სტამბოლმა ფერები შეცვალა
თურქეთის ოპოზიციამ, მართალია მეორე მცდელობით, მაგრამ საბოლოოდ თავისი გაიტანა – ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ თურქეთის ყველაზე დიდი მეგაპოლისისა და პოლიტიკურად და ეკონომიკურად ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ქალაქის – სტამბოლის მერი გახდა.
მაგრამ ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ოპოზიციამ გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე მთავარი ქალაქის მთავარ თანამდებობას.
ოპოზიციამ სერიოზული დარტყმა მიაყენა პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის უძლეველობის იმიჯს და ცხადჰყო, რომ თურქეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მის მკაცრ პოლიტიკასა და მმართველობას არ ემხრობა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ერკემ იმამოღლუმ ხმათა 54,21 პროცენტი დააგროვა. მისმა მეტოქემ, მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა – 44,99 პროცენტი.
ყველა დანარჩენმა კანდიდატმა ერთად ხმათა 0,80 პროცენტი მიიღო.
•„სტამბოლის მოპოვება თურქეთის მოპოვებას ნიშნავს“
• ეკონომიკური კრიზისი თურქეთში: პოლიცია პურის ფასებს აკონტროლებს
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რომ როდესაც 23 ივნისს, გვიან ღამით წინასწარი შედეგების გამოცხადდა, მთელი სტამბოლი ზეიმობდა.
JAMnews-ის კორესპონდენტები ახალი მერის გამოსვლაზე მიემგზავრებოდნენ და ავტობუსში ასეთი სცენის მომსწრენი გახდნენ:
„თქვენ დღეს აქ, ჩვენს ქალაქში დემოკრატიის გამარჯვებას მიაღწიეთ. გმადლობ, სტამბულო“, — მიმართა ერკემ იმამოღლუმ მხარდამჭერებს თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე.
მას ათასობით მხარდამჭერი ესალმებოდა, და ზემოთ აღმართული ხელებით გულებს გამოსახავდნენ – ეს იმამოღლუს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ელემენტი იყო, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარული გახდა.
49 წლის ერკემ იმამოღლუ – ბიზნესმენია, რომელსაც მამისგან მემკვიდრეობით საოჯახო საქმე დარჩა და 2014 წლამდე, ვიდრე პოლიტიკაში წავიდოდა, ეს მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა.
მაშინ ერკემ იმამოღლუ სტამბოლის ერთ-ერთი რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს.
მიუხედავდ იმისა, რომ ის 2009 წლიდან ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრია, მეგაპოლისის მერობის კანდიდატად მისი წარდგენა ექსპერტებისთვის სიურპრიზი იყო. იმამოღლუ აქამდე ავტორიტეტულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნეოდა.
სტამბოლის მერობის პირველი მცდელობა მას 31 მარტის არჩევნებზე ჰქონდა. ამ არჩევნებში იმამოღლუმ ბინალი ილდირიმს ხმათა მინიმალური უპირატესობით მოუგო – 48.80 პროცენტი 48.50-ის წინააღმდეგ.
თუმცა, მან მერად ყოფნა მხოლოდ 19 დღეს მოასწრო. მმართველმა პარტიამ შედეგები გააპროტესტა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა გადათვლა დაიწყო და დარღვევები აღმოაჩინა – შედეგები გაუქმდა და გამოცხადდა ახალი არჩევნები, რომელიც ამჯერად თავბრუდამხვევი წარმატებით დასრულდა კიდეც.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სტამბულის ქუჩებში გამაოგნებელი ცვლილება მოხდა. მმართველი პარტიის დროშები, პლაკატები და თავად მისი მხარდამჭერები თითქოს გაქრნენ. ორპოლუსიანი წინასაარჩევნო განწყობა მონოლითმა შეცვალა.
ამას უბრალოდ ფერებიც კი ცხადჰყოფდა – დომინირებული წითელი (მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ფერი) გამარჯვებული რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლურჯი ფერით შეიცვალა.
მანქანებზე დროშები ფრიალებდა, დროშებზე ათათურქისა და იმამოღლუს პორტრეტებით.
პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მმართველობით უკმაყოფილების მიზეზები
მოსახლეობის უკმაყოფფილების შესაძლო მიზეზებს შორის, რასაც შედეგად ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება მოჰყვა – ერთპიროვნული მმართველობის გამყარებაა, რითაც ერდოღანი ბოლო წლებში იყო დაკავებული.
2017 წლის აპრილში რეფერენდუმზე კონსტიტუციაში შეიტანეს ერდოღანის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდა და რაც ფაქტობრივად საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ნიშნავდა.
რეფერენდუმი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიმდინარეობდა, ოპოზიცია მის შედეგებზე დავობდა.
• თურქეთმა რეფერენდუმზე თანხმობა განაცხადა?
მაგრამ მოსახლეობის უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – გაგრძელებული ეკონომიკური კრიზისია.
2019 წელს თურქეთი, ინფლაციის დონის მიხედვით, ფაქტობრივად ლიდერი გახდა. გაძვირება თითქმის ყველა ძირითად საკვებ პროდუქტს შეეხო და საზოგადოებაში სერიოზული კრიზისი გამოიწვია.
2019 წლის იანვარში ქვეყანაში ფასებმა, გასული წლის იანვართან შედარებით, 20,35 პროცენტით მოიმატა.
თუმცა, ხელისუფლება ამას უარყოფს და საკუთრივ ინფლაციის ფაქტსაც არ აღიარებს, საკვები პროდუქტების გაძვირებას კი საბოტაჟის შედეგად მიიჩნევს.
პრობლემის გადასაწყვეტად მთავრობა პროდუქტების ფასის დარეგულირებას ცდილობს.
რაჰმი ცენტრალურ რაიონ ტაკსიმში, ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში სიმიტებით (თურქული ნამცხვარი) ვაჭრობს. სიმიტებიანი ურიკაზე – თვალის ცემისგან დამცავი დიდი ქვა უდევს. ეს ქვა წინათ მისი პატარა კაფეს კარის თავზე ეკიდა, რომლის გაყიდვაც მოუხდა, რადგან გაკოტრდა.
„ეკონომიკურმა კრიზისმა პირველ რიგში წვრილ და საშუალო მეწარმეებს დაარტყა. ჩემი კაფედან მხოლოდ ეს თვალის ცემის საწინააღმდეგო ქვაღა დამრჩა. სამახსოვროდ წამოვიღე, როდესაც ახალ მფლობელს გასაღებს ვაძლევდი. თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, არ მგონია, რომ ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ“.
ამრაჰი, რომელიც მეტროში გავიცანით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ზონგულდაგში, მაღაროში მუშაობს. მან გვიამბო, რომ სტამბულში სწორედ იმისთვის ჩავიდა, რომ ხმა მიეცა, რადგან აქ ცხოვრობს.
„ჩემს მშობლიურ ქალაქში სამუშაო რომ მეშოვნა, ზონგულდაგში გამგზავრება არ მომიწევდა. მაღაროში ძალიან მძიმე სამუშაო პირობებია. და მუშახელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. თავიდან მმართველმა პარტიამ ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბოლო წლებში სულ უარესი და უარესი ხდება. ვფიქრობ, დროა, ერდოღანი და მისი გუნდი დასასვენებლად წავიდეს“, — თქვა ამრაჰმა.