოვიქცეთ და ვინ არ არის შარლი. იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ მღეროდნენ საკუთარი ქვეყნის ჰიმნს ევაკუირებული გულშემატკივრები; იმ სიმღერას, რომლის ფონზე მეფეებს კლავდნენ და ტახტიდან აგდებდნენ, ერთხელ უკვე შეცვლილ და შემდეგ აღდგენილ ჰიმნს, რომელიც ძლევამოსილ მმართველებსაც მოსწრებია და სუსტებსაც, ომსაც, სისხლსაც და ოკუპაციასაც; სამას წელზე მეტია, რაც ფრანგები გასაჭირში ამას მღერიან: allons enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé (აღსდექით, სამშობლოს შვილნო, თქვენი დიდების დღე დადგა) აი, ეს არის სახელმწიფოებრიობა.”