საქართველოში ქალთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთი მასშტაბური პრობლემაა
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწრობის მდგომარეობს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავ მასშტაბური პრობლემაა ქალთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ რეაგირებენ ოჯახში, თუ მის გარეთ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე, ძალადობის მსხვეპლი ქალები კი ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას.
ომბუდსმენი აღნიშავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ზოგ შემთხვევებში არ ხდება სავარაუდო მსხვერპლის გამოკითხვა, ასევე არის შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი რეაგირება ფერხდება იმ ფაქტებზე, სადაც სავარაუდო მოძალადე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია.
დოკუმენტში საუბარია სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ რეაგირებაზეც და ხაზგასმულია, რომ „სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი“.
„სექსუალური შევიწროვება შევიწროვების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და სპეციფიური ფორმაა, რომელიც ქართულ რეალობაში დაფარულ ფენომენს წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში, როგორც სახალხო დამცველისადმი, ასევე სასამართლოსადმი მიმართვიანობა სავარაუდო შევიწროვებისა და სექსუალური შევიწროვების ფაქტებთან დაკავშირებით უკიდურესად დაბალი იყო. საქმეთა სიმწირეს არაერთი ფაქტორი განაპირობებს – ქვეყანაში დღემდე არ არსებობს გენდერული სტერეოტიპები, რომლის თანახმად, დასაქმების ადგილზე თუ სხვა გარემოში არასასურველი მოპყრობის გამომწვევი თავად ქალია.
მეტწილად, მსხვერპლმა არ იცის ვის მიმართოს. ძალიან ხშირად მსხვერპლი მიიჩნევს, რომ მისი მდგომარეობა შესაძლოა საკმარისად სერიოზული არ იყოს იმისთვის, რომ სხვას გაუზიაროს და ზოგჯერ თვლის, რომ შესაძლოა მან თავადვე მოახდინა შემავიწროვებლის პროვოცირება და ითმენს შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელის მოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროვების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს, ასე არ ხდება.
სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა პირველად გამოსცა რეკომენდაცია, ასევე წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ორივე საქმე შეეხებოდა სამუშაო ადგილზე ხელმძღვანელი პირის მხრიდან დაქვემდებარებაში მყოფი ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებას.
სახალხო დამცველმა 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 201 საქმე შეისწავლა. გამოიცა 11 რეკომენდაცია, 11 ზოგადი წინადადება, წარადგინა 4 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. წარმოება შეწყდა 99 საქმეზე. საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი ეხება განსხვავებული მოსაზრების (12%), სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (11%), რელიგიის (10%), პოლიტიკური შეხედულებების (9%) საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს.
სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწრობის მდგომარეობა“ რიგით მესამეა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების შემდეგ.