სააკაშვილი უკრაინაში - დასაწყისი და დასასრული
მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოულოდნელი არ ყოფილა – განსაკუთრებით, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის და სააკაშვილის თემაზე გაკეთებული ბუნდოვანი მინიშნებების შემდეგ.
პოროშენკოს გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობას დაუსვა წერტილი, არამედ ზოგადად ქვეყანაში “ქართული რეფორმების” თემა საბოლოოდ დახურა. ხერხი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ოპონენტის თავიდან მოსაშორებლად, მისი და ქვეყნის რეპუტაციისთვის სერიოზულად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.
პრეზიდენტის მრჩევლობიდან ოპოზიციონერობამდე
ჯერ კიდევ მაიდნის დროს, 2013 წლის დეკემბერში, თავად გავხდი იმის მოწმე, თუ რა პოპულარობით სარგებლობდა მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შორის. მის გამოსვლას სცენაზე ხალხი ისეთი აღფრთოვანებით შეხვდა, როგორითაც არცერთ სხვა ლიდერს არ შეხვედრია. ხოლო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სცენა დატოვა და ხალხთან მისვლა გადაწყვიტა, მისი პოპულარობა კინაღამ ჩემი ნეკნების ფასი დამიჯდა – ისეთ ჭყლეტაში მომიწია მუშაობა.
სწორედ ამ პოპულარობამ განაპირობა ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილი საკუთარ მრჩევლად დანიშნა, ხოლო მთავრობაში საკვანძო თანამდებობებზე მისი თანაგუნდელები დაინიშნენ. ამით პოროშენკომ საზოგადოებას დაანახა, რომ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება მართლაც სურდა.
თუ რატომ გადაწყვიტა მან ასე, გასაგებია – საქართველოში სააკაშვილის დროს განხორციელებული რეფორმები ბევრად უფრო პოპულარული იყო უკრაინაში, ვიდრე თავად საქართველოში. ნაწილობრივ, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ წარმოებული პიარ-კამპანიის, ნაწილობრივ კი, საქართველოში ნამყოფი უკრაინელების შთაბეჭდილებების წყალობით, რომელთა უმრავლესობა აღფრთოვანებული რჩებოდა.
სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა და მისთვის მოქალაქეობის მინიჭება სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებად განიხილებოდა – გაჩნდა იმედი, რომ მას ოდესაში ლოკალური, “საპილოტე” რეფორმების გატარების საშუალება მიეცემოდა, რომლებიც შემდეგ მთელ ქვეყანაზე გავრცელდებოდა.
დღევანდელ გადასახედიდან, სააკაშვილის სწორედ ეს ნაბიჯი მის ყველაზე მთავარ შეცდომად გამოიყურება – პოლიტიკური თანამდებობის დაკავება უკრაინაში მას არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის ფასად დაუჯდა, არამედ, როგორც აღმოჩნდა, უკრაინაში მისი მოღვაწეობის დასასრულის დასაწყისი გახდა.
სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტზე ბევრი ინციატივა წამოიწყო – რაიონული ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელების კონკურსის წესით დანიშვნა; საბაჟოს მუშაობის მოწესრიგება; პორტის ხელმძღვანელობის გადაყენება; სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რუმინეთთან შემაერთებელი ოდესა-რენის გზის რეაბილიტაციის დაწყება; რაიონულ ადმინისტრაციებში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული მაქინაციების მხილება; ოლქში საპატრულო პოლიციის შექმნის მხარდაჭერა; ასევე, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის (იუსტიციის სახლის ანალოგი) გახსნა.
ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო, ფაქტობრივად, ვერცერთი რეფორმა სააკაშვილმა ოდესაში ბოლომდე ვერ მიიყვანა.
სამაგიეროდ, პრეზიდენტმა პოროშენკომ კარგად გამოიყენა ოდესის გუბერნატორი თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების – ჯერ იგორ კოლომოისკის და შემდეგ პრემიერ არსენი იაცენიუკის მოსაშორებლად. ამავე პერიოდში სააკაშვილი იძულებული იყო მხარი დაეჭირა პოროშენკოს გუნდის კორუმპირებული წევრებისთვის და ოდიოზური პოლიტიკოსებისთვის, რაც, ცხადი იყო, რომ მის რეპუტაციაზე კარგად არ აისახებოდა.
ეს ყველაფერი გასული წლის ნოემბერში დასრულდა, როდესაც სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, პრეზიდენტ პოროშენკოს ღიად დაუპირისპირდა და ის კორუფციის მფარველობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ სააკაშვილმა საკუთარი პარტია “ახალი ძალების მოძრაობა” (Рух новых сил) შექმნა და ფაქტობრივად, უკრაინის მთელ პოლიტიკურ ელიტას დაუპირისპირდა. თუმცა, უკრაინაში დიდი ფულისა და მედია-რესურსის გარეშე რაიმე პოლიტიკური წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია.
ბოლოს სააკაშილმა პოლიტიკას ტელეწამყვანობაც შეუთავსა და ივნისის ბოლომდე ტელეარხ ZIK-ზე საკუთარი გადაცემა მიჰყავდა.
თუმცა, უკვე სხვა მოცემულობა იყო. სააკაშვილი უკვე აღარ იყო ისეთი პოპულარული, როგორც ოდესის გუბერნატორად დანიშვნამდე. ამას პროსამთავრობო მედიის პროპგანდამაც შეუწყო ხელი – მაგალითად, ბევრმა უკრაინელმა დაიჯერა, რომ სააკაშვილი “მხოლოდ ყბედობს და არაფერს აკეთებს”. ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რომ სააკაშვილს უკრაინაში არაფრის კეთების საშუალებას არ აძლევდნენ და არც არასდროს მისცემდნენ. ასევე პოპულარული მითი გახდა ის, რომ საქართველოში გატარებულ რეფორმებს, სინამდვილეში, მხოლოდ ბენდუქიძე ხემძღვანელობდა, სააკაშვილი კი არაფერ შუაში იყო. ამ მესიჯებმა საკმაოდ კარგად იმუშავა და პოროშენკოსთვის ხელსაყრელი ფონიც შექმნა. ამიტომაც, უკრაინის პრეზიდენტი რაიმე სერიოზულ პასუხს საკუთარ ქმედებაზე საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან არ ელოდება. ყველაფერთან ერთად, მომენტიც სწორად შეარჩია – ზაფხულისა და შვებულებების სეზონი.
უკრაინა სააკაშვილის გარეშე
პოროშენკოს გადაწყვეტილებაზე უკრაინელი პოლიტიკოსების და საზოგადოების დიდი ნაწილის პირველი რეაქცია აღშფოთება იყო – უკრაინის პრეზიდენტი წინამორბედს, ვიქტორ იანუკოვჩს შეადარეს, რომელმაც პოლიტიკური ოპონენტი იულია ტიმოშენკო ციხეში ჩასვა.
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პოლიტიკური მოტივი იმდენად ღია და უდავოა, რომ პირადად პოროშენკოს და უკრაინის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის რეპუტაციას, ნამდვილად სასიკეთოდ არ წაადგება.
სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით პოროშენკომ უკვე საბოლოო წერტილი დაუსვა ქვეყანაში “ქართული რეფორმების” თემას და ყველა იმედს, რაც “ქართული გუნდის” უკრაინაში საქმიანობას უკავშირდებოდა.
რეფორმები, რომელთა გატარებასაც “ქართული გუნდი” სხვადასხვა უწყებაში გეგმავდა, ან ნაწილობრივ განხორციელდა ან მთლიანად ჩავარდა. ახალშექმნილი საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტი იმ პირობებში, როდესაც კრიმინალური პოლიცია ისევ კორუმპირებულია და ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული, საკმაოდ დაბალია. სასამართლოები კვლავაც უკიდურესად კორუმპირებულია და ქვეყნის საზიანოდ მოქმედებს- იმ დონეზე, რომ დაკავებულ სეპარატისტებს და ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულში მხილებულ პირებს გირაოთი ათავისუფლებს. კრახით დასრულდა პროკურატურაში ძირეული რეფორმების გატარების მცდელობაც. საერთაშორისო რეიტინიგების მიხედვით, უკრაინა კვლავაც ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება.
ცალკეული წარმატებები, თუნდაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, ვერ გადაწონის საერთო უიმედო და მძიმე მდგომარეობას – ფაქტია, რომ მაიდნის შემდეგ მესამე წლის თავზე ქვეყანაში აბსოლუტურად იგივე ტიპის ოლიგარქიული მმართველობა რჩება, როგორიც რევოლუციამდე იყო. ქვეყნის ეკონომიკა, მედია, პოლიტიკური პატიები კვლავაც ოლიგარქიული ჯგუფებს შორის არის გადანაწილებული.
ამას კარგად ხედავს დასავლეთიც, რომელსაც კიევი მუდმივად სთხოვს დახმარებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას პარტნიორებმა არაერთხელ შეახსენეს, რომ ქვეყანაში აუცილებელია რეფორმების გატარება.
დასავლეთის თვალში პოროშენკოს ბოლო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ისეთივე სამარცხვინოდ ჩაითვლება, როგორი სამარცხვინოც საქართველოს ხელისუფლებისთვის თბილისის ცენტრში აფგან მუხტარლის გაუჩინარება გახდა.
ხოლო უკრაინული საზოგადოებისთვის ეს იქნება სიგნალი, რომ ახალი ხელისუფლება ბევრად არ განსხვავდება ძველისგან – არაფერს ცვლის და შერჩევითი მართლმსაჯულების, კორუფციის და ოლიგარქიული მმართველობის გზას ადგას.
“ოცნების” ოცნება
ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციით აშკარად კმაყოფილი უნდა იყოს, ეს საქართველოს მმართველი პარტია და მისი არაფორმალური ლიდერია. წლების განმავლობაში სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობა “ქართული ოცნებისთვის” უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.
არა მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინა ძებნილ სააკაშვილს არ გადმოსცემდა – ამის იმედი, სავარაუდოდ, არც ჰქონიათ. მთავარი ის იყო, რომ საქართველოდან დევნილ ყოფილ პრეზიდენტს და მისი გუნდის წევრებს სხვა ქვეყანაში პატივით შეხვდნენ და თანამდებობებზეც კი დანიშნეს. ამის ახსნა ოცნების ამომრჩევლისთვის შეუძლებელი იყო – “ქართული ოცნება” ხომ ყველას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის რეფორმები, სინამდვილეში, ტყუილი და ბლეფი იყო და მან საერთაშორისი რეინტიგებიც კი მოატყუა.
სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლამ ეს პრობლემა მოხსნა და კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობა აღგა, რისი დაგვირგვინებაც პოროშეკოს თბილისში ვიზიტი გახდა.
საქართველოს ხელისუფლების ოცნებაა, სააკაშვილი სამშობლოში ხელბორკილებით დააბრუნოს და მას საჩვენებელი სასამართლო მოუწყოს. თუმცა, როგორც ჩანს, პოროშენკო თბილისთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად სააკაშვილისთვის მხოლოდ მოქალაქეობის ჩამორთმევით და ქვეყნიდან მისი გაძევებით შემოიფარგლა. ანუ ჯერჯერობით “ოცნების” მთავარი ოცნება აუსრულებელი რჩება.