რატომ ებრძვიან სომხეთში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულ კონვენციას? ყველა მითი და სიმართლე
წლის ბოლომდე, სომხეთმა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის“ კონვენციის რატიფიცირება უნდა მოახდინოს, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „სტამბოლის კონვენცია“.
თუმცა, საზოგადოების ნაწილი აქტიურად გამოდის დოკუმენტის რატიფიცირების წინააღმდეგ, მაგრამ მათმა უდიდესმა ნაწილმა არც იცის მისი შინაარსი. კონვენციის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტი – ის ეწინააღმდეგება ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებს.
რაზეა სინამდვილეში საუბარი დოკუმენტში, რა არგუმენტები მოჰყავთ მისი რატიფიცირების წინააღმდეგ და რა – მის გასაბათილებლად.
• ერევანში აპროტესტებენ კონვენციას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიიღეს
• ერევანში ასეულობით ახალგაზრდა განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს. რა დააშავა მინისტრმა?
კონვენციის დებულებები ზოგადი შთაბეჭდილებისთვის
[su_quote]
• სახელმწიფო პასუხისმგებელია ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან აცილებაზე, ასევე დაზარალებულთა დაცვასა და პასუხისმგებელთა დასჯაზე.
• სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს თანასწორობას მამაკაცებსა და ქალებს შორის და შეაჩეროს ქალთა მიმართ ძალადობა – ურთიერთპატივისცემით პრობლემის მოგვარების წახალისებით, გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრაში თანამონაწილეობით (მათ შორის, საგანმანათლებლო მასალების დახმარებით) ხელი შეუშალოს ქალებზე ძალადობას.
• სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ყველა განცხადება ძალადობის შესახებ და დასაჯოს დამნაშავეები.
• სახელმწიფომ უნდა დაიცვას და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა (მაგალითად, მოახდინოს მოძალადის იზოლირება და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება, შესთავაზოს თავშესაფარი).
• სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დაზარალებულისთვის კომპენსაციის მოთხოვნა, ხოლო თუ კომპენსაციის გადახდა შეუძლებელია, სახელმწიფომ თავად უნდა მისცეს ის.
• ძალადობის მსხვერპლები უნდა იყვნენ ინფორმირებული დახმარების შესახებ, რომელიც მათთვისაა ხელმისაწვდომი.
• პოლიციისა და სამართალდამცავი სფეროს წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ გადამზადება, რათა შესაბამის დონეზე დაიცვან ძალადობის მსხვერპლთა უფლებები და შეზღუდონ სამომავლო მუქარა, სწორი რეაგირება მოახდინონ და მართონ სახიფათო სიტუაციები.
[/su_quote]
რატიფიკაციის მოწინააღმდეგეთა ყველა შიში და კონტრარგუმენტები
აი, კონვენციის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტების სია და მათი პრაქტიკული უარყოფა.
პირველი არგუმენტი:
სტამბოლის კონვენცია სომხური ოჯახის ტრადიციულ მოდელს ეწინააღმდეგება.
სინამდვილეში, კონვენცია არ არეგულირებს ოჯახურ ცხოვრებას ან გარემოს, ოჯახის სტრუქტურას და სახელმწიფო არ აიძულებს ადამიანებს შეიცვალონ ტრადიციული შეხედულებები ოჯახზე.
მეორე არგუმენტი:
ტრადიციები და ღირებულებები საფრთხის ქვეშაა.
სინამდვილეში, კონვენცია მხოლოდ აღნიშნავს, რომ ტრადიციები, კულტურა და რელიგია არ შეიძლება იყოს ქალზე ძალადობის გამართლება.
მესამე არგუმენტი:
სიტყვა „გენდერმა“ არ შეიძლება ჩაანაცვლოს ტერმინები „ქალი“ და „მამაკაცი“.
სინამდვილეში, სიტყვა „გენდერი“ კონვენციაში გამოიყენება, რათა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ქალები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი საკუთარი სექსუალური კუთვნილების გამო. უფრო ზუსტად, ხშირად ძალადობას გენდერული საფუძველი აქვს.
მეოთხე არგუმენტი:
კონვენციას შემოაქვს ცნება „მესამე სქესი“, რომელიც შეეხება სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ან მათ, ვინც სქესი შეიცვალა.
სინამდვილეში, ტერმინი „მესამე სქესი“ არც ერთხელ არ არის გამოყენებული კონვენციის ტექსტში. სახელმწიფოს მხოლოდ ავალდებულებს დაიცვას მსხვერპლი ნებისმიერ შემთხვევაში დისკრიმინაციისგან – მათ შორის, სქესის, რასის, ენის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად.
მეხუთე არგუმენტი:
კონვენცია სახელმწიფოს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს.
სინამდვილეში კონვენცია არანაირ გავლენას არ ახდენს ადგილობრივ კანონმდებლობაზე ოჯახის შესახებ, უფრო მეტიც, ამის შესახებ კონვენციაში საერთოდ არაფერია ნათქვამი. ასეთი მანიპულაციური განცხადებების მიზეზი ხდება კონვენციის ტექსტში გამოყენებული სიტყვა „პარტნიორი“. ამის გამო ბევრს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ საუბარია ერთსქესიან წყვილებზე.
თუმცა, „პარტნიორების“ კავშირად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საუბარია ორი ადამიანის იურიდიულად დაურეგისტრირებელ ურთიერთობაზე. და სომხეთში ბევრი წყვილია, რომლებიც ქორწინდებიან ეკლესიებში, მაგრამ იურიდიულად არ აფორმებენ საკუთარ ურთიერთობებს, რაც მათ ფაქტობრივად „პარტნიორებად“ აქცევს. და ეს მდგომარეობა მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ინციდენტი არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახურ ძალადობად, თუკი პარტნიორები არ არიან იურიდიულად გაფორმებულები მეუღლეებად.
მეექვსე არგუმენტი:
ერთსქესიან წყვილებს ბავშვის შვილად აყვანა შეუძლიათ.
სინამდვილეში, შვილად აყვანის საკითხზე არანაირ გავლენას არ ახდენს კონვენცია. ის რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობით.
მეშვიდე არგუმენტი:
კონვენცია ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს.
სინამდვილეში, კონვენციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უნდა ებრძოლოს იმ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს. მათ შორის, მაგალითად, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქალებს ოჯახში ხმის ამოღების უფლება არ აქვთ ან შეხედულებას იმის თაობაზე, რომ მისი ადგილი სამზარეულოშია.
მერვე არგუმენტი:
სტამბოლის კონვენციას სომხეთს თავს ახვევს თურქეთი, რომელმაც წინა საუკუნის დასაწყისში სომხების გენოციდი მოაწყო.
სინამდვილეში, ეს მხოლოდ დოკუმენტის პირობითი სახელია. ის არანაირად არაა დაკავშირებული თურქეთის ეროვნულ პოლიტიკასთან ან იდეოლოგიასთან.
ბრძოლა სომხეთში კონვენციის რატიფიცირების წინააღმდეგ
კონვენციასთან ბრძოლა მისი ხელმოწერისთანავე დაიწყო, მაგრამ პროტესტი განსაკუთრებით უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში გამწვავდა. ქვეყნის ხელისუფლება კონვენციის რატიფიცირებას 2019 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში აპირებდა. თუმცა, რაფიტიცირების გადავადება გრძელდება, იმდენად, რამდენადაც საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას და ქუჩის საპროტესტო აქციებს მართავს.
სომხეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქვეყანაში ასეთი რამ საერთოდ არ ხდება და კონვენცია არის საფრთხე სომხური ტრადიციებისა და ღირებულებებისათვის, მათ შორის, რელიგიურისთვის.
დისკუსიების კონსტრუქციული მიმართულებით გადასაყვანად, სომხეთის იუსტიციის მინისტრი რუსლან ბადასიანი სრულიად სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდა. აუდიენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ეკლესია განცხადებით გამოვიდა:
„კონვენცია შეიცავს მიუღებელ დებულებებს“.
პარლამენტში დოკუმენტის მწვავე განხილვა გრძელდება. შემოთავაზებულია სტამბოლის კონვენციის ნაცვლად საკუთარი, „ადგილობრივი“ დოკუმენტის მიღება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის – კიდევ უფრო მკაცრის, მაგრამ ბუნდოვანი ფორმულირებებისა და დებულებების გარეშე, რომელიც ორაზროვნად შეიძლება იყოს განმარტებული. ყველაზე მეტად დეპუტატებს აშფოთებს კონვენციის დებულებები, რომელიც, მათი აზრით, ერთსქესიანი ოჯახების შექმნისა და მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან დაკავშირებით, ერთსქესიანი ქორწინების საკანონმდებლო აკრძალვის წინადადებაც გაჩნდა. თუმცა, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისიამ ის არ მიიღო, რადგან კონსტიტუციის 35-ე მუხლი და „ოჯახის კოდექსის“ პირველი მუხლი უკვე განსაზღვრავს, რომ ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის.
კონვენციის შესახებ
დოკუმენტი 2011 წლის მაისში, სტამბოლში დაამტკიცეს და მას შემდეგ ღიაა ხელმომწერებისთვის. 2012 წლის მარტში, პირველმა თურქეთმა მოაწერა ხელი. მასზე უკვე ევროსაბჭოსა და ევროკავშირის 46 წევრი სახელმწიფოს ხელმოწერაა. თუმცა, მისი რატიფიცირება მხოლოდ 33-მა ქვეყანამ მოახდინა.
ევროსაბჭოს წევრებიდან რუსეთმა და აზერბაიჯანმა უარი განაცხადეს დოკუმენტის ხელმოწერაზე. ბულგარეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი 2018 წელს ის ოფიციალურად გამოაცხადა ანტიკონსტიტუციურად.
სომხეთის ხელისუფლებამ კონვენციის ხელმოწერა 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა. 2018 წლის იანვარში კი მას ხელი მოაწერა ევროსაბჭოში სომხეთის წარმომადგენელმა, ელჩნა პარუირ ოვანესიანმა. თუმცა, ის ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული.