როგორ მოახერხეს უნგრელმა ოლიგარქებმა ნაციონალური მედიის მონოპოლიზება და როგორ მიიწევენ ევროპისკენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი – ადამიანი, რომელიც უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებებს უჭერს მხარს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია, სექსუალური
უმცირესობის უფლება, ემიგრაცია. ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მოკავშირეა ევროპაში.
Coda Story-ს მასალაში ნათქვამია, რომ საკუთარი იდეების პოპულარიზაციისთვის, ის აქტიურად იღებს ხელში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების კონტროლს უნგრეთსა და სხვა ქვეყნებში.
რა ხდება უნგრეთში მედიასთან დაკავშირებით
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ბავშვობის მეგობრებმა და პოლიტიკურმა მოკავშირეებმა ან გაანადგურეს, ანკი ხელში ჩაიგდეს ფაქტობრივად ყველა გამოცემა, რომელიც მათ შეხედულებებს არ იზიარებდა.
Mertek media monitoring group-ის მონაცემების თანახმად, ახლა, უნგრული პრესის თითქმის 80 პროცენტს ან ხელისუფლება აკონტროლებს, ანდაც პრემიერ-მინისტრის მეგობრები. გამოდის, რომ მედია ახლა ყველაზე მეტად მონოპოლიზებულია მას შემდეგ, რაც 1990 წელს, ქვეყანა ერთპარტიული მმართველობიდან დემოკრატიაზე გადავიდა.
უნგრეთში სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარეკლამო ბიზნესში. გამოცემები, რომლებიც პრემიერ-მინისტრისადმი მეგობრულობით არ გამოირჩევიან, სარეკლამო ბიუჯეტთან წვდომის გარეშე რჩებიან, იმ დროს, როდესაც ორბანისადმი კეთილგანწყობილი გამოცემები ფულში ბანაობენ.
ვინ არიან შემსრულებლები
ქვეყნის მთავარი მედიამაგნატი – ვიქტორ ორბანის ბავშვობის მეგობარი, ლორინკ მესაროშია.
სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, ის მცირე ბიზნესმენიდან, რომელიც, ზოგიერთი წყაროს ცნობით, გაბანკროტების პირას იყო, უნგრეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად გადაიქცა. ნოემბერში, 476 გამოცემის მფლობელებმა, რომლებიც ორბანის მეგობრები არიან, ეს აქტივები შეწირეს ფონდს, რომელსაც მესაროშის ერთ-ერთი კომპანია მართავს.
2018 წლის ბოლოს, მესაროში ფლობდა ან აკონტროლებდა 203 კომპანიას, რომლის ქონებაც, დაახლოებით, 905 მილიონ ევროს შეადგენდა.
მესაროშმა, უნგრეთის ყველაზე გავლენიანმა მედიამაგნატმა, თავისი მოულოდნელი აღმასვლა სამი ფაქტორით ახსნა:
„ღმერთი, იღბალი და ვიქტორ ორბანი“.
მომდევნო ნაბიჯი
ახლა პროორბანული უნგრელი მედიამაგნატები, რომლებიც სიმდიდრითა და კარგი პოლიტიკური კავშირებით გამოირჩევიან, სხვა ევროპული ქვეყნების გამოცემებს უმიზნებენ: მაკედონიაში, სლოვენიასა და დიდ ბრიტანეთშიც კი, სადაც ორბანი რადიკალურად მემარჯვენე იდეოლოგიის განვითარებას იმედოვნებს.
ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც უნგრეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ორმა ყოფილმა მენეჯერმა მაკედონიაში გახსნეს კომპანია და ადგილობრივ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გეგმავდნენ ინვესტიციის ჩადებას.
მათ ეს კომპანია გამოიყენეს, რათა კონტროლი მოეპოვებინათ უამრავ ადგილობრივ გამოცემაზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ მაკედონიის იმდროინდელ მმართველ, ვიქტორ ორბანის მოკავშირე, კონსერვატიულ პარტიას. ახალი ხელმძღვანელობის ხელში გამოცემებმა დაიწყეს ყალბი და კრიტიკული ინფორმაციების გავრცელება ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
მომდევნო პლაცდარმი სლოვენია გახდა. იქ სამმა უნგრულმა მედიაკომპანიამ (ერთ-ერთი მათგანი მანამდე მაკედონიაში გამოჩნდა) ერთი წელი დახარჯეს იმაზე, რომ ხელში ჩაეგდოთ კონსერვატიული, სლოვენიის დემოკრატიული პარტიის მიერ დაფუძნებული მედიაჯგუფ NOVA24TV.sl-ს კონტროლი, რომელსაც ჰქონდა ტელეარხი, საინფორმაციო ონლაინპორტალი და რადიოსადგური.
მიმდინარე წლის აპრილში, უნგრელებმა ლა-მანში გადაკვეთეს და ლონდონში აამუშავეს საინფორმაციო სააგენტო V4NA, რომელიც მოიცავს ახალი ამბების დღის წესრიგს, სპორტსა და ასევე, მსუბუქ სტატიებს უნგრულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ორბანის შეხედულებებს გადმოსცემენ.
ჟურნალისტის ბედი
მარტონ გერგეი ადრე Nepszabadsag-ში მუშაობდა – მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელ გაზეთში. მას შემდეგ, რაც ის ორბანის მოკავშირეების კონტროლქვეშ გადავიდა, ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა.
გერგეის თქმით, უნგრელი ჟურნალისტები არჩევანის წინაშე დგანან: ხელისუფლების მხარეს გადასვლით – ოჯახის შენახვას შეძლებ და შესაძლოა, ორბანის გარემოცვის წარმომადგენელ ბიზნესმენებთან ერთადაც იარო გასართობად.
გერგეი და სხვა დამოუკიდებელი უნგრელი ჟურნალისტები (რომლებიც სულ უფრო და უფრო ცოტანი არიან) ფუფუნებაზე ვერ ფიქრობენ. Nepszabadsag-ის დახურვის შემდეგ, მან და მისმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ საკუთარი გაზეთის გახსნა სცადეს – მაგრამ გეგმა ჩაუვარდათ, რადგან ამისათვის არც ფული ჰქონდათ და არც ტექნოლოგიები.
შემდეგ მან მოახერხა მუშაობის დაწყება ალტერნატიულ ყოველკვირეულ გამოცემა HVG-ში, სადაც 30 პროცენტით უფრო ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე ადრე და ექვემდებარება 6 ადამიანი და არა 60, როგორც ადრე. და, მაინც, ის ამბობს:
„ძალიან გამიმართლა და ძალიან ბედნიერი ვარ. არც ისე ბევრი კარგი სამსახური დარჩა“.
30 წლის წინ, როდესაც რკინის ფარდა დაეცა, ახალგაზრდა პოლიტიკოსები ბევრ უნგრელ ახალგაზრდას, მათ შორის, გერგეის აძლევდნენ ახალი სტარტის იმედს. ახლა კი ქვეყანა ზარალდება როგორც თვითონ ორბანის იდეოლოგიური შეზღუდვებისგან, ისე მისი უფერული გარემოცვისგან.
გერგეი მიიჩნევს, რომ მრავალი მასობრივი საინფორმაციო საშუალების დაპყრობა და დახურვა სუფთა ბიზნესარითმეტიკის ნაწილი, ერთგვარი სპორტის სახეობა იყო, როდესაც ყოველი დახურული ოპოზიციური გამოცემა ოლიგარქის კედელზე ჩამოკიდებული ახალი ჯილდო ხდებოდა.
ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები გადაშენების პირას არიან, მის ქვეყანასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„უნგრეთი არალიბერალური სახელმწიფოს მაგალითი გახდა. და ეს ყველგან იგრძნობა“, – ამბობს გერგეი.