სკანდალი საფეხბურთო მატჩის დროს: ყარაბაღის არაღიარებული დროშა და დარბეული ავტოსადგომი
აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბ „ყარაბაღისა“ და ლუქსემბურგის „დიუდელანჟის“ მატჩზე მოხდა ინციდენტი, რომელიც სკანდალად იქცა: მოედანზე მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დროშიანი დრონი აფრინდა.
მატჩი 25 წუთით შეწყვიტეს. ამ დროის განმავლობაში ვიღაცამ სტადიონის ავტოსადგომის დარბევა მოასწრო.
საბოლოოდ „ყარაბაღმა“ მატჩი მოიგო, სოციალური ქსელები კი აქამდე ბობოქრობს.
პროვოკაციის მოწყობაზე პასუხისმგებლობა სომეხმა ულტრასებმა (ასე უწოდებენ ფეხბურთის ყველაზე „მოძალადე“ გულშემატკივრებს) აიღეს.
დრონი სტადიონის თავზე
„ყარაბაღი“ კლუბ „დიუდელანჟს“ 3 ოქტომბერს სტადიონზე Jozi Bartel ეთამაშებოდა.
მატჩის 30-ე წუთზე, როდესაც ანგარიში „ყარაბაღის“ სასარგებლოდ 2:0 იყო, სტადიონის თავზე, ცაში გამოჩნდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშიანი დრონი.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა – სამხრეთი კავკასიის არაღიარებული რესპუბლიკაა, რომლის გამოც, 1990-იან წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გაღვივდა.
ატყდა არეულობა. „ყარაბაღის“ ერთ-ერთმა მცველმა დრონის ბურთით ჩამოგდება სცადა, ხოლო აღშფოთებული აზერბაიჯანელი გულშემატკივრები მოედნისკენ მიიწევდნენ. ორი მათგანი დააპატიმრეს.
მატჩი შეწყვიტეს, დრონი გაფრინდა, ლუქსემბურგის სპორტის მინისტრმა ყველას წინაშე ბოდიში მოიხადა, და თქვა, რომ ამ პროვოკაციასთან მათ ქვეყანას არავითარი კავშირი არ აქვს.
იძულებითი შესვენების განმავლობაში ვიღაცამ სტადიონის ავტოსადგომის დარბევა მოასწრო, და რამდენიმე მანქანა გაქურდა.
აღმოჩნდა, რომ დრონი ახლომდებარე მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან გაუშვეს.
თამაში განახლდა, და „ყარაბაღმა“ ანგარიშით – 4:1 გაიმარჯვა.
ოფიციალური რეაქცია აზერბაიჯანიდან
აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციის კომენტარი:
„მომხდარი ფეხბურთელების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს, და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამგვარი ქმედებები აღკვეთილ იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ უეფა გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის გადაწყვეტყილებას მიიღებს. გვინდა „ყარაბაღის“ ფეხბურთელებს პროფესიონალური საქციელისა და ემოციების კონტროლისთვის მადლობა გადავუხადოთ“.
ასევე აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციამ გაიხსენა, რომ კლუბი „ყარაბაღი“ წარმოშობით აგდამიდანაა, რომელიც ახლა სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარები:
„აკრედიტებულ ელჩს დავალებული აქვს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუკავშირდეს და დარწმუნდეს, რომ პროვოკაციაში დამნაშავე პირები მოიძებნებიან, და შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“.
სოციალური ქსელების რეაქცია აზერბაიჯანში
აზერბაიჯანის სოციალური ქსელები სიბრაზით დუღს.
ბევრს მიაჩნია, რომ მომხდარი – ორგანიზატორების ბრალია, და ამისთვის ლუქსემბურგი მკაცრად უნდა „დაისაჯოს“:
„დიუდელანჟი“ ევროპის ლიგიდან უნდა გაირიცხოს“, ქვეყანა ევროთასებზე არ უნდა დაუშვან, და კიდევ რაიმე უარესი. ამ ჩვარის მაგივრად, დრონს რაიმე უფრო საშიშის მოტანა და მოთამაშეების დაჭრაც ხომ შეეძლო,“.
„სტადიონის თავზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ხომ ვერ დააყენებენ“, – უარყოფენ ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ ლუქსემბურგის დადანაშაულება არ შეიძლება.
პრინციპში, ცენზურული კომენტარები ამით ამოიწურება. დანარჩენი – სომეხი გულშემატკივრებისა და მთლიანად სომხეთის მისამართით გამოთქმული მძვინვარე გამონათქვამებია.
სოციალური ქსელების რეაქცია სომხეთში
Facebook-ისა და Telegram-ის სომხურ სეგმენტში ეს სიახლე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ორ ბანაკად დაიყვნენ. ერთმა ნაწილმა ეს ქმედება თავის შესახსენებლად ძალიან მკაფიო და წარმატებულ საშუალებად მიიჩნია. სხვები, პირიქით, ასეთ გამოხტომას უადგილოდ მიიჩნევენ.
ზოგიერთი კომენტარი:
„ყოჩაღ, ჩვენი ბიჭები!“
„სრული ვაკჰანალია. მატჩი შეჩერებულია. და ამ ყველაფრს, ეკრანებთან და ტრიბუნებიდან სომხები კარგი განწყობით აკვირდებოდნენ“;
„თუ ისინი მხოლოდ დროშის დანახვაზე გარბიან, ყარაბაღის „გათავისუფლებას“ როგორღა აპირებენ? იქ ხომ დროშები კიდია“;
„საბოლოოდ ალბათ სომხეთის საფეხბურთო კლუბი სოლიდური თანხით დაჯარიმდება“;
„იმ ნაჭრის ნაგლეჯით, რომელზეც სომხეთის დაყოფისა და კოლონიზაციის სიმბოლოა აღბეჭდილი, არ უნდა ვიამაყოთ. თუ დრონიანი დროშის გაშვება უნდოდათ, სომხეთის დროშა უნდა აეღოთ“.
P.S. იმავე დღეს საზღვარზე ახალგაზრდა და ძლიერი ბიჭი დაიღუპა, ჩვენი ბიჭი!“
სომხეთიდან ოფიციალური კომენტარები არ არის.