საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში: რა ხდება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ა
ზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც 9 თებერვალს არის დანიშნული. როგორც ყოველთვის, ის მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, რომელიც, ბევრი ექსპერტის აზრით, ხელისუფლებას განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს.
ქვეყანაში უჩვეულო წინასაარჩევნო აქტივობა შეინიშნება:
• დარეგისტრირებულია 1300-ზე მეტი კანდიდატი ანუ 10 ადამიანზე მეტი მოდის ერთ ადგილზე (სულ 125 ადგილია).
• ნაცვლად ტრადიციული აპათიისა და უკვე ფოლკლორად ქცეული გამონათქვამებისა, ასეთ სტილში, „რომ უთქვენოდაც ყველას აირჩევენ“, აზერბაიჯანში საზოგადოება უჩვეულოდ გამოცოცხლებულია.
• კანდიდატები ოჯახ-ოჯახ დადიან და აგიტაციას ეწევიან.
წინასაარჩევნო დებატები ამჯერად ტელევიზიით არ ჩატარებულა – როგორც ჩანს იმიტომ, რომ მას სოციალურ ქსელებში აწარმოებენ.
ერთ-ერთი კანდიდატის მხარდამჭერებმა ველოგარბენიც კი მოაწყვეს ხელში ფოტოსურათებითა და ტანსაცმელზე გაკეთებული ლოზუნგებით.
რა ხდება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
„სასწრაფო“ არჩევნები და იატაკქვეშა აგიტაცია
2019 წლის ბოლოს, მმართველი, პრეზიდენტის პარტია, „ახალი აზერბაიჯანი“ პარლამენტის (მილი მეჯლისის) გაშვებისა და ახლის არჩევის ინიციატივით გამოვიდა და ეს იმით განმარტა, რომ ახლანდელი შემადგენლობა არ შეესაბამება პრეზიდენტის პოლიტიკას. პარლამენტი ფაქტობრივად ერთხმად დათანხმდა საკუთარ დაშლას.
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დაეთანხმა და დაინიშნა ვადამდელი არჩევნების თარიღი – 9 თებერვალი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის გაშვებისთვის სრულიად განსხვავებული პროცედურებია გათვალისწინებული.
• ვისთვის ან რისთვის მოახდინეს კონსტიტუციის ინტერპრეტირება?
ამრიგად, არჩევნები 2020 წლის ბოლოდან, წლის დასაწყისში გადმოვიდა.
ხელისუფლება, არსებული შიშების საწინააღმდეგოდ, არ უშლიდა ხელს ოპოზიციისა და დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციას. თუმცა, გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე დებატები არ გამართულიყო.
სხვა ტელეარხები – ყველა მათგანს ხელისუფლება აკონტროლებს – პარლამენტის დაშლიდან მოყოლებული, დაკავებული იყვნენ მმართველი პარტიის რეკლამით. როგორც 60-ზე მეტ საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულ პარტიას, „ახალ აზერბაიჯანს“ უფასო საეთერო დრო მიეცა, რომელზეც მან უარი განაცხადა. სხვა კანდიდატებს სატელევიზიო ეთერისთვის წარმოუდგენლად მაღალი ფასები დაუწესეს.
აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეა, იგივე მილი მეჯლისი – ერთპალატიანი პარლამენტი, სადაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ 125 დეპუტატს მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ – თითო ადამიანს 125 ოლქიდან. მაჟორიტარული სისტემის წყალობით, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ახერხებს საკუთარი კანდიდატების მონაწილეობის უზრუნველყოფას ყველა საარჩევნო ოლქში და სავარძლების უმრავლესობის დაკავებას.
მილი მეჯლისს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა შეუძლია, მაგრამ მთელი ისტორიის მანძილზე, ამ უფლებით არასოდეს უსარგებლია. ამ ეტაპზე, დეპუტატის ხელფასი, დაახლოებით, 1000 დოლარია, პლუს მრავალრიცხოვანი პრივილეგიები.
1995 წლიდან მოყოლებული, პარლამენტში, ადგილების უმრავლესობას პრეზიდენტის პარტია, „ახალი აზერბაიჯანი“ ფლობს. წინა პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მმართველობისას, ოპოზიცია პარლამენტში ყოველთვის აბსოლუტურ უმცირესობაში იმყოფებოდა.
ყოველ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობდნენ ფალსიფიკაციაზე, უქმდებოდა შედეგების ნაწილი და ინიშნებოდა ხელახალი კენჭისყრა.
ახლა პარლამენტში 69 დეპუტატია „ახალი აზერბაიჯანიდან“, 53 უპარტიო დეპუტატი (ასევე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი) და სამი ადამიანი ნაკლებად ცნობილი პარტიებიდან. 2010 წლიდან მოყოლებული, პარლამენტში ოპოზიცია აღარ არის წარმოდგენილი.
2010 წელს, ოპოზიცია პარლამენტში ვერ შევიდა, 2015 წელს კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
• როგორ მუშაობს მაჟორიტარული სისტემა მმართველ პარტიაზე
რას წარმოადგენს ოპოზიცია აზერბაიჯანში
ბოლო წლებში, ოპოზიცია აზერბაიჯანში წარმოდგენილია სამი მსხვილი და ცნობილი პარტიით – აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია, მუსავათი და რესპუბლიკური ალტერნატივა (რეალ).
ოპოზიციური პარტიების დარეგისტრირებულ წევრთა რაოდენობა სამიდან 60 ათას ადამიანს შორის მერყეობს, მაშინ როდესაც მმართველი პარტია 740 ათასი წევრის შესახებ საუბრობს.
ჩვეულებრივი მოქალაქეები ხშირად არ ახდენენ აფიშირებას, რომ ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ, რადგან ამან, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნათ – მაგალითად, ოპოზიციის მიტინგზე შემჩნეულმა ადამიანმა შესაძლოა სამსახური დაკარგოს.
2019 წელს, ოპოზიცია აზერბაიჯანში უფრო აქტიური იყო, ვიდრე წინა წლებში. რამდენიმე დიდი მიტინგი გაიმართა, მათ შორის, რამდენიმე არასანქცირებული და ის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია.
• აქცია ბაქოს ცენტრში – გამორთული ინტერნეტი და კორდონები
• პარტია „მუსავათის“ პიკეტი – ათობით დაკავებული
ძალთა განლაგება
ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში მყოფი 1300-ზე მეტი კანდიდატის უმეტესობა დარეგისტრირებულია, როგორც „დამოუკიდებელი“. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მართლა დამოუკიდებელია.
• 31 ადამიანი ათასზე მეტი „დამოუკიდებლიდან“ – პარტია რეალის წევრები არიან, რომელიც ოფიციალურად არ არის დარეგისტრირებული. მისი ლიდერი, ილგარ მამედოვი, ყოფილი პოლიტპატიმარია და არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს. ევროპული სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის ნასამართლეობა ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ.
• 16 ადამიანი – ბლოკ „მოძრაობას“ წარმოადგენს. ის ცოტა ხნის წინ შექმნეს ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა.
• 10 ადამიანი მოქმედ პარლამენტში მუშაობს.
• დანარჩენი „დამოუკიდებელი“ კანდიდატების პოლიტიკური შეხედულებების ზუსტად განსაზღვრა რთულია, მაგრამ ცესკოს ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ სულ მცირე მათი მეოთხედი სახელმწიფო უწყებებში ან პროსახელისუფლებო მედიაში მუშაობს, სადაც ხელისუფლებისადმი ლოიალურობა მიღების მთავარი წინაპირობაა.
ასევე, არჩევნებში მონაწილეობს ოპოზიციური პარტია „მუსავათი“ – მისი სახელით 60 კანდიდატია დარეგისტრირებული.
„აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ“ ბოიკოტი გამოაცხადა. უფრო ზუსტად, ასეთი განცხადება გააკეთა ოპოზიციონერთა გაერთიანება „დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ“, რომელმაც ხელისუფლებისგან პირველ რიგში საარჩევნო რეფორმის გატარება მოითხოვა. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია, რომლის ბევრი წევრიც ეროვნულ საბჭოშია გაერთიანებული, არჩევნებზე წარმოდგენილი არ არის.
მმართველი პარტიის წევრი – 122 კანდიდატია.
ახალგაზრდა პოლიტიკოსები, სოციალური ქსელები და მეზობელ ქვეყნებში რევოლუციების გადამდები მაგალითი
კანდიდატებმა, პოლიტოლოგებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა JAMnews-ს უთხრეს, თუ რას უკავშირებენ ასეთ უჩვეულო გამოცოცხლებას. ისინი ასეთ მიზეზებს ასახელებენ:
• მნიშვნელოვანი იყო მეზობელი ქვეყნების მაგალითი – უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის. ხალხი მიხვდა, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლიათ. არჩევნებში მონაწილეობენ ახალი თაობის პოლიტიკოსები (მაგალითად, პოპულარული ბლოგერი და ყოფილი პოლიტპატიმარი, მეჰმან ჰუსეინოვი);
• სოციალური ქსელების როლის გაზრდა, სადაც ადამიანებს პოლიტიკის განხილვა შეუძლიათ;
• ოპოზიციის გააქტიურება სოციალურ ქსელებში – ის ახლოს მივიდა საზოგადოების პროგრესულ ნაწილთან;
• ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები;
• პოლიტიკური პროცესები, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარდა, როდესაც ციხეებიდან ამნისტიით გამოვიდა პოლიტპატიმართა უმეტესობა, ხელისუფლებაში კი მნიშვნელოვანი გადაადგილებები დაიწყო. ბევრი ამას იმედისმომცემ ნიშნად აღიქვამს, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, უფრო მზად არის დათმობებისთვის, ვიდრე ხუთი წლის წინ.
• აზერბაიჯანის ხელისუფლება გუნდს ცვლის: რეფორმები თუ კლანების ბრძოლა?
პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, ახალგაზრდა აქტივისტების გაერთიანების, „მოძრაობის“ წევრი, თოღრულ ვალიევი
„სოციალური პრობლემების გამო, ადამიანები უფრო პოლიტიზებულები ხდებიან. ჩემს წრეში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქის ცენტრია, ბევრი განიცდის უმუშევრობას. და ისინი იწყებენ დაინტერესებას, რა ხდება მეზობლად, რეგიონში. მათ აინტერესებთ, ვინ არის მათი დეპუტატი, რაც ადრე ბევრმა არ იცოდა“.
მოლოდინები და პროგნოზები
უჩვეულოდ მაღალია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინები.
ილგარ მამედოვი, პარტია რეალის თავმჯდომარე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2018 წლიდან მოყოლებული აცხადებს, რომ მისი პარტია არ მოითმენს არჩევნების ფალსიფიცირებას და მზად არის, ასეთ შემთხვევაში, თავისი მრავალრიცხოვანი მომხრეები ქუჩაში გამოიყვანოს.
ახალგაზრდა აქტივისტებს სჯერათ, რომ მოახერხებენ პარლამენტში შესვლას და მის მუშაობას უფრო გამჭვირვალეს გახდიან.
ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სურათს აზერბაიჯანში, არამედ იმასაც, რამდენად შეუძლია საზოგადოებას მიიღოს არჩევნები, როგორც ქვეყანაში მშვიდობიანად რაღაცის შეცვლის შესაძლებლობა.
არის შიში, რომ ხელისუფლება სრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ჩახშობის მექანიზმებს და საზოგადოებაში იმედგაცრუება დაისადგურებს.
ნატიგ ჯაფარლი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, პარტია რეალის წევრი
„არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ტარდება. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზია გვერდზე გადგა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა შეიძლება, რომ კანდიდატებს რეგისტრაციისა და აგიტაციის წარმოებისას წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ შეხვედრიათ. მაღალია ალბათობა, რომ ეს არჩევნები ისე არ ჩატარდება, როგორც ყოველთვის და სხვა შედეგებს მოიტანს.
თუკი ამ არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან ტოტალური ფალსიფიკაცია მოხდება, სრულად განადგურდება ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტისადმი ნდობა. და ასეთი რწმენის არარსებობა შეიძლება იყოს მთავარი ელემენტი, რომელიც ქვეყანას ქაოსამდე მიიყვანს. აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის ამის თავიდან აცილების ბოლო შანსი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა“.