დიდ ხნის ნანატრი და არა თავისთვის გაჩენილი ბავშვი. სუროგატული დედობა სომხეთში
ნელი და რაფაელი
„როდესაც ჩვენს ქორწილში ადამიანები სადღეგრძელოს ამბობდნენ და სომხური ტრადიციის მიხედვით შვიდ ვაჟს გვისურვებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ სიტყვებს აღვიქვამდი, როგორც საყვედურს და არა სურვილს“.
ნელი და რაფაელი 2007 წელს დაქორწინდნენ. რაფაელის მშობლები მალე მატებას ელოდნენ და დიდ ოჯახზე ოცნებობდნენ, მაგრამ ათი წელი მოუწიათ მოცდა.
„პირველი ორი წელი არ ვნერვიულობდით, ახალგაზრდები ვიყავით, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი წინ გვქონდა. რა თქმა უნდა, გარედან დიდი ზეწოლა იყო და ყველა ყველგან უადგილოდ გვეკითხებოდა, რაიმე სიახლე ხომ არ გქონდა. მე თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან არ შემეძლო მათთვის რამე მეპასუხა“, – ამბობს ნელი.
• სკანდალური ისტორია სომხეთში: ქალი ამტკიცებს, რომ შვილი გაუყიდეს და მის დაბრუნებას ითხოვს
• ორი სომეხი დედის ისტორია – როგორ იბრძვიან ისინი შშმ შვილების უფლებებისთვის
ორი წლის შემდეგ ცოლ-ქმარმა ექიმს მიმართა. ორივე ჯანმრთელი აღმოჩნდა. ექიმმა უბრალოდ მოცდა ურჩია. კიდევ შვიდი წელი ელოდნენ. მოსიყვარულე წყვილი, რომელიც ადრე მეგობრებისთვის სამაგალითო იყო, განქორწინების საფრთხის წინაშე დადგა. მუდმივი დაძაბულობა და მშობლების მოწოდებები განქორწინებისა და ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ, გაუსაძლისი ხდებოდა:
„არასოდეს შეგვიწყვეტია ერთმანეთის სიყვარული. მზად ვიყავით, ბავშვების გარეშეც გვეცხოვრა ერთად, მაგრამ მშობლები იყვნენ წინააღმდეგი. გვეუბნებოდნენ, რომ თუ ერთად ვერ გვეყოლებოდა შვილები, განვქორწინებულიყავით და ახალი ოჯახები შეგვექმნა – ორივე ჩვენგანს გაუჩნდებოდა ბავშვის ყოლის შანსი. საშინელებაა, როდესაც ყოველდღე შენი ცხოვრება ბრძოლად იქცევა – არა მარტო ბავშვის, არამედ ოჯახის შენარჩუნების გამო“, – გვიყვება ნელი.
ერთად ცხოვრების ცხრა წლის განმავლობაში წყვილმა სამჯერ მიმართა ხელოვნურ განაყოფიერებას, მაგრამ სამივე შემთხვევაში უშედეგოდ. სომხეთში ეს პროცედურა 1,2-1,6 მილიონი დრამა ღირს (დაახლოებით 2500-3300 დოლარი). ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, წყვილი შემდეგისთვის იწყებდა ფულის შეგროვებას. რაფაელი ორ ადგილას მუშაობდა, შემდეგ კი საღამოს ტაქსის მართავდა. მესამე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა, ხელოვნურ განაყოფიერებაზე ფიქრი შეეწყვიტათ.
[su_quote]გაეროს კვლევის თანახმად, 2010 წელს სომხეთში უნაყოფო წყვილების რაოდენობა 16,8 პროცენტს შეადგენდა, 2014 წელს – 14,9 პროცენტს, 2017 წელს კი ისევ 16,8 პროცენტამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეექვსე წყვილი ქვეყანაში უშვილობის პრობლემას აწყდება.
[/su_quote]ნელიმ და რაფაელმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი ეშვილათ, მაგრამ მშობლები ისევ წინააღმდეგი იყვნენ: მათ საკუთარი შვილიშვილები უნდოდათ. 2016 წელს რაფაელმა რადიოში რეკლამიდან შეიტყო სუროგატი მშობლების ერთ-ერთი კლინიკის შესახებ. მეორე დღესვე იქ მივიდა, რათა ყველა დეტალი გაერკვია.
[su_quote]სუროგატული დედობის ინსტიტუტი სომხეთში რეგულირდება კანონით „რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ადამიანის რეპროდუქციის უფლების შესახებ“, რომელიც 2002 წელს მიიღეს. 2012 წლამდე კანონი უშვებდა, რომ სუროგატი დედა კვერცხუჯრედის დონორის როლშიც ყოფილიყო. 2012 წელს კი კანონში ცვლილება შეიტანეს და ასეთი შესაძლებლობა აიკრძალა, რათა თავიდან აერიდებინათ შესაძლო საკანონმდებლო ხარვეზები და სუროგატი მშობლების პრეტენზიები ბავშვებთან დაკავშირებით. იმავე კანონის მე-11 მუხლი ასევე აწესებს, რომ სუროგატ დედას არანაირი უფლება არ აქვს ბავშვზე და, ამასთან, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება მასზე იმ მომენტიდან, როდესაც შეთანხმებისამებრ გადასცემს ბავშვს პიროვნებას ან წყვილს, რომელთანაც მოილაპარაკა.
[/su_quote]კლინიკაში რაფაელს უთხრეს, რომ სუროგატი დედის მომსახურება 13-დან 25 ათას დოლარამდე ჯდება. ღირებულებაში შედის ყველაფერი – იურიდიული მომსახურებიდან დაწყებული, სუროგატი დედის კომპენსაციით დამთავრებული. ღირებულება საგრძნობლად მცირდება, როდესაც წყვილი თვითონ ნახულობს სუროგატ დედას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სამედიცინო მოთხოვნას: არ უნდა იყოს 35 წელზე მეტის, არ უნდა იყოს მისთვის პირველი მშობიარობა და, ასევე, არ უნდა ჰქონდეს სერიოზული დაავადებები. ერთ ქალს სუროგატი დედის როლში ყოფნა ორზე მეტჯერ არ შეუძლია.
ნელი და რაფაელი ორი წელი აგროვებდნენ ფულს, გაყიდეს ავტომობილი და დაბრუნდნენ კლინიკაში – თავიანთი ოცნებისთვის. მათ სუროგატი დედობის ორი კანდიდატურა შესთავაზეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ცოლ-ქმარმა ანა ამოარჩია.
ანა
„ხუთი წლის წინ ჩემს ქმარს ჰქონდა ბიზნესი, რომელმაც არ იმუშავა. ფინანსური პრობლემების გადაჭრისა და ვალების დაფარვის მიზეზით ის ევროპაში წავიდა სამუშაოდ. პირველი ოთხი-ხუთი თვე რეკავდა და ჩიოდა, რომ ფულის გამომუშავებას ვერ ახერხებდა. შემდეგ მითხრა, რომ ფიქტიური ქორწინება უნდა გაეფორმებინა ბინადრობის ნებართვის მისაღებად. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო? ჩვენ დავშორდით. მას შემდეგ, რაც დოკუმენტები გავუგზავნე, ის სულ უფრო და უფრო იშვიათად რეკავდა, ბოლოს კი საერთოდ შეწყვიტა“, – იხსენებს ანა.
როდესაც მიხვდა, რომ ქმრის დალოდებას აზრი არ ჰქონდა, მისი შვილი უკვე ხუთი წლის იყო. საჭირო იყო ვალის დაბრუნება და ბავშვის შენახვა. ნაცნობმა ანას ურჩია, რომ სუროგატ დედობაზე დაფიქრებულიყო. თვითონ უკვე ორჯერ იყო სუროგატი დედის როლში.
„ვხვდებოდი, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ჩემი ნაცნობი მახალისებდა, მეუბნებოდა, რომ ცხრა თვე ისე მალე გაივლიდა, ვერც კი შევამჩნევდი. როდესაც ნელისა და რაფაელს შევხვდი, ეს ძალიან შემეხო. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ხალხი იყო და ნებისმიერი ბავშვი იოცნებებდა ასეთ მშობლებზე. მათმა გაცნობამ ცოტათი შთამაგონა. ვიფიქრე, რომ ასე შემეძლო კარგ ადამიანებს დავხმარებოდი“, – ამბობს ანა.
როდესაც განაყოფიერების პროცესი დასრულდა, ექიმებმა თქვეს, რომ სიცოცხლისუნარიანი ორი ნაყოფი აღმოჩნდა. ნელიმ და რაფაელმა ამორჩევა არ დაიწყეს, თუმცა, ამან კიდევ უფრო გაზარდა მათი ხარჯები და სთხოვეს ანას, რომ ორივე ეტარებინა. საბოლოოდ, ანა ტყუპებზე დარჩა ფეხმძიმედ.
„ორსულობის პერიოდში ნელი და რაფაელი ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ჩემდამი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურად 200 000 დრამს (დაახლოებით 400 დოლარს) ვიღებდი და არაფერი მჭირდებოდა, ისინი ხშირად მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტები ან საჩუქრები ჩემი შვილისთვის. ერთხელ ნელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მთელი დღე მარწყვი მინდოდა და ვიფიქრე, რომ შენც გენდომებოდა“, – იხსენებს ანა.
ბავშვების გაჩენის შემდეგ, ანამ მათი ნახვა მოისურვა, მხოლოდ შეიტყო, რომ ორი გოგონა გააჩინა. მათ სამშობიარო სახლის კართან უკვე მოუთმენლად ელოდნენ მშობლები.
„მართალია, არ ვნანობ, რომ ამას მოვკიდე ხელი, მაგრამ ბავშვებთან განშორება გაუსაძლისი იყო. ვხვდებოდი, რომ თუკი მათ დავინახავდი, ორჯერ უფრო ცუდად ვიქნებოდი. ახლა ბავშვები წლინახევრის არიან. მე მათ სოციალურ ქსელში, ნელის გვერდზე ვადევნებ თვალყურს. ძალიან კარგები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ბედნიერი ადამიანები გაიზრდებიან. ნელისა და რაფაელის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მაინც ხშირად ვხედავ სიზმარში მშობიარობას. ბავშვების ნათლობის დღეს ნელიმ დამირეკა და დამპატიჟა, მაგრამ უარი ვუთხარი. მესმის, რომ ასე იქნება ყველასთვის სწორი“, – ამბობს ანა.
[su_quote]კანონით, ბავშვი გადაეცემა მშობლებს და მისი დაბადება ოფიციალურად რეგისტრირდება დნმ ტესტის გაკეთების შემდეგ, რომელიც უტარდება სუროგატ დედას, ახალშობილსა და, ასევე, ბიოლოგიურ მშობელს ან მშობლებს.
[/su_quote]მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია სუროგაციის შესახებ არ არის აფიშირებული, ნელი და რაფაელი საკუთარ გადაწყვეტილებას არავის უმალავენ. როდესაც გოგონები გაიზრდებიან, შესაძლოა, მათაც მოუყვნენ, როგორ იყო ყველაფერი. ნელის არ ანაღვლებს, რომ ცხრა თვე თვითონ არ ატარებდა მუცლით საკუთარ ბავშვებს. ამბობს, რომ იმდენი ხანი ელოდა და ისე ხშირად იყო ანასთან, რომ ეჩვენება, თითქოს თვითონ გაიარა ორსულობა.
მშობიარობის შემდეგ, შეთანხმების თანახმად, ანამ 13 ათასი დოლარი მიიღო. ამან მას საშუალება მისცა, რომ ქმრის ვალები გადაეხადა. ამასთან, მან საკუთარ თავს საშუალება მისცა, ფრჩხილების მოვლისა და მანიკურის სპეციალისტის ფასიანი კურსები გაევლო. ანამ თავისი ახალი სამსახურისთვის საჭირო ყველა ნივთიც შეიძინა. ახლა ის თავად ზრუნავს საკუთარ თავსა და ვაჟიშვილზე. ამბობს, რომ მეორედ ასეთ ნაბიჯზე აღარ წავა.
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.