საქართველო და კორონავირუსი - როგორ ხვდება COVID-19-ს ქართული ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. სიტუაცია ამ ეტაპზე მართვადია და ჯანდაცვის სისტემას დიდი ტვირთი არ აწევს. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით დაინფიცირების მასშტაბი გაიზრდება, შეძლებს თუ არა ქვეყანა ყველა ინფიცირებულის ჰოსპიტალიზებას და მათ სათანადო მკურნალობას?
რომიდან დღეს 2 სპეცრეისით საქართველოს 200 მოქალაქე ჩამოჰყავთ. ყველა მათგანს კარანტინში გადაიყვანენ. არ არის გამორიცხული, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებულებიც იყვნენ.
COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში სავარაუდოდ, რომ გაიზრდება, ამას არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გამორიცხავს: “ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი. პროგნოზს, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს.”
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
როგორია ქვეყნის მზადყოფნის რეჟიმი
საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.
საკარანტინო სივრცეები არის საჩხერეში, აბასთუმანში, თბილისსა და ზუგდიდში. საკარანტინო ზონად გადაკეთდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოც, სადაც 88 ადამიანის მიღება შეიძლება.
ლუგარის ლაბორატორიას აქვს 3000 სპეციალური სინჯი, რომლის მეშვეობითაც კორონავირუსზე ლაბორატორიული ანალიზი კეთდება. უახლოეს პერიოდში ვირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებებშიც იქნება შესაძლებელი.
გაითვალისწინეთ, რომ ანალიზს საკუთარი სურვილით ვერ გაიკეთებთ: ექიმის გადაწყვეტილებით, ანალიზი მხოლოდ მომატებული რისკის მქონე პაციენტებს უკეთდებათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების მარაგი მუდმივად შეივსება.
დაინფიცირებული პაციენტების მიღებისთვის მზად არის ინფექციური და ბოჭორიშვილის საავადმყოფოები, მობილიზებულია ტუბდისპანსერიც.
საქართველოში ამჟამად 20 000 მოქმედი ექიმია. მათ შორის 150 ლიცენზირებული ინფექციონისტია.
• ჰოსპიტალურ სექტორში სულ 16 000 საწოლია
• აქედან 500-ზე მეტი არის ინფექციური საწოლი
• 1368 რეანიმაციული საწოლი
• 986 ინტენსიური თერაპიის საწოლი
• 20 ბოქსირებული პალატა
• 2000 მართვითი სუნთქვის აპარატი
COVID-19-ით ინფიცირების მძიმე შემთხვევების დროს, როცა პნევმონია რთულდება, მართვითი სუნთქვის აპარატის გარეშე ადამიანის გადარჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ამ ეტაპზე ყველა დაავადებულის მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს.
საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი – stopcov.ge შექმნა, სადაც თავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით.
stopcov.ge-ზე მოქალაქეებს აქვთ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.
ვებ-გვერდი ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მუშაობს. რეკომენდაციების და გატარებული ღონისძიებების გარდა, აქ არის პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, ასევე, სტატისტიკა, რომელიც, ყოველ დღე, 21:30 საათზე ახლდება.
ჯანმოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (ჩOVID-19) სიმპტომებია სიცხე, დაღლილობა და მშრალი ხველა. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სხეულში ტკივილები, სურდო და დიარეა.
თუმცა, ინფიცირებულთა ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. დაავადებულთა უმეტესობას – დაახლოებით 80%-ს არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა. სერიოზული გართულება 6-დან მხოლოდ 1 ინფიცირებულს აღენიშნება.
გართულებების რისკჯგუფში შედიან ხანდაზმულები და ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები – მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი აქვთ.