რა გვიჩვენა ბათუმის ბუნტმა?
11-12 მარტის ღამეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველად შეეჯახა სპონტანურ სახალხო ბუნტს, რომელმაც გარდუვალად შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა. რამ გამოიწვია ეს ამოფრქვევა და რას გვეუბნება ის ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე?
ორი ჯანყი კანონიერების წინააღმდეგ?
ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისტორიული ანალოგია დაგვეხმაროს: გავიხსენოთ, კერძოდ, 2005 წლის ივლისში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მომხდარი „მოჭიდავეთა ბუნტი“. მაშინ პროტესტი გამოიწვია იმან, რომ სასამართლომ სახელგანთქმული მოჭიდავეები ფულის გამომძალველებად ცნო მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმატებული სპორტსმენები იყვნენ და ცოტა ხანში საქართველო უნდა წარმოედგინათ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში. პროტესტი გამოიხატა სასამართლო დარბაზში სკამების დალეწვით, გაგრძელდა რუსთაველზე აქციის გამართვით, ხოლო დამთავრდა მისი პოლიციის მიერ დაშლით.
ბათუმში ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოლიციელმა არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომელმაც ამის პასუხად პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა; პოლიციამ მოქალაქის აგრესიულ ქმედებას მისი დაკავებით უპასუხა. სწორედ ამან გამოიწვია თვითმხილველების აღშფოთება. წესი რომ დაირღვა, არავინ დავობს, მაგრამ გვეუბნებიან, რომ დაჯარიმებული ახლობლის გასვენებიდან მოდიოდა და, ამის გამო, შეღავათს იმსახურებდა. აქცია გაგრძელდა ბათუმის ქუჩებში მასობრივი ვანდალიზმით და დამთავრდა პოლიციის მიერ მისი დაშლით.
ამ ორ ეპიზოდს მნიშვნელოვანი რამ აქვს საერთო: გარკვეულ კონტექსტში მაინც, სახელმწიფოს მიერ კანონის აღსრულება გარკვეული ადამიანების პროტესტს იწვევს. მათი აზრით, სახელმწიფომ ხალხს უნდა „გაუგოს“ და გარკვეულ ვითარებებში გამონაკლისი გააკეთოს: მაგალითად, თუ დასასჯელი სუბიექტი გამოჩენილი მოჭიდავეა, ან თუ ის ახლობლის გასვენებიდან მოდის. ასეთ შემთხვევაში კანონის აღსრულება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანების წარმოდგენებთან სამართლიანობის შესახებ.
“ჩვენ თათრები არა ვართ“
შეგვიძლია ფერფლი დავიყაროთ თავზე და ვთქვათ, რომ კანონისადმი უპატივცემულობა ჩვენი ეროვნული თვისებაა. რაღაც ზომით ეს შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია. მასობრივი ანარქიის და ვანდალიზმის ეპიზოდები, თან გაცილებით უფრო მასშტაბური, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებსაც ახსოვთ. მათ უფრო სიღმისეული მიზეზები აქვთ.
მოჭიდავეთა ბუნტის შემთხვევაში, საზოგადოების ნაწილში ჩამოყალიბებული იყო განცდა, რომ ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას რაღაც მისთვის უცხოს ახვევდა თავს და უპირისპირდება იმ „გაგებას“, რითაც მანამდე ბევრი ადამიანი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, საჭირო იყო წინააღმდეგობა – თუნდაც სკამების მტვრევით. მაშინ მთავარი იყო არა მოჭიდავეთა საძმოს რეაქცია, არამედ ის, რომ პრაქტიკულად მთელმა ოპოზიციურამ სპექტრმა სოლიდარობა გამოუცხადა აბობოქრებულ სპორტსმენებს და მათი აქციის ჩახშობა ზოგმა „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად“ მონათლა.
ბათუმის მოვლენების ფონი სრულიად სხვაა. ცოტა ხნის წინ აქ პოლიციის ახალი უფროსი დანიშნეს, რომელიც „უცხოა“, ანუ საქართველოს სხვა მხარიდანაა. ასეთი რამ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გამოიწვევს უკმაყოფილებას. მაგრამ აჭარაში დამატებითი, რელიგიური ფაქტორიცაა. ბუნტის ბევრი მონაწილე თავის მთავარ მოტივად იმას ასახელებდა, რომ პოლიციის უფროსს მუსლიმანი აჭარლებისთვის „თათრები“ უწოდებია. ამის საბუთი არ არსებობს და შესაძლებელია, ეს ცნობები ახალ უფროსს მოწინააღმდეგეებმა შეგნებულად გაუვრცელეს: ამ შემთხვევაში, „სახალხო რისხვის“ უკან სინამდვილეში ხელისუფლების სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ბრძოლა შეიძლება იდგეს. მაგრამ ეს ვარაუდებია; მთავარია ისაა, რომ ბრალდება ნოყიერ ნიადაგს მოხვდა. მუსლიმან აჭარლებს ხშირად ესმით, რომ მათი რწმენა ეჭვის ქვეშ აყენებს მათ ქართველობას და ამაზე ძალიან მწვავედ რეაგირებენ.
მაგრამ ამ ფონს თავის მხრივ უფრო ზოგადი ფონიც აქვს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლისას ხშირად ეყრდნობოდა რელიგიური ნაციონალიზმის მატარებლებს, ანუ სწორედ იმ ხალხს, ვინც აჭარლებს „თათრებს“ეძახის. მისი მოსვლის შემდეგ გახშირდა ანტიმუსლიმური გამოხდომები, რომლებიც, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება. ეს ყველაფერი ილექება ადამიანთა ცნობიერებაში და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ის ადრე თუ გვიან ამოხეთქავს, თუნდაც უკიდურესად მახინჯი ფორმით.
სახალხო ძალადობა
სავარაუდოდ, ბათუმის კრიზისს მეორე მდგენელიც აქვს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ხალხური ძალადობის სპონტანურ (ან ვითომ სპონტანურ) გამოვლინებებს აქამდე გაცილებით უფრო მეტი გაგებით ეკიდებოდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მეტიც, ის რეგულარულად წაახალისებდა ხალხის რისხვას, როცა ის მათი მოწინააღმდეგეების, ნაციონალების წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე დაუსჯელი დარჩა 2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი ვაკხანალია სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. ამით ახალმა ხელისუფლებამ ბრბოს ძალადობის ირიბი ლეგიტიმაცია მოახდინა: თუ ხალხი გულწრფელად აღშფოთებულია, რატომ არ უნდა გამოხატოს ეს მამა-პაპური ცემა-ტყებით?
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, 11-12 მარტის მასობრივი ვანდალიზმის ჩამდენებში მათ ის ხალხი შეიცნეს, ვინც მანამდე მსგავს აქციებს მათ წინააღმდეგ ატარებდა. ამ ნათქვამს ვიღაც შეიძლება ენდოს ან არ ენდოს, მაგრამ დაუჯერებელი აქ არაფერია. თუ მართლაც ასეა, ეს შემთხვევა არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი: დაუსჯელობას შეჩვეული მოძალადეები, რომელთაც მთავრობა საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, რაღაც ეტაპზე სახელმწიფოს შემოუბრუნდებიან.
თუმცა, მიუხედავად მკაცრი თავდაპირველი განცხადებებისა, ხელისუფლება არც ბათუმის ვანდალების წინააღმდეგ იჩენს დიდ სიმკაცრეს: პოლიციის და სხვა ქონების მასობრივი განადგურების მიუხედავად, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გადაახდევინეს სიმბოლური ჯარიმა. თუ ასეა, ძალადობრივი აქტების გაგრძელებას კიდევ შეიძლება ველოდოთ.
პოლიტიკოსების რეაქციები
ის, რაც ხალხის თვალში კრიზისია, პოლიტიკოსებმა შეიძლება მათთვის გამოსაყენებელ შესაძლებლობად ჩათვალონ. ამაში გასაკვირი არაფერია. მაგრამ კერძოდ რა გათვლები გააკეთეს პოლიტიკოსებმა და როგორ უნდა შევაფასოთ მათი ქმედება ჩვენ?
2005 წლის მოდელის ოპოზიციის რეაქციამ „მოჭიდავეთა ბუნტზე“ რამდენიმე წლით განსაზღვრა მისი ქცევის წესი: ის პრაქტიკულად ავტომატურად უდგებოდა გვერდში ყველას, ვინც ნებისმიერი საბაბით უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. თავის მხრივ, ეს უკანაკსნელი მაქსიმალურად იყენებდა ამ გარემოებას ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. მთავრობის თვალში ოპოზიცია კიდევ დიდხანს დარჩა „ჯღანას დამცველად“: ნაციონალებმა სცადეს, ჭიდაობის გაკრიმინალებული ვარსკლავის არცთუ კეთილხმოვანი ზემდეტსახელი ოპოზიციის უპრინციპობის სიმბოლოდ ექციათ.
გამოადგა ეს ტაქტიკა მაშინდელ ოპოზიციას? მან შეძლო მასობრივი პროტესტის მობილიზება 2007-08 წლების მიჯნაზე, მაგრამ საბოლოოდ ოპორტუნისტულმა რადიკალიზმმა სრულ მარგინალიზაციამდე მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მომენტისთვის ოპოზიცია ფაქტობრივად მკვდარი იყო; მილიარდერი პოლიტიკოსის წარმატების პირველი ახსნა, ბუნებრივია, მისი უზარმაზარი ფინანსური რესურსია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან ტაქტიკაც რადიკალურად შეცვალა: ანარქიული ბუნტის მეთოდებზე უარი თქვა და მხოლოდ ლეგიტიმური მეთოდებით ბრძოლა დაანონსა. ეს მომგებიანი აღმოჩნდა.
როგორ მოიქცა ანალოგიურ ვითარებაში აწ უკვე ოპოზიციად ქცეული ნაციონალური მოძრაობა? მისი ქმედება უკიდურესად არათანმიმდევრული იყო. ზოგმა მისმა ლიდერმა და აქტივისტმა ცთუნებას ვერ გაუძლო და ბათუმის პოგრომი განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟად გამოაცხადა. მეორე დღეს პარტიის ხელმძღვანელობამ სცადა ამ უხეში პოლიტიკური შეცდომის გამოსწორება, მაგრამ ზიანი მაინც მიღებულია.
ბუნტის სათავისოდ შემობრუნება ხელისუფლებამაც სცადა იმით, რომ მისი ორგანიზაცია ნაციონალურ მოძრაობას გადააბრალა. ამით მან მოინდომა, კრიზისზე საკუთარი პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა. მაგრამ საეჭვოა, მისი ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდეს: ზოგი ტყუილი მეტისმეტად აშკარაა. ოცნების „ძირეული ინსტინქტი“: ყველაფერი ცუდი, რაც ამ ქვეყნად ხდება, ნაციონალებს გადააბრალოს, დიდი ხანია სასაცილო გახდა.
ნაციონალებიგან ახლად გამოყოფილი „ევროპული საქართველოსთვის“ ბათუმის მოვლენები შანსია, უფრო კარგად აუხსნას ხალხს, რით გასხვავდება ყოფილი თანაგუნდელებისგან: იმით, რომ, ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ასეთ ვითარებაში არ ამჩატდა და საეჭვო სუბიექტებს გვერდით არ დაუდგა. მაგრამ რამდენად შეძლებს ის ამ გზავნილის ხალხამდე მიტანას?
საბოლოოდ, მთავარი შეკითხვაა: ბათუმის ბუნტი რაღაც ახალი ტენდენციის მომასწავებელია თუ იზოლირებულ ეპიზოდად დარჩება? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ ნაადრევია. ღამის ვაკხანალია საყოველთაო დაგმობის საგნად იქცა: ეს აშკარა პროგრესია „მოჭიდავეთა ბუნტზე“ რეაქციებთან შედარებით. მაგრამ ეს ღამე მაინც საკმაოდ მტკივნეული იყო ქვეყნისთვის და მისი ხელისუფლებისთვის: მან თვალნათლივ აჩვენა, რომ საქმე კარგად არ არის. როცა დაუსჯელი ძალადობა ჩვევაში გადადის, არავინ იცის, როდის და რა პირობებში გვექნება ახალი ამოფრქვევა.