რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მოძალადე? მარგველაშვილი ბარნოვზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე
საქართველოს პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 აპრილს, თბილისის ცენტრში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დანით ყელი გამოჭრეს. პოლიციამ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი. ის 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძეა – მოკლულის ყოფილი მამინაცვალი.
მკვლელობა ოჯახური ძალადობის ნიშნითაა ჩადენილი. როგორც გაირკვა, ბაქრაძე 2015 წლიდან, ყოფილ ცოლზე (გამრეკელაშვილის დედაზე) ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს, თუმცა რამდენიმე თვის წინ იგი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
__________________________
რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა ოჯახური ძალადობისთვის გასამართლებული ადამიანი?
ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც საზოგადოებას ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ გაუჩნდა. ცოლზე მოძალადე პატიმრის შეწყალებისთვის პრეზიდენტი ერთხმად გააკრიტიკა ოპოზიციამ, მმართველმა გუნდმა, ასევე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. პრეზიდენტის კრიტიკით გამოვიდნენ ასევე ქალთა მოძრაობის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი ფეისბუკ-მომხმარებლებიც.
პრეზიდენტმა მათ სამი დღის დაგვიანებით, ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და აღნიშნა, რომ მის მიმართ საზოგადოების კითხვები “ლეგიტიმურია”.
პრეზიდენტის თქმით, სასჯელაღსრულების მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში ბაქრაძე კარგად იყო დახასიათებული ფსიქოლოგის, ციხის ადმინისტრაციის მიერ. ასევე გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ ვეფხვია ბაქრაძე აღიარებდა დანაშაულს, რომ ის 4 შვილის მამაა და რომ მის გათავისუფლებას ოჯახიც ითხოვდა.
გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ კომისიამ მას ბაქრაძის სრულად გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მან მხოლოდ გაანახევრა სასჯელი.
“მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
“მიუხედავად იმისა… ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა,” – აღნიშნა მან.
მომავალში შეცდომების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეწყდეს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას.
“ვწყვეტ ამ პროცესს, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან… მათ შორის იმ ჯგუფებთან, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.
მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე
13 აპრილს მომხდარ მკვლელობას ორი მოწმე ჰყავს – თამარ გამრეკელაშვილის შვილები, რომელთაგან ერთი ექვსი წლისაა, მეორე – სამის.
გარდაცვლილი თამარ გამრეკელაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბაქრაძე ციხეში ყოფნის დროს და ასევე გათავისუფლების შემდეგ მუდმივად ემუქრებოდა ყოფილ ცოლს – სთხოვდა მას შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილების მოკვლით ემუქრებოდა.
“სულ ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ბოლოს თებერვალში დამხვდა სახლთან და მუქარით ჩამსვა მანქანაში. კუმისში თავის სახლში წამიყვანა. გზაზე მემუქრებოდა, ფეხები შემიკრა, დანას მიტრიალდება. კუმისის სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკლავდა. იმ დღესაც მე და თაკო პოლიციაში ვიყავით. მერე თაკო ბაღში ბავშვების გამოსაყვანად წავიდა. სულ ცუდი გრძნობა მიტრიალდება თავში… თაკოს ვურეკავდი და არ მპასუხობდა… ბოლოს იმან მიპასუხა და დამცინავად მითხრა – შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვები დამხვდნენ “, – უთხრა მოკლულის დედამ ნათია გობაძემ სააგენტო “ინტერპრესს”.
ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალთა მოძრაობა და ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავ მასშტაბური პრობლემაა ქალთა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად 40 ქალი მოკლეს.
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საბაბი გახდეს.
ქალთა მოძრაობამ გაავრცელა სპეციალური პეტიცია, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს.
“ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან – ასეთ მკვლელობას ფემიციდი ჰქვია… ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა “ცუდი ქალობისათვის,” – აღნიშნულია “ქალთა მოძრაობის” პეტიციაში.
პეტიციაზე ხელისმომწერთა მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოს ცვლილებები და მიიღოს სპეციალური მუხლი ფემიციდის აკრძალვის შესახებ.
“ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა,” – აღნიშნულია პეტიციაში.
პეტიციის ხელმომწერები ასევე მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.
ცვლილებების მოთხოვნით გამოდის “ევროპული საქართველოც”. ამ ოპოზიციური პარტიის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როცა პოლიციელი ხედავს ორდერის გამოწერის საჭიროებას, სავარაუდო მოძალადე იქვე უნდა დააკავოს 48 საათით.
“ამ დაკავების მიზანია კრიტიკულ საათებში ვითარების დეესკალაცია. ამასთან პოლიციასაც მეტი დრო ექნება მტკიცებულებების მოსაგროვებლად და საქმისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მისაცემად, ხოლო მსხვერპლი მოძალადის ზეწოლის გარეშე მისცემს ჩვენებას,” – აცხადებენ პარტიაში.
2017 წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონვენციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკისრი ვალდებულებებით საქართველომ უნდა დაიწყოს იმ ქმედებების კრიმინალიზაცია, რაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან არის დაკავშირებული.
კონვენციის მიხედვით, უნდა მოხდეს ისეთი ქმედებების კრიმინალიზაცია, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ადევნება, სასქესო ორგანოების დასახიჩრება, იძულებით ქორწინება, იძულებითი აბორტი და სტერილიზაცია.