აგური, კატა და სხვა საშუალებები: როგორ გავათბოთ ბინა ბაქოში?
სევდა ჰასანოვა დედაქალაქში ქალაქ განჯიდან ჩამოვიდა. მისი მშობლები დღემდე განჯაში ცხოვრობენ. სევდა ოფისმენეჯერად მუშაობს. მისი ხელფასი 500 მანათს შეადგენს. იგი იძულებულია, მეგობართან ერთად ძალიან ძველ სახლში იქირაოს ბინა. მის საცხოვრებელში საერთოდ არ არის გათბობა.
“სპლიტის“ სისტემის კონდიციონერი გვაქვს, რომელიც კარგად ვერ ათბობს ოთახებს და თანაც ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავს. ჯერ კიდევ გაძვირებამდე 50-80 მანათის გადახდა გვიწევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, აღარ ჩავრთოთ. ელექტროზეწრები ვიყიდეთ, რათა დაძინება მაინც შევძლოთ. ისეთი სუსხლი დგას ბინაში, რომ სიცივისგან ვკანკალებთ ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდივართ. იმედი მაქვს, ეს ზამთარი ჩემთვის სერიოზული დაავადებების გარეშე ჩაივლის. ექიმთან მისვლა კიდევ უფრო მეტი დაჯდება. უბრალოდ არ შემიძლია, საკუთარ თავს გათბობის უფლება მივცე“, – ამბობს სევდა.
სულეიმანოვების ოჯახიც ძველ სახლში ცხოვრობს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში კედლის ძველებური ღუმელი ათბობდა. ამ ზამთრამდე.
“წინათ ჩვენს სახლში ძალიან თბილოდა. სიმყუდროვე სუფევდა. ეს ღუმელი მთელ სახლს ათბობდა. რაც თავი მახსოვს, ასე იყო – ჯერ კიდევ ჩემი აწგარდაცვლილი მშობლები ანთებდნენ ხოლმე და მთელი ზამთრის განმავლობაში გიზგიზებდა. ახლა კი იშვიათად ვრთავთ – დღეში სულ რამდენიმე საათით – იმისათვის, რომ როგორმე გამოვიზამთროთ. ძველებურად რომ გავათბოთ სახლი, თვეში 200 მანათის გადახდა მოგვიწევს”, – ამბობს ნიგიარ სულეიმანოვა.
მისი თქმით, ღამით გამათბობელს თიშავენ, მანამდე კი გაზის ღუმელზე თუჯის ტაფას დგამენ, რომელზეც აგურს დებენ ხოლმე.
“ძილის წინ გამთბარი აგური სათლით შემაქვს ხოლმე საძინებელში, რათა ბავშვები არ გამეყინონ, სანამ საბნების ქვეშ ჩათბებიან”, – ამბობს ნიგიარი.
“ელექტრობუხარი შევიძინეთ და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საღამოობით ვრთავთ, მაინც დიდი დავალიანება გვიგროვდება ხოლმე”, – ამბობს ენვერ გულიევი. მისი თქმით, საკმაოდ რთულია ელექტროენერგიის ახალ ტარიფებთან შეგუება.
შევეცადეთ, გაგვერკვია, გათბობის რომელი საშუალებაა უფრო ხელსაყრელი ბაქოელებისათვის. აღმოჩნდა, რომ სხვებზე ოდნავ უფრო მეტად გაუმართლათ იმ ადამიანებს, რომლებმაც შინ გათბობის ავტონომიური სისტემა დაამონტაჟეს. ამ ტიპის გამათბობლებს ბაქოელები „კომბის“ უწოდებენ. ცუდი ისაა, რომ ამ სისტემას მუშაობისთვის ელექტროენერგიაც სჭირდება, და ბუნებრივი აირიც. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ელექტრორადიატორებსა და გაზის გამათბობლებზე უფრო იაფი გამოდის.
“თუმცა, გათბობას მხოლოდ იმ ოთახებში ვრთავთ, სადაც ვიმყოფებით. სხვა ოთახებს არ ვათბობთ და ამიტომ სავსებით ადეკვატურია გაზის საფასური, რომელსაც ვიხდით”, – ამბობს ნარგიზ ქიაზიმოვა.
თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემის ამ სისტემის მონტაჟი საკმაოდ ძვირია და ყველა მოქალაქე ნამდვილად არ აქვს „კომბის“ შეძენის საშუალება კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდის შესახებ საუბრისას დეპუტატმა რუფატ გულიევმა აღნიშნა, რომ „გაძვირება არ აისახება ღარიბ მოსახლეობაზე, რადგან ამ კატეგორიის ოჯახები „კომბით“ არ სარგებლობენ. ასეთმა „განმარტებამ“ სოციალური ქსელების მომხმარებლების მძაფრი პროტესტი გამოიწვია.
საბჭოთა პერიოდში დამზადებული ღუმელის საძებნელად ქალაქის ძველი რაიონისკენ გავეშურეთ – უბანში, სადაც სახლების ნაწილი უკვე დანგრიეს. ვეძებდით თუჯის ღუმელს, რომელიც გაზზე მუშაობს. ამ გამათბობელს ხალხი „ჯეირანს“ უწოდებს (რადგან სწორედ ეს ცხოველია გამოსახული ამ ტიპის გამათბობლის კიდეზე). აქ მეგობრების მითითებით მოვედით. ამ ბინაში მცხოვრები ადამიანების სახელებს არ გავამჟღავნებთ, რადგან ამჟამად „ჯეირანი“ აკრძალულია – ეს მოწყობილობა სახიფათოდ ითვლება. პირველ რიგში, მხუთავი აირის გამო.
“დროდადრო ვრთავთ ხოლმე, მაგრამ ოთახს კარგად ათბობს. მხოლოდ ის აქვს ცუდი, რომ მაკონტროლებელ ორგანოებთან გვიწევს შეთანხმება – რატომღაც ბოლო დროს ეს გამათბობლები სახიფათოდ მიიჩნევა, ამიტომ ვუთანხმდებით ინსპექტორებს. ეს სახლი უნდა დაანგრიონ და ამიტომ სხვა გამათბობლის დამონტაჟებას უბრალოდ აზრი არ აქვს. უსაფრთხოებას რაც შეეხება… უკვე 50 წელია, დგას და ამ პერიოდის განმავლობაში ცუდი არაფერი მომხდარა”, – ამბობს ბინაში მცხოვრები ქალბატონი.
მისი თქმით, თავად გაზის გამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ „ჯეირანი“ გაცილებით უფრო უსაფრთხო მოწყობილობაა, ვიდრე ის გამათბობლები, რომლებითაც ბაზარია გაჯერებული.
“რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა ირანული გამათბობლების გამო! ისევ ეს ჯობია. ამ ღუმელმა ათწლეულების გამოცდას გაუძლო”, – ამბობს დიასახლისი და იცინის.
ბაქოსა და სხვა ქალაქების ნაცვლად, სოფლებზე თუ ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის დასახლებების უმრავლესობაში საერთოდ არ არის გაზი. ხალხი იძულებულია, ტყეები გაჩეხოს, რასაც, ზოგადად, ეკოლოგიის სამინისტრო კრძალავს, მაგრამ რა უნდა ქნა, თუკი ალტერნატივა არ არსებობს?!
გავრცელებული ხმების თანახმად, ზოგიერთ აზერბაიჯანულ სოფელში ხალხი გასათბობად იყენებს რკინის ძველი საწოლების ბადეებს, რომლებსაც, რაღაც მანქანებით, ელექტროქსელში აერთებენ.
ისე კი გათბობის ყველაზე იაფ და მარტივ საშუალებად ე.წ. რადიატორი რჩება, რომელსაც ღია სპირალი აქვს.
გათბობის ამ ერთგვარ ჰიტაღლუმში ყველაზე იღბლიან მომხმარებლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ახლად აშენებული სახლების ბინების ბედნიერი მფლობელები. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ ადამიანებს ვგულისხმობთ, რომელთა ბინებშიც ცენტრალური გათბობის ავტონომიური სისტემის ქვაბი დაამონტაჟეს.
“შეიძლება ითქვას, რომ სახლში ცხელა. ხშირად ვთიშავთ გათბობას”, – ამბობს ლალა ზეინალოვა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახლის გათბობის საფასური გაიზარდა, მისი დანახარჯები მაინც ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც მისი ზოგიერთი ახლობელი იხდის ელექტროღუმელის მოხმარების გამო.
P.S. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გათბობის არასტანდარტულ საშუალებებს შორის ბაქოელების უმრავლესობა უპირატესობას კატებს ანიჭებს. თბილი კატა სასიამოვნოცაა, სასარგებლოც, და ეკონომიურიც.